გიგა კვეტენაძის ცხოვრების მთავარი ხაზი, მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა - გზაპრესი

გიგა კვეტენაძის ცხოვრების მთავარი ხაზი, მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა

"ვცდილობთ, ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი სულ იყოს. ყოველდღიურობა ერთფეროვნებაში რომ არ გადაიზარდოს, ეს საჭირო და აუცილებელია", - ამბობს კალათბურთელი გიგა კვეტენაძე. რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურებს, რით ამაყობს, რა აკვირვებს და რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1990 წლის 16 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...წარმატებული ადამიანი. სპორტით ყოველთვის ვიყავი გატაცებული, კალათბურთი გამორჩეულად მიყვარდა და მაინტერესებდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ შრომისმოყვარე და მიზანდასახული.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, იმ გზას გავივლიდი, რომელიც დღემდე გავიარე. შეცდომები, რა თქმა უნდა, დამიშვია, მაგრამ მტკივნეულად არც ერთი ar მახსენდება. ყველა შეცდომა გამოცდილებად ვაქციე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...18 წლის ასაკში, როდესაც ესპანურ გუნდთან პირველი კონტრაქტი გავაფორმე. ძალიან გახარებული და მოტივირებული ვიყავი, თავდაჯერებულობა მომემატა. იმ ასაკში და მით უმეტეს, იმ წლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა ნამდვილად მიღწევა იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო იყვნენ და დღესაც არიან: მშობლები, მეუღლე, შვილი... ჩემი აზრით, ადამიანი თავად თუ არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, თავად თუ არ გაქვს სურვილი, იყო წარმატებული, მხოლოდ გარშემო მყოფების მცდელობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. ვაცნობიერებ, მარტო ვერავინ ვერაფერს გახდება, მაგრამ წარმატების პროცენტულ წილში პირადი ინტერესი ჭარბობს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...გვერდით მყავს ძალიან სანდო და საიმედო ადამიანები, ოჯახი მთავარია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მხარში ამოვუდგე მათ, ვისაც სჭირდება, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ხაზია, მთავარი მოწოდებაა. თანადგომის სანაცვლოდ არასდროს არავისგან არაფერს ვითხოვ, არც ველი, ამას ყოველთვის უანგაროდ ვაკეთებ და თავად პროცესისგან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ის, რაც ახლა ვთქვი. მიხარია თანადგომის უნარი რომ მაქვს. მომწონს, რომ შრომისმოყვარე ვარ, არასდროს ვნებდები, მებრძოლი გახლავართ. სულ ვფიქრობ, სხვას თუ გამოსდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოვინდომებ, მეც გამომივა. ბარიერები არ მთრგუნავს, მაძლიერებს. ბევრი რამ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს უნარი ჩემს თავში ვიპოვე, ბავშვობიდან ასეთი ვარ, როცა რაღაც არ გამომდიოდა, ჟინი მემატებოდა და ადრე თუ გვიან, საწადელს მაინც ვაღწევდი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ალბათ ასეთი ბევრი თვისება მაქვს. არ ვიცი, კონკრეტულად რა ვთქვა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ შეცდომების დაშვების არ უნდა მეშინოდეს, ჩემს შვილსაც ამას ვეუბნები, ადამიანი ყველაზე მეტს საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

- პატიება შემიძლია...

- ...იოლად, მით უმეტეს მაშინ, თუ ის პიროვნება გულწრფელად ნანობს და შეცდომას აღიარებს. ადამიანები ისეთ შეცდომებსაც ვუშვებთ, რომლის პატიებაც ყოველთვის ioli არ არის, შეიძლება მერე ურთიერთობაც გაგიფუჭოს. მქონია ასეთი შემთხვევები, რამდენიმე ადამიანი დამიკარგავს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან წარმატებული უნდა ვიყო, ახლა ასეთი შემართება მაქვს.

- ვიბნევი...

- ...უკვე აღარ ვიბნევი, დაბნეულობა თინეიჯერობის და ბავშვობის წლებში უფრო მქონდა.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო ესპანეთში დასასვენებლად. ეს ქვეყანა ჩემთვის ძალიან "ახლობელია", ხალხს კარგად ვიცნობ, მეგობრულები არიან, ესპანეთი გასაოცარი ქვეყანაა.

- ჩემი ჰობია...

- ...მანქანები, მუსიკა. მეგობრებთან ურთიერთობაც რომ ვთქვა, ძალიან ბანალური გამომივა?

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ვცდილობ, სიმშვიდე ყოველთვის შევინარჩუნო. ფეთქებaდი ხასიათი არ მაქვს. ვთვლი, რომ ამ დროს ადამიანი თავის თავს კარგავს, ამიტომ თავშეკავებაა საჭირო.

- მეზარება...

- ...არაფერი მეზარება, დილით ადრე ადგომაც კი არ არის პრობლემა. ჩემი დილა 7 საათზე იწყება, დაუზარელი ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...არის მოტივაცია, მამოძრავებელი ძალა, სიხარული, რომელიც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ბავშვურ გატაცებას თუ არ ჩავთვლით, ჩემი პირველი სიყვარული არის ადამიანი, რომელიც ცოლად მოვიყვანე.

- ჩემი მეუღლე გახლავთ...

- ...ნათია თოდუა. ის ექიმი დერმატოლოგია, ძალიან წარმატებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი.

- ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი...

- ...ვცდილობთ, სულ იყოს. ყოველდღიურობა ერთფეროვნებაში რომ არ გადაიზარდოს, ეს საჭირო და აუცილებელია.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემი მეუღლის გაღიმებას შეუძლია.

- მაკვირვებს...

- ...ახალგაზრდების პასიურობა, უმუშევრობა, ეს ცოტათი მაღიზიანებს კიდეც. ვფიქრობ, ზოგიერთი ცუდი გავლენის ქვეშ ექცევა, ყველას "ფოდნოსით მირთმეული" თანამდებობა და კაბინეტი უნდა.

- ვრისკავ...

- ...ბოლო დროს უფრო მეტად, ვიდრე - წლების წინ. მივხვდი, რისკიანი ნაბიჯების გადადგმის გარეშე შეიძლება ბევრი კარგი რამ არ გამოვიდეს. ადრე თავს ვიკავებდი, მეტად ფრთხილი ვიყავი. გაბედული ნაბიჯების გადადგმა კარიერაში მეტად მიადვილდება, ვიდრე - პირად ცხოვრებაში.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის შვილი. ის ამავე დროს ყველაზე დიდი სიძლიერეც არის. ჩემი შვილი ახლახან იუბილარი იყო, 5 წლის გახდა. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვდიოდი, ძალიან მგულშემატკივრობდა. დარბაზში სულ ორჯერ მივიყვანეთ, მაგრამ ძალიან დაიღალა, თვალს ეკრანზე მადევნებდა და მოსწონდა ის, რასაც ვაკეთებდი. გაკვირვებული იყო, ეკრანიდან მას როგორ ვერ ვამჩნევდი? მეკითხებოდა, ვისთან ერთად ცეკვავ, ეს გოგო ვინ არისო?

- ვამაყობ...

- ...ჩემი ოჯახით.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მერიდება, თან მიხარია, მაგრამ სიხარულს უხერხულობა ფარავს.

- შიში მაქვს...

- ...სიმაღლის შიში თან მაქვს, თან - არა. ძალიან მინდა, პარაპლანით ვიფრინო და ეს შიში გადავლახო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყველას ნუ ენდობიო. კომუნიკაბელური ვარ, ადამიანებთან ახლო კონტაქტში advilad შევდივარ. ვთვლი, მთლად ისეთი გულუბრყვილო და მიმნდობი არ ვარ, როგორც ჰგონიათ.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სიმღერა. ბავშვობაში სიმღერაზე დავდიოდი, ახლაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვმღეროდე, მაგრამ ჯერ თავი ვერ მოვაბი.

- ვიტყუები...

- ...თითქმის არასდროს.

- როცა მატყუებენ და ამას ვხვდები...

- ...მწყინს, მით უმეტეს მაშინ, როცა იმ ტყუილს შეუძლია შედეგი შეცვალოს. პატარა უმნიშვნელო ტყუილებს კი ყველა ამბობს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა ბევრი ადამიანის თანდასწრებით მაქებენ.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარ თავზე დამოკიდებულება. თავისუფლება რაც მინდა იმის კეთება არ არის, ჩემთვის თავისუფლებასაც აქვს თავისi საზღვრები.

- როცა მარტო ვარ...

- ...ყოველთვის წიგნს ვკითხულობ. 2 წელია კითხვა აქტიურად დავიწყე, მანამდე საერთოდ არ ვკითხულობდი, მეტიც, ვერ ვხვდებოდი, ადამიანები წიგნებს რატომ კითხულობდნენ.

- კითხვა შემაყვარა...

- ...იმ ინტერესებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში ვერ ვნახე. წიგნი იმდენად შემიყვარდა, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ ვკითხულობ. ახლახან "შეჭამე ბაყაყი" დავიწყე, გირჩევთ, საინტერესოა.

14523211-10210237848799766-6418028594914083888-n-copy-1645098560.jpg

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ყველასთვის შევქმნიდი ისეთ გარემოს, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინათ. ფულს არ დავარიგებდი, ამით ადამიანებს მეტად აპასიურებ.

- მენატრება...

- ...ბავშვობის წლები, მაშინდელი უდარდელობა, როცა ეზოში თამაშის მეტი არაფერი მინდოდა. ცურვაზე, ცეკვაზე დავდიოდი, კალათბურთის თამაში 14 წლის შემდეგ დავიწყე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ყველაზე კარგი მეგობრებთან ურთიერთობა და ცოტა ალკოჰოლია. უპირატესობას ღვინოს ვანიჭებ, უნიკალური სასმელია, მიყვარს ვისკიც.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობიდან ჩოხოსანი ვიყავი. ოტია იოსელიანი იყო იმ ორგანიზაციაში, სადაც გაწევრიანებული გახლდით და ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. ერთხელ მითხრა: სხვა ადამიანი არასდროს ითამაშო, ყოველთვის ის იყავი, ვინც ხარო! ეს სიტყვები გამორჩეულად დამამახსოვრდა, მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე იყო, მოსიყვარულე, მაშინ 15 წლის ვიყავი, სულ ცდილობდა, მისდამი მორიდება არ მქონოდა. ურთიერთობაში უშუალო გახლდათ და ამავე დროს, მისდამი დიდი პატივისცემით განგაწყობდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მადლობა თქვენ, ვინც დრო დაგვითმეთ და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ; მადლობა ჩემს გულშემატკივრებს - ყველას, ვისგანაც დადებითი ემოცია არაერთხელ მიმიღია!

თამუნა კვინიკაძე