"თითქოს იმედი ჩამომეშალა..." - გზაპრესი

"თითქოს იმედი ჩამომეშალა..."

ცნობილი პოლიტიკოსი, არაერთგზის პარლამენტარი ბოლო ორი კვირა კორონავირუსს ებრძოდა, კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოეტი ტარიელ ხარხელაური ამბები.გე-სთან ასე იხსენებს საუკეთესო მეგობართან ბოლო შეხვედრას:

"თამაზ მეჭიაურზე მარტო ერთი დღითა და ერთი შეხვედრით ვერ ილაპარაკებ. თავისი ცხოვრების წესით ის მუდამ სავსე იყო სიკეთითა და სიყვარულით, რომელიც ასე სჭირდებოდა როგორც ჩემნაირ ხალხს, ისე ქვეყანას. როგორ შეიძლებოდა, თამაზ მეჭიაურს ასე უცებ გაეხურა წუთისოფლის კარი, ის ჩვენ გვჭირდებოდა. ყველაზე მეტად ის მტკივა, ბოლო ხანებში თიანელებმა რომ დავწყვიტეთ გული. ვერც ბოდიში მოვუხადე ამის გამო, თიანელი ვარ და ამ გულისდამწყვეტთა შორის ალბათ მეც ვითვლები.

ტკივილიანი გულით მიდის. ახლა გამახსენდა ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების გამო ნათქვამი ვაჟას სიტყვები: "შვილო, ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა..." ასეთი კაცები მიდიან მამა-პაპასთან ამოღებული ხანჯლით. არც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისთვის აურიდებია თავი და არც ადამიანებთან ურთიერთობებისთვის...

არასოდეს გამომცლია გვერდიდან, ლხინისა თუ მწუხარების დროს. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი საყრდენი იყო. ახლა იცით, როგორ ვგრძნობ თავს? როგორც დაცარიელებულ წუთისოფელში. იცი, შენ უნდა გახვიდე მათზე ადრე და ამ დროს, შენზე წინ მიდიან ისინი, ვინც აქ უნდა რჩებოდნენ... იცით, როგორ ვარ, თითქოს იმედი ჩამომეშალა..."

"გზის" არქივში ბატონ თამაზთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუ ინახება. გთავაზობთ ამონარიდებს ერთ-ერთი სტატიიდან, სადაც პოლიტიკოსი საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა:

ბავშვობა და ოჯახი

"თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დავიბადე და გავიზარდე, 7 კლასი იქ დავამთავრე და შემდეგ, თბილისში, კომაროვის სკოლაში გადავედი. სპორტიც მიზიდავდა, ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე, მდინარეზე დავდიოდი, ვცურავდი და ვერთობოდი ისე, როგორც იმ პერიოდში, იმ თაობის ახალგაზრდებს შეგვეძლო სოფელსა თუ ქალაქში და არაფერი დამიკლია. მამაჩემი დურგალი იყო, დედა - აღმზრდელი სკოლის "გახანგრძლივებულში". კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საკმაოდ ცელქი ბავშვიც ვიყავი. სხვათა შორის, ხატვაც მეხერხებოდა. მუსიკასა და ცეკვაზე არ მივლია და ამ მხრივ, არც ქეიფის დროს ვაქტიურობ..."

ბავშვობის სასურველი პროფესია და "კომაროვი"

"პრიორიტეტული სწავლა-განათლება, წესიერება, პატიოსნება, უფროს-უმცროსის ცოდნა, ტრადიციების პატივისცემა იყო. თუმცა ბავშვები წესებს ზოგჯერ ვარღვევდით კიდეც და მშობლების რჩევებსა და დარიგებებს არ ვასრულებდით. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროფესიის არჩევა მსურდა, ინჟინრობაც მინდოდა და კოსმონავტობაც. სხვათა შორის, პოლიტიკაც მიზიდავდა. ყოყლოჩინა ბიჭი არ ვიყავი, მაგრამ ჩხუბი ზოგჯერ მეც მიწევდა და ღირსების შელახვას არავის ვაპატიებდი. თუმცა, ჩხუბის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. სახეზე იარაც, როგორც არაერთხელ მომიყოლია, რესტორანში, სხვების გასაშველებლად რომ ჩავერთე, დაჭრის შედეგია... "კომაროვში" რომ გადმოვედი, იქვე ვცხოვრობდით. ამ სკოლაში ურთიერთპატივისცემა იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, ვის უფრო მეტი გონებრივი რესურსი ჰქონდა. ვინც უფრო რთულ ამოცანებს ართმევდა თავს, მის მიმართ მეტი მოწიწება იყო. თანაკლასელები დღემდე ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს".

ოჯახი, შვილები, დრო

"6 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს, ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს, უფროსი ვაჟია კახა, 38 წლისაა, ნაბოლარა - სოფო კი სკოლის მოსწავლეა. როგორც ყველას, მეც მყავს მეგობრები. მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს. ჭირია თუ ლხინი, ვიკრიბებით, დავილოცებით ხოლმე, დღესასწაულებს აღვნიშნავთ. განსაკუთრებით - ლაშარობას. მასპინძელი ვარ ხოლმე.

- რა არის თქვენი ჰობი? წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ცოტას ვკითხულობ, ინფორმაციებს სოციალური ქსელებიდან ვიღებ. ისე, ლევან ბერძენიშვილმა ერთი რამ სწორი თქვა ჩემზე - უწიგნურიაო, ბოლო პერიოდში მართლაც ასეა (იცინის). ადრე, სკოლასა და ინსტიტუტში ძალიან ბევრს ვკითხულობდი, არაფერი დამრჩენია წასაკითხი, მაგრამ ახალ ლიტერატურას არ გავცნობივარ. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლევან ბერძენიშვილს ვეთანხმები (იცინის)..."

ხშირად პოლიტიკოსი "ცხელ თემებზე" გულახდილად საუბარსაც არ გაურბოდა:

ევროპა და... ამერიკა

"მე ევროპას ხაზს არ ვუსვამ. უბრალოდ, რაღაცებს არ ვაიგივებ, ევროკავშირი სხვაა, ნატო - სხვა. აშშ-ც ემატება.

ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, როცა ვამბობთ, ჩვენი წინაპრების არჩევანი ევროპა იყოო, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ შემთხვევაში ბიზანტიას არ გასცილებიან და ისიც გვახსოვს, თავის დროზე, რითი ჩამოგვივიდა საფრანგეთიდან სულხან-საბა. თუმცა, ევროპასთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ დიდი ნაწილი იქ პეტერბურგის გავლით მიდიოდა. ასე რომ, რეალურად, შეიძლება ითქვას, სწორი მიმართულებით მივდივართ, მათი მხრიდანაც არის ადეკვატური ნაბიჯები, ცოტა შენელებული, მაგრამ - მაინც. მხედველობაში მაქვს ასოცირების ხელშეკრულება. რიგი საკითხები, როგორც ვატყობ, მაინც ჩვენს სასარგებლოდ წყდება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ევროკავშირში შესვლის პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია მიდგომა ნატოსთან მიმართებაში. ჩვენი ჯარისკაცები მოხალისეებად სად აღარ იყვნენ, ნატოს სხვადასხვა მისიაში იღუპებოდნენ. მათ ჩვენივე დაფინანსებით ვუშვებთ და ვინახავთ იქ, ყველაფერი ჩვენი ბიუჯეტით ხდება, ამასაც კი არ იხდიან და ამ ფონზე, ჩვენი ომის დროს, ისინი აღშფოთება-შეშფოთებებით შემოიფარგლნენ, წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნეს. მერე ზოგი იტყვის, ფულითაც დაგვეხმარნენო, მაგრამ ის ფული ნახევარზე მეტი იმ ხელისუფლებამ გაიტანა უკან და მულტიმილიონერები სწორედ იმ ფულით არიან და დღესაც ამ ფულითა და ლობისტების დახმარებით ცდილობენ, ხელისუფლება დაიბრუნონ. ასე რომ, ჩვენ დასამადლებელი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად არაფერი გვაქვს..."

263058341-4626952090687383-82754514611588848-n-1645094540.jpg

"მაღიზიანებს..."

"რა თქმა უნდა, თიანეთშიც არის გარკვეული საკითხები, რომელიც ჩემს ყურადღებას იქცევს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას უმადურობა იწვევს. კონკრეტული პიროვნებების მიმართ კი არა, თუნდაც - წინაპრების, თანამედროვეების და ა.შ. გამაღიზიანებელია, როცა ხედავ, რომ მერკანტილური ინტერესია წინ წამოწეული... მაგალითად, მაღიზიანებდა, როცა დიდგორობა დღეს ზოგიერთი ტელევიზიის ეთერი თურქული სერიალებით იყო გადაჭედილი. ეს უპატივცემულობაა, თუნდაც - წინაპრების მიმართ, რომელთა დამსახურებით დღემდე მოვედით და ქართველები გვქვია. ამის პატივსაცემად დიდგორობა დღეს შესაბამისი თემატიკა უნდა ყოფილიყო წინ წამოწეული, ზოგიერთ ტელევიზიაში კი პატრიარქის ლოცვა და დიდგორის ველზე პრემიერის ვიზიტი ბოლო ნიუსად გაუშვეს. ასეთი ქმედება, ცოტა არ იყოს, მარაზმთან მიახლოებულია. თურმე, 300 მეჩეთია და 301-ე თუ არ აშენდება, ქვეყანა დაიქცევა და ამას ტელეეთერში პირველ ნიუსად აჩვენებენ, ამ დროს კი ახალგაზრდა კაცი, პრემიერი დიდგორის ველზე ჩავიდა, წინაპრებისადმი თავისი პატივისცემა გამოხატა, მხცოვანმა პატრიარქმა დაგვლოცა და ამას ტელეეთერში ბოლო, 30-წამიანი სიუჟეტი დაუთმეს... მაღიზიანებს, როცა ცდილობ, რაღაც გააკეთო, ვიღაც კი, რომელსაც გაფუჭების მეტი არაფერი გაუკეთებია, ცდილობს, გაკეთებული გააუფასუროს...

ერთი გაცვეთილი ანეკდოტი გამახსენდა, რომლის პერსონაჟიც ახლა ზოგიერთ პიროვნებას მაგონებს: ჩიტი გაიყინა. დათვმა ზედ მოისაქმა. ჩიტი გალღვა და ჭიკჭიკი დაიწყო. გაიგონა მელამ, ამოიყვანა და შეჭამა. ამ ანეკდოტში 3 მორალია: ვინც თავზე "გიშვრება", შენთვის ყველას ცუდი არ უნდა; ვისაც "იქიდან" ამოჰყავხარ, შენთვის ყველას კარგი არ უნდა; თუ "იქ" ზიხარ, რა გაჭიკჭიკებს, შე შობელძაღლოო?!. აი, ასეთები არიან ზოგიერთები, რომლებიც ახლა "ჭიკჭიკებენ". დაიჯერეს, რომ თავიანთი გაფუჭებული საქმის გამო არავინ დასჯის..."

ბოდიში...

"ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი, ვცდილობ, შეურაცხყოფა არავის მივაყენო, მაგრამ თუ ზღვარს გადადიან, მერე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ხანდახან შეიძლება, ცოტათი უხეში ვიყო. თუ ვინმეს შეურაცხყოფა დაუმსახურებლად მივაყენე, ბოდიშის მოხდასაც არ მივიჩნევ ცუდ საქციელად..."