რატომ ვხარჯავთ დროს ჩვენთვის უინტერესო საქმის დაუფლებაზე? - გზაპრესი

რატომ ვხარჯავთ დროს ჩვენთვის უინტერესო საქმის დაუფლებაზე?

როგორც ამბობენ, ცხოვრებაში ორი გზა არსებობს - ერთია მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა. თანამედროვე ცვალებადი სამყარო რეალობაზე მორგებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, რასაც ქვეყნის აღზრდა-განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს. სამწუხაროდ, ქართული რეალობა არსებულ მოთხოვნებს ნაკლებად აკმაყოფილებს, რის გამოც ქვეყნიდან "ტვინების გადინების" პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს.

რევაზ აფხაზავა, ექსპერტი განათლების საკითხებში:

- შრომის ბაზარზე მოთხოვნები ძალიან ცვალებადია და არსებული პროფესიებიც უფრო მოქნილი და დინამიკური უნდა გახდეს. თანამედროვე სამყაროში ასეთი ტრანზიტული უნარების ქონა უფრო მნიშვნელოვანია; ადამიანს საშუალებას მისცემს, ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში აღნიშნული პროფესიებიც იოლად იცვალოს. ამიტომ, ზოგადი განათლება იქნება თუ უმაღლესი, უფრო ამ გამჭოლი უნარებისა და კომპეტენციების გაღრმავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუ გვინდა, ადამიანი შრომის ბაზრისთვის მოქნილი გახდეს.

- დღეს რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა გაზრდილი?

- ამაზე კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვიცი, რომ ტექნოლოგიების, ინჟინერიის მიმართულებებზეა მოთხოვნა თანამედროვე სამყაროში, მარტო საქართველოზე არ მაქვს საუბარი. ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დისციპლინები და საკითხები უფრო პოპულარულია, რადგან ეს მიმართულება აქტიურად განსავითარებელია, მეტ წონას იძენს. ჩვენთან ალბათ ისევ ტრადიციულად არის იურიდიული, ეკონომიკური და სამედიცინო მიმართულება.

- პროფესიული ტრანზიტი ახსენეთ, პროფესიების მუდმივი მორგება თანამედროვე მოთხოვნებზე. ახალმა თაობამ როგორ უნდა აუღოს ამას ალღო?

- სისტემურად ამ მიმართულებით ძალიან ცუდად ვართ განვითარებული. დასავლეთში პროფესიული ორიენტაცია, სათანადო კონსულტირება მაღალ დონეზეა. ძალზე მნიშვნელოვანი იქ სამი ფაქტორი: ერთი - უნდა იცოდე, თავად რისი შესაძლებლობები გაქვს; რაში ხარ ძლიერი, რა მიმართულებით შეგიძლია თავის უკეთ წარმოჩენა და ა.შ.; მეორე საკითხია, რა ინფორმაცია უნდა გქონდეს პროფესიების შესახებ, როგორი რუტინა აქვს და ა.შ., რადგან დღეს საქართველოში მოსწავლეებს ამგვარი ცოდნა არა აქვთ, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენებით და კინოფილმებიდან უფრო იციან ამა თუ იმ პროფესიის შესახებ; მესამე - შრომის ბაზარზე მოთხოვნა რა არის. ამ სამი კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს ცოდნა-ინფორმაცია, რომ ადამიანმა სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთოს. სამწუხაროდ, ჩვენთან საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ ადამიანები იმ პროფესიის დაუფლებაზე, რომელიც მათთვის საინტერესო სულაც არ არის.

- როცა სკოლა ამას ვერ უზრუნველყოფს, რა არის გამოსავალი ახალგაზრდებისთვის?

- სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებზე, განსაკუთრებით - ზოგადი განათლების დამამთავრებელ საფეხურზე. პროფესიული ორიენტაცია დაწყებითი კლასებიდან იწყება, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, ბოლო კლასებში მაინც უნდა იყოს (საკითხისადმი სისტემური მიდგომით), რათა სწორი თვითშეფასება და წარმოდგენები ჰქონდეთ ამა თუ იმ პროფესიაზე, ასევე, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებაც უნდა იცოდნენ. ჩვენთან თითქოს ეს მიმართულებაც მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია, მაგრამ რეალურად არ გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში დაგეხმარებიან.

- ამ ვითარებაში სწორი ორიენტირება რა რესურსებით კეთდება?

- საბედნიეროდ, ღია სამყაროში ვცხოვრობთ. დღეს განათლების მიღება მარტო სკოლაზე არ არის დამოკიდებული. უამრავი რესურსი ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ამა თუ იმ მიმართულებით მეტ-ნაკლებად ინტერესიანი ბავშვები რაღაცნაირად ამ ორიენტირების გამოკვეთას ახერხებენ. მაგრამ პროცესი ასე, თვითდინებაზე მიშვებული არ უნდა იყოს, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს...

განათლება არც "ნაციონალებისაა" და არც "ოცნების", ეროვნული საქმეა, ქვეყნის გადარჩენა და მისი ნორმალური მომავალი თუ გვინდა. ყველამ ერთად უნდა მივხედოთ, რადგან ჩვენს შვილებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი მიმდინარე პოლიტიკისგან და პერიპეტიებისგან მაქსიმალურად უნდა დავცალოთ; ვიზრუნოთ იმაზე, რომ შვილებს ხარისხიანი განათლება მივცეთ, დავაკვალიანოთ, გზაზე დავაყენოთ და სწორი პროფესიული არჩევანი გავაკეთებინოთ. ამას თანამიმდევრულობა სჭირდება და არა ის, რომ აი, არჩევნები მოვა და თუ მასწავლებელმა თავისი საგანი არ იცის, ვაპატიოთ; ისევ ბავშვების ხარჯზე ვაკეთოთ ასეთი გაუმართლებელი კომპრომისები. სამწუხაროდ, ათწლეულებია, ამით ვართ დაკავებული და განათლება საარჩევნო ხმების მოპოვების სათბურად გვაქვს ქცეული. ხელისუფლების წარმომადგენლები ძირითადად, ასე იქცევიან ხოლმე, კონკრეტულ მომენტში ვინც უნდა იყოს სათავეში.

- გამოდის, ახლანდელ მთავრობასაც ეს ყველაფერი სათანადოდ გააზრებული არა აქვს...

- ცხადია, არა, რადგან პროცესი ფაქტობრივად თვითდინებაზეა მიშვებული, სისტემურად ნაბიჯები არ იდგმება. ამიტომ გვყავს ამდენი სტუდენტი, რომელიც ხარისხიან განათლებას ვერ იღებს, მერე ვერ საქმდება ან სტუდენტის სტატუსს იჩერებს და ა.შ. და ამ ფონზე არ გვყავს, მაგალითად, კვალიფიციური ხელოსანი, რაც დღეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ პროფესიულ განათლებასაც დიდი ყურადღება სჭირდება, უმაღლესსაც, სკოლამდელსაც და ცხადია, სასკოლოსაც. ეს ბოლო ყველაზე ფუნდამენტურია, თუ მას არ მივხედეთ, მერე ყველაფერს აზრი დაეკარგება. აქედან ვეღარ მიდიან ისეთი კომპეტენციების მქონე სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს განათლებას კვალიფიციურად დაეუფლებიან.

არის კიდევ სოციალური უთანასწორობა: რადგან საჯარო განათლება სათანადო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს, ვისაც ამის საშუალება აქვს, რეპეტიტორებს, სხვა დამატებით სერვისებს მიმართავს. შედარებით შეძლებული ოჯახის შვილებს მეტი პერსპექტივა აქვთ და ადამიანებს თანაბარ პირობებში ვერ ვაყენებთ. ჩვენს საზოგადოებაში ამ სოციალურ ნაპრალს განათლება კიდევ უფრო აღრმავებს. ყურადსაღებია, რადგან ეს თუ არ გამოსწორდა, მერე წარმატებული ადამიანებიც თავს კომფორტულად ვეღარ იგრძნობენ, როდესაც ასეთი უთანასწორო მდგომარეობა იქნება.

- დაბოლოს, ტვინების გადინება ახსენეთ: როგორ უნდა მოხერხდეს ამ ადამიანების დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება?

- ამისთვის ისევ და ისევ ეკონომიკა უნდა განვითარდეს და სტაბილური დემოკრატია გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხალხს ძალით ვერ დავაკავებთ. სამყარო გლობალურია, საზღვრები კი ფაქტობრივად ნომინალური და ა.შ. ამიტომ ეს საქმე კიდევ უფრო გაჭირდება. თუ არ იქნება ქვეყანაში ძლიერი დემოკრატია, არ შემოვა ინვესტიციები, ეკონომიკა ვერ განვითარდება, ხელოვნურად და მექანიკურად კი ვერც ვერავის ჩამოვიყვანთ და ვერც დავსვამთ.

გელა მამულაშვილი