"ერთხელ მკითხა ბიძინა ივანიშვილმა, ლუკა, შენ რამე შეცდომა ხომ არ დაგიშვიაო?" - გზაპრესი

"ერთხელ მკითხა ბიძინა ივანიშვილმა, ლუკა, შენ რამე შეცდომა ხომ არ დაგიშვიაო?"

ლუკა კურტანიძისთვის 2021 წელი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვეტერან მოჭიდავეთა შორის. გულრიფშშია დაბადებული და გაზრდილი, განსაკუთრებულად უყვარს აფხაზეთი და ამბობს, რომ ყველა გამარჯვება მხოლოდ მისი კი არა, თავისი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვებაა. ამიტომაც იყო, რომ ბევრი სიდუხჭირის მიუხედავად, სხვა ქვეყნებში უდარდელ ცხოვრებაზე უარი თქვა.

- ჩემი გამარჯვებებით ენით გამოუთქმელი სიყვარულით ვწერ ჩემს და ჩემი ქვეყნის ისტორიას, ამ განცდით ვცხოვრობ და როდესაც საქართველოს უჭირდა, მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა და ტკივილისა, ყოველთვის ვპოულობდი ძალას ჩემში. ამ სიყვარულმა გადამატანინა ჩემს ერთან ერთად ის ტკივილიანი პერიოდი, როდესაც ჭირდა და აუტანელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. მეამაყება, რომ ეს ტკივილი ჩემს სამშობლოსთან ერთად შევიგრძენი, რომ მაგ პერიოდში ჩემი საქმით და გამარჯვებით სიხარული მომქონდა ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ასე ვიხდიდი ვალს საქართველოს წინაშე, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, მისია შემესრულებინა.

- ამბობთ, რომ სწორედ ამ სიყვარულის გამო თქვით უარი, სხვა ქვეყანაში უზრუნველად გეცხოვრათ.

- დიახ, შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი ისეთი ქვეყნების წინადადებებზე, როგორიცაა: საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი. სიყვარულმა, ჩემს სამშობლოსთან რომ მაკავშირებდა, არ გადამადგმევინა ნაბიჯი, რომელიც მას დამაშორებდა. უკან თუ მოვიხედავ, ეს მეამაყება, ვისაც ჩემი სჯერა, ამას დააფასებს.

- ამ თაობაში მსგავს პატრიოტულ შემართებასა და მუხტს თუ გრძნობთ?

- ერისკაცები, რა თქმა უნდა, გვყავს დღესაც. შეიძლება ჩვენ არ ვიცნობდეთ მათ, მაგრამ ასეთი ბევრია, თავისი ცხოვრების წესითა და ქმედებით. ადამიანი იზრდება იდეოლოგიაზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა შექმნას, ეს აუცილებელია სახელმწიფოს შესანარჩუნებლად. დღესდღეობით ალბათ მოძველდა ეს იდეოლოგია, გასაახლებელია. მაგალითად მომყავს ხორვატები, როგორ წარმოაჩენენ თავიანთ ქვეყანას და რას აკეთებენ მისთვის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები. რაც ევროპის კარი გაიხსნა, ბუნებრივია, გაიზარდა მიგრაცია. მეშინია, რადგან აქედან სწორედ ისეთი ადამიანები მიდიან, ვისაც ბევრი რამის კეთება შეუძლია, იცლება საქართველო. გარდა ამისა, ის ღვაწლმოსილი ადამიანებიც, რომლებიც ქვეყანას აძლიერებდნენ თავიანთი შემოქმედებითა და ცხოვრებით, ნელ-ნელა ტოვებენ სააქაოს, ღარიბდება მათგან ქვეყანა. ახალგაზრდა თაობის იმედი უნდა გვქონდეს, არადა, მათი უმეტესობა, გარბის და თუ რამე არ მოიფიქრა სახელმწიფომ მათ უკან დასაბრუნებლად, კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავცვივდებით. კინკლაობასა და გაუტანლობას, რაც დღეს პოლიტიკურ ველზე ხდება, რაღაცნაირად შევეჩვიეთ - შეიძლება 99 რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სამშობლოს გადარჩენაზე ფიქრმა მაინც უნდა გაგვაერთიანოს.

252864637-3469458893280538-355972798212156601-n-copy-1646729469.jpg

დღეს ზოგი მხოლოდ ოპოზიციურ არხზე მიდის თავისი პოზიციის გამოსახატავად, ზოგიც - პირიქით, სამთავრობოზე. ეს არასწორია. ამ ბოლო პერიოდში მე ვიყავი განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნების ტელევიზიებში. მთელი სიცოცხლე ყველას ვაერთიანებდი, მერე დრომ მოიტანა და დავდექი იმ მხარეს, საითკენაც სახელმწიფოს განვითარების დიდი შანსი დავინახე - დავდექი ერისკაცის გვერდით, რაც მეამაყება, მაგრამ ამის გამო პოლიტიკურ ჩარჩოში ვერ მოვექცევი. ბევრი მილიარდერი მინახავს, ვინც მექაჩებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ არასდროს მხიბლავდა ეს.…მე იდეის გამო დავდექი ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი და ერთიანი საქართველო, სადაც ძლიერი და ბედნიერი ოჯახები იცხოვრობენ; იმ ადამიანის გვერდით დავდექი, ვისმა სიტყვებმა კი არა, იდეამ, უბრალოებამ და ცხოვრებისეულმა ქმედებებმა ჩემი სამშობლოს მიმართ, მომხიბლა. ეს მაძლიერებს მის ერთგულებაში. როდესაც მისთვის მადლობა მითქვამს, ყოველთვის მპასუხობდა, მადლობა ჩვენს სამშობლოს, რომელიც ასე გვიყვარსო. ბევრი რამ შემიძლია მასზე ვთქვა და მეამაყება, რომ სიცოცხლეშივე დავაფასე, რადგან ჩვევად გვაქვს, ძლიერ, გამორჩეულ ადამიანებს ვანადგურებთ, სიკვდილის შემდეგ კი ვადიდებთ და მივტირით. ზოგი ერი იგონებს ასეთ ადამიანებს და მაგალითებს ქმნის, რათა შემდეგ ამ მაგალითებზე აღზარდოს თაობები. მე ვგულისხმობ მათ, ვისაც ერი აფასებს გინდა მედიცინაში, სპორტში, მწერლობაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუ შესაბამისად დავაფასებთ ასეთ ხალხს, აღარავინ გაიქცევა ქვეყნიდან. ჩვენ კი სიცოცხლეშივე ვკლავთ მათ და მომავალ თაობას ამით რა მაგალითს ვაძლევთ? მინდა, ეს მანკიერი მიდგომა შეიცვალოს, იმ ქვეყნად მამაღმერთი თვითონ მიხედავს ყველას. მე ვაფასებ ადამიანებს, ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია, რომ ერთ პატარა სოფელში დაბადებულს ასე გამიმართლა და ბევრ კარგ ადამიანს ვიცნობ.

- ამ ბოლო დროს თქვენი მეგობრის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადების გამო კვლავ მოექეცით მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, წლების წინ მის საძინებელში სათვალთვალო კამერის აღმოჩენის გამო. თქვენ მაშინ თავდაცვის კომიტეტის წევრი იყავით და როგორც თქვით, მიმართეთ კიდეც ირაკლი სესიაშვილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს.

- მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ მხარდამჭერი ქართული იდეისა, მაქვს კრიტიკული აზრი. და როდესაც ვინმეს გავაკრიტიკებ, ეს არ იქნება ცალმხრივი. იმ ავადსახსენებელსაც კი დავუფასებ, რაც კარგი გაუკეთებია და ჩემიანს თუ შეეშალა რამე, იმასაც ვეტყვი. ამიტომაც, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, გინდა თეა წულუკიანისა და გინდა კახი კალაძის მიმართ, რომლებიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, მივმართავ ორივეს, რომ აუცილებლად შეხვდნენ ყველას, კომუნიკაცია ჰქონდეთ მეორე მხარესთანაც, რაც უნდა ნაწყენები იყვნენ ვინმეზე. სოსოსთან ურთიერთობით შეიძლებოდა საქმე აქამდე არ მისულიყო. სოსო არის ის ადამიანი, რომელიც, კომუნიკაციის შემთხვევაში, ასე არ გაბრაზდებოდა, ასე არ ეწყინებოდა, მაგრამ აქამდე მიიყვანეს...

უამრავი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს სოსოსაც, მეც, საზოგადოებასაც და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ყველაფერს კრიტიკულად უყურებენ. ჩვენი ბრალი ის არის, რომ საფუძვლიანად არ იქნა გამოძიებული ეს საქმე, მაგრამ როდესაც სპეციალისტმა, რომელიც თავად სოსომ მოიყვანა, ნახა, რომ კამერები იყო ჩახსნილი, მკვებავი კი - გადაჭრილი, მნიშვნელობა აღარ მივანიჭეთ. თან ისე ვცხოვრობდით, რომ გადასაღები არც არაფერი იყო, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, კითხვა ჩნდება, ვის აინტერესებდა „ქართული ოცნების“ ერთგული თანამებრძოლებისთვის გადაეღოთ? იმ ჯგუფს, ვინც შექმნა ეს მანკიერი სისტემა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სჭირდებოდა კომპრომატები. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდებოდა თვალთვალი. კარგი იქნებოდა, ჰქონოდა მძლავრი ნაბიჯების გადადგმის უნარი. დღეს სააკაშვილის უფლებები დაცულია და უნდა იამაყოს სახელმწიფომ, რომ დამნაშავის უფლებებს ასე იცავენ. ვინც ასე არ ფიქრობს, მაშინ მაინტერესებს, სულხან მოლაშვილს რატომ არ ჰქონდა ასეთი პირობები, რატომ არ ჰქონდა წკრიალაშვილს, თეთრაძეს და სხვა არაერთ ადამიანს, რომლებსაც ციხეებში ფიზიკურად უსწორდებოდნენ? სააკაშვილი "ნაცების" მიერ შექმნილ ციხეში უნდა ამყოფო და მაშინ დავინახავდი მის ბედნიერ სახეს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, მათ დავემსგავსოთ. ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება და პოლიტიკა გვაქვს დღეს. რამდენი უცხოელი მეგობარი მყავს და უკვირთ, უფლებების დაცვა როგორ ხდება. ამ ოპოზიციასთან თანაარსებობა და შეთანხმება ასჯერ რომ გამოაცხადო, მაინც ვერ შეცვლი. მათ ისე უნდა უპასუხო, როგორც თვითონ ესმით. აწყობთ, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი გაანეიტრალონ და შემდეგ უფრო დახვეწილად მოუღონ ბოლო ქვეყანას, ხალხი კი ისე დააბეჩავონ, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. რა შიშში ამყოფეს ეს ქვეყანა, ძალიან კარგად ვიცით.

- რას იტყვით დღევანდელ პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებაზე. ალბათ თვალყურს ადევნებთ, რა ხდება ქვეყანაში: სააკაშვილის სასამართლო სერიალები, პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე მუდმივი დავა, სოციალური სიდუხჭირე...…

- ბადრი ჯაფარიძე იყრის კენჭს რუსთავში, რამაც ნათელაშვილი გააბრაზა. არ მესმის, გუშინ და გუშინწინ თუ შედიოდა თვითონ, დღეს რატომღა მოუწოდებს, არ იყარო კენჭიო? აქტიური და გამოცდილი პოლიტიკოსია ნათელაშვილი, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ანასხლეტებმა მოატყუეს, უფრო ახალგაზრდები არიან და ალბათ უფრო სხარტები აღმოჩნდნენ პოლიტიკაში. ამბობდნენ, რომ პარლამენტში შესვლა იქნებოდა ღალატი; რომ არავინ შევიდოდა და ა.შ. თამარ ჩარკვიანის ამაზრზენი განცხადებებიც გვახსოვს ამის შესახებ, რას არ უწოდებდა ელისაშვილს, რომელმაც პირველმა გაბედა პარლამენტში შესვლა. აღმოჩნდა, რომ ეს გამოცდილი პოლიტიკოსი, ნათელაშვილი მოდუნდა და დანარჩენები ისეთი ფეთქებით შეცვივდნენ, დააგვიანდა. ასეთ პოლიტიკოსებს თვითონ უნდა გამოუტანოს განაჩენი საზოგადოებამ. სადაც თინა ბოკუჩავა იქნება პარლამენტში სასტვენით პირში და კიდევ, ელენე ხოშტარია, რომელმაც კლოუნადად აქცია სხდომათა დარბაზი, გული მწყდება, რომ მაგალითად, ბადრი ჯაფარიძე არ იქნება ან შალვა ნათელაშვილი. აღარაფერს ვიტყვი გუბაზ სანიკიძეზე, ნიკა მელიაზე დიდი დამცველი რომ გახდა სააკაშვილის. როდესაც ის გამოდის და განცხადებებს აკეთებს, მისი უახლოესი წრე ალბათ სირცხვილისგან იწვის. ის, რაც დღეს ხდება, არის მათი ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

266452143-3495731680653259-1404321937224238784-n-copy-1646729454.jpg

- თქვენ თუ დაგიშვიათ შეცდომები?

- ამ სიმარტოვის დროს უფრო ხშირად ვფიქრობ, დავუშვი თუ არა შეცდომები? ერთხელ მკითხა ბიძინა ივანიშვილმა, - ლუკა, შენ რამე შეცდომა ხომ არ დაგიშვიაო? ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვიყავი, მაშინ. არა-მეთქი, ვუპასუხე და, ეს უკვე შეცდომაა, შეცდომა ადამიანს ყოველთვის მოსდისო. - ისეთი შეცდომა არ დამიშვია, ეს ტკივილი რომ მიმეღო-მეთქი. - ძლიერი ადამიანის გადმოსახედიდან მასეა, რადგან დიდი ტვირთი დაადე იმ ადამიანს, რომელმაც შემდეგ გიღალატა. არ იყო მაგ ტვირთის მზიდველი, შენ კი ამხელა პასუხისმგებლობა მოსთხოვე, ეს უკვე შეცდომააო, ასე ამიხსნა. სხვა ბევრი გენიალური ფრაზა მახსოვს მისგან.…

- რაზე გწყდებათ გული?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობის დროს არქივს ვკურირებდი და ჩართული ვიყავი ძალიან მნიშვნელოვან, ქართულ-აფხაზურ პროექტში, რომელიც ევროსაბჭოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ჯერ ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. კონფლიქტიდან 27 წლის შემდეგ შევხვდი იმ ადამიანებს, ვისთანაც დაპირისპირებული ვიყავით, მაგრამ წამით არ მიგრძნობინებია ეს მათთვის - მათაც ხომ იგივე განიცადეს. როდესაც შევხვდით, პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, მივედი ერთ-ერთთან და ვუთხარი, ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი ტკივილი და მონატრება დამიგროვდა თქვენ მიმართ-მეთქი. მივხვდი, დაძაბულობა უცებ მოიხსნა და მათთვის გავხდი ადამიანი, რომელთანაც ისაუბრებდნენ იმის შესახებ, რაც თვითონაც აწუხებდათ. მეამაყება, რომ ვმონაწილეობდი ამ პროექტში, რომლის საშუალებითაც ქართული მხარე აფხაზებთან საერთო ენას მოძებნის და გული მწყდება, რომ 13 დეკემბერს, მინისტრის ბრძანებით, წამოვედი აკადემიიდან და პროექტს ჩამოვშორდი. იმედია, პრეზენტაცია მალე გაიმართება თბილისშიც და სოხუმშიც. იმედს არ ვკარგავ, რომ ფეხზე კვლავაც მყარად დავდგები და კიდევ მეტის გაკეთებას შევძლებ სამშობლოსთვის.

ნინო ჯავახიშვილი