"ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ის მე არ ვიყავი"... - გზაპრესი

"ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ის მე არ ვიყავი"...

მაია დობორჯგინიძესთან შეხვედრა რუსთაველის თეატრთან დავთქვით. სასაუბროდ მისი მეუღლის, გოგა ბარბაქაძის საგრიმიორო დავიკავეთ, რომელთანაც უკვე 16-წლიანი ოჯახი აქვს და წყვილს ორი შვილი ჰყავს. აქ მაიკოს "შთაბეჭდილებების ყუთისთვის" თავი უნდა მოგვეხადა. ასეთ დროს აწმყო და წარსული ერთმანეთში ირევა და იმ ადამიანებსაც იხსენებ, ვინც შენს პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. სწორედ ამიტომ, საუბარი ბავშვობის შთაბეჭდილებებით დავიწყეთ და ეტაპობრივად დღემდე მოვედით.

მანამდე გეტყვით, რომ მაია დობორჯგინიძეს საზოგადოების უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს და ცოტამ თუ იცის, რომ არაერთი წელია მუშაობს, როგორც რეჟისორი. ამ პროფესიაში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, როცა "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლი "თაფლობის თვე" წარმოადგინა. მისთვის შთამბეჭდავი ავტორების, ფილმებისა და სპექტაკლების სია კი ასე გამოიყურება: ყველაზე ხშირად პიესებს კითხულობს, საყვარელი ავტორი შექსპირია; ძველი ქართული ფილმებიდან გამორჩეულად უყვარს: "ცისფერი მთები" და "შერეკილები". ფელინის, პაზოლინის ფილმების მაყურებელია და დღეს ფავორიტ რეჟისორებს კიდევ ორი დაემატა - იორგოს ლანთიმოსი და გილერმო დელ ტორო. რაც შეეხება შთამბეჭდავ სპექტაკლებს, მისთვის ასეთია რობერტ სტურუას დადგმები: წარსულიდან - "ქალი-გველი", ხოლო დღევანდელებიდან - "თამაშის დასასრული".

- ბავშვობიდან ნათლად მახსოვს ბაღის პერიოდი. იყო ერთი უმშვენიერესი, მოწესრიგებული, მაღალი ქერა ქალბატონი ირინა ალექსეევნა, რომელსაც ვაკეში შინ კერძო ბაღი ჰქონდა. არ ვიცი, დედაჩემმა სად იპოვა ეს ბაღი, რადგან მაშინ ეს იშვიათობა იყო. პედაგოგს ზამთარ-ზაფხულ ვაკის პარკში დავყავდით. ჯიბეები სავსე მქონდა რკოებით, ჯოხებით, წიწვებით. ჯგუფში ცოტანი ვიყავით, სასაცილო კომბინეზონები გვეცვა, განძრევა რომ გვიჭირდა, ისეთი და ერთმანეთზე რეზინით გადაბმული ხელთათმანები კისერზე გვქონდა გადაკიდებული. დღემდე მახსოვს, ირინა ალექსეევნა სხვასთან თუ საუბრობდა და იმ დროს ლაპარაკს ვაწყვეტინებდით, გვეუბნებოდა, - რამის თქმა ან კითხვა თუ გინდათ, ჯერ ბოდიში მოიხადეთ და ისე მკითხეთო. დღეს ჩემს შვილებს - გაბრიელი 13 წლისაა, ბარბარა 7-ის - სულ ამას ვეუბნები, მე ასე მასწავლეს-მეთქი. რაც შეეხება სკოლას, მე-6 გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც იმ დროს ახალი დაარსებული იყო. პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობა გვქონდა - მაგალითად, ჩემი კლასის დამრიგებელი მერი ტორაძე 22 წლის იყო და ასეთივე ახალგაზრდა პედაგოგები გვყავდა სხვებიც, რომლებსაც ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლისადმი გამორჩეული მეთოდები ჰქონდათ. ახლა რომ დავფიქრდი, ვხვდები, ბაღშიც და სკოლაშიც ძალიან გამიმართლა. საყვარელი და კარგი კლასი მყავდა და დღემდე კლასელები რამის აღსანიშნავად რომ ვიკრიბებით, მერიც აუცილებლად ჩვენთან ერთად არის ხოლმე.

- იმავე წლებიდან პირველი ელდა და ცხოვრებისეულ ტრაგედიებთან შეხება რას უკავშირდება?

- ყველაზე ტრაგიკული ფაქტი ალბათ მაინც ადამიანის გარდაცვალებაა. სკოლა რომ დავამთავრეთ, ჩვენი კლასელი თორნიკე ბარამიძე გარდაიცვალა. ეს იყო პირველი ახალგაზრდული შოკი. გარდა ამისა, ბებიების დაკარგვა: ერთი სკოლაში სწავლისას გარდამეცვალა, მეორე კი - სტუდენტობისას. მათ ჩემს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვეს. როგორც ამბობენ, მათი გარდაცვალების შემდეგ მართლა მთავრდება ცხოვრების გარკვეული ეტაპი - ბავშვობა.

- რომელიმე ეტაპზე დღიურებს წერდით?

- კი, დღიურებს ვაწარმოებდი და დღემდე მაქვს შენახული, ვერ ვაგდებ. თუმცა ხშირ შემთხვევაში მქონია წყვეტებიც და მერე ისევ მივბრუნებივარ.

- საქმის მიმართაც ხომ არ გახასიათებს ასეთივე დამოკიდებულება? აქვე ისიც ვთქვათ, ამჯერად რით ხართ დაკავებული...

- არა, საქმე ბოლომდე მიმყავს. თან, ისეთი პროფესია მაქვს, თუ რამე იძულებით არ მოხდა, შენით ვერ შეწყვეტ. არ მახსოვს, რამე პიესა დასადგმელად ავირჩიო, დავიწყო და ბოლომდე არ მივიყვანო. ერთადერთი გამონაკლისი ამ პანდემიაში, თეატრალურ უნივერსიტეტში "ბერნარდა ალბას სახლზე" მუშაობის პერიოდი იყო, რომელიც თემურ ჩხეიძისა და ჩემს სტუდენტებთან დავდგი. კორონავირუსის გამო არაერთხელ მოგვიხდა გაჩერება და შემდეგ რეპეტიციების განახლება. პერიოდულად ყველამ მოვიხადეთ, ეს იყო ჩვეულებრივი კოშმარი. ძალიან გაგვიჭირდა... ახლა ბატონ თემურთან ერთად ვდგამთ "სეილემის პროცესს". რამდენიმე მსახიობთან ერთად, საბავშვო სტუდიაც გვაქვს - "თეა-ტრი", სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი გვყავს და მათთან ვმუშაობთ. მსახიობობას თავი დავანებე, "თავისუფალ თეატრში" ვარ როგორც რეჟისორი და იქ რეპერტუარში ჩემი ერთი სპექტაკლია. გოგა ახალ როლზე მუშაობს და მთლიანად ამაზეა გადართული. ბატონი ავთო ვარსიმაშვილი "ოტელოს" დგამს, სადაც გოგა ოტელოს როლს შეასრულებს.

- ესე იგი, როგორც მსახიობი აღარ მუშაობთ...

- დიახ. შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და რეჟისორობის სურვილი გამიჩნდა, თუმცა აქამდე ბევრი ეტაპი გავიარე და საამისოდ დიდი დრო დამჭირდა. იცით, რომ ჩვენი პედაგოგი შალვა გაწერელია იყო და დავამთავრე თუ არა, ასპირანტურაში ჩავაბარე. შემდეგ მისი ასისტენტი ვიყავი. ამის შემდეგ იყო მაგისტრატურა და ახლა ვსწავლობ დოქტორანტურაში ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან. ბატონი შალვას გვერდით მთელი 10 წელი ვიყავი და ის პერიოდი ჩემთვის დიდი სკოლა იყო.

15-copy-1646729267.jpg

- ბატონ შალვასთან, 80 წლის რომ გახდა, ინტერვიუ ჩავწერე და მაშინ ვუთხარი, რომ მისი აღსაზრდელების დიდმა ნაწილმა მიაღწია წარმატებებს თავის სფეროში და ყველა განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს ამ ადამიანზე. იქნებ თქვენც გაიხსენოთ მასთან დაკავშირებული ამბავი...

- ბატონ შალვას მიაჩნდა, რომ სტუდენტებთან რეპეტიციის მიღმა ახლო ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდა და ამ "წესს" მკაცრად იცავდა. ვხვდები, რომ სწორი იყო. როცა უკვე დავამთავრეთ, მე და ჩემი მეგობრები, მსახიობები უკვე ძალიან ხშირად მივდიოდით მასთან სტუმრად და ყოველი ასეთი დღე იყო ფეიერვერკი. ბატონმა შალვამ მერე ჩვენი შვილი გაბრიელიც მონათლა და ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი ბედნიერებაა. მას ძალიან უყვარდა კერძების მომზადება და საკუთარი ნახელავით გამასპინძლება. ბიჭებს განსაკუთრებით უყვარდათ "მუმუშას" გაკეთებული ჩაქაფული. დიდი ესთეტი იყო, როგორც საათივით აწყობილ სპექტაკლებს დგამდა, ჩვენი დახვედრის მზადების პროცესიც ასეთივე ჰქონდა, მაღაზიაში პროდუქტის შეძენიდან დაწყებული - კერძის მომზადებით დამთავრებული... ახლა, "დიდობაში" ის უფრო მაკლია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტად მიწევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, სულ უფრო მეტად მჭირდება და დღეს რომ შემეძლოს ბატონ შალვასთან საუბარი, ზუსტად ვიცი, რა კითხვებს დავუსვამდი...

- სამი ადამიანის დასახელება რომ გთხოვოთ, ვინც ყველაზე დიდი კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში, ერთ-ერთი ალბათ შალვა გაწერელია იქნება, ხომ?

- რა თქმა უნდა, შალვა გაწერელია და მოდი, მხოლოდ მისით შემოვიფარგლები. ის იმდენად გამორჩეული და გენიალური იყო, ალბათ არავის ეწყინება ასე რომ ვთქვა...

- მსოფლიოს მასშტაბით თქვენთვის შთამბეჭდავი ადგილები რომელია და საქართველოში თუ გაქვთ ასეთი "კუნძული", სადაც დროის გატარება გიყვართ?

- ადამიანს თუკი აქვს ამის შესაძლებლობა, მრავალფეროვანი ემოციები უნდა დააგროვოს. ბევრგან არა ვარ ნამყოფი და ყველგან სიამოვნებით წავიდოდი. აზიას ვნახავდი, მაგრამ ევროპა მირჩევნია. წლების წინ დასთან ერთად ვენეციაში ვიყავი და ეს ჩემი ცხოვრების ძალიან ნათელი დღეები იყო. ასევე კარგად დამამახსოვრდა გოგასთან ერთად ეგვიპტეში გატარებული დრო. რაც შეეხება საქართველოს, კოტორაანთკარში ჩემი აგარაკი ძალიან მიყვარს. შემიძლია, იქ რამდენიმე თვე ისე დავრჩე, არ მომბეზრდეს. ზამთრისთვის იქ ისეთი პირობები არ არის, რომ ავიდეთ, მაგრამ კარგი თოვლი იცის და ახლა გადავწყვიტეთ, ამ საკითხს მივხედოთ.

- აგარაკზე ხეხილს უვლით, ბოსტნეული მოგყავთ, ხომ?

- დიახ, ხეხილი გვაქვს: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ალუჩა. ბარბარეს სახელზე ალუბალი დავრგეთ, გაბრიელის სახელზე - ბალი. პამიდვრის ჩითილები ჩავყარეთ და მინდა, ბავშვებმა ნახონ, როგორ იბადება და იზრდება ესა თუ ის ნაყოფი. ქოთნის წიწაკებიც გვქონდა, რომელმაც ჭკუაზე გადამიყვანა, ცისარტყელასავით იცვლის ფერს: ჯერ მწვანე იყო, შემდეგ - ყვითელი, იისფერი, წითელი... ფანტასტიკური პროცესია, როცა ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება. საერთოდ, შინ ბევრი მცენარე გვაქვს და გვქონდა, მაგრამ მათი მოვლა რთულია, ზოგი იწყენს, ხმება და ამას ძალიან განვიცდი. გოგამ კურკით ავოკადო გაახარა, მართალია, ნაყოფი არ მოგვცა, მაგრამ ისეთი ლამაზი ფოთლები ჰქონდა, შრომად და წვალებად ღირდა (იღიმის).

- ზუსტად არ ვიცი, მერამდენედ გადის განმეორებით "შუა ქალაქი" ეთერში. ყოფილა ისეთი ინტერვიუ, სადაც ამ სერიალზე არაფერი უკითხავთ?..

- (იღიმის) ალბათ ერთი ან ორი, ზუსტად არ ვიცი. დღემდე გვწერენ, დღემდე გვიხსნიან სიყვარულს. ყოველთვის სხვადასხვა თაობა უყურებდა და ახლაც ასე უყურებენ ამ სერიალს. რა თქმა უნდა, იმ წლების დავიწყება ან ცუდად გახსენება წარმოუდგენელია, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ის მე არ ვიყავი. არ ვუყურებ არც ახლა, არ შემიძლია, და არც მაშინ ვუყურებდი, როცა ვიღებდით. ამდენი სითბოსა და სიყვარულის მიუხედავად, უწინ ჩემი თავის მიმართ მქონდა პრეტენზია და ძალიან ვნერვიულობდი. თქვენთან საუბრისას ახლა საკუთარ თავში ბევრი ახალი აღმოვაჩინე და ალბათ ერთ-ერთი ისაა, რომ თვითკრიტიკული ვარ.

17-copy-1646729254.jpg

- შთაბეჭდილებებს ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ, ვის დღიურს გაეცნობოდით ყველაზე დიდი ინტერესით?

- ისევ და ისევ შექსპირის. მის დღიურს წავიკითხავდი დიდი ინტერესით (იღიმის). მიუხედავად იმისა, რომ მის ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ, მისი პიესა ჯერ არ დამიდგამს და ალბათ კარგა ხანს ვერც დავდგამ. მგონია, რომ ამას სათანადო გამოცდილება და წლები სჭირდება.

- დღეს თქვენში მსახიობი უფრო მეტია თუ რეჟისორი?

- დღეს ჩემში მსახიობი საერთოდ აღარ არის. ახლა ვფიქრობ, დღე რომ თენდებოდეს და ვიცოდე, ამ საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო, ალბათ მოვკვდები. არა იმიტომ, რომ რეჟისურა უფრო კარგად გამომდის ან პედაგოგიკა, უბრალოდ, ახალ-ახალი პიესები, თანამედროვე დრამატურგია, ამ სფეროში ძიება უფრო მაინტერესებს და მსახიობობა აღარ მინდა. ვერ ვიტყვი, რომ როგორც მსახიობმა თავი ამოვწურე, ვფიქრობ, ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჩემი კარიერა ასე არ წავიდა. მოხდა რაღაც გარდატეხა და ჩემი ბუნება დაშორდა მსახიობობას. მეგობრებსა და სტუდენტებს ხშირად უკითხავთ, მწყდება თუ არა ამაზე გული და მინდა თუ არა ისევ სცენაზე დგომა? ყველას ვპასუხობ, რომ არა, არანაირი სინანული არა მაქვს.

ანა კალანდაძე