ვინ უშლის ნერვებს სალომე გოგიაშვილს? - გზაპრესი

ვინ უშლის ნერვებს სალომე გოგიაშვილს?

ტელეჟურნალისტი და ახლა უკვე "ინფლუენსერი" - სალომე გოგიაშვილი რამდენიმე ბიზნესს წარმატებით უძღვება. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც გვითხრა, საფულე არ აქვს, რის გამოც ხშირად პრობლემებს აწყდება... სალომეს საქმეზე, შემოსავლის მნიშვნელობა-საჭიროებაზე ვესაუბრეთ. 4 შვილის დედამ გამოცდილებით გამყარებული რჩევებიც გაგვიზიარა...

- სავარაუდოდ, ფულის საჭიროება თინეიჯერობისას გავაცნობიერე, რადგან ამ დროს ადამიანი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, ბევრი რაღაც გჭირდება...

- როდის გაგიჩნდა სურვილი, საკუთარი შემოსავალი გქონოდა?

- საერთოდ, ძალიან მორიდებული ვარ. დედაჩემიც დამეთანხმება, რომ არასოდეს მითქვამს, - მიყიდე-მეთქი. შესაბამისად, როცა მივხვდი, რაღაცების ყიდვა მინდოდა, მაგრამ დედისთვის თხოვნა მერიდებოდა, გავაცნობიერე - კარგი იქნებოდა, თუ ჩემი შემოსავალი მექნებოდა. პატარა ასაკში ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ უნდა ყოფილიყო. როცა გავიზარდე, მივხვდი, თურმე, უნდა ვიმუშაო. მუშაობა დავიწყე. რომ გითხრა, ისეთი ხელფასი მქონდა, ყველა კაპრიზს ვისრულებდი-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ ხომ იცი - საბანი სადამდეც გწვდება, იქამდე უნდა დაიფაროო... ხელფასის შესაბამისი მოთხოვნები მქონდა. საერთოდ, ჩემი ფსიქიკა ასეა მოწყობილი: რაც მაქვს, იმით ვარ ბედნიერი. იმაზე არასდროს ვოცნებობ, რაც ზუსტად ვიცი, არ მექნება.

- პირველი შემოსავალი რა საქმისთვის მიიღე და რაში გამოიყენე?

- ტელევიზიაში, "პირველ სტერეოში" ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, პატარა ხელფასი მქონდა, მაგრამ მახსოვს, ავტომობილი მყავდა და ჩემს მცირედ ხარჯებს ხელფასით ვფარავდი.

- გონიერი მხარჯველი ხარ?

- "გაწერილი" არასდროს მაქვს, რამდენი რაში დავხარჯო. საფულეს ვერ ვიტან და არც მაქვს. ამის გამო სულ პრობლემა მექმნება, რადგან რას სად ვკარგავ, კაციშვილმა არ იცის. ფულის თვლას ვერ ვიტან - ნერვებს მიშლის, მაგრამ როცა ვიცი, რაღაცისთვის გარკვეული თანხა მჭირდება, გამორიცხულია, იმ თანხიდან ჩემთვის რამე შევიძინო. ამ საკითხში მოწესრიგებული ვარ... როცა საშუალება მაქვს, წავიდე და ფული დავახარჯო, მირჩევნია, ეს ბავშვებისთვის გავაკეთო - ეს უფრო მსიამოვნებს. საზღვარგარეთ ყოფნისას, როცა შოპინგისთვის გარკვეული თანხა მაქვს გამოყოფილი, იმ თანხიდან საჩუქრებს ვყიდულობ მეგობრებისთვის, შვილებისთვის, დედაჩემისთვის, ახლობლებისთვის... რაც რჩება, იქიდან ჩემთვის ვიყიდი რამეს. სულ ამის გამო მეჩხუბებიან, - სულელი ხარ, ასე არ შეიძლება, ჯერ შენს თავზე იფიქრე, შემდეგ - სხვებზეო, მაგრამ არ გამომდის.

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ?

- პირადი შემოსავალი მაქვს, მაგრამ 4 შვილი მყავს, რომლებზე ზრუნვასაც დამოუკიდებლად ვერ გავწვდები. სხვა თუ არაფერი, მათ განათლების მიღება სჭირდებათ... ამიტომ გააჩნია, საკითხს საიდან შევხედავთ...

- შენი შემოსავლის წყარო რა არის?

- სოციალური ქსელი: ახლა "ინფლუენსერობა" მოდურია, მაგრამ ფაქტია: ინტერნეტსივრცეს ბევრი მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, ბევრი რეკლამაც აქვს. მივხვდი, რომ ამით ფულის შოვნა შეიძლება. საერთოდ, ყველა შრომა უნდა დაფასდეს. ვინც რეკლამას აკეთებს და მყიდველი მოჰყავს, ამაში ფულს რატომ არ უნდა იღებდეს? მეც გადავწყვიტე, ფასიანი "ინფლუენსერი" ვიყო (იცინის). ინტერნეტიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს... ასევე ტელევიზიაში ჟურნალისტად ვმუშაობ. ფეხსაცმელების ჩემი ბრენდი, ტანსაცმლის მაღაზია და პატარ-პატარა ბიზნესები მაქვს...

- ბიზნესი საკუთარი დანაზოგით წამოიწყე?

- თავდაპირველად ფეხსაცმელები ჩემთვის, ჩემივე ხარჯებით შევიკერე. საზღვარგარეთ გავემგზავრე და იქვე გამეხა, მაგრამ დიზაინს დიდი მოწონება ხვდა წილად: ყოველი მეხუთე ადამიანი მაჩერებდა და მეკითხებოდა, - რა ბრენდიაო? საქართველოში დაბრუნებულმა მეგობარს ვუთხარი, - მანო, მოდი, ფეხსაცმელების ბრენდი შევქმნათ-მეთქი. ჩვენი პირველი სპონსორები ჩვენი მეუღლეები იყვნენ. მათ ვუთხარით, - ჩათვალეთ, რომ ამ ფულს სესხად ვიღებთ-თქო. რა თქმა უნდა, ის თანხა არ დაიბრუნეს (იცინის), მაგრამ წამოწყებული საქმიდან თანხის "ამოღება" და მოგებაც შევძელით. დაახლოებით 5 წელია, ვმუშაობთ...

- როგორ ფიქრობ, იმ ადამიანების კატეგორიას ეკუთვნი, ვისაც "არაფრისგანაც" ფულის შოვნა შეუძლია?

- არა, ასეთი მაგარიც ვერ ვარ. მათი ყოველთვის კეთილი შურით მშურდა და მეც მყავს ასეთი მეგობარი, ვისაც შეუძლია, "არაფრიდან" ფული იშოვოს. პირადად მე, გვერდით ასეთი საქმიანი პარტნიორი მჭირდება და მყავს კიდეც, ვინც ბიძგს მაძლევს...

- ძირითადად, შენი შემოსავალი რაში იხარჯება?

- სოციალურმა ქსელმა დამღუპა: იმდენი რაღაც იყიდება, რომ ყველაფრის ყიდვა მინდება... უსაყვარლესი ბებია მყავდა, რომელიც ტელევიზორში რის რეკლამასაც ნახავდა, ყველაფერს იწერდა და ჩვენთან კურიერებს ყოველ წუთს რაღაც მოჰქონდათ (იცინის)... ახლა ვხვდები, გენეტიკა მაინც რა არის: რაც სოციალურ ქსელში, "სიახლეების ზოლში" ამომივარდება, ყველაფერს ვიწერ. ამას წინათ შვილები მეუბნებოდნენ, - ხომ გახსოვს, ბებიაშენს როგორ საყვედურობდი? დღეს ზუსტად მის მსგავსად იქცევიო (იცინის).

- საზოგადოებისთვის ცნობილი იმ შემთხვევის გარდა, როცა სასოწარკვეთილს ბიძინა ივანიშვილი დაგეხმარა, ფინანსური კრიზისები გქონია?

- არა მგონია, რომ ვინმეს ცხოვრებაში ფინანსური კრიზისი არ ჰქონოდა. შეიძლება ვიღაცას მილიარდები აქვს და 1 მილიარდის დანაკლისი მისთვის კრიზისი იყოს. მართლა ყოფილა პერიოდები, როდესაც ჯიბეში ლარი არ მდებია. ყოველთვის ვამბობ: არასდროს იწუწუნო. მთავარია, ჯანმრთელები ვართ... იმ ცნობილი ფაქტის მერე, სასოწარკვეთილებაში რომ ჩავვარდი, ვხვდებოდი, მთავარი იყო, ცოცხლები ვიყავით, შვილები კარგად მყავდა... დავფიქრდი და ვთქვი, - მატერიალურ კეთილდღეობას ჩემთვის ისეთი მნიშვნელობა არ აქვს, როგორიც ჯანმრთელობას. შრომა არ მეთაკილება...

- ის სტრესული სიტუაცია შენთვის ასე კეთილად რომ არ დასრულებულიყო, როგორ ფიქრობ, რას იღონებდი, რა საქმეში მოიაზრებდი შენს თავს?

- არ ვიცი... იმ დროს ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ გითხრა, რამე სამსახურზე უარს ვიტყოდი-მეთქი, მოვიტყუები. ბავშვების კარგად ყოფნისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. ისეთ სამსახურში ვიმუშავებდი, რომლიდან მიღებული შემოსავლითაც ჩემს შვილებს ნორმალურად მაინც გამოვკვებავდი. ალბათ, ღმერთმა არ გამწირა, საქმე აქამდე არ მივიდა...

- თანხა სესხად აგიღია ან შენგან უსესხებიათ?

- მეგობრისთვის ფული არასოდეს გამომირთმევია. მქონდა პერიოდი, როცა მჭირდებოდა, მაგრამ მომითმენია. ვფიქრობ, რომ გამოსავალი მარტომ უნდა ვიპოვო... ჩემთვის თანხა ბევრს გამოურთმევია, მაგრამ თუ ვაძლევ, ვიცი, უკან დაბრუნება აღარ მინდა. ცხადია, ურთიერთობის სიახლოვეს გააჩნია. ხშირად "ფეისბუკზე" ისეთ ადამიანს მოუწერია, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი. ყველაზე მეტად ის ახალგაზრდა ქალები მიშლიან ნერვებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში გვერდი აქვთ შექმნილი და წერენ: პატარა ბავშვი მყავს, დამეხმარეთო. თუკი "ფეისბუკზე" საწერად გცალია, გადი და იმუშავე... წლების წინ, გადაცემის - "ყოფილი ცოლების კლუბი" წამყვანი გახლდით, რომელშიც სტუმრად მრავალშვილიანი დედები მყოლია. წარმოიდგინეთ, პურის საყიდი თანხაც არ ჰქონდათ. როცა სამსახურს "ვუკეთებდით", სადაც ნორმალური ხელფასი იყო, სამუშაოდ არ მიდიოდნენ, ანუ ობიექტის დალაგება ეთაკილებოდათ. ასეთ დროს ვხვდები, რომ ადამიანს კი არ უჭირს, უბრალოდ, ასეთ ცხოვრებას შეჩვეულია. მისთვის მოწყალების თხოვნა უფრო მისაღებია, ვიდრე მუშაობა. პირადად ჩემთვის ეგ უფრო სირცხვილია, რომ დგახარ და მთელი საქართველოს წინაშე ამბობ, - მიჭირს, ფული არ მაქვსო, ვიდრე გავიდე და სადმე ვიმუშაო. დედას გეფიცები, თუ ვიტყუებოდე: რთულ პერიოდში, მიფიქრია - ავდგები, დილის 5 საათზე თუნდაც ქუჩას დავგვი-მეთქი. მერე რა მოხდა? მგონია, საქართველოში ისეთ სამსახურს მაინც იშოვი, საკუთარი თავის და შვილების გამოკვება რომ შეძლო...

- ადამიანისთვის შეგიხსენებია, რომ ვალი დაებრუნებინა?

- არიან ადამიანები, რომლებსაც ზუსტად იცი, რომ ფინანსურად ძალიან უჭირთ. ამ დროს რაზეა ლაპარაკი?! მაგრამ როცა ადამიანი ფულს გთხოვს და მერე საერთოდ არც გიმჩნევს - მიიჩნევს, რომ შენი გასულელება "მოსულა", მართლა ვღიზიანდები. 2 ასეთი შემთხვევა მქონდა. ის ადამიანები ჩემი მეგობრები არ ყოფილან - უბრალოდ, კარგი ნაცნობები იყვნენ. მართლა გავბრაზდი, რადგან საკმაოდ დიდი თანხა გამომართვეს.

salome-03-copy-1645780482.jpg

- ბოლოს და ბოლოს, დაგიბრუნეს?

- კი, დააბრუნეს.

- ურთიერთობა გააგრძელეთ?

- არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, რადგან ხომ გაგიგონია, - ადამიანს "ფულში არკვევო"? ფული ძალიან ჭუჭყიანია და მაგ დროს ირკვევა, ვინ როგორია...

- დაბოლოს, სალომე, საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- ის ცნება, რომ თითქოს მეგობართან ერთად ბიზნესის წამოწყება არ ღირს, რადგან შემდეგ მეგობრები ერთმანეთს კარგავენ, ჩემთვის მცდარია: მაგალითად, მანოს, ვისთან ერთადაც ბიზნესი მაქვს, თვალდახუჭული ვენდობი. 5 წლის განმავლობაში არც მიკითხავს, რა თანხა როგორ შემოდის. ბუღალტერია აბსოლუტურად მოშორებული მაქვს, რადგან ზუსტად ვიცი, 1 თეთრსაც კი შუაზე ყოფს. ადამიანმა მეგობარი სწორად უნდა შეარჩიო. მადლობა ღმერთს, რომ ამაში გამიმართლა... ფულის შოვნას რაც შეეხება, ჩემგან რჩევის მიღება ძალიან სასაცილო იქნება, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: თუ ისეთი შემოსავალი გაქვთ, რომ შეგიძლიათ, თუნდაც 10 ლარი გადადოთ - ისე, ვითომ არც გქონიათ, წლის ბოლოს ყოველთვის სასიამოვნო შედეგს მიიღებთ (იღიმის). ჩემს შვილებს ანაბარი გავუკეთე და როცა რაღაც თანხა გამიჩნდება, იქ ვუნახავ. სასიამოვნო იქნება, რომ მომავალში, მათთვის მცირე დანაზოგი მექნება. ამას ახლახან მივხვდი. არავინ იცის, პატარა დანაზოგი რა დროს გამოგადგება...

ეთო ყორღანაშვილი