"შვილებს ცრემლები ჩემი ტირანული ხასიათის გამო სდით" - გზაპრესი

"შვილებს ცრემლები ჩემი ტირანული ხასიათის გამო სდით"

მსახიობმა, მომღერალმა და რადიოწამყვანმა ლაშა რამიშვილმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. ის იზოლაციაში შინ იმყოფებოდა და მისი მეუღლე ლაშას კოვიდსასტუმროში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა - ამაოდ... რაც მთავარია, ლაშას ინფიცირებამდეც აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა და ვირუსგადატანილიც ენერგიულად აგრძელებს მუშაობას...

- მე და ჩემმა მეუღლემ - ბელამ "კოვიდი" კარგად, თითქმის უსიმპტომოდ გადავიტანეთ. ბელას ყელი ოდნავ "ჩახეხილი" ჰქონდა, მე კი საერთოდ არაფერი მჭირდა. ჩემს შვილს - მართას ცოტათი ახველებდა. ალბათ, ეს სეზონური ხველა იყო, რადგან ტესტები გავუკეთეთ და ბავშვს არაფერი სჭირს...

- როგორ დაინფიცირდით?

- ჩემი ინფიცირება საპრემიერო დღეებს დაემთხვა: სპექტაკლზე არ წავედი. მართასაც ტესტი გავუკეთე, სანამ სპექტაკლზე (ერთად ვთამაშობთ) გავუშვებდი. ისე მოხდა, რომ სრულიად უსიმპტომოს პისიარტესტმა კოვიდდადებითი მიჩვენა. ამიტომ სპექტაკლზე მართაც არ გავუშვი - ვაი და, ვირუსი დასისთვის გადაედო? ჩემი ასეთი გაფრთხილება ფუჭი აღმოჩნდა, რადგან ფაქტობრივად, მთელი დასი დაინფიცირდა, ოღონდ - ჩემგან არა (იცინის).

- უსიმპტომომ ტესტის გაკეთება რატომ გადაწყვიტეთ?

- ხმა შემეცვალა და ამიტომ, თორემ დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად იყო...

- როგორ მიიღეთ ეს ფაქტი? ხომ არ შეშინდით, როცა ინფიცირების შესახებ შეიტყვეთ?

- ცოტათი უარყოფითად, რადგან შინიდან გასვლა არ შეგვეძლო, მაგრამ მაინც - დადებითად: ბავშვებთან ერთად, სახლში მეტი დროის გატარება შემეძლო, თუმცა მათთან მე და ბელას კონტაქტი არ გვქონდა - იზოლირებულები ვიყავით. იმ 10 დღის განმავლობაში, ბავშვებს ხომ მაინც ვხედავდით, არა?.. საერთოდ, როგორც მთელი დედამიწა, "კოვიდმა" ჩვენც საკმაოდ შეგვავიწროვა, მაგრამ ერთი მხრივ, კარგია, რადგან ოჯახთან, ბავშვებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა.

- როგორც აღნიშნეთ, სპექტაკლში თქვენს ქალიშვილთან ერთად თამაშობდით...

- დიახ, "მუსიკის ჰანგებში" მე და მაშიკო (მართა) ერთად ვთამაშობთ. მე კაპიტანი ფონ ტრაპი "ვარ", ის - ბრიგიტას როლს ასრულებს. სამწუხაროდ, სპექტაკლი გაჩერდა. ალბათ, 5-6 დღეში აღდგება... მართალია, მართასაც და მეც დუბლები გვყავს, მაგრამ პრემიერაზე თამაში მაინც ერთად მოგვიხდა.

- თქვენი 10 წლის გოგონა სპექტაკლში როგორ მოხვდა?

- როცა ამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო, ჩვენს თეატრში "რანინას" ბავშვები მოვიდნენ. ფონ ტრაპის როლი რომ განაწილდა, პრაღაში, გადაღებებზე ვიყავი. საერთოდ, სიტყვა არ დამიძრავს, რომ მართა თეატრში ყოფილიყო. მისი "ტიკტოკ" ვიდეოები, სადაც მღერის და აქტიურად "მოღვაწეობს", დოიმ ნახა. იმ დროს დოიც არ იყო საქართველოში. დაუბარებია, - მართამ რეპეტიციებზე იაროსო. აი, ასე, ჩემი ქალიშვილი ბრიგიტას როლზე დაამტკიცეს. 3 დუბლი ჰყავს, მაგრამ მაინც, რეპეტიციების წნეხს გაუძლო. მინდა გითხრათ, რომ "რანინას" ბავშვებს არაფრით ჩამოუვარდება.

- "კოვიდის" გამო, სპექტაკლში მონაწილეობის ნაცვლად, სახლში ყოფნა რომ მოუხდა, ძალიან განიცადა?

- რასაც ვერ ვიტან, ეს ჩემი შვილების ცრემლებია. ნაწილობრივ, მათ ცრემლები ჩემი ტირანული ხასიათის გამო სდით, როდესაც მაგალითად, შვილებისგან გაჯეტებზე ნაკლებ დამოკიდებულებას ვითხოვ. ეს პრობლემა გვაქვს. ვთხოვ, რომ 1 საათზე მეტი, გაჯეტებთან არ გაატარონ. აკრძალვა უარესია. ამიტომ ვერ ვუკრძალავ. მინდა, წიგნებს მეტი დრო დაუთმონ... დოის ეს ჟესტი, რომ ჩემი შვილი სპექტაკლში ჩემთან ერთად ყოფილიყო, გარკვეულწილად, იმაში მომეხმარა, რომ გაჯეტებიდან, ტელეფონებიდან მაშიკო მაინც "ამომძვრალიყო". ჩემი ვაჟი - ლაშა-გიორგი მათემატიკაში ემზადება, სპორტითაა დაკავებული... ძირითადად, ჩემს გაღიზიანებას ეს თემა იწვევს, რომ ტელეფონში ამდენი თამაში არ შეიძლება... ახლა მართა უფრო სხვა ამპლუაში წარმოჩინდა. ამ დადებით ამპლუას მისი ხმაც ერთვოდა... ამ ყველაფერს დიდი შრომაც ახლდა, მაგრამ უცებ, მამამისს "კოვიდი" აღმოაჩნდა და უნდა "ჩავკეტილიყავით". ტირილი დაიწყო... შვილის ცრემლები ჩემზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. მოფერება, სწრაფი კვების ობიექტებიდან მისი საყვარელი საკვების ბევრჯერ გამოძახება მომიხდა, რომ როგორმე მართას გული მომეგო. როგორც იქნა, მოვალბეთ. რამდენიმე დღეში, როგორც კი ვირუსი ყველას "აულაგდება", მგონი, მართას გულს ბოლომდე მოვალბობ და სპექტაკლშიც ისევ ვითამაშებთ.

- საპრემიერო დღეს როგორ შეაფასებთ, სცენაზე მამა-შვილი ერთმანეთს როგორ შეეწყვეთ?

- ძალიან ვნერვიულობდი. მართასთან ერთად სცენაზე დგომა მართლა დიდი პასუხისმგებლობაა - მისთვის მაგალითი უნდა მიმეცა. მით უმეტეს, სპექტაკლის ბოლო 2 სცენაში, ჩემი პერსონაჟი უნდა ტიროდეს - კაპიტანი ფონ ტრაპი, ამხელა რანგის პიროვნება, პატრიოტიზმის მაგალითი, იძულებულია, სამშობლოდან გაიპაროს... ჩემი ცრემლიანი თვალების დანახვაზე, მეგონა, მართა უბრალოდ, სიცილს დაიწყებდა. შევხედე და - ისიც ჩემთან ერთად ტიროდა (იღიმის)...

- მართას პროფესია არჩეული აქვს?

- 5-6 წლამდე ამბობდა, - მომღერალი და პოლიციელი უნდა ვიყოო. შემდეგ ექიმობა უნდოდა, მერე - მსახიობობა... ჯერჯერობით, მსახიობობაზე "გავჩერდით". ვნახოთ, თავში რა მოუვა (იღიმის)... ალბათ, ჯერ კარგად უნდა ისწავლოს. "სუხიშვილების" სტუდიაში ფანტასტიკურად ცეკვავს. მხატვრულ ტანვარჯიშზე ერთ-ერთი ძალიან კარგი კადრი იყო, მაგრამ ტანვარჯიშიდან თავად გამოვიდა - ასე ისურვა...

- ლაშა, სოციალურ ქსელში თქვენი მეუღლე თქვენს კოვიდსასტუმროში გადაყვანას ითხოვდა. ამ "უკიდურეს ზომამდე" როგორ მიიყვანეთ?

- იცი, რა, ერთფეროვნება მომბეზრდა... საერთოდ, აბსოლუტურად ყოველ დილით ვვარჯიშობ (მუცლის პრესი, აზიდვები...), რომ ფორმაში ვიყო, მაგრამ წონას მაინც ვერ გავურბივარ... მოკლედ, დილით ვვარჯიშობდი, შემდეგ ეზოში გავდიოდი - რაღაცებს ვაკეთებდი, მარანში რამდენჯერმე ღვინო გადავიღე, ეზოც გავასუფთავე, სახლში რაღაც შესაკეთებელი იყო და შევაკეთე (შინ ჩხირკედელაობა ძალიან მიყვარს), მაგრამ მერე, 3-4 დღეში, როცა ხმა დამიბრუნდა, ხმის იოგები "შეიკრა", გადავწყვიტე, ყოველ საღამოს მემღერა. ხომ შეიძლება, ჩემთვის ვიმღერო, არა? თუ ობიექტი არ მყავს, ისე ვერ ვმღერი. ამიტომ დავსვი მეუღლე და მას ვუმღეროდი. ბელამ ვიდეოები ჩუმად გადამიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ვიდეოებს 500-600 მარტო კომენტარი აქვს, "გაზიარებებზე" და "ნახვებზე" რომ არაფერი ვთქვა... ბოლოს ჩემი ცოლი ყვიროდა, - კარგი, კაცო, მომაშორეთო!.. თან, გასამხნევებლად ვიდეოებს (ოღონდ - ჩემ მიერ გადაღებულს) ჩემს ძმაკაცს - ვასიკოს ვუგზავნიდი, რომელიც ავად არის და მაშინ რეანიმაციაში იყო. მასაც "კოვიდი" ჰქონდა. თურმე, მთელი რეანიმაცია ვიდეოებს უყურებდა და ერთი ამბავი იყო, - შენ გაიხარე, ძმაოო!.. ასე რომ, ცოტათი პოზიტიური განწყობაც შევინარჩუნე და ხმაც გავავარჯიშე - ფორმაშიც ვიყავი (იღიმის)... ჩემდა საუბედუროდ და ბელას საბედნიეროდ, ჩვენი მეზობლის ძმა გარდაიცვალა. აი, მერე "მოვკეტე". ბელა ცალი თვალით ტიროდა, ცალით - უხაროდა: აღარ შემიძლიაო, რა...

64846932-2709345389094822-4756435843755802624-n-copy-1644483881.jpg

- მეეჭვება, თქვენთვის "კოვიდს" დეპრესია დაეტოვებინა, ვირუსის შემდგომი ჩივილის სახით...

- არა, არანაირი დეპრესია. თუ ყველაფერი გაიხსნება და ჩვენთვის საყვარელი საქმის კეთებას გავაგრძელებთ, ეს ბედნიერება იქნება!

- შემოქმედებით ცხოვრებაში კიდევ რა სიახლე გაქვთ, რას გეგმავთ?

- წელს კინოეკრანებზე ფილმი გამოვა, რომელშიც ვმონაწილეობ (მართალია, 1 კადრია, მაგრამ საკმაოდ დიდი პროექტია). ასევე, ინგლისელების მიერ გადაღებული ფილმი - თჰე Lადყ ოფ Hეავენ გამოვიდა, რომელშიც ვაჭრის როლს ვასრულებ. კიდევ ერთი შემოთავაზება მაქვს მეზობელი ქვეყნიდან. გადაღებები უკრაინაში უნდა იყოს, თუ მშვიდობა იქნება. ჯერ ამაზე საუბარი არ შემიძლია. ფაქტობრივად, 2 პროექტი უკვე დავასრულე... ასევე, ჩემი რადიოგადაცემა ახალი ფორმატით გადის, ახლა უკვე - სოციალურ ქსელშიც...

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი