"გურული ქალი რომ შეგხვდება, სხვა რა გზაა, უნდა გაუძლო" - გზაპრესი

"გურული ქალი რომ შეგხვდება, სხვა რა გზაა, უნდა გაუძლო"

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების გზა თავისებურად რთული და საინტერესოა, მით უმეტეს, მსახიობისა, რომელსაც მალე 85 წელი შეუსრულდება და თითქმის მთელი ცხოვრება ქართულ კინოს მიუძღვნა. იმედა კახიანი თავის მოგონებებს გვიზიარებს.

რეპრესირებული ოჯახი

- იმ თაობის შვილი ვარ, რომელსაც რთული ბავშვობა ჰქონდა: ჩემი ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მამაჩემი გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, მამაპაპურ სოფელში დასახლდა, რადგან თბილისში ცხოვრების უფლება აღარ მისცეს. ამიტომ, მე და ჩემი 2 ძმა სოფელ ეწერში, მამისეულ სახლში ვიზრდებოდით. მე პირველი ვაჟი ვიყავი და მამაჩემმა იმედა დამარქვა. ძმები ჩემზე უმცროსები იყვნენ, მაგრამ უკვე ცოცხლები აღარ არიან. ბავშვობაში მსახიობობაზე არ მიფიქრია, მაგრამ მახსოვს, ფილმი "გამზრდელი" რომ ვნახე, განცვიფრებული დავრჩი. ყველაზე მეტად სპარტაკ ბაღაშვილის როლი მომეწონა, რომელიც გამზრდელს თამაშობდა. მახსოვს, როგორი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე მისმა პერსონაჟმა - ასეთი სახე, თვალები და გამომეტყველება მერე კინოში აღარ მინახავს. მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ მისი პარტნიორი ვიქნებოდი და მისი შვილის როლსაც შევასრულებდი ფილმში, რომელიც თამაზ მელიავამ და ელდარ შენგელაიამ გადაიღეს. ეს ფილმი - "თეთრი ქარავანი" თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო. იქ ერთ-ერთი მთავარი როლი შევასრულე. სპარტაკ ბაღაშვილს მართლა შვილივით ვუყვარდი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო. ბედის მადლობელი ვარ, რომ ამ ფილმის გადაღებისას ჩაეყარა საფუძველი ჩემს მეგობრობას ელდარ შენგელაიასთან. "თეთრი ქარავანი" მსოფლიო კინემატოგრაფმაც აღიარა, როგორც გამორჩეული ფილმი: შარშან, ბატონი ელდარი და მე კანის ფესტივალზე მიგვიწვიეს, სადაც მას "კლასიკოსის" წოდება მიანიჭეს - ეს წოდება კინოს სამყაროში სულ რამდენიმე ადამიანს აქვს.

50db1fafa268a5a2f2a2a5ab621a281a-copy-1645098339.jpg

პირველი ნაბიჯები

- დედაჩემს ძალიან უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში მოწყობა ჩემნაირი უფულო და "უპატრონო" კაცისთვის გამორიცხული იყო. იქ ათასში ერთი თუ მოეწყობოდა თავისი ცოდნით, მეც, ქულები არ მეყო და ვერ ჩავაბარე. ადრეც ბევრჯერ მითქვამს - რომ არა მსახიობი ნოდარ ფირანიშვილი, რომელიც ჩემს ეზოში ცხოვრობდა და ჩემი მეგობარი იყო, თეატრალურში ვერ მოვხვდებოდი. ის უკვე სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე და მეც შემაგულიანა. ჯერ სასტიკ უარზე ვიყავი, რადგან ჩემს სიცოცხლეში სცენაზე არ გამოვსულვარ და ლექსიც კი არ წამიკითხავს. მე მოგამზადებო, დამპირდა ნოდარი და დავუჯერე. მაშინ თეატრალურში 3 ტური უნდა გაგევლო: კომისიის წინაშე ლექსი, იგავი და პროზიდან ნაწყვეტი უნდა წაგეკითხა, რომ შენი მონაცემები შეემოწმებინათ. პირველი ტურის წინ ნოდარმა მავარჯიშა, ყველაზე პატარა ლექსი - ვაჟა-ფშაველას "არწივი" მოვამზადე, რომელიც ისედაც ზეპირად ვიცოდი. პროზაც ვაჟა-ფშაველასი შევარჩიეთ - მისი მოთხრობა "ამოდის, ნათდება". მეორე დღეს გამოცდაზე მივედით და ვნახეთ, რომ სულ 12 კაცს იღებდნენ, სიაში კი 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო. გამოცდაზე შევედი, ცხოვრებაში პირველად აუდიტორიის წინაშე დავდექი და ვაჟას "არწივი" წავიკითხე. ნოდარმა ასე დამარიგა და რაც შემეძლო, დავჭექე. ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ დოდო ალექსიძე მომიბრუნდა და მითხრა: არწივი არ გეცოდება? მისი ტკივილი ხომ უნდა გაიზიაროო? ამის მერე ისე ავღელდი, რომ იგავიც დამავიწყდა და ვაჟას მოთხრობაც... მოკლედ, საშინლად დავიბენი. მეგონა, ჩავიჭერი, მაგრამ მეორე დღეს სიები ვნახეთ და ჩემდა გასაკვირად, მეორე ტურში გადავედი. იმ დღესვე მითხრეს, რომ მიმღებმა კომისიამ მასწავლებელი მომიჩინა, რომელიც ერთი კვირა მამეცადინებდა - შესანიშნავი რეჟისორი და პედაგოგი - ასიკო გამსახურდია. ასე გავიარე მომდევნო ორი ტური, გამოცდებზეც სულ ხუთები მივიღე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. რომ არა ჩემი მეგობარი - ნოდარ ფირანიშვილი, ამ ნაბიჯს არასდროს გადავდგამდი.

ბელა მირიანაშვილი და გურანდა გაბუნია

- 1955 წელი იყო, როცა სტუდენტი გავხდი და მქონდა ბედნიერება, გასაოცარ ჯგუფთან ერთად მესწავლა. ჩვენს ჯგუფში სულ თორმეტი ვიყავით და შესანიშნავი პედაგოგი - დოდო ალექსიძე გვასწავლიდა. ჩვენს ჯგუფში ქართული კინოსა და თეატრის მომავალი ვარსკვლავები სწავლობდნენ: ბელა მირიანაშვილი, გურანდა გაბუნია, მალხაზ გორგილაძე, გრიშა წიტაიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი და სხვები. ჩვენ შორის ყველაზე ენერგიული და ყოჩაღი გურანდა გაბუნია იყო. ის გამუდმებით ჭკუას გვასწავლიდა, გვარიგებდა და ყველას უფროსი, ყველას "მამიდა" და მომვლელი გახლდათ. ყველამ იცოდა, რომ თბილისში მარტო ვცხოვრობდი, ამიტომ, გურანდა შეკრებდა ჩვენს ჯგუფელებს, მოვიდოდნენ და ჩემს ოთახს სულ დააწკრიალებდნენ ხოლმე. როგორც უფროსი, ისე მექცეოდა და ჭკუას მარიგებდა. ბელა სულ სხვა იყო: რაღაცით ფერიას მაგონებდა. ის ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო, ქორეოგრაფიული სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და საოცრად ჰაეროვანი გახლდათ. ასეთივე იყო ურთიერთობაშიც: თუ რაღაც შენიშვნა ჰქონდა, მორიდებულად, დაძმურად და მეგობრულად გეტყოდა, რომ თავი დამცირებულად არ გეგრძნო.

"საბუდარელი ჭაბუკი"

- მეორე კურსზე რომ გადავედით, ინსტიტუტში ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, რომ რეჟისორი შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს - "საბუდარელი ჭაბუკი". გოგიტას როლზე მსახიობი უკვე აყვანილი ჰყავდათ და ახლა მისი ასაკის ბიჭებს, ანუ მის გარემოცვას ეძებდნენ. მეორე დღეს კინოსტუდიაში მივედით, სადაც ჭაღარა, სიმპათიური კაცი დაგვხვდა, მერე გავიგეთ, რომ ეს რეჟისორი შოთა მანაგაძე ყოფილა. მან რაღაცები გამოგვკითხა, გვესაუბრა, მერე თავის ასისტენტს მიუბრუნდა და უთხრა: მოდი, ამ ბიჭს გოგიტას ტანსაცმელი ჩააცვით, მოამზადეთ და გადავიღოთო. მართლაც, გრიმი წამისვეს და რამდენიმე სასინჯი კადრი გადამიღეს. კიდევ რამდენჯერმე დამიბარეს და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სამხატვრო საბჭომ გოგიტას როლზე დამამტკიცა. ეს ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის დიდი სიხარული იყო. ფილმის გადაღებისას მართლა საოცარ სამყაროში მოვხვდი! ისეთი დიდი მსახიობების გვერდით ვთამაშობდი, როგორებიც სესილია თაყაიშვილი, grიშა ტყაბლაძე, იპოლიტე ხვიჩია, ბელა მირიანაშვილი იყვნენ. ამ შეუდარებელ გარემოს აგვირგვინებდა შესანიშნავი რეჟისორი შოთა მანაგაძე. საინტერესო იცით, რა იყო? - მანამდე არც სესილიას და არც იპოლიტეს კინოში მთავარი როლი ნათამაშევი არ ჰქონდათ. ისინი თეატრის მსახიობები იყვნენ და ეს ფილმი მათთვისაც ერთგვარი დებიუტი იყო. დიდი ადამიანები იყვნენ და მათგან სიკეთეს, ადამიანობას და პროფესიის სიყვარულს ვსწავლობდი.

sab-1645098328.wabuki - Copy.jpg

საყვარელი როლი

- მეკითხებით, რომელია ჩემთვის ყველაზე საყვარელი, გამორჩეული როლი? - ალბათ, მაინც გოგიტა, რადგან ეს ჩემი პირველი გამოჩენა იყო ეკრანზე. ეს პერსონაჟი ახლოსაა ჩემთან და მართლა განსაკუთრებულად მიყვარს. სხვათა შორის, ამ ფილმზე მუშაობა ჩემთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ "საბუდარელი ჭაბუკის" გადაღებებზე ჩემი მომავალი მეუღლე, ფლორა ანთიძე უფრო ახლოს გავიცანი. მე და ჩემი მეუღლე ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, პლეხანოვზე. მართალია, ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შემჩნეული მყავდა. გოგიტას როლზე რომ დამამტკიცეს, თებრონე შერჩეული არ ჰყავდათ და დღეში სულ ცოტა, ათ გოგოსთან ერთად მიწევდა გადაღება. მოჰყავდათ ეს ლამაზ-ლამაზი გოგონები და ყოველდღე სასინჯი გადაღებები გვქონდა. ერთ დღეს ეს ჩემი შორეული ნაცნობიც არ მოიყვანეს? ერთი ეპიზოდი გადავიღეთ და ამის შემდეგ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით. მას სხვებივით არ გაუმართლა: ბელა როგორც კი მოიყვანეს, თებრონეს როლზე მაშინვე დაამტკიცეს. ამისთვის ერთი გადაღებაც საკმარისი იყო. ჩემს მეუღლეს დღემდე ვაჯავრებ: მართალია, კინოში არა, მაგრამ ცხოვრებაში გაგიმართლა, ასეთი ბიჭი რომ ჩამიგდე ხელში-მეთქი. უკვე 65 წელია ერთად ვართ, გურული ქალი რომ შეგხვდება, სხვა რა გზაა, უნდა გაუძლო. ეჭვიანობდა თუ არა მეუღლე ჩემს თაყვანისმცემლებზე? - ალბათ ეჭვიანობდა, მაგრამ რაც მთავარია, საქმე მოტაცებამდე არ მისულა...

მეგობრობა ნოდარ დუმბაძესთან

- ჩემს მეგობრებს შორის ნოდარ დუმბაძე გამორჩეულად მიყვარდა. რაღაცით ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს ჰგავდა - თითქოს ჩემნაირი ბედი ჰქონდა: მასაც მშობლები გადაუსახლეს და სოფელში გაიზარდა, ისიც მამიდამ გაზარდა. ძალიან თბილი, გულიანი ადამიანი იყო და ბოლომდე ვმეგობრობდით. ნოდარი უამრავ ადამიანს დახმარებია, ჩვენი ცნობილი მსახიობებიც ასე იქცეოდნენ და მეც ამიყოლიეს: ზოგჯერ სულ უცხო ადამიანი მოვიდოდა და დახმარებას გვთხოვდა ხოლმე. ჩვენც, როგორც შეგვეძლო, ყველას ხელს ვუმართავდით. მისი ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, "მარადისობის კანონი" ნოდარ დუმბაძემ ინფარქტის გადატანის შემდეგ დაწერა. "მარადისობის კანონში" თავად მისი ამბავია გადმოცემული, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ნაცვლად, მთავარი გმირი ბაჩანა რამიშვილია. ამ რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, რომელშიც ბაჩანას როლს მე ვთამაშობ. მახსოვს, ფილმი რომ დამთავრდა, სანამ მაყურებელი ნახავდა, ნოდარს ვუჩვენეთ. კინოსტუდიაში პატარა დარბაზში მოვიწვიეთ და როცა ჩვენება დასრულდა, ყველას მოგვილოცა, მერე მე მომიბრუნდა: ბიჭო, შენ მგონი მართლა მგავხარ, მაგრამ ჩემზე ლამაზი ხარო. ნოდარ დუმბაძეს არც სილამაზე აკლდა და არც გარეგნობა, მაგრამ თავისი მადლიერება ასე გამოხატა...

რთული როლები

- "სამანიშვილის დედინაცვალი" კლასიკაა, ის ყველა ქართველმა იცის და თითქმის ყველა ქართულ თეატრშია დადგმული, სადაც საუკეთესო მსახიობები თამაშობდნენ. კოტე მარჯანიშვილმა ამ მოთხრობის მიხედვით, თავის დროზე ფილმიც გადაიღო, რომელშიც პლატონ სამანიშვილის როლი აკაკი ვასაძემ ითამაშა. იმ დროს, როცა ფილმს ვიღებდით, რუსთაველის თეატრში გადიოდა ბრწყინვალე სპექტაკლი, სადაც პლატონის როლს გიორგი გეგეჭკორი ასრულებდა, ხოლო კირილეს - რამაზ ჩხიკვაძე. ამ და სხვა მიზეზების გამო, პლატონის როლთან შეჭიდება ჩემთვის სარისკო იყო. ღმერთის წყალობით, ცუდი ფილმი არ გამოვიდა და ეს პირველ ყოვლისა, ელდარ შენგელაიას დამსახურებაა. "სამანიშვილის დედინაცვალიც" მიყვარს, "თეთრი ქარავანიც" და ყველა ფილმი, სადაც მითამაშია. ზოგიერთ ისეთ ფილმში ვარ გადაღებული, რომელიც აღარც კი მახსოვს. პირველი წარმატება და სახელი მაინც "საბუდარელმა ჭაბუკმა" მომიტანა. მახსოვს, ეს ფილმი რომ ნახა, მამაჩემმა მითხრა: კარგია, რომ მთავარი როლი განდეს, მაგრამ ჯობდა, ჯერ პატარა როლი გეთამაშა. ახლა მთავარია არ იფიქრო, რომ ვინმეზე უკეთესი ხარ და თავში არ აგივარდესო. არ ვიცი, ამის თქმა რამდენად მჭირდებოდა, მაგრამ ზოგიერთ ახალგაზრდას ნამდვილად სჭირდება.

ახალი ფილმი და დღევანდელობა

- წელს 85 წელი შემისრულდება. 65 წელზე მეტია, რაც კინოში მიღებენ. მოკლედ, დავბერდი, მაგრამ მიხარია, რომ დღემდე ვმუშაობ: ახლახან ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი, რომელშიც მღვდლის როლს ვასრულებ. ფილმის სახელი ჯერჯერობით სიმბოლურია - "სიმღერა" ჰქვია. ფილმი თითქმის დასრულებულია და ეკრანებზე დაახლოებით ერთ თვეში გამოვა. გამიმართლა, რომ ელდარ შენგელაია თავის ფილმებში მიწვევს: მასთან რომ მუშაობ, მშვიდად ხარ, რადგან ზუსტად იცის, რა უნდა მოითხოვოს მსახიობისგან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფილმის ბედი მაინც რეჟისორზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტად ვისზე ან რაზე ვდარდობ? - ახალგაზრდობის და ჩვენი ქვეყნის ბედზე. სამწუხაროა, რომ ჩვენი ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიან. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის ერთი ადამიანის წასვლაც დიდი დანაკლისია. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია და ამ საკითხზე ყველამ უნდა ვიფიქროთ - როგორც ხელისუფლებამ, ასევე პოლიტიკოსებმა, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი სკამები ადარდებთ. ჩვენი ერი თანდათან მცირდება და ჩვენც, ამ ქვეყანაზე ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ, ვიდრე პირად კეთილდღეობაზე.

ხათუნა ჩიგოგიძე