რა ისწავლა სალომე ჭაჭუასგან ირა კვიტინსკაიამ? - გზაპრესი

რა ისწავლა სალომე ჭაჭუასგან ირა კვიტინსკაიამ?

სახელი, გვარი: ირა კვიტინსკაია.

ასაკი: 24 წლის.

განათლება: დაამთავრა ბიზნესტურიზმის კოლეჯი, სასტუმროების მენეჯმენტის მიმართულებით.

პროფესია: სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავე.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ქორეოგრაფი სალომე ჭაჭუას სტუდიაში.

ჰობი: კრივი.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს არ უნდა დანებდე. თუკი რამის გაკეთება გინდა, მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო".

- ირა, ცხოვრებაში შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- ცეკვას, რომელიც მაბედნიერებს და საშუალებას მაძლევს, უფრო მეტი გავაკეთო და ყველაფერში განვვითარდე.

- ბევრი დრო დაგჭირდა, რომ გაგეცნობიერებინა - ცეკვა ზუსტად ის საქმე იყო, რაც გჭირდებოდა?

- კი. ცეკვა ძალიან გვიან დავიწყე - 12-13 წლის ვიყავი. 15-16 წლისა მივხვდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვემსახურებოდი. თან, 16 წლისამ უკვე ბავშვებთან მუშაობა დავიწყე. როცა მათ ვასწავლიდი და შედეგსაც ვხედავდი, მეტ მოტივაციას ვიღებდი, რომ ცეკვით უფრო მეტად დავინტერესებულიყავი.

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- ეს ცოტათი რთული საკითხია (იღიმის): ჩემს სამუშაო რეჟიმზეა დამოკიდებული. ვცდილობ, 6-7 საათი მაინც დავიძინო, მაგრამ ძირითადად, 4-5 საათი მძინავს.

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- სახლში ისეთი დაღლილი მოვდივარ, რომ იშვიათად მესიზმრება რამე, მაგრამ თუ სიზმარს ვხედავ, ყოველთვის კარგ რაღაცებს - თითქოს სადმე დასასვენებლად მივდივარ. ალბათ, დასვენება მაკლია და ამიტომ (იცინის)...

- როცა გამოძინებას ვერ ახერხებ, ენერგიას რა გაძლევს?

- ცეკვის მიმართ ჩემი სიყვარული, რადგან ყოველთვის ვცდილობ, საქმე მაქსიმალურად კარგად გავაკეთო, როგორ ხასიათზეც და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო.

- შენი ფავორიტი მოცეკვავე ვინ არის?

- ჩემი მწვრთნელი - სალომე ჭაჭუა, რომელიც ყოველთვის მაძლევს ძალას, რომ საქმე გავაგრძელო. ასევე, სალომე ჩემი მეგობარიც არის. ყოველთვის გვერდით მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

- ახლა, როცა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობს, როგორ გულშემატკივრობ? ეკონტაქტები?

- ყველანი ძალიან ვგულშემატკივრობთ, სულ "კონტაქტზე ვართ"...

- საქართველოსთან შედარებით, უფრო დაძაბული რეჟიმით ხომ არ მუშაობს?

- თითქმის იგივე რეჟიმია. იქაურობაც ძალიან მოსწონს, აღფთოვანებულია... უბრალოდ, იქ მაინც განსხვავებული გარემოა, სხვა ქვეყანაა, სხვა ემოციები აქვს...

- შენი მწვრთნელისგან ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე?

- ჩემი ცხოვრების დევიზია, რომ არასდროს დავნებდე და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთო. სალომე ყოველთვის ამას მეუბნებოდა, ჩემი მოტივატორი იყო. საერთოდ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე...

- შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი "ვარსკვლავი" ვინ არის, ვისთვისაც ტელეპროექტში პარტნიორობა გაგიწევია?

- ალბათ - გიგა კვეტენაძე. ყველა პარტნიორი ძალიან კარგი მყავდა. უბრალოდ, ბოლო მეწყვილის აღნიშვნა იმიტომ შემიძლია, რომ ფინალამდე საკმაოდ კარგად მივედით, კარგად ვიშრომეთ...

- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად, ვის ეკონტაქტები?

- ჩემს მოსწავლეებს (იცინის), ასე გამოდის.

- ცეკვის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?

- ასე ვერ გამოვყოფ, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო, ვისწავლო... მაგალითად, კერძების მომზადება მიყვარს, როცა თავისუფალი დრო მაქვს.

- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდის?

- შტრუდელის.

- საჭმელად ყველაზე მეტად რა გიყვარს?

- შტრუდელი (იცინის).

- ოდესმე დიეტა დაგიცავს? წონის პრობლემა გქონია?

- კი, წონის პრობლემა მქონია. სწორი კვების რეჟიმს დღემდე ვიცავ - საკუთარ თავს რაღაცებში ვზღუდავ.

- დაგვისახელე საყვარელი ფილმი...

- "თანაკლასელები". როცა ცუდ ხასიათზე ვარ, სულ ამ ფილმს ვუყურებ, რადგან კომედიური ჟანრისაა და ჩემთვის სახალისოა.

- ისეთი საქციელი ჩაგიდენია, რომლის გახსენების დღესაც გრცხვენია?

- არა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სცენაზე წავქცეულვარ (იცინის)... სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" "ლაივზე" უშუალოდ ცეკვისას, შარვალი გამეხა, ფეხსაცმელზე წამომედო და შუა "ლაივის" დროს წავიქეცი.

- მაყურებლებმა შენიშნეს?

- ისე ავდექი და გავაგრძელე, რომ ბევრს ეგონა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში სერიოზულად "დავილეწე" (იცინის).

- ცხოვრებაში შენი მთავარი მოტივაცია რა არის?

- აი, ახლა ჩემი მეწყვილე მისმენს და მანიშნებს - მთავარი მოტივაცია მე ვარო (იცინის)...

- ასეა?

- ესეც ერთ-ერთი მოტივაციაა, რომ მე და ჩემმა მეწყვილემ - გუკა ჭანტურიამ ბევრ წარმატებას მივაღწიოთ - ბევრ ტურნირში მონაწილეობა დავგეგმეთ. გვინდა, კარგად განვვითარდეთ... ჯერჯერობით, ჩემი მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ცეკვის სფეროში დასახულ მიზნებს მივაღწიო. ასევე მინდა, ოჯახის წევრები კარგად მყავდეს. მათ ყოველთვის ყველაფერში ვეხმარები, როგორც შემიძლია...

- შენი აზრით, რა არის სიყვარული?

- ძალიან რთული კითხვაა (იცინის). ალბათ, ყველას თავისებური სიყვარული აქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა, რომელიც ადამიანს გაბედნიერებს და ბევრ რამეში მოტივაციას გაძლევს.

- შეყვარებული ხარ?

- კი, შეყვარებული ვარ.

- ვისზე?

- ოო, ამას ვერ ვიტყვი (იცინის)...

- ყველაზე ხშირად რა კომპლიმენტს იღებ ხოლმე?

- მეუბნებიან, - ძალიან ლამაზი ხარო (იღიმის)...

- შენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევ?

- იმას, რომ არ ვნებდები: თუკი საქმეს ხელს მოვკიდებ, ყოველთვის ბოლომდე ვაკეთებ, როგორც უნდა მიჭირდეს.

- შენი რომელი თვისება არ მოგწონს?

- ალბათ, ზოგჯერ ვზარმაცობ - ეს არ მომწონს. მერე საკუთარ თავს რაღაცებს ვაძალებ, - მიდი, გააკეთე-მეთქი... შეიძლება რამე უარყოფითი თვისება კიდევ მაქვს, მაგრამ ვერ ვამჩნევ (იღიმის).

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ვცდილობ, ჩემი საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთო.

- სასტუმროების მენეჯერად ოდესმე გიმუშავია?

- არა, არასოდეს.

- ამ პროფესიის დაუფლება რატომ გადაწყვიტე? მასთან დაკავშირებული გეგმები გაქვს?

- საერთოდ, სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ასეთი არჩევნის წინაშე დავდექი ან სამედიცინო სფერო უნდა ამერჩია, ან - ცეკვა. ცეკვა ავირჩიე. მეორე სფერო, რაც მაინტერესებდა, ტურიზმი იყო. ამიტომ ბიზნესტურიზმზე სწავლა გადავწყვიტე, შემდეგ კი სასტუმროების მენეჯერის პროფესიაზე "გადავედი"... ჯერჯერობით, ცეკვაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება, სასტუმროების მენეჯერობის მიმართულებითაც რამე მოვიფიქრო...

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- მოიცა, გავიხსენო... სუნამო.

- შენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა, ბუნების წიაღში დასვენება.

- სოციალურ ქსელებს რამდენ დროს უთმობ?

- სოციალურ ქსელებში დიდად აქტიური არ ვარ, რადგან ამისთვის დროც არ მაქვს, მაგრამ ალბათ, როგორც ყველა, დილით, როცა ვიღვიძებ, ხელში ტელეფონს ვიღებ და საღამოს, ძილის წინაც ტელეფონში "ჩამძვრალი" ვარ. ჯამში, დღის განმავლობაში დაახლოებით, 3 საათს ვუთმობ.

- უცნობი ადამიანები რას გწერენ?

- იმას, რომ ძალიან ლამაზი, კარგი გოგო ვარ და ა.შ.

- უცნაურ წერილები არ მოგდის?

- მომდის, მაგრამ შინაარსს ვერ ვიტყვი (იცინის)...

- რამდენ ენას ფლობ?

- სამს: ქართული, რუსული და ინგლისური ვიცი.

- საქართველოს გარდა, სად იცხოვრებდი სიამოვნებით?

- საერთოდ, ბევრს ვმოგზაურობ - ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და საცხოვრებლად არსად დავრჩებოდი. 3-6 თვით წავიდოდი, პროფესიის გამო, რომ უფრო მეტად განვვითარებულიყავი, მაგრამ ისე, საქართველო ძალიან მომწონს და სულ აქ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. საქართველოში დავიბადე და გავიზარდე...

- რამე ფობია გაქვს?

- კი. გველების ძალიან მეშინია. როცა გველს ვხედავ, ცუდად ვხდები - შეიძლება, გული წამივიდეს. ზაფხულში, როცა სადმე მივდივარ (ტყეში სეირნობა ძალიან მიყვარს), სულ ვაკვირდები, რომ სადმე არ შემხვდეს. ერთხელ ლამის ფეხი დავაბიჯე: კოჯორში აგარაკი გვაქვს. იქ ტყეში ვსეირნობდით, როცა მამაჩემმა მითხრა, - გაჩერდიო... შეიძლება ითქვას, რომ მაშინ მამამ გადამარჩინა... კიდევ, წყლის შიში მქონდა, რომელიც წელს გადავლახე - როგორც იქნა, ცურვა ვისწავლე და ზღვაში შორს გავცურე. წარმოიდგინეთ, მანამდე ღრმა აუზშიც არ ჩავდიოდი.

ira-05-copy-1645780904.jpg

- წყლის მიმართ შენს შიშს რამე შემთხვევა ედო საფუძვლად?

- არა. უბრალოდ, ბავშვობიდან მეშინოდა. მაგალითად, მშობლებს ზღვაზე დასასვენებლად რომ დავყავდი, პირველი 3 წელი წყალში არ შევდიოდი, ისე მეშინოდა. თუნდაც, თვითმფრინავით ზღვის ზედაპირზე რომ მივფრინავდით, შიშისგან თვალებს ვხუჭავდი... როგორც იქნა, წელს თავი ხელში ავიყვანე და ეს შიში დავძლიე.

- შენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც შენს თითოეულ ქმედებას განსაზღვრავს?

- მოსმენა და სწავლა. ვცდილობ, ყოველთვის განვვითარდე. დიდად ბევრს არ ვლაპარაკობ. ყველაფერს ძალიან ვაკვირდები...

- 10-15 წლის შემდეგ შენი ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია?

- საკმაოდ კარგი მოცეკვავე ვიქნები; ჩემი სახლი, ავტომობილი მექნება და ალბათ, საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ; ჩემს საქმესაც აუცილებლად გავაგრძელებ - უფრო მეტი მოსწავლე მეყოლება...

ეთო ყორღანაშვილი