სიკო ჭუმბურიძის ცხოვრების "წითელი ხაზი", შიში და პრინციპები - გზაპრესი

სიკო ჭუმბურიძის ცხოვრების "წითელი ხაზი", შიში და პრინციპები

"შიში მაქვს, ომი არ დაიწყოს; მეშინია, ჩვენმა უსიყვარულობამ არ გაგვანადგუროს, რაც დღეს გვჭირს ყველაფერი უსიყვარულობისგან გვჭირს", - ამბობს მსახიობი სიკო ჭუმბურიძე. რა აკვირვებს ყველაზე მეტად ამ სამყაროში, რა დროს იბნევა, რამდენად ხშირად მიდის რისკზე, რას ნანობს და რა ეზარება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 20 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი და მსახიობი. უფრო ზუსტად, "მანსანკანში" თამაში მინდოდა. ჩემი ბიძაშვილი სამედიცინოზე სწავლობდა და ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი იყო, ზოგჯერ სცენაზე მეც გავყავდი. მაშინ ვფიქრობდი, ექიმობა "მანსანკანში" თამაშის ერთადერთი შანსი იყო, მაგრამ მალე გადავიფიქრე, წამლების დასახელებებს ვერ დავიმახსოვრებ-მეთქი. მერე მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ბოლოს ვინც გამოვედი, იცით.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სულ სადღაც დადისო. სამსახურების საქმეებს ვაგვარებ, ხან კონცერტებს ვაწყობ, ხან საღამოებს ვუძღვები. როგორც შემიძლია, შემოქმედებითად ვიწვი.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ადამიანობა, ხასიათი, ინდივიდუალობა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...უფრო კარგ განათლებას მივიღებდი. ინგლისური ენა უფრო კარგად მეცოდინებოდა. იმ ბნელ და უპერსპექტივო 90-იანებში, ბევრი ადამიანის მსგავსად, ალბათ დრო მეც დავკარგე. ცოტა სიცელქე, ცოტა უშუქობა და... დღესაც ხშირად ვცელქობ, მოუსვენარიც ვარ, ეს თვისება ვერ მოვიშორე.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...კუკუშას როლი, კომედი ჯგუფთან თანამშრომლობა. ყველაზე დიდი წარმატება კი ჩემი ოჯახია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...დედას, დას, ნათესავებს, მეგობრებს. ჩვენი სამეგობროსთვის მხოლოდ დროს ტარება და დალევა კი - არა, მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანური თანადგომაა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ჯანმრთელად არიან. ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ბოლო პერიოდმა ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. არ აქვს მნიშვნელობა, რა გაქვს, რა არ გაქვს, ბედნიერება მცირე დეტალებშიც შეგვიძლია დავინახოთ და ამ განცდით ვიხაროთ. მე ასე ვცხოვრობ, მატერიალურ სიკეთეებზე არ ვარ დამოკიდებული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მეგობრებთან ერთად გავატარო საღამოები, მათთან თავს კარგად ვგრძნობ, გიტარა და ჩქარი ტაში ძალიან მახალისებს და მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მაქვს პრინციპები, რომლებსაც ვიცავ. ტრადიციებზე გაზრდილი ვარ. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯო, არავინ მოვატყუო, არავის ვუღალატო; ისეთი საქციელი არ ჩავიდინო, რომლის გამხელაც მეგობრებთან შემრცხვება. ეს ჩემი ცხოვრების წითელი ხაზია, არასდროს გადავკვეთ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ძალიან ბევრს დავდივარ. სახლში იმდენ დროს ვერ ვატარებ, როგორც მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვინდა. რომ შემეძლოს, ამას გამოვასწორებდი. რაც შეეხება თვისებას, რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ (პაუზის შემდეგ), ადრე ფეთქებადი ვიყავი, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე კონტროლი გამოვიმუშავე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...იმას გეტყვი, რა ვერ ვისწავლე. ყველა ადამიანს არ უნდა ვენდო, მაგრამ მაინც ვენდობი. ერთმა თუ იმედი გამიცრუა, იმ მეორემ რა დააშავა, რატომ არ უნდა ვენდო? შანსს ყველას ვაძლევ. იმედგაცრუება არაერთხელ მქონდა, მათ შორის მტკივნეულიც ბევრი იყო. ყველა ჩვენგანი უნდა ვეცადოთ, საკუთარ ხასიათში დადებითი თვისებები განვავითაროთ, სხვაგვარად სამყარო უკეთესი ვერ გახდება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...იმ ადამიანის გულწრფელ სინანულს დავინახავ. პატიებას თავადაც ვითხოვ. ბოდიშის მოხდა ადვილი არ არის, მაგრამ საჭიროა და უნდა შეგვეძლოს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ბოლო დროს ცოტათი ვნერვიულობ, თუმცა ოპტიმისტი ვარ. მჯერა, მომავალი დღევანდელობაზე უკეთესი იქნება. ვფიქრობ, დედამიწაზე ჯერ კიდევ დადიან სწორად მოაზროვნე ძლიერი ადამიანები, რომლებიც საბოლოოდ დიდ უბედურებას არ დაუშვებენ.

- ვიბნევი...

- ...როცა ჩემი შვილები რთულ კითხვებს მისვამენ. რამდენიმე დღის წინ, რეზის ვუთხარი, დაწექი, დაიძინე-მეთქი. - დედიკო შემომყვესო. - დედიკო რად გინდა, საჭმელს მიმზადებს, შენით ვერ დაიძინებ-მეთქი? - საჭმელს თავად ვერ გაიმზადებ? დედა ჩემთან შემოვიდესო. საკვები თავად გავიმზადე და მეუღლე ბავშვთან შევუშვი. ბავშვები ყველაზე მართალი ადამიანები არიან ამ სამყაროში. რაც მთავარია, ჩემმა შვილებმა სიგარეტისთვის თავი დამანებებინეს. იმდენჯერ მითხრეს, აივანზე რატომ გადიხარ, რატომ ეწევი, რატომ ეწევი, რატომ ეწევიო... თავი უხერხულად მაგრძნობინეს. დავფიქრდი, მათ წინაშე მართალი არ ვიყავი და მოწევას თავი დავანებე. ძალიან გამიჭირდა, დიდი ხნის მწეველი ვიყავი, მაგრამ ბავშვების ხათრით მაინც შევძელი.

- ვნანობ...

- ...ფუჭად დაკარგულ დროს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...2-3 დღით ქვეყნის მთავარი ადამიანი ვიყო. ყველაფერს დავალაგებდი, უღირსებს შინ გავუშვებდი, საქმის მკეთებელ ხალხს მოვიყვანდი და ქვეყანას ფეხზე დავაყენებდი.

- ჩემი ჰობია...

- ...ფეხბურთი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, ვისაც ჩემზე დიდი მოთმინება აქვს. თავად ძალიან მომთმენი ვარ.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა, ძილი მიყვარს.

- სიყვარული ეს...

- ...ისაა, რისთვისაც გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ადამიანებს იმდენი ცუდი თვისება გვაქვს, არა მგონია, მაგისთვის ვიყოთ გაჩენილები. სიყვარულმა უნდა გადაწონოს, სიყვარულმა უნდა გაგვაკეთილშობილოს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...13 წლის ვიყავი, ის გოგო ჯერ ტელეფონით გავიცანი, საინტერესო ხმა ჰქონდა. მერე სკოლაში მომაკითხა, დავინახე და დავდნი. ცოლად მოყვანას ვაპირებდი (იცინის). ჩემს ცოლზეც იგივე "დნობა" დამემართა. "ქლაბ შოუს" ჩაწერა გვქონდა, მანამდე "ოდნოკლასნიკებით" ვიცნობდი, დანახვისთანავე შემიყვარდა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს შვილებს შეუძლიათ.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების უსიყვარულობა. რატომ კაცო, რატომ ვერ გვაქვს ეგ ამბავი მოწესრიგებული?

- ვრისკავ...

- ...ხანდახან ზედმეტადაც კი.

240905503-10218759168641316-956959726800502919-n-copy-1645780709.jpg

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიმნდობი ხასიათია. ამდენი წლის ვარ და მაინც ბავშვივით მიამიტი დავრჩი.

- ვამაყობ...

- ...2 დღის წინანდელი ამბით. ჩემმა შვილმა ნატუკამ, რომელიც მე-5 კლასშია, შეფასებების ფურცელი მაჩვენა, მხოლოდ ერთი 9 და ყველა დანარჩენ საგანში 10-იანი ეწერა, რომ ვნახე, ძალიან ამაყი ვიყავი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...არ მიყვარს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს. ახლახან თმის გადანერგვა შემომთავაზეს, მაგრამ არ მოვინდომე, ჯერ ასე ვიქნები და მერე ვნახოთ, ძალიან თუ გამცვივდება, შეიძლება გადავინერგო.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანებს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კომპიუტერული პროგრამები. რაც მჭირდება, ვიცი, მაგრამ მინდა, გაცილებით ბევრი ვიცოდე..

- ვიტყუები, როცა...

- ...კეთილი ტყუილი საჭიროა. ისეთ ტყუილს არასდროს ვიტყვი, ვინმე რომ დააზარალოს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...დედაჩემის. ამ ბოლოს დროს მეშინია, ვირუსი არ მივუტანო და ხშირად ვერ ვნახულობ.

- თავისუფლება არის...

- ...შინაგანი მდგომარეობა, საკუთარ თავთან ჰარმონია. ბევრს თავისუფლება არასწორად ესმის. ვიღაცას შიშველი სიარული ჰგონია; ვიღაც თმას ვარდისფრად იმიტომ კი არ იღებავს, რომ ეს ფერი მოსწონს, იმიტომ, რომ ვიღაცას თავი თავისუფლად მოაჩვენოს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვიწყენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებდი, ჩემთვის ნორმალურ სახლს ავიშენებდი, ლამაზი ეზო მექნებოდა, სასახლეებსა და ფუფუნებაზე არ ვგიჟდები. ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავაბედნიერებდი და ამით თავადაც უზომოდ ბედნიერი, გახარებული ვიქნებოდი.

- მენატრება...

- ...ბავშვობა.

134584856-10217438480664942-5819324774151801386-n-copy-1645780695.jpg

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...მეგობრებთან ერთად ყოფნა, ცოტა ალკოჰოლის მიღება საუკეთესო "წამალია". თავადაც კარგი მსმენელი და რჩევების მიმცემი ვარ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ სულ მახსოვს მამას ცხოვრების წესი. 15 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ვცდილობ, მისი მსგავსი ვიყო, ის ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...გვიყვარდეს ერთმანეთი!

თამუნა კვინიკაძე