რატომ არ თანხმდება ეროტიკულ ფოტოსესიას ნინო მუმლაძე?
მსახიობმა ნინო მუმლაძემ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეჭამა მარილიანი კვერი სურბ სარქისის ღამეს, რათა საბედო დასიზმრებოდა. ნინოსთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- როგორც მახსოვს, ეს საზიზღრობა - მარილიანი კვერი მოზარდობისასაც შევჭამე (იცინის). მგონი, მაშინ მნიშვნელოვანი არაფერი დამსიზმრებია, თორემ დამამახსოვრდებოდა... ახლა ვიღაცის სტატუსს ავყევი. თან, გასართობი აპლიკაციით ვითამაშე და იქაც - ბედი გეხსნებაო, ეწერა. ამ თემაზე ღადაობა დავიწყე. "პოსტი" დავწერე - მარილიანი კვერი მაჭამეთ, იქნებ საბედო სიზმარში მაინც ვნახო-მეთქი. იმდენი ვიღადავე, რომ მეგობარმა მითხრა, - თუ ამ რიტუალს გააკეთებ, გეხვეწები, მეც გამითვალისწინეო. ამ ხუმრობა-ხუმრობაში გადავწყვიტე, - მოდი, მართლა მოვსინჯავ, რას ვკარგავ-მეთქი? მოკლედ, რიტუალისთვის შესაბამისი კანდიდატურა ანუ ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ადამიანი (დეიდაჩემის მეგობარი) ვიპოვე, რომელსაც მარილიანი კვერები უნდა გამოეცხო. ქალბატონ დალის დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩვენ გამო გაისარჯა. 3 კვერი შევუკვეთეთ - ჩემთვის, ჩემი დისთვის და მეგობრისთვის. კვერები ისეთი მლაშე იყო, ჩემმა მეგობარმა ვერ შეჭამა; ჩემმა დამ შეჭამა, მაგრამ მაშინვე ბევრი წყალი დალია. პირადად მე, რიტუალი ყველა წესის დაცვით, ბოლომდე შევასრულე, რადგან მომერიდა - რაკი ამხელა ამბავი ავტეხე, ადამიანი შევაწუხე, "ნამუსი აღარ მიშვებდა" (იცინის)... საშინლად მლაშე კვერი შევჭამე და დავიძინე. დამესიზმრა, რომ ჩემთვის წყალი თავად დავისხი და დავლიე, მერე ცივი ყავა დავისხი და ჭიქაში ყინულებიც ჩავყარე - დავლიე, ბოლოს კი წავედი, წვენსაწური ვიყიდე, ბროწეული დავწურე და ისიც დავლიე (იცინის)...
- ცრურწმენების გჯერა?
- არა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობანარევი საქციელი იყო. თან, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, - რა ვიცი, იქნებ, მართლა სასწაული მოხდეს და საბედო დამესიზმროს-მეთქი. საერთოდ, ალბათ, როცა მსგავს რამეს აკეთებ, ძალიან უნდა გჯეროდეს, რომ მერე რეალურად "იმუშაოს". ცრუმორწმუნე არ ვარ. ასეთ რაღაცებზე ძირითადად, ვღადაობ ხოლმე. ამიტომაც სიზმარიც ღადაობა იყო (იცინის).
- მკითხავთან ყოფილხარ?
- სპეციალურად მკითხავთან არასოდეს წავსულვარ, მაგრამ სამეგობრო წრეში არიან გოგონები, რომლებიც "ყავაში იხედებიან", ზოგმა კარტის გაშლა იცის... გართობის დონეზე ასეთი რამე გამიკეთებია...
- მოზარდობისას მარილიანი კვერის ჭამის, საბედოს ნახვის სურვილი რატომ გაგიჩნდა?
- პირველ რიგში, ალბათ, ინტერესის გამო. თან, ბებიაჩემის დედა ასე გათხოვდა: ისეთი ადამიანი დაესიზმრა, რომელიც მანამდე ნანახი არ ჰყავდა. შემდეგ ზუსტად მას გაჰყვა. ბებიამ თქვა, - მოდი, შენც მოსინჯეო... "გოგოშკური ინტერესი" ხომ არსებობს, რომელიც გამოძრავებს, რომ ათასი სისულელე აკეთო, არა?.. პაპაჩემი - გრიგოლ ქსოვრელი იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოებული კაცი გახლდათ. ვხვდები, ხასიათის ბევრი თვისებით მას ვგავარ. ის ჰყვებოდა, - სკოლას რომ ვამთავრებდი, მარილიანი კვერის ჭამის რიტუალი ჩავატარე. ჩემს მასწავლებლებს შორის ყველა ქალი იყო, ფიზიკის მასწავლებლის გარდა. დამესიზმრა, რომ სწორედ ფიზიკის მასწავლებელმა დიდი კათხით ლუდი მომიტანაო (იცინის)... ხუმრობდა თუ მართლა ასეთი სიზმარი ნახა, არ ვიცი. საერთოდ, მომავალში "ჩახედვა" ყველა ადამიანს აინტერესებს... თავად ხერხები, რომლითაც ჩვენი მომავლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობთ, ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა.
- შენთვის რომელი ასაკიდან დაიწყეს შეკითხვების დასმა: როდის თხოვდები ან რატომ არ თხოვდებიო?..
- ზაფხულობით კავთისხევში (დედაჩემის მამის სოფელი) დასასვენებლად მივდიოდი. მოგეხსენებათ, სოფელში უფრო ადრე ზრუნავენ, რომ შვილები დააქორწინონ. ბუნებრივია, მსგავსი შეკითხვების დასმა იქ უფრო ადრე (დაახლოებით - 20 წლიდან) დამიწყეს. ოჯახში დიდად არ მაწუხებდნენ, რადგან თავად დედაჩემიც პატარა ასაკის არ იყო, როცა გათხოვდა. მაგრამ აი, 30 წელს რომ მივუახლოვდი, უკვე ასეთი შეკითხვა ოჯახშიც დაისვა... მგონი, ახლა უკვე ხელი ჩაიქნიეს - აღარ მეკითხებიან, აზრი არ აქვს (იცინის).
- როგორ რეაგირებ ასეთ შეკითხვებზე?
- მგონია, რომ ეს ერთ-ერთი უტაქტო შეკითხვაა, ყოველთვის მაღიზიანებდა. უბრალოდ, ვცდილობდი, უზრდელი არ გამოვჩენილიყავი და შეკითხვის ავტორს ღიმილით ვპასუხობდი.
- ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც ქალები იმ აზრს ვიზიარებთ, რომ სილამაზეს ზომები და ჩარჩოები არ აქვს, "პოსტს" გამოეხმაურე: ავტორი წერდა - საბოლოო ჯამში, იმ დასკვნამდე მივედი, რომ მამაკაცებს ღიპის გამო არ მოვწონვარო...
- "პოსტის" ავტორისგან - გვანცა მაღლაკელიძისგან ამის დაწერა გამიკვირდა, რადგან ის ერთ-ერთი "მედროშეა", ვინც ამტკიცებს, რომ წონა არაფერ შუაშია, საკუთარი თავები ისეთი უნდა შევიყვაროთ, როგორიც ვართ. ამ თემაზე ჯგუფიც შექმნა, ტელევიზიებშიც დადის, ინტერვიუებს იძლევა... მას და ყველა იმ გოგოს ვაფასებ, ვინც ამტკიცებს, რომ წონის გამო არ უნდა დავკომპლექსდეთ. ძალიან გავბრაზდი, როცა გვანცას "პოსტი" წავიკითხე - გავედი, გამოვედი, მაგრამ მაინც იმ დასკვნამდე მივედი, რომ მამაკაცებს ჩემი ღიპის გამო არ მოვწონვარო. ჩემი აზრით, მას ასეთი "პოსტი" არ ეკადრება. მერე ვუთხარი - ყოფილან კაცები, რომლებსაც პირიქით, ღიპის და ზედმეტი "ხორცების" გამო მოვწონებივარ, მერე კი შეიძლება, ჩემი ხასიათის გამო უკან დაუხევიათ. აბა, კარგად დაფიქრდი, შენთანაც მსგავსი ამბავი ხომ არ ხდება-მეთქი (იცინის)? დაფიქრდა და დამეთანხმა... თუ ადამიანს უყვარხარ, ღიპიანიც ეყვარები, ცელულიტიანიც, თმადავარცხნილიც და დაუვარცხნელიც... რეალურად, ადამიანის მიმართ ჩვენი გრძნობები, მიზიდულობა კილოგრამებზე დამოკიდებული არ არის. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გარეგნობა ეფექტს ახდენს, მაგრამ ზოგს ფერხორციანი ქალბატონები მოსწონს, ზოგს - გამხდარი... რამდენიმე შეხვედრის შემდეგ არავინ უყურებს კილოგრამებს, ვარცხნილობას და ტუჩსაცხის ფერს, რადგან ადამიანი უკვე შინაგანად გაინტერესებს (მისი ენერგეტიკა, ინტელექტი, სუნი, "გემო"...).
- რომანტიკულ ურთიერთობებში მართლა რთული ხასიათი გაქვს?
- მაქვს, ვერ მოვიტყუები. ჩემზე ბევრად რთული ხასიათის მქონე ქალებიც არსებობენ, მაგრამ პირად ცხოვრებაში მუდმივად პოზიტიური, მოღიმარი და საყვარელი, როგორიც ფართო საზოგადოების წინაშე ვჩანვარ, არ ვარ... ცხადია, ხასიათის ჩემი სირთულეები მაქვს. კრიტიკული გახლავართ, პრეტენზიების გამოთქმის არასოდეს მერიდება. ფინანსური მიმართულებით პრეტენზიული არ ვარ - მამაკაცისგან საჩუქრად ავტომობილს, ქურქს, ბრილიანტის სამკაულებს არ ვითხოვ, მაგრამ შემიძლია, ძალიან პრეტენზიული ვიყო ადამიანის ყოფაქცევის მიმართ: ყურადღებას, დაფასებას, კულტურულ, დელიკატურ საქციელს ვითხოვ. ვაღიარებ, ცოტათი მბრძანებლობა მჩვევია, რაც ქართველი მამაკაცებისთვის გამაღიზიანებელია. ალბათ, ეს თვისება აშინებთ ან არ მოსწონთ, რადგან ქართველი კაცის მენტალობა მაინც იმაზეა დაყრდნობილი, რომ ურთიერთობაში მთავარი მექანიზმი თავად უნდა იყოს, ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებდეს. როდესაც უკვე ლიდერობას ვიწყებ, ღიზიანდებიან. საერთოდ, თანასწორობას ვემხრობი, მაგრამ არ გამომდის (იცინის).
- შეგიძლია, შენი ყველაზე უცნაური პაემანი გაიხსენო?
- საერთოდ, 14 თებერვალს - სიყვარულის დღეს მაშინაც არ აღვნიშნავ, როცა ურთიერთობაში ვარ, თუმცა ერთხელ ისე დაემთხვა, რომ მე და ჩემი იმდროინდელი შეყვარებული, საქმის გამო, გორში ერთად გავემგზავრეთ. რაკი სიყვარულის დღე იყო, გადავწყვიტეთ, რესტორანში დავმსხდარიყავით. გორში მყოფმა რა უნდა ჭამო? ალბათ, გორის კატლეტი, არა? არა, ჩვენ აბსოლუტური დეგენერატობა ჩავიდინეთ - წავედით და სუში ვჭამეთ (იცინის). რა თქმა უნდა, უგემური იყო. სუშიზე არ ვგიჟდები და გორში რატომ მოვინდომე, დღემდე არ ვიცი. შემდეგ ამ ამბავზე ვიხალისეთ.
- როგორ ფიქრობ, რომელიმე რომანტიკულ ურთიერთობაში არასწორად მოქცეულხარ? რამეს ნანობ?
- რა თქმა უნდა, თუკი ურთიერთობა ფუჭდება, ინგრევა, ყოველთვის ორივეა დამნაშავე. ზოგ სიტუაციაში ერთმა ვერ დათმო, ზოგში - მეორემ... რა თქმა უნდა, ჩემს შეცდომებს ვაცნობიერებ და ვაღიარებ; თუ ბოდიში მოსახდელი მაქვს, ასეც ვიქცევი, თუმცა ვერ ვიტყვი, დროს დავაბრუნებდი, ჩვენს ურთიერთობაში რაღაცას შევცვლიდი-მეთქი. თუ ურთიერთობა ვერ შედგა, ე.ი. არც უნდა შემდგარიყო. კონკრეტულად არც ერთ ადამიანზე გული არ მწყდება - ჩვენი ურთიერთობა ბოლომდე ვერ განვითარდა-მეთქი...
- ბოლო დროს, "ბოდიშეიმინგთან" ბრძოლა, "ფლაზ საიზ" მოდელების ფოტოსესიები განსაკუთრებულად აქტუალურია. ეროტიკულ ფოტოსესიაში მონაწილეობას დასთანხმდებოდი?
- სხვათა შორის, მსგავსი შემოთავაზება გვანცა მაღლაკელიძისგანაც მიმიღია, ასევე - სოფო მჭედლიშვილისგან, რომელიც ულამაზეს "ნუდ" ფოტოებს იღებს, თან - ფირზე. მის ნამუშევრებზე ვგიჟდები. სოციალურ ქსელში სულ "ვუგულებ" და "ვულაიქებ", მაგრამ როცა გადაღება შემომთავაზა, რაღაცნაირად, გავჩუმდი (იღიმის). მსგავსი ფოტოები მომწონს, მაგრამ ცოტათი სითამამე არ მყოფნის. სიშიშვლის კომპლექსი არ მაქვს, უბრალოდ, როცა 20 კილოთი ნაკლებს ვიწონიდი, ჩემი სხეული მაშინ უფრო მელამაზებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების მრცხვენია და სერიოზულ კომპლექსს მიქმნის. უბრალოდ, როდესაც კამერის წინ შიშვლდები, მგონია, ძალიან ესთეტიკური უნდა იყო... ამ ეტაპზე, ჩემი ფორმები არ მაკმაყოფილებს.
- წონაში ცოტათი რომ დაიკლებ, შენს ეროტიკულ ფოტოსესიას დაველოდოთ?
- 20 კილო ცოტა არ არის (იცინის). თუ დავიკლებ, კი ბატონო...
ეთო ყორღანაშვილი