რომელ რეგულაციას არღვევდა ლიზა ვადაჭკორია? - გზაპრესი

რომელ რეგულაციას არღვევდა ლიზა ვადაჭკორია?

სახელი, გვარი: ლიზა ვადაჭკორია.

განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ჟურნალისტი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი. ასევე, მუშაობს პიარის მიმართულებით.

ჰობი: ფეხით სეირნობა და პრეფერანსის თამაში.

ცხოვრების დევიზი: "ხვალინდელი დღე აუცილებლად უკეთესი იქნება".

- ლიზა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- როცა სარკეში ვიყურები, მხოლოდ ჩემს გარეგნობაზე ვფიქრობ და არა - ცხოვრების განვლილ გზაზე. ვინ ვარ, რა გამიკეთებია, რისი შეცვლა შემიძლია - ამის შესახებ უკვე ძილის წინ ვფიქრობ. საერთოდ, ჩემს ცხოვრებისეულ მიდგომებში ბევრი რამ შეიცვალა: თუკი ადრე სულ ვნერვიულობდი - ვაიმე, ხვალ რა, როგორ იქნება, - დღეს უფრო ფილოსოფიურად ვარ განწყობილი (ეტყობა, ასეთი დამოკიდებულება ასაკთან ერთად "მოდის") და ვიცი, რომ ხვალინდელი დღე აუცილებლად უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელი. თუ ადამიანი სიტუაციას ვერ ცვლი, ამ სიტუაციისადმი შენი დამოკიდებულება უნდა შეცვალო.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ხანდახან, როცა სიზმარს ვხედავ, მგონია, რომ რაღაც თავგადასავალია, რომლის მიხედვითაც შეიძლება, რომანი დაწერო ადამიანმა, თუმცა, დილით რომ გავიღვიძებ, მგონია, რომ საინტერესო არაფერი ყოფილა. ალბათ ასეთი შეგრძნება ბევრს ჰქონია. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს სიზმარში ლექსი დაუწერია, მაგრამ ჩაწერას ვერ ასწრებენ. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა, - ჩავიწერე და, გამოფხიზლებულმა რომ წავიკითხე, აღმოჩნდა, რომ სიზმარში რაც შედევრი მეგონა, სისულელე იყოო (იცინის)...

- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებთ უპირატესობას?

- ბოლო დროს "ტელეგრამი" ძალიან მომწონს. "ფეისბუკს" სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობ. "ტელეგრამში" უამრავი მოკლე საინტერესო სიახლეა, რაც მსოფლიოში ხდება და "ფეისბუკისთვის" დამახასიათებელი "ხოცვა-ჟლეტა" არ არის. "ტიკტოკის" აპლიკაცია შეგნებულად არ გადმოვწერე, რადგან ვიცი, ბევრ დროს წამართმევს.

- სოციალურ ქსელში ვის ყოველდღიურობას ადევნებთ თვალყურს?

- სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანის: ზოგჯერ ვკითხულობდი, რას წერდnen დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე... ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ძალიან მომწონს. ამჟამად, პუტინის გამო, საფრანგეთში ცხოვრობს. ბორის აკუნინის დიდი თაყვანისმცემელი ვარ! მის "ფეისბუკ"-გვერდს თვალს ვადევნებ... ზოგჯერ ისეთი ადამიანების გვერდებსაც ვკითხულობ, ვინც ძალიან მაღიზიანებს და არ მომწონს. ასე რატომ ვიქცევი, თავადაც არ ვიცი. მაგალითად, თიკა კანდელაკი საოცრად მაღიზიანებს: რუსეთის მთავრობას, პუტინს ისე "ეტენება" და შესაბამისად, თანამდებობებს იღებს, ისეთ სისულელეებს წერს, ისე აშკარად მლიქვნელობს, რომ ყოველდღე ვამბობ, - არა, ამ ქალის ატანა აღარ შემიძლია. "გამოწერა" უნდა გავაუქმო-მეთქი, მაგრამ რატომღაც, ჯერჯერობით მაინც მისი გვერდის გამომწერი ვარ. ზოგჯერ უნდა იცოდე, რას აკეთებენ და ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც არ მოგწონს...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ჩემმა ძმამ - მალხაზ ცინცაძემ ძალიან მაგარი რომანი - "ნესტორი" დაწერა. ამბავი მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში (მაშინდელ ტიფლისში) ხდება. ძალიან საინტერესო ისტორიულ-სათავგადასავლო რომანია. ყველას ვურჩევ, ეს წიგნი შეიძინოს და წაიკითხოს (იღიმის)... არ გაგიკვირდეთ, რომ ჩემი ძმა გვარად ცინცაძეა. მეც ცინცაძე ვარ: ფსევდონიმად ბებიაჩემის გვარი ავიღე.

img-9264-copy-1645094291.jpg

- თქვენი საყვარელი კერძი რომელია?

- კერძი არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერი ჩაი ძალიან მიყვარს, ვაშლის ჩიფსით, ჩირით, თხილეულით... ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ: ბავშვობაში დედაჩემი ტორტებს ძალიან ხშირად აცხობდა. ერთხელაც, როცა ტორტი გამოაცხო, ვუთხარი, - დედა, რა გამიჭირე საქმე ამ შენი ტორტებით? წავალ, შავ პურს ვიყიდი, შავი პური და ნიორი მირჩევნია-მეთქი!.. მთელი ცხოვრება ამ ამბავს მახსენებენ - ტორტებს გიცხობდით, შენ კი შავი პური და ნიორი გინდოდაო (იცინის)...

- ახლა ტკბილეული გიყვართ?

- ახლაც მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, არ შევჭამო, რადგან მერე ზედმეტ კილოგრამებში "მიდის" (იღიმის)... დღეს ტკბილეულის ჭამა აუცილებლად მომიწევს: ჩემს შვილიშვილს - მაშოს დაბადების დღე აქვს. მისი 3 წლის იუბილესთვის 2 ტორტი შევუკვეთეთ: როგორც ამბობს, ჭიამაიასგამოსახულებიანი ტორტი საბავშვო ბაღში უნდა წაიღოს, ცისარტყელიანი კი სახლისთვისაა.

- ბებიობამ შეგცვალათ?

- ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. ჟურნალისტი რომ არ გამოვსულიყავი, ალბათ ჩემი "ივენთ"-კომპანია მექნებოდა, რომელიც დაბადების დღეების წვეულებებს გამართავდა. ჩემს შვილს ყოველთვის ჩემ მიერ შედგენილი გასართობი პროგრამებით ვუწყობდი დაბადების დღეს: თამაშებით, ვიქტორინებით... ძალიან საინტერესო წვეულება გამოდიოდა. ყველა ამაზე ლაპარაკობდა და მერე მთხოვდნენ - გვინდა, ასეთი წვეულება ჩვენც მოვაწყოთო... ახლა, როცა შვილიშვილები მყავს, ვცდილობ, ის გავაკეთო, რაც მათ უხარიათ: შეიძლება, ერთად ვიცეკვოთ, "დახუჭობანა" ვითამაშოთ, ნახატი გავაფერადოთ. ბავშვს მოძრაობა უნდა, სწორი მაგალითები სჭირდება, რომ წიგნი წაიკითხოს, დახატოს... საყიდლადაც ისეთ რაღაცებს ვარჩევ, სადაც რაღაც უნდა ააწყონ, რაც ბავშვებს განავითარებს.

- "კოვიდ"-რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულხართ?

- გადავრჩი. საერთოდ, ძალიან კანონმორჩილი ვარ. ერთადერთ რეგულაციას ვარღვევ და გავამხელ: ქუჩაში, ჰაერზე სამედიცინო ნიღბით სიარული არ შემიძლია. როცა ქუჩაში უნიღბოდ სიარული აიკრძალა, ნიღაბი ხელში მეჭირა ხოლმე - თუ პოლიციელს დავინახავ, გავიკეთებ-მეთქი.

- რა მავნე თვისება გაქვთ?

- დედ-მამით გურული ვარ. შესაბამისად, შემიძლია რაღაცის გამო უცებ "ავფეთქდე", მაგრამ მერე ვნანობ - ვაიმე, თავი რატომ არ შევიკავე-მეთქი?.. კიდევ, ზოგჯერ ენაკვიმატი ვარ (მამაც ასეთი იყო). როგორც ამბობენ, მწარე ენა მაქვს (იღიმის). შეიძლება ასეა, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად კეთილი, სამართლიანი ვარ.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრეთ?

- ავტომობილით სიარული მიყვარს, მაგრამ მერე ან საცობში დგახარ, ან - მანქანის გასაჩერებელ ადგილს ვერ პოულობ, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დავიწყე. მით უმეტეს, რაც ახალი, კომფორტული ავტობუსები შემოიყვანეს, სიამოვნებით ვმგზავრობ.

img-20201004-154245-copy-1645094279.jpg

- ცხოვრებაში თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ადამიანი სანამ ცხოვრობს, სულ ჰგონია, რომ ხვალ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. ასე მეგონა, როცა, მაგალითად, "მიუზიკბოქსის" პროგრამების დირექტორი ვიყავი. ვფიქრობდი, ხვალ კიდევ რაღაც ახალს გავაკეთებ-მეთქი. შემდეგ "იბერიაზე" ტოქშოუ "კრაზანას" ავტორი გახლდით. მერე "სახალხო კონტროლი" მოვიფიქრე და მადონა კოიძესთან ერთად გავაკეთე. ესეც დიდი წარმატებაა, რადგან ყოველდღე დიდ გამოხმაურებას და სიყვარულს ვგრძნობთ: ქუჩაში ჩვენთან ბავშვები მოდიან; წერილებს ვიღებთ - გეხვეწები, დაბადების დღე მოგვილოცე, ბავშვებს უყვართ ლიზა და მადონაო (იღიმის)... ამაზე დიდი წარმატება რა შეიძლება, იყოს?!.

- თქვენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- ადამიანებს ყოველთვის ისე მოვექცე, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ. თუ არ მინდა, რომ მომატყუო, მეუხეშო, შესაბამისად, ასე მეც არასოდეს მოგექცევი. მით უმეტეს, როგორც ჟურნალისტს, მქონია შემთხვევები, როცა მაგალითად, ცნობილი ადამიანის შესახებ ვიღაც ძალიან პირადულ ინფორმაციას მაწვდიდა, მაგრამ არასოდეს გამომიყენებია, რადგან მე არ მინდა ასე მომექცნენ და თავად რატომ უნდა მოვექცე სხვას ასე?..

ეთო ყორღანაშვილი