რა დროს ხდება ცივსისხლიანი და დაუნდობელი ანა ამილახვარი - გზაპრესი

რა დროს ხდება ცივსისხლიანი და დაუნდობელი ანა ამილახვარი

"ამაყია. მის დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი ღრიალა ლომი აღიმართება. სხვების მართვა უყვარს. იღბლიანი ადამიანია. ხშირად "ჩვეულებრივ მოკვდავებს" ზემოდან დაჰყურებს. მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ლომს, ეს კი მსახიობ ანა ამილახვრის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია, ეზოტერიკა, მედიტაცია, ფილოსოფია... რაც ადამიანის ფსიქიკასთან არის კავშირში, ყველაფერი ძალიან მაინტერესებს. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. საკუთარი თავის შემეცნება საინტერესო პროცესია. ეს ყველაფერი მე, როგორც მსახიობს, ძალიან მჭირდება. მსახიობის ოსტატობაც ხომ ესაა, - შეისწავლოს ადამიანი (მისი ქცევები), რომ შემდეგ თავის როლში გადმოიტანოს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ასტროლოგიაში სიღრმისეულად ვერ ვერკვევი. მეგობრებს, რომლებსაც ამ მიმართულებით ცოდნა აქვთ, რჩევებს ხშირად ვეკითხები. ასტროლოგიას არ ვუყურებ, როგორც წინასწარმეტყველებას. მე მაინტერესებს ჩემი მდგომარეობა აქ და ახლა, სად არიან ჩემი ვარსკვლავები და ჩემზე როგორ ზემოქმედებენ. ჩემი დაკვირვებით, მთვარეზე ძალიან დამოკიდებული ვარ. როცა სავსემთვარეობაა, შფოთვები მეწყება, ამას ზებუნებრივი ძალა იწვევს. ამ ყველაფრის ცოდნა ყველაზე მეტად საჭირო ახლაა. თანამედროვე ეპოქაში, როცა ტოტალურ გადატრიალებასთან და დიდ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, რაღაც გაუგებრის მოლოდინში, ყველანი შოკში ვართ.

15578809-1745748075752175-6985492068164896857-n-copy-1646730092.jpg

- "ლომი მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულს და თეატრს განაგებს".

- ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მე კი არ ავირჩიე მსახიობობა, ამ პროფესიამ თავად ამირჩია. ძალიან გამიმართლა, ჩემი თავი ამ მიმართულებით ბავშვობიდანვე რომ ვიპოვე და დღეს, როცა თეატრში ვარ და სცენაზე ვდგავარ, თავს სწორ ადგილზე ვგრძნობ. ხშირად ეს სიყვარული რთული პერიოდების გადატანაშიც მეხმარება.

- "ვერ იტანს სიბნელეს და მარტოობას, ითრგუნება".

- ხანგრძლივად - არა, მაგრამ პერიოდულად განმარტოება ძალიან მიყვარს, ხელოვანისთვის ეს მნიშვნელოვანია. დრო ან სივრცე განსამარტოებლად თუ ვერ ვიპოვე, ეს მერე ჩემზე ძალიან მოქმედებს. უზომოდ მგრძნობიარე და ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან მიმაქვს, ამიტომ მჭირდება განმარტოება, რომ საკუთარი შეგრძნებების ანალიზი გავაკეთო. ხშირად ვცდილობ, ვიყო სრულიად მარტო მუსიკასა და მედიტაციასთან.

- "ამაყია, მის დამცირებას თუ შეეცდებით, თქვენ წინაშე საშინელი ღრიალა ლომი აღიმართება".

- ლომი მუდმივად ცდილობს იყოს განსხვავებული, რომ თავისი კვალი დატოვოს. არ უნდა სხვებს ჰგავდეს, ამისთვის შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, იშრომოს 24 საათის განმავლობაში. იყოს მისაბაძი, მეფური, ღირსეული ადამიანი, ამისთვის ცხოვრობს ლომი და როცა ვიღაც მის აბუჩად აგდებას ან დამცირებას ცდილობს, მაშინ დესპოტი ხდება, ძალიან ცივსისხლიანი და დაუნდობელი, მე ვიტყოდი, სამართლიანად დაუნდობელი.

- მსგავსი მომენტები ცხოვრებაში თავად გქონია?

- ხშირად. მაგალითად, როცა ჩემს პროფესიაში ჩაუხედავი ადამიანები ცდილობენ, ზედაპირული დასკვნები გამოიტანონ, აგდებულად მიუდგნენ საქმეს, რომელზეც ვგიჟდები. ასეთებთან ვარ ძალიან მკაცრი და საშინელი პასუხები მაქვს.

15135923-10154690638629522-4864712121688191250-n-copy-1646730111.jpg

- "სხვების მართვა უყვარს. ხშირად "ჩვეულებრივ მოკვდავებს" ზემოდან დაჰყურებს. მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- სხვების მართვა კი არა, ერთობა და გუნდურობა მიყვარს. რაც შეეხება ჭკუის სწავლებას, წაკითხული მაქვს, ლომს აქვს უნარი, მიიღოს ინფორმაცია, დაამუშაოს და მერე სხვას გადასცეს. ეს მასწავლებლის თვისებაა. გაზიარების მომენტი მიყვარს, რაც უნდა ვნახო, წავიკითხო, დავათვალიერო, მხოლოდ ჩემთვის არ მინდა, სხვებსაც უნდა გავუზიარო. ურთიერთობა ხომ ემოციების მუდმივი გაცვლა-გამოცვლაა. ვცდილობ, ჩემი პირადი გამოცდილება ვიღაცას დავანახვო, მაგრამ თავს არ მოვახვიო. "მოკვდავს" ვუწოდებ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ჰობი, ინტერესი, აღფრთოვანების უნარი, რაღაც მიზანს არ ემსახურება, არ უყვარს, ვერ განიცდის... ასეთი ადამიანი არ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს. სულ ვცდილობ, როცა რამეს გავაკეთებ ან გავაფუჭებ, დავფიქრდე, გავაანალიზო, კონკრეტული ქმედება რატომ ჩავიდინე? საკუთარ თავს შეკითხვებს ხშირად ვუსვამ. ამ დროს ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ თავთან შეკითხვები საერთოდ არ გააჩნიათ, ბევრი სტერეოტიპი გაუაზრებლად აქვთ მიღებული. აი, ასეთ ადამიანებთან დროის დაკარგვა არ შემიძლია. ვიღაცამ ამ ქცევას შესაძლოა "ზემოდან დახედვა" დაარქვას.

- საკუთარი თავი ამპარტავნებაში გამოგიჭერია?

- ასეც მომხდარა. ხან ძალიან თავდაჯერებული ვარ, ხან ეს განცდა მინულდება. როცა საკუთარ თავს შემოვუძახებ, ამ შემოძახილში შეიძლება ვიღაც, ვინც ჩემს შეჩერებას ცდილობს, გვერდით გავწიო. როცა ტემპერამენტი მომაწვება და მაქვს შეგრძნება, მე ეს გამომივა და ამ დროს მესმის კეთილის მსურველების ფრაზები, "რატომ იღლები", "ამ სირთულეს რატომ ეჭიდები"... ამ დროს ვიღაცის თვალში ჩემი ქცევები შესაძლოა ამპარტავნული იყოს. მირჩევნია, ვცადო და არ გამომივიდეს, მეტიც - ვცადო და წავაგო, ვიდრე არაფერი გავაკეთო. ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა საკუთარი თავს, შესაძლებლობებს არასწორად ვაფასებდი, მაგალითად, ვხატავდი და ამ მიმართულებით ვერ განვვითარდი, დავკომპლექსდი.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის მზესავით ანათებს ან დარდისგან კვდება".

- ვერაფერს ვაკეთებ, თუ არ მიყვარს. საქმე, რომელსაც სიყვარულით არ მივუდგები, ვიცი, არ გამომივა. სიყვარულს რა დოზითაც გავცემ, მინდა, იმის ნახევარი მაინც დამიბრუნდეს, თუ - არა, მირჩევნია, საერთოდ არ გავცე, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირად ურთიერთობებში ვიღაცას უკუკავშირი არ სჭირდება, მე დღეში რაც უფრო ხშირად გავიგონებ სიტყვას "მიყვარხარ", უკეთესად ვარ, ამით ვსაზრდოობ, ვძლიერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარ დეპრესიული, უბედური ადამიანი, რომელიც მხოლოდ ნაცრისფერს ხედავს.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- დახმარებას სხვებისგან ვიღებ, მაგრამ ყველაფერი ჩემით მირჩევნია, უფრო დიდი ფასი აქვს. ადამიანების დახმარება მიყვარს, როცა შენ გაქვს მიმღებლობა, შეგიძლია მომისმინო, ერთად გავიაზროთ პრობლემა, შენს დახმარებაში მეც გავიზარდო, მაშინ მე ამ დახმარებაში აზრს ვხედავ და ეს ჩემთვის შემოქმედებითი ხდება. ქულის დასაწერად გადადგმული ნაბიჯი, დახმარება არ არის, პოზაა, ვიღაც თავს იმხნევებს, როგორი კეთილშობილი ადამიანია. ვეხმარები, როგორც შემიძლია, მაგრამ როცა ეს არ შემიძლია, ფუჭ მოლოდინს არავის ვუქმნი. ვერ ვიტან მიდგომას, როცა გეუბნება დამეხმარეო, მიდიხარ, თავის ამბავს გიყვება, გიყვება და ამ დროს შენი აზრი საერთოდ არ აინტერესებს, თავის ცუდ განწყობას გადმოგანთხევს, მე კი იმდენად მგრძნობიარე ვარ, ყველა დეტალი გულამდე მიმაქვს.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- ყველა სფეროში არის კონკურენცია. არ ვაპირებ დათმობას, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო, მაგრამ ყოველთვის ძალიან სამართლიანი ვარ. უსამართლობას ვერ ვიტან! უსამართლო გზით, ქცევით მიღწეული არანაირი წარმატება არ მინდა, იმიტომ რომ იმ მიღწეულს ჩემთვის ფასი არ ექნება. კონკურენციის მომენტი მიყვარს. ეს ის არის, რაც მე მამოძრავებს, ხალისს და ენერგიას მაძლევს. ვთვლი, რომ ჩემმა მეგობარმაც იგივე უნდა გააკეთოს, ოღონდ სამართლიანად იმოქმედოს. ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ კარგებში საუკეთესო გახდეს.

- იღბლიანი ხარ?

- იღბლიანი ვარ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიკეთეები მარტივად არასდროს მოდის, უნდა ვიბრძოლო და მოვიპოვო. ცხოვრებაში ბევრი გამარჯვება მაქვს განცდილი, ოღონდ დიდი შრომის ფასად. ჩემთვის შენების, შექმნის პროცესია ძალიან საინტერესო. თეატრში რეპეტიცია ძიების პროცესია, მუშაობის ეს ეტაპი გამორჩეულად მიყვარს.

- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გიჭირს?

- ოჯახის წევრებს რჩევებს ყოველთვის ვეკითხები. ყველას აზრს ვისმენ და საბოლოოდ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

- "მას მუდმივად სჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს, დაეხმარება და თავდაჯერებულობას აუმაღლებს".

- მართალია, ყოველთვის მჭირდება ადამიანი, რომელიც მეტყვის, რომ ვუყვარვარ. ზოგჯერ პესიმიზმისკენ ვარ მიდრეკილი. ძალიან ტემპერამენტიანი ვარ. ბევრჯერ უთქვამთ, შენ ახლა გაბრაზებული ხარ? არა, უბრალოდ ამბავს ძალიან დიდი ემოციით ვყვები და ზოგიერთი ასე აღიქვამს. ზოგჯერ უბოდიშოდ პირდაპირიც ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვმუშაობ, "თუ შეიძლება", "გეთაყვა", "იქნებ" - ამის თქმის და პრანჭვის დრო ყოველთვის არ მაქვს და ზოგჯერ სწყინთ. უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, მერე მიწევს მობოდიშება, ზოგიერთს ცივი ვეჩვენები, სინამდვილეში ასე არ არის. უთქვამთ, შენ ისე დადიხარ, შენ ისე ლაპარაკობ... სისულელეებს მეუბნებიან, სინამდვილეში ადამიანებზე ვგიჟდები, ყველაზე მეტად მიყვარს.

თამუნა კვინიკაძე