ლანა ღოღობერიძის ბავშვობის განცდები და თავგანწირული სიყვარული - გზაპრესი

ლანა ღოღობერიძის ბავშვობის განცდები და თავგანწირული სიყვარული

ლანა ღოღობერიძის მოთხრობილი ამბები ერთდროულად, ღიმილის მომგვრელიც არის და სევდიანიც. ისინი ეხება მის ბავშვობას, რეპრესიის წლებს, პიონერთა სასახლეს, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ერთ ეპიზოდს...

პალტოზე აწყვეტილი ღილები...

- ბავშვობაში სულხან-საბას ქუჩაზე ვცხოვრობდით. მიყვარდა დედაჩემის უცნაურად ლურჯი ოთახი, წიგნებით გატენილი თაროებით და კედლებზე - ლადო გუდიაშვილის პირადად ნაჩუქარი გრაფიკით, ამ ოთახში გათამაშებული საბავშვო წარმოდგენები. განსაკუთრებით ის წარმოდგენა მახსოვს, რა დროსაც დედაჩემის შეკერილ ფერად ფარდას ცეცხლი წაეკიდა. მოსკოვიდან ჩამოსული ტარიკა (გიორგი ლორთქიფანიძის ვაჟი), რომელიც პირველად მონაწილეობდა სპექტაკლში, გულგახეთქილი ატირდა და მე, სამი წლის გამოცდილი მსახიობი, ასე ვამშვიდებდი: "მალჩიკ, ნი ბოისია, ეტა ლეპეტიცა (რეპეტიცია)". ჩვენს მოპირდაპირე სახლს, სადაც მამიდაჩემები ცხოვრობდნენ, დიდი ეზო ჰქონდა, რკინისფიგურებიანი მაღალი ღობით შემოვლებული. აი, ამ ეზოში ვთამაშობდით თავდავიწყებით სულხან-საბას ბიჭებთან ერთად, თუმცა ეზო არ გვყოფნიდა და მთელი დღეები ქუჩაში დავაჭენებდით. დღის ბოლოს კი, თამაშით დაღლილ-დაქანცულები, ღობეზე შემოვსხდებოდით ხოლმე. ყოველ საღამოს, დედაჩემის გულის გასახეთქად, პალტოს ყველა ღილი აწყვეტილი მქონდა.

ჩემი ბავშვური სამყაროს მიღმა კი მიმდინარეობდა ის რაღაც უცნაური საბჭოთა ცხოვრება, სადაც ძალიან საშიში ამბები ხდებოდა: ვიღაც გადიოდა სახლიდან და აღარ ბრუნდებოდა, ბავშვები რჩებოდნენ უმშობლებოდ, დიდები ტიროდნენ, თამაშდებოდა პირადი თუ საზოგადოებრივი დრამები, რომელთა არსიც, რა თქმა უნდა, არ მესმოდა. მაგრამ ალბათ, ამ ტრაგედიების ანარეკლი იყო ჩემი განცდების ინტენსიურობა. ოთხი წლისა, ძალიან დაღვრემილი ვიჯექი თურმე ჩვენს დიდ სავარძელში და როცა ვიღაცამ მკითხა, რა მოგივიდაო? ვუპასუხე: "მეც მომხსნეს".

gad-2-1644483477.jpg

ბავშვობის კერპი და სიყვარული

- რაჟდენ ბიძა - დიდი მეცნიერი, ფიზიკის პირველი პროფესორი საქართველოში, თბილისის ობსერვატორიის დამაარსებელი, აინშტაინის და პლანკის მოწაფე... ის მიყვარდა ადრეული ბავშვობიდან, მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვის უკიდურესობამდე გამწვავებული, თავგანწირული სიყვარულით. ყველაზე კარგად მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა მის გვერდით ვიყავი. თუმცა იმას, რასაც მე ვაკეთებდი, გვერდით ყოფნა ნამდვილად არ ეთქმოდა. როცა რაჟდენ ბიძა თავის უზარმაზარ მაგიდასთან იჯდა და წერდა, მე მას მუხლებში ვეჯექი და ასე ვამზადებდი გაკვეთილებს. როცა ის მაგიდიდან წამოდგებოდა და ბოლთას სცემდა, მე ფეხებზე ვადგებოდი. ის მორჩილად შემომაჭდობდა ხელებს და ასე დავდიოდით. არ ვიცი, როგორ ახერხებდა ფიქრს ასეთ უცნაურ მდგომარეობაში. როდესაც რაჟდენ ბიძა ბათუმში მიდიოდა ხოლმე ლექციების წასაკითხად, ისეთ სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი, რომ ამგვარი რიტუალი დაამკვიდრა: წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მეუბნებოდა, ბათუმში უნდა წავიდეო. მე გულამოსკვნილი ტირილს ვიწყებდი. მაშინ ის ამოიოხრებდა, ბებიაჩემს გადახედავდა, თითქოს ეკითხებოდა, რა ვქნაო და იღებდა გადაწყვეტილებას: კარგი, ხვალ არა, სამი დღის მერე წავალ, ოღონდ პირობა მომეცი, რომ აღარ იტირებო. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ეს თამაში იყო, მაგრამ მაინც ვმშვიდდებოდი და როცა წასვლის დღე დგებოდა, აღარ ვტიროდი, მაგრამ მთელი ჩემი არსებით ვიწყებდი ლოდინს. სულ მარტო მინდოდა ყოფნა. როგორც კი მოვიდოდი სკოლიდან, რკინის აივანზე გავდიოდი, ხალიჩას ვიფენდი და ასე ვიჯექი საათობით. საკუთარი თავისთვის მისჯილი მარტოობა უჩვეულო სიამოვნებას მანიჭებდა. ალბათ, ამგვარ ქცევას მიკარნახებდა გაუცნობიერებელი წინათგრძნობა იმისა, რომ ძალიან ჩქარა რაჟდენ ბიძა სამუდამოდ უნდა დამეკარგა (პატიმრობაში გარდაიცვალა).

"თუ გინდა სიმართლე გაიგო, პიონერთა სასახლეში უნდა წახვიდე"

- ჩემმა გატაცებამ ლიტერატურითა და პოეზიით, ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში პიონერთა სასახლის ლიტერატურის კაბინეტში მიმიყვანა. კაბინეტს სულ ახალგაზრდა ქალი, ბავშვებისა და პოეზიის დიდი მოყვარული ქეთო ანანიაშვილი ხელმძღვანელობდა. პარადოქსად მიმაჩნია, რომ პიონერთა სასახლე, რომელიც ყველა პარამეტრით კომუნისტური იდეოლოგიის დამკვიდრების კერა უნდა ყოფილიყო, იმ დროისათვის სრულიად მიუღებელი სხვაგვარი აზროვნების, ანუ დისიდენტობის სავანედ იქცა. ჩვენი ინტერესების სფერო შეუზღუდავი იყო, დიდხანს და მონდომებით ვამზადებდით განხილვებს, გაუთავებლად ვკამათობდით. ხანდახან, ამ 14-15 წლის ბავშვებისგან ძალზე კურიოზულ გამონათქვამსაც გაიგონებდით. მაგალითად, ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე უაღრესად სერიოზული მსჯელობისას, მელორ სტურუა რაღაც კონტექსტში შლეგელს ახსენებს. არჩილ ბეგიაშვილი აღშფოთებით წამოხტება ადგილიდან: რომელი შლეგელი ახსენე, ფრიდრიხი თუ ავგუსტი? ავგუსტი არ გამაგონო! და მელორი მაშინვე უკან იხევს, ეთანხმება: ავგუსტი რა სათქმელია, რა თქმა უნდა, ფრიდრიხი მყავდა მხედველობაშიო. ჩვენი საერთო აღიარებით, არჩილი ყველაზე ღრმად ერკვევა ფილოსოფიაში. ის ხომ შალვა ნუცუბიძის დისშვილია და მასავით ჭერში აღაპყრობს ხოლმე თვალებს, როცა რთულ ფილოსოფიურ პრობლემებზე საუბრობს.

უცნაური და დღევანდელი თვალით აუხსნელი ის იყო, რომ საყოველთაო ცენზურის ბატონობის პირობებში, ჩვენ არავინ გვზღუდავდა. როგორც ჩანს, ბავშვებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ ან ჩვენთვის არავის ეცალა. დეიდა ქეთო კი, ყველანაირად უწყობდა ხელს ჩვენში თავისუფლების სულის დამკვიდრებას. ჩვენთან რეგულარულად დადიოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ: გიორგი ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, ლევან გოთუა, აკაკი ხორავა... ორჯერ კონსტანტინე გამსახურდიაც გვეწვია თავისი რომანების განხილვაზე. თბილისში იმასაც ამბობდნენ: თუ გინდა სიმართლე გაიგო, პიონერთა სასახლეში უნდა წახვიდეო. ჩვენთვის მართლაც არ არსებობდა ტაბუები და ავტორიტეტები. მაგალითად, არ მოგვეწონა რუსთაველის თეატრის ოფიციალურად აღიარებული და პრესაში ნაქები ერთ-ერთი სპექტაკლი და დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში გავატარეთ.

მეტიჩრების კლასიფიკაცია

- პიონერთა სასახლეში ჩვენი საღამოების ხშირი სტუმარი, ჩემი მამიდა დოლიკო იყო. ერთხელ ცოტა დაგვიანებით შემოვიდა დარბაზში. სცენაზე 14 წლის თხელი, ნატიფი გარეგნობის ბიჭი - რეზო თაბუკაშვილი იდგა და ღრმა განცდით, მწუხარედ კითხულობდა თავის ლექსს: "გტოვებ თბილისო, თუ ცოცხალი ვეღარ მოვედი,/ თუ გამკილავენ სიწმინდიდან გამიჯნულები,/ გულში იფიქრე დაიღუპა ერთი პოეტი,/ შენი მთვარის და შენი ზეცის გამიჯნურებით./ გტოვებ თბილისო!" - კიდევ ერთხელ პათეტიკურად შესძახა რეზომ, დოლიკო კი ერთ-ერთი მაყურებლისკენ გადაიხარა და ხმამაღალი ჩურჩულით იკითხა: ხომ არ იცით, სად მიემგზავრება ეს ბიჭი? სასაცილო ის იყო, რომ ყველაზე შორი ადგილი, სადაც იმ დროს რეზოს წასვლა შეეძლო, მისი მშობლიური სოფელი ღუდუმექეთი გახლდათ. იმ დღეს დოლიკომ რეზოს "სევდისა და ჭმუნვის პოეტი" დაარქვა და მერე, წლების განმავლობაში მხოლოდ ასე მოიხსენიებდა.

ჩვენი წრის წევრები გივი ხუციშვილმა ერთი მრავლისმთქმელი ეპითეტით - მეტიჩრები მონათლა და ამგვარ კლასიფიკაციაში მოგვაქცია: მეტიჩარა ნომერი პირველი - დეიდა ქეთო; მეტიჩარა ნომერი ორი - რეზო თაბუკაშვილი; მეტიჩარა ნომერი სამი - არჩილ ბეგიაშვილი; მეოთხე და მეხუთე ადგილს იყოფენ - ლანა ღოღობერიძე და მელორ სტურუა; მეტიჩარა ნომერი ექვსი - გურამ ასათიანი და ა.შ. მახსოვს, რა მხიარულება გამოიწვია ჩვენში ამ ნუმერაციამ. ეტყობა, მაშინვე მივხვდით მის გონებამახვილობას.

"სესიას" ფიქრები

- 1974 წელს ჩემთვის მოულოდნელი და უცნაური რამ მოხდა: გარეგნულად ვითომ ამირჩიეს, სინამდვილეში კი საბჭოთა ჩვეულებისამებრ, დამნიშნეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მაშინ სესიები წელიწადში ორჯერ ტარდებოდა. ყველა გამომსვლელი წინასწარ ასჯერ შეთანხმებულ ტექსტს კითხულობდა. დარბაზში საყოველთაო მოწყენილობის ატმოსფერო იყო გამეფებული. მე და ჯანსუღ ჩარკვიანი (ისიც დეპუტატად არჩეული), იმით ვერთობოდით, რომ ერთმანეთს სახუმარო ლექსებს ვუგზავნიდით. ერთხელ ჯანსუღს გავუგზავნე ლექსი, რომელსაც "სესიას" ფიქრები დავარქვი: "ვზივარ მეწამულ სკამზე,/ მესმის დუდუნი მშვიდი,/ ძილისკენ მიწვევს ქვეყნის/ წარმატებები დიდი./ რას შევალიოთ კიდევ/ ჩვენი ძალი და ღონე,/ სულ რომ მაღლდება ასე/ ხალხის ცხოვრების დონე". ჯანსუღმა მაშინვე მიპასუხა: "ირაკლის ხმაზე სიმი შეირხა,/ ვეტრფით სიფათებს ხალხის მეტრების,/ ო, შენ ისეთი მშვენიერი ხარ,/ სესიებისთვის არ მემეტები".

ირაკლი აბაშიძე მაშინ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო და სხდომები მიჰყავდა.

gad-1-1644483430.jpg

მარუსია და ჟანგო

- 60-იანი წლების დასაწყისში, მოსკოვში ერთი თავისებური ნავსაყუდელი გამიჩნდა. ბეგოვაიას ხუთ ნომერში დასახლდა დედაჩემის სამი მეგობარი იმ ცხოვრებიდან, სამი ციხე და გადასახლებაგამოვლილი ქალი. ბევრი წვალებისა და დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, მათ შეძლეს ერთად მიეღოთ სამოთახიანი ბინა, სადაც თავიანთი მრავალჭირგამოვლილი და მედგარი სული დაამკვიდრეს. ამ ქალებს ოჯახიც ჰქონდათ, შვილები და შვილიშვილებიც ჰყავდათ, მაგრამ ის, რაც მათ აერთიანებდათ, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნათესაური კავშირები. ეს იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან თავისებური ანგარიშსწორების შეუნელებელი სურვილი - სისტემისთვის ძირის გამოთხრა, დისიდენტური ლიტერატურის გავრცელებისა და გადასახლებიდან დაბრუნებულთა დახმარების გზით.

ამ ერთობის სულისჩამდგმელი იყო მარუსია სოლნცევა. 20-იან წლებში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოციოლოგად მუშაობდა. სტაჟირებაზე გაგზავნეს პარიზში. იქ შეხვდა მაშინ უკვე ცნობილ მხატვარ შუხაევს, რომელსაც ისე შეუყვარდა, რომ დატოვა ცოლი, პარიზი და მარუსიას გამოედევნა. მაგრამ როცა ის მოსკოვში ჩამოვიდა, მარუსიას უკვე ჟანგო ღოღობერიძესთან ჰქონდა გაბმული თავბრუდამხვევი რომანი. ეს ის ჟანგო იყო, მამაჩემის ბიძაშვილი, მომავალი ცისფერყანწელი, რომელიც ჯიხაიშიდან პირდაპირ პარიზში მოხვდა სასწავლებლად. და როცა ერთხელ მამიდაჩემმა გაბრაზებით მიმართა: ჟანგო, სად აღიზარდეო? დაუფიქრებლად უპასუხა: ჯიხაიშსა და პარიზში! პარიზიდან მოსკოვში შუხაევს თავისი ცოლი დაედევნა. მარუსიას ღალატის გამო ტრაგედიაში ჩავარდნილი შუხაევი იძულებული გახდა, ცოლს შერიგებოდა... ჟანგო 30 წლისა იყო, როცა დაიჭირეს და დახვრიტეს. მარუსიამ კი 22 წელი გაატარა ციხეებსა და გადასახლებაში, ერთი წელი - სიკვდილმისჯილთა საკანში.

ნანული ზოტიკიშვილი