„ვფიქრობ, ეს ფაქტი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი“... - გზაპრესი

„ვფიქრობ, ეს ფაქტი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი“...

ჟურნალისტის პროფესია რთული, მაგრამ საინტერესოა იმით, რომ აქტიურ ცხოვრებისეულ რეჟიმს თან სდევს განსხვავებული პროფესიის უამრავ ადამიანთან შეხვედრა, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და ყოველდღიურად საკუთარი ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. ჟურნალისტი ლიკა გიორგაძე 25 წელი მუშაობდა პირველ არხზე და ამ თვალსაზრისით დიდი გამოცდილება აქვს. მან ბევრს დაამახსოვრა თავი გამართული მეტყველებით, ხმის ტემბრით, გარეგნობითა და პროფესიონალიზმით. ვიფიქრე, რომ მისი „შთაბეჭდილებების ყუთი“ მრავალფეროვანი და საინტერესო იქნებოდა, ამავდროულად საუბარში ტელეწამყვანის დღევანდელ ცხოვრებასაც შევეხეთ.

- საუბარი ცოტა უცნაური მოგონებით უნდა დავიწყო. ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ულამაზესი ხალიჩაა კედელზე. ის ძალიან მიყვარდა. შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი ხალიჩასთან და მელაპარაკა. ჩემი და ჩემზე 4 წლით უფროსია და ახლახან გაიხსენა ეს ამბავი: ვფიქრობდი, რატომ ელაპარაკება ამ ხალიჩას, ალბათ ნორმალური არ არისო (იღიმის)... ოცნებისა და ფანტაზიის უნარი ღრმა ბავშვობიდან მომყვება. მაშინდელ საბჭოს მოედანზე, ახლანდელ ტერენტი გრანელის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, სამსართულიან სახლში ვცხოვრობდით. მახსოვს, ერთი მეზობელი, ალექსი რომ გარდაიცვალა, იმ დღეებში პირველი სართულიდან მესამემდე უზარმაზარი ყვავილების გვირგვინები ეწყო. მიკვირდა, რატომ იყო ეს სამწუხარო ფაქტი, როცა ჩემთვის ულამაზესი სურათი გახლდათ. ეს ორი მოგონება მუდმივად მომყვება. როგორც კი რეალურ ცხოვრებაში რაღაც გამიჭირდება, უცბად ოცნების სფეროში გადავსახლდები, რაც ძალიან მშველის და მეხმარება.

ddhsh-1645098007.jpg

- დღიურებში თუ იწერდით ბავშვობის შთაბეჭდილებებს?

- არა, თუმცა ბავშვობიდან სულ ვწერდი ლექსს, ჩანახატებს. იურიდიულზე ჩაბარებას ვგეგმავდი, მაგრამ საამისოდ სამუშაო სტაჟი უნდა გქონოდა. 23-ე სკოლა მედალზე დავამთავრე და ასეთ მოსწავლეებს ჰქონდათ ამის გარეშე ჩაბარების უპირატესობა, მაგრამ იმ წელს წესი შეიცვალა, თუ ორწლიანი სტაჟი არ ჰქონდა, ვერც მედალოსანი შეიტანდა იურიდიულზე საბუთებს. სკოლაში ადრე შემიყვანეს, 16 წლისამ დავამთავრე. ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდში 14 წლის ბავშვის მუშაობა წარმოუდგენელი იყო და შესაბამისად, სამუშაო გამოცდილება ვერ მექნებოდა. რატომღაც ყველა ფიქრობდა, რომ სამედიცინოზე ჩავაბარებდი, მაგრამ ჩემი წერისა და კითხვისადმი დიდი სიყვარულის გამო, ფილოლოგიურზე ჩავაბარე. შეიძლება ჩემგან კარგი უფლებადამცველი გამოსულიყო, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით, ზოგჯერ მოულოდნელობა ცხოვრებაში სწორ გეზს გაძლევს. ფანტასტიკური პედაგოგები მყავდა: გრივერ ფარულავა, რეზო სირაძე, რისმაგ გორდეზიანი, სერგი ჭილაია, ალექსანდრე ბარამიძე, მზექალა შანიძე - არაჩვეულებრივი ადამიანები და პროფესიონალები. მაშინ ერთადერთი ტელევიზია არსებობდა და უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, იქ დავიწყე მუშაობა. იმ წელს გაიხსნა სამეცნიერო-სოციოლოგიური ცენტრი და დაიწყო გადაცემების კვლევა.

საინტერესო ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა, მაგრამ დაახლოებით ერთ წელიწადში, შემდეგში და დღემდე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ციური ბაჯელიძე და მე, „მოამბის“ მაშინდელი მთავარი რეჟისორის, ზემონ კაციას სურვილითა და მონდომებით აღმოვჩნდით საინფორმაციო სამსახურში.

- ყოველდღიური ჩანაწერების სახით აკინძულ ვისი შთაბეჭდილებების წიგნს გაეცნობოდით?

- შორეული ეპოქიდან სიამოვნებით გავეცნობოდი დავით აღმაშენებლის ნაწერებს. ასეთი სახის ჩანაწერები საინტერესო იქნებოდა, გალაკტიონ ტაბიძესაც რომ ჰქონოდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი მიყვარს და შეიძლება ითქვას, რომ მის ჩანაწერებს კარგად ვიცნობ. ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აზრებიც საინტერესო საკითხავი იქნებოდა. ახლა რომ დავფიქრდი, რთულია პასუხის გაცემა, რადგან ბევრია ასეთი და ამორჩევა მიჭირს...

- აღნიშნეთ, რომ კითხვა ძალიან გიყვართ. დღეს რას კითხულობთ? გაიხსენეთ ის ავტორებიც, რომლებსაც კითხულობდით ბავშვობაში და შემდეგ პირადად მოგიწიათ შეხვედრამ...

- ლიტერატურასთან ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, გამორჩეულად მიყვარს: „დონ კიხოტი“, რომელიც პირველად სკოლის ასაკში წავიკითხე; დღემდე მხიბლავს და შემდეგაც არაერთხელ მივბრუნებივარ; დოსტოევსკის „იდიოტი“, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, მარკესის „მარტოობის ასი წელი“, ლიოსას „დეიდა ხულია და კალმოსანი“, ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები", ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“... რა გამოლევს ამ სიას?! ახლახან დავასრულე კაძუო იშიგუროს „დაფლული გოლიათი“, რომელიც საინტერესო წიგნია და თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ. ვაპირებ დავიწყო ბორხესის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“. მიყვარს პოეზიაც და თანამედროვე ავტორებიდან გამორჩეულად ძვირფასია: ბესიკ ხარანაულის, დავით წერედიანისა და გიორგი ლობჟანიძის შემოქმედება.

ღრმა ბავშვობაში მიყვარდა ძმები გრიმების ზღაპრები, რომლებიც თენგიზ მირზაშვილის ნახატებით იყო გაფორმებული. ვგიჟდებოდი მის ნახატებზე. ჩვენთვის საყვარელ „ჩუბჩიკას“ წლების შემდეგ შევხვდი. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მხატვარმა თავის ცხოვრებაზე წიგნი გააკეთა და მასში უამრავი ადამიანის წერილი შევიდა. წილად მხვდა ბედნიერება, ჩემთვისაც ეთხოვა, მასზე რამე დამეწერა. ბატონი თენგიზი სულ ამბობდა, მისთვის „ბატონოთი“ არ მიგემართა და მეც „ჩუბჩიკათი“ მივმართავდი. გრიმების ზღაპრების ილუსტრაციებით მიღებული შთაბეჭდილებების გამო, წერილს „ბავშვობაში დაწყებული სიყვარული" დავარქვი. ეს ზღაპრები შემდგომ ჩემი შვილების საყვარელ წიგნად იქცა და იმდენად ხშირად კითხულობდნენ, სულ დაიფურცლა.

თენგიზ მირზაშვილი იყო რენესანსული ტიპის ადამიანი, ბევრ სფეროში კომპეტენტური. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მხატვარი გახლდათ, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს ისტორია, მათემატიკასა და ტექნიკაში ერკვეოდა, ჰქონდა ფანტასტიკური სმენა, იყო ბავშვივით გულწრფელი და უშუალო.

fjdj-1-1645098073.jpg

- ცნობილია, რომ მას არ უჭირდა ხალხი თავისი ნახატებით დაესაჩუქრებინა. თქვენც გექნებათ მისი ნამუშევრები...

- რა თქმა უნდა, თენგიზთან რომ მივდიოდით, ყველას ასაჩუქრებდა: გამნათებელს, ოპერატორს... სრულიად გასაოგნებელი და უშურველი ადამიანი იყო ამ მხრივაც. ასევეა მისი შვილიც, გია მირზაშვილი, ისიც სულ ცდილობს, ყველა გაახაროს. რამდენიმე გადაცემა მასთანაც მაქვს ჩაწერილი. გია არაჩვეულებრივი მხატვარია და ასევე კარგად წერს - ის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია.

სხვათა შორის, „ჩუბჩიკასთან“ პირველი სიუჟეტი რომ უნდა მომემზადებინა, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მალევე თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და შემდეგ მისი მეუღლე, მანანა თავაძე, ასევე არაჩვეულებრივი მხატვარი, იცინოდა, - პირველი ნაბიჯი რომ გადადგა (ინტერვიუს გულისხმობდა), ახლა უკვე ყოველ მეორე დღეს ჩაწერაზეაო. ერთ-ერთი სტუმრობისას ასეთი კურიოზიც დაგვემართა: პირველი ჩაწერის შემდეგ ხმა არ ისმოდა და მეორედ მივედით. ამჯერადაც ტექნიკური წუნი იყო და მესამედ მოგვიწია მისვლამ (იღიმის). მასთან ჩაწერილი ყოველი გადაცემა დაუვიწყარია.

- კიდევ რომელი რესპონდენტი დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?

- გურამ დოჩანაშვილი. ეს მართლა ფანტასტიკური ადამიანი იყო, რომელთანაც ბედნიერება მქონდა, რამდენიმე გადაცემა ჩამეწერა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ერთხელ, „მოამბისთვის“ სიუჟეტი უნდა გამეკეთებინა. ის პერიოდია, როცა არც გაზი გვაქვს, არც გათბობა. ყველგან ციოდა და მასთან სახლშიც საყინულე იყო. ერთ-ერთი შეკითხვისას ვინტერესდებოდი, ყოველდღე თუ მუშაობთ-მეთქი, და მიპასუხა, - ლიკა, სულ ვმუშაობო, - და სიცივისგან შეშუპებული ხელები გამოაჩინა. თითებზე გაწითლებული, მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. თავისი ნაწერები კედელზე ჰქონდა გაკრული და, ამის მიზეზით რომ დავინტერესდი, მიპასუხა, - აქ სინესტეა და გასაშრობად დავკიდეო. აი, ასეთ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება გურამ დოჩანაშვილისნაირ გენიოსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ გაბოროტებულა, მათ სიკეთისა და სიყვარულის თესვის მეტი არაფერი უკეთებიათ...

fjdj-2-1645098055.jpg

- გარდა იმისა, რომ „მოამბეში“ მუშაობდით, ვრცელ სიუჟეტებსაც ამზადებდით და კიდევ არაერთი საინტერესო ამბავი გექნებათ გასახსენებელი...

- დიახ, ასე იყო. დავიწყე როგორც კორესპონდენტმა და შემდეგ გავხდი საინფორმაციო გადაცემების წამყვანი. მახსოვს პირველი სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტთა კავშირის ყრილობაზე მოვამზადე, პირველი ინტერვიუებიც იქ ჩავწერე. ვღელავდი, არაფერი შემშლოდა, მაგრამ, ჩემდა სასიხარულოდ, ნამუშევარი ყოველგვარი ჩასწორების გარეშე მიიღეს. სწორად ბრძანეთ, ტელევიზიის ყველაზე დიდი ხიბლი ის იყო, რომ საშუალება მომცა, კონტაქტი მქონოდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებსაც, რომ არა ჩემი სამსახური, ვერასდროს შევხვდებოდი ასეთი დიდი დოზით. აქვე ერთ ამბავს გავიხსენებ:

ძმებ ჭილაძეებთან ურთიერთობა დაუვიწყარი იყო და სწორედ ტელევიზიამ მომცა ამის ბედნიერება. ბატონი ოთარი ყოველთვის უარს ამბობდა სატელევიზიო გამოსვლაზე, ჩაწერაზე. ხშირად მითხოვია საუბარი, მაგრამ უარს ამბობდა. ერთხელ, მორიგ ჯერზე, თავს ვაჯობე და დავურეკე თხოვნით, იქნებ რამდენიმე ლექსი მაინც ჩაგვეწერა-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, სტუდიაში მოვიდა და ჩავწერეთ. უზომოდ გავიხარე. ოღონდ, ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემთან შეთანხმების გარეშე ეს ლექსები არსად გადაიცემაო. ბუნებრივია, ამგვარ შეთანხმებას ვერ დავარღვევდი. ბატონმა თამაზმა რომ გაიგო ამ ფაქტის შესახებ, გაკვირვებულმა მკითხა: - ლიკა, ოთარი მართლა მოვიდა და ჩაწერეთო?! - კი, ბატონო თამაზ, და იმედი მაქვს, თქვენი ჩაწერის შესაძლებლობაც გვექნება-მეთქი. 1 წელიწადში ტელევიზიიდან წამოვედი და სამწუხაროდ, ბატონო თამაზი არ ჩამიწერია. ქუჩაში ვიყავი, როცა დამირეკეს და ბატონი ოთარის გარდაცვალება მამცნეს. აღმოჩნდა, რომ მისი სტუდიური ჩანაწერი მხოლოდ მე მქონდა. რა თქმა უნდა, მივიტანე ტელევიზიაში და იმავე საღამოს გადაიცა. აი, ასეთი უცნაურობა ჰქონდათ ამ სრულიად არაჩვეულებრივ ძმებს.

სულ მინდოდა ერთი ფაქტის გახსენება, რომელზეც აქამდე არსად დამიწერია და გამიხარდება, თუ დაფიქსირდება: ავად სახსენებელი 9 აპრილის ტრაგედიის დღეს, როცა გავიგეთ, თუ რა უბედურება დატრიალდა და შეძრულები ვიყავით ყველანი, შინ ტელეფონმა დარეკა: ლიკა, ოთარ ჭილაძე ვარ, მინდა მომხდართან დაკავშირებით ტელევიზიით გამოსვლა და იქნებ დაუკავშირდე, ვისაც ეს ეხებაო. მაშინვე დავრეკე ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. ვიფიქრე, ამ შეთავაზებით აღფრთოვანდებოდნენ. სულ რამდენიმე საათის მომხდარი იყო ტრაგედია და ეტყობა, ჯერ არ გახლდათ გარკვეული, თუ როგორ უნდა მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია: კომუნისტური ნომენკლატურის პერიოდი იყო, ყველაფერი „ზევით“ უნდა შეთანხმებულიყო. ჩემდა გასაოცრად და გასაოგნებლად, მითხრეს: მოდი, დღეს თავი შევიკავოთო. გამიჭირდა ბატონ ოთართან დარეკვა და ამის თქმა. მეგონა, გული გამისკდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მისი მიმართვა-წერილი მეორე დღეს რადიოთი გადაიცა და მოგვიანებით გამოქვეყნდა გაზეთშიც, თუ არ მეშლება, ასე ერქვა: „სიცოცხლისათვის“.

- იმ პერიოდში ყველაფერი შეთანხმებით უნდა გეთქვა, დაგეწერა, დაგედგა...

- რა თქმა უნდა. გარკვეული სუბორდინაცია რაღაც დონეზე ყოველთვის უნდა იყოს და ეს არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ ოჯახშიც ასეა, რაღაცებს ერთმანეთთან ვათანხმებთ, მაგრამ რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ზეწოლის ქვეშ.

- ამგვარი ზეწოლა თუ გქონიათ პირადად თქვენ, იმ წლების განმავლობაში?

- ვთქვათ, რაღაც მოვლენის ამსახველი სიუჟეტი მიდიოდა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი იმ რიგითობის მიხედვით უნდა ჩამოგეთვალა, თუ რა თანამდებობასაც იკავებდნენ. ერთ დღეს გადაცემაზე „ნაშუადღეს“ ვმუშაობდით, როცა მოულოდნელად პირდაპირ ეთერში რაღაც ინფორმაცია შემოიტანეს და ხელნაწერიდან უნდა წამეკითხა. ბუნებრივია, არ მქონდა ის სია, ვინ ვის შემდეგ უნდა დამესახელებინა. დავიწყე ჩამოთვლა, მაგრამ რიგითობა ვერ დავიცავი. ამის გამო სერიოზული საყვედური მივიღე (იღიმის): მგონი, 1 თვით „დამსაჯეს“, რაც იმას გულისხმობდა, რომ შეიძლებოდა, სიუჟეტები მეკეთებინა, მაგრამ კადრში არ ვჩანდი.

- სულ რამდენი წელი დაჰყავით ტელევიზიაში?

- ტელევიზიაში 25 წელი ვიმუშავე და წამოვედი 2000-იან წლებში. "ვარდების რევოლუციიდან" 1 წლის შემდეგ, იქ უკვე ძალიან შეიცვალა სიტუაცია. იმ დროს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი... ყველაზე საუკეთესო წლები იქ გავატარე: 20 წელი საინფორმაციო სამსახურში, ზაზა შენგელიას მოსვლისა და რეფორმების შედეგად - ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ მთავარ რედაქტორად ვიმუშავე და ბოლო ორი წელი უკვე პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი. თითქოს ყველა საფეხური გავიარე და როცა მეგონა, ყველაზე მეტად ვიყავი მზად იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებდი, სწორედ მაშინ მომიხდა დატოვება. ეს რთული აღმოჩნდა. 2 თვე ღამით თვალგახელილი ვიწექი, მაგრამ ცხოვრების წარმმართველი არის ღირებულებითი არჩევანი, საკუთარ თავს ვერ მოატყუებ, ვერ გაექცევი, და ასე გადავწყვიტე. ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, მაშინ უნდა დავთანხმებულიყავი ჩემთვის მიუღებელ შეთავაზებებს, დაბალ საფეხურზე მუშაობას და ა.შ. ამ ნაბიჯს ჩემი სამსახურიდან გაშვება არ დაერქმეოდა, მაგრამ ფაქტია, ამის ყველანაირი საფუძველი შეიქმნა, ამიტომ წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე.

- ტელევიზიის დატოვების შემდეგ თუ გქონდათ სხვა სამსახური, რამე შეგულებული ან წინასწარ განსაზღვრული, როგორ გააგრძელებდით ცხოვრებას?

- არა, აბსოლუტურად არაფერი მქონდა. ტელევიზიიდან 2004 წელს წამოვედი, მანამდე რამდენიმე წლით ადრე, მე და ჩემი მეუღლე გავშორდით. ორი შვილით დავრჩი. ტელევიზიაში რომ ვმუშაობდი, მაშინვე ვასწავლიდი სატელევიზიო კოლეჯში ჟურნალისტიკას IX-X კლასის მოსწავლეებს. შემდეგ 2-3 წელი არსად მიმუშავია და მერე ევროკავკასიურ უნივერსიტეტში 5 წელი ვასწავლიდი ჟურნალისტიკას.

- დღეს სად მუშაობთ?

- აღარსად, დღეს ბებიად „ვმუშაობ“ (იცინის). ორი შვილი მყავს, ორივე დაოჯახებული. 11 წლის შვილიშვილი მყავს ქალიშვილისგან, ხოლო ბიჭისგან ზაფხულში ველოდებით გოგონას. ასე რომ, ახლა მათ ვჭირდები და - პირიქით.

ანა კალანდაძე