"კიდევ კარგი, მშობლებმა რუსეთში არ წამიყვანეს" - გზაპრესი

"კიდევ კარგი, მშობლებმა რუსეთში არ წამიყვანეს"

საქმიანობა და შემოსავალი მსახიობ მაკა ძაგანიასთან ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემაა: მაკას ოცნებები და გეგმები ბალეტის სფეროს უკავშირდებოდა, მაგრამ იძულებული გახდა, მიზნებზე, რომლისკენაც წლების განმავლობაში ილტვოდა, უარი ეთქვა და მსახიობის პროფესია აერჩია. საბალეტო სპექტაკლებს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ უყურებს...

- სავარაუდოდ, ფულის საჭიროება ადრეულ ასაკში გავიაზრე, რადგან მოგეხსენებათ, 80-90-იანი წლების ბავშვი ვარ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველაფერი დაინგრა, დაიქცა და ქართველ ხალხს ძალიან გაუჭირდა. მახსოვს, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო - ფინანსურად ყველას უჭირდა.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- როგორც კი ადამიანი "გონში ვარდები", ყოველთვის ცდილობ, საკუთარ შემოსავალზე იზრუნო, მაგრამ საქმე ის არის, ამას როგორ შეძლებ. მაგალითად, მუშაობა პირველად რომ დავიწყე, თეატრალურ უნივერსიტეტში ცეკვის პედაგოგის ასისტენტი ვიყავი. მთელი წელი თვეში 12 ლარისთვის ვმუშაობდი (იცინის). 2003-2005 წლები იყო. ჩემი შემოსავლით ჩემს შვილს - ნუცას შოკოლადს ვუყიდდი ხოლმე... მერე, ნელ-ნელა თეატრში მეტად დავიტვირთე, რაღაცები შეიცვალა, მაგრამ საქართველოში რომ მიზერული ხელფასები არსებობს და ყოველთვის იარსებებს, ამაზე 2 აზრი არაა. ეს სასაცილოა, თუ სატირალი არა.

- ოდესმე თქვენი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული სამუშაო შეგისრულებიათ, თუნდაც - ერთჯერადად?

- კი, როგორ არა? დედაჩემი კინოსფეროში მუშაობდა და რეკლამებზე მუშაობისას ყოფილა შემთხვევები, როცა ასისტენტად წავსულვარ, კასტინგზე მივსულვარ, რაღაცებში დავხმარებივარ, თუმცა ალბათ რადიკალურად განსხვავებული სფერო მაინც არაა. რაღაცნაირად, მაინც ისე გამოვიდა, რომ რაც ვისწავლე, ყოველთვის იმის საფუძველზე ვმუშაობდი.

- შეიძლება ითქვას, რომ დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ?

- ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლომდე ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ახლახან, პანდემიისას, ისეთი პერიოდი მქონდა, როდესაც მთელი ოჯახი მთლიანად დედაჩემის კისერზე გადავედით - "კაპიკი" შემოსავალი არ მქონდა. 1 წელი საერთოდ შემოსავლის გარეშე ვიყავი დარჩენილი, რადგან ყველაფერი გაჩერდა, არაფერი აღარ ფუნქციონირებდა, რასაც ვაკეთებდი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ - 1 წელი მართლა დედამ გაგვატანინა.

- პანდემიამდე ფინანსური კრიზისები გქონიათ?

- რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც ბევრჯერ მქონია ფინანსური კრიზისი, მიკროსესხები... ალბათ ხალხს მაინც ჰგონია, რადგან ტელეეკრანზე ვჩანვართ, ცნობილი სახეები ვართ, სხვანაირად ვცხოვრობთ. სხვებისგან არაფრით განვსხვავდებით კი არა, შეიძლება, უფრო ცოტა შემოსავალიც გვქონდეს, ვიდრე მაგალითად, ბანკის თანამშრომელს. გაჭირვების პერიოდი ბევრია. ერთხელ მკითხეს, სხვა ქვეყანაში რომ ყოფილიყავი "მაკა ძაგანია", როგორ იცხოვრებდიო? პირველად მაშინ დავფიქრდი - სხვა, აწყობილ ქვეყანაში ვინმე ასეთ სერიალში, ასეთი გმირის როლს რომ ასრულებდეს, როგორიც "ჩემი ცოლის დაქალები" და თინას პერსონაჟია, ჩემზე ბევრად კარგად იცხოვრებდა. წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ რეალობა ასეთია, რა. ყველამ იცის, რომ საქართველოში მსახიობები გაჭირვებულები არიან.

- თანხა ვალად აგიღიათ ან თქვენგან თუ ითხოვენ სესხად ფულს?

- კი, ასეც ყოფილა და ისეც. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ეპიზოდებია...

- მოვალისთვის შეხსენება დაგჭირვებიათ, რომ თანხა დაებრუნებინა?

- არა, არა... ამ ეტაპამდე საქმე არ მისულა. თუ თანხაც ერთმანეთისგან გვისესხებია, ყოველთვის ისეთი ახლობლები ვყოფილვართ, არ დაგვვიწყებია, რომ ერთმანეთის ვალი გვაქვს და დროულად დაგვიბრუნებია (იღიმის).

- დღესდღეობით თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- მხოლოდ და მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალები". ამ ეტაპზე ჩემი თეატრალური სტუდია დაკეტილი გვაქვს. სავარაუდოდ, სექტემბრიდან ავამუშავებ... 2021 წლის სექტემბერში მუშაობას რომ ვიწყებდით, მივხვდით, ისეთი ეპიდემიური სიტუაცია იყო, რომ აზრი არ ჰქონდა... მერე ვიფიქრე - იანვრის არდადეგების შემდეგ "გავიხსნებით"-მეთქი, მაგრამ ომიკრონმა შემოგვიტია - ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა... თავადაც პირველკლასელი შვილი მყავს. ბავშვი მეც არც ერთ სტუდიაში არ დამყავს. ონლაინსწავლების რეჟიმზეა. გადავწყვიტე, რომ ჯობია, ჯერ თავი შევიკავო და სექტემბრიდან, თუ სიტუაცია დარეგულირდება და ყველაფერი ჩაწყნარდება, სტუდიას ლაღად გავხსნით (იღიმის)...

- მაკა, როგორ ფიქრობთ, გონიერი მხარჯველი ხართ?

- ძალიან გონიერი, რადგან სხვა გზა არ მაქვს (იცინის). როდესაც მაგალითად, გაზის გადასახადი 300 ლარი მოგდის, თანხას გონივრულად ანაწილებ ადამიანი, რადგან უბრალოდ, სხვა გზა არ გაქვს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩემი შემოსავალი გონივრულად მყოფნის. საერთოდ, იმას ვყიდულობ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში პრიორიტეტულია. უხეშ მაგალითს მოვიყვან: თუკი ტონალური კრემი ცოტაღა მაქვს და აღმოჩნდა, რომ ტაფა აღარ მივარგა, ტაფას შევიძენ, რადგან ტონალური 3 დღეში გამითავდება და მასზე 3 დღის შემდეგ ვიფიქრებ. იმას ვიყიდი, რაც კონკრეტულად, დღეს მჭირდება.

- ოჯახურ ბიუჯეტს ვინ განკარგავს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთად განვკარგავთ. "ჩემი", "შენი" - ეს თემა არ გვაქვს.

- თქვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება? რამე სისუსტეც ხომ არ გაქვთ, რის გამოც თანხის დაუფიქრებლად დახარჯვა შეგიძლიათ?

- სისუსტეებისთვის თანხა არ მრჩება. ჩემი შემოსავალი ძირითადად, კომუნალური გადასახადების დაფარვას ხმარდება, ასევე - ბენზინს და საკვებს... თანხა აღარ რჩება, რომ მერე, სისუსტე გაქვს თუ ოჯახში რაღაც გჭირდება, ადამიანმა ამას მიხედო... შემოსავლით ვცოცხლობთ - ასე გამოდის, რადგან თანხას ვერ ვაგროვებ, იმას ვერ ვაკეთებ, რაც მინდა, როგორც მინდა და ა. შ. უბრალოდ, კომუნალურებს ვიხდი. ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიცოცხლო: ვჭამთ და ბენზინს ვასხამთ. ჩემი ავტომობილი უკვე ძალიან ძველია (1996 წლის გამოშვებაა). ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, არა?.. 2-3 თვეში ისეთი დეტალი უფუჭდება, რომელიც კოლოსალური თანხა ჯდება და ეგეც თუ "წამომეწია", ხომ საერთოდ (იცინის)!..

252258560-4943647429021582-4584879423066606138-n-1647260279.jpg

- პროფესიის არჩევისას იფიქრეთ, თქვენი საქმიანობა შემოსავლიანი იქნებოდა თუ არა?

- როცა ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ბალერინობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ყველაფერი რომ გაითიშა - არც გაზი იყო, არც - დენი, ოპერა და მით უმეტეს ბალეტიც არავის სჭირდებოდა, გადაწყვეტილების შეცვლა მომიხდა. წარმოიდგინეთ, რეპეტიციებზე კაშნეებსა და ხელთათმანებში გამოწყობილები ვიდექით. ბალერინობა მართლა სასწაული, კატორღული შრომაა. თუ ადამიანს ამ სფეროში კარგად არ ჩაგიხედავს, ვერ მიხვდები, რამხელა ყოველდღიურ ფიზიკურ შრომაზეა საუბარი... ქუდში, კაშნესა და ხელთათმანებში გამოწყობილი (რადგან სიცივეში მუშაობა გვიწევდა) ვერ ვმოძრაობდი; საქართველოში სულ 3 სპექტაკლი გვქონდა: "გედების ტბა", "ჟიზელი" და "დონ კიხოტი". მეტი სპექტაკლიც კი არ იდგმებოდა. მივხვდი, რომ ჩვენთან აზრი არ ჰქონდა არაფერს. ამიტომ ეს საქმე - მსახიობობა ავირჩიე, რაც ჩემს პროფესიასთან ყველაზე ახლოს იყო: მაყურებლების წინაშე გამოსვლა, ტაში... არადა, მთელი ცხოვრება იმისთვის ვშრომობდი, რომ საბოლოო ჯამში, ბალერინა ვყოფილიყავი... არჩევა არ დამიწყია, მსახიობობა რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა. ბალეტთან შედარებით, თეატრალური სფერო ბევრად "მაღლა იდგა", რადგან ხალხი თეატრში უფრო დადიოდა... დღესაც ვერ წარმომიდგენია, სხვა რომელ სფეროში შეიძლებოდა წავსულიყავი...

- შემოსავლის გამო რამე სხვა საქმის შესრულება გიცდიათ ან "სივი" გაგიგზავნიათ?

- კი. წლების წინ, ერთხელ სოციალურ ქსელში რაღაც განცხადება "ამომიგდო" - ეძებ სამსახურსო? ჩამონათვალში ბევრი სხვადასხვა მიმართულების საქმე იყო. ბაზასავით იქმნებოდა. ვიცოდი, სამსახურში არავინ ამიყვანდა, მაგრამ მაინც ვცადე და "სივი" გავგზავნე. როგორც შენ არ წაგიკითხავს, დარწმუნებული ვარ, ჩემი "სივი" მათაც არ უნახავთ - არც შემხმიანებიან (იცინის)...

- დღეს გული გწყდებათ, რომ ბალეტის სფეროში არ ხართ? გარემოებას ხელი რომ შეეწყო, დღეს ხომ ბალერინა იქნებოდით, არა?

- კი, აუცილებლად ამ სფეროს "წავყვებოდი". ბალეტს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ ვუყურებ, ჩემთვის ისეთი ემოციურია, რადგან მართლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელზეც მერე უცებ უარი ვთქვი და სხვა სფეროზე "გადავედი". კი, გული ძალიან მწყდება, ვნერვიულობ ხოლმე. სოციალურ ქსელში ბალეტთან დაკავშირებული ბევრი გვერდი გამოწერილი მაქვს. როცა მათ "პოსტებს" წავაწყდები, გული სხვაგვარად მიცემს... როცა წლების განმავლობაში რაღაცისკენ ილტვი, მერე ძნელია, რომ ამაზე უარს ამბობ...

უკრაინის, ჩვენი და საერთოდ პოლიტიკური სიტუაციის გამო, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ რუსეთის ხსენება საერთოდ არ მინდა, მაგრამ რუსული ბალეტი ყველაზე ძლიერი იყო. ჩემს მშობლებს ურჩიეს - ბავშვი რუსეთში წაიყვანეთ, იქ ყველა ვარიანტში წარმატებას მიაღწევს, აქ კი დაიღუპებაო. ისეთი პერიოდი იყო, რომ მაშინ მშობლები რუსეთში ვერ წამიყვანდნენ ან თავიანთ პროფესიაზე უარი უნდა ეთქვათ... დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა - რუსულ ბალეტში და რუსეთში არ აღმოვჩნდი... მოკლედ, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, ალბათ უკეთესობისკენაა მიმართული... კიდევ კარგი, რომ მშობლებმა რუსეთში არ წამიყვანეს. დღეს შექმნილმა სიტუაციამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. რუსეთში ქართველიც ბევრია. მათიც კარგად მესმის, რადგან ისინი იქ სხვა პერიოდში მოხვდნენ. ამიტომ მათ კი არ ვგმობ და ვაძაგებ, პირიქით - მათი კარგად მესმის. მიმაჩნია, რომ უბრალოდ, ვერ შეძლებენ, ყველაფერი მიატოვონ...

ეთო ყორღანაშვილი