"ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ვიტან, მათზე ცუდი ხალხი არ არსებობს" - გზაპრესი

"ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ვიტან, მათზე ცუდი ხალხი არ არსებობს"

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს მთელი მსოფლიო აპროტესტებს. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას: ზოგი უკრაინაში იბრძვის, ზოგი ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის ომით დაზარალებულებისთვის... თავად ჩვენი ქვეყნის მთავრობის პოზიცია მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელია. ერთ-ერთი მათგანი მსახიობი ზურა ნიჟარაძე გახლავთ, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ.

- როგორც იქნა, მთელი მსოფლიო იმაზე შეჯერდა, რომ პუტინი აგრესორია. ვფიქრობ, ბევრ რამეს ფარდა აეხადა და ხალხი მიხვდა, რომ 2008 წელს ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ვოლოდიმირ ზელენსკი 21-ე საუკუნის ჩერჩილივით არის - მაგარი პრეზიდენტია. ჩემგან მას და უკრაინელ ერს დიდი პატივისცემა! ასეთი მაგარი ხალხი თუ იყო, არ ვიცოდი. ყველა იბრძვის: ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა... მსოფლიოში ხალხმა გააცნობიერა, რომ პუტინი აგრესორია და არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, ეს ბოროტების მანქანა არ დასრულდეს. არც პოლიტიკოსი ვარ და არც - პოლიტოლოგი, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველები იქ უნდა ვიდგეთ, სადაც დღეს მსოფლიო დგას. ჩვენ რუსეთს რა სანქციები უნდა დავუწესოთ, ისეთი რა გვაქვს?!. მაგრამ სიტყვით უნდა გამოვიდეთ da უკრაინის მხარდაჭერა გამოვხატოთ. კი, ხალხი გარეთ გამოდის, მაგრამ მთავრობამაც თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში, მხარდამჭერ აქციებს მხოლოდ ხალხი აწყობს. მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავრობა უკრაინას დღეს გვერდით უნდა დაუდგეს. ჩათვალეთ, რომ ამით მხარდაჭერას საკუთარ ქვეყანასაც გამოუცხადებს. ახლა რომ ამბობენ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნეთო, ეს რას ნიშნავს? შეიძლება, მშვიდობა და სტაბილურობა თბილისში შევინარჩუნეთ, თორემ აბა, გორში წადით და ნახეთ: ყოველ ნახევარ საათში, იქ მცოცავი ოკუპაცია გადმოდის და გადმოდის... იქ ხალხი ცხოვრობს, ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს. ზოგს დედა ე.წ. საზღვარს იქით ჰყავს დასაფლავებული და აღდგომას მშობლის საფლავზე ვერ გადადის. ერთს საოკუპაციო ხაზს მიღმა ძაღლი დარჩა... ეს რომ გავიგე, გული გამიჩერდა, ტირილი დავიწყე... ასეთი საშინელება ხდება, ამას ჰქვია "მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება", რაკი ვერაფერს ვგრძნობთ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში?.. ეგ რა არის, რა ბიჭობაა?! გიჟის გარდა, ომი ვის უნდა? გიჟი არის პუტინი და ომობს. არაფრით შეიძლება მთელი ცხოვრება თავის დახრა, ჩირგვში ჯდომა და თქმა, - არ გავაღიზიანოთ, არ გავაღიზიანოთო... საქართველო პატარა ქვეყანაა. ისეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, რომ ნეიტრალიტეტს არ მოგვცემენ. ვფიქრობ, ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს და მივესალმები, ვინც მხარდამჭერ აქციებზე გამოდის. უბრალოდ, პირადად მე, კორონავირუსი მაქვს და სახლში ვარ... რაღაც მოვიფიქროთ. ხომ ხედავთ, უკრაინის საკითხში ყველა ჩაერთო: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ნატოს წევრი 30-ვე ქვეყანა... მდიდარი სახელმწიფო არ გვაქვს. უკრაინას ხმით მაინც დავუდგეთ გვერდით...

როგორი ამბავია, როცა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადებენ იქ, სადაც მთელი მსოფლიო ზელენსკის და უკრაინას ტაშს უკრავს? ეს ჩვენთვის კარგია? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი პრაგმატული პოლიტიკაა - რუსეთი არ გავაღიზიანოთ, მერე ომი ჩვენ არ მოგვიბრუნდეს, რუსეთმა არ დაგვბომბოს, ვინ დაგვეხმარება? არ გაგვჟუჟონო... შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ გაგვჟუჟონ. თუ საჭირო იქნება, უნდა ვიომოთ კიდეც. აბა, ისე ომით წართმეულს ხონჩით ვინ მოგართმევს?! ვიღაცები, ვინც რუსეთუმეები მგონია, ამბობენ, - მერე მე ვიომო? ჩემი ქმარი ომში უნდა წავიდეს, თქვენ კი აქ იყოთო? მეც უნდა ვიომო და მისმა ქმარმაც... საერთოდ, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ: ჯარისკაცმა - ჯარისკაცის, ხელოვანმა - ხელოვანის, მეპურემ პური გამოაცხოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ამის მაგალითები გვქონია - კრწანისის ბრძოლას მაჩაბლის დასი შეეწირა... 1918-21 წლები - ეს გადასარევი პერიოდი გვქონდა, გავიბრძოლეთ, მაგრამ მერე ვეღარ "გავქაჩეთ", ისევ ჩვენებმა შემოგვიტიეს. მას შემდეგ ვიძახით, - ქართველები ვაჟკაცი ხალხი ვართო... ნახეთ, რამხელა ტერიტორია გვქონდა, ახლა კი იმის ნახევარიც არ გვაქვს. ამაზე გული მწყდება... არსებობს სიტუაციები, როცა თავს ზემოთ ძალა არ არის და უნდა გაჩერდე, რადგან შეიძლება, მართლა გადაშენდე. ახლა, როცა მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, პუტინს უტევს, შენც უნდა შეუტიო! ეს ჩემი აზრია - ვინმეს კი არ ვახვევ თავს?! მგონია, როცა მტერს უჭირს და მთელი მსოფლიო მარწუხებს უჭერს, რაღაცნაირად, მსოფლიოს შენც მხარი უნდა დაუჭირო, რაღაც უნდა გააკეთო, თორემ ისე ვერ განვვითარდებით, ისე არავინ მიგვიღებს. ვამბობთ, რომ რუსეთის ქმედებებს ვგმობთ, მაგრამ სანქციებს არ ვუწესებთ. ჯერ ერთი, რა სანქციები უნდა დავუწესოთ?! ჯობია, საერთოდ არაფერი თქვა, არ გამოჩნდე... პოლიტიკურ ფიგურებთან კი არ მაქვს პრეტენზია? ვინმეს მხარეს კი არ ვარ? საერთოდ, ვერც ერთ პოლიტიკოსს ვერ ვიტან, რადგან მათზე ცუდი ხალხი არ არსებობს... ყველამ ხმა ავიმაღლოთ - მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანები ვიქნებით, სპორტსმენები, პოლიტიკოსები თუ მთავრობის წარმომადგენლები. მსოფლიოს გვერდით უნდა დავდგეთ, რადგან ჩვენი "სამომავლო ხაზი" მართლა უკრაინაზე გადის. თუ რუსებმა უკრაინა დაიპყრეს და დაიმონეს, რა თქმა უნდა, მერე ჩვენც საბოლოოდ დაგვიმონებენ... შეიძლება, მერე რუსეთმა პოლონეთი მიიერთოს, წავიდეს, წავიდეს...

ყველა საუკუნეს თავისი დიქტატორი ჰყავს. ადრე თუ ჰიტლერი, სტალინი იყვნენ, ახლა არის პუტინი. 22-ე საუკუნეში კიდევ სხვა ვიღაც იქნება... ასეა, მაგრამ როცა მსოფლიო ერთიანდება, უნდა შევუერთდეთ, როგორც შეგვიძლია. გაღიზიანდეს რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ და თუ გადავრჩებით, გადავრჩებით, თუ არა და, ასე ყოფნას არ ჯობია? ჩემმა შვილმა იცოდეს მაინც, რომ როცა საჭირო იყო, მამამისმა ხმა ამოიღო და იბრძოლა. მერე ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას - არა...

უკრაინას გამძლეობას და ყველაფრის კარგად დასრულებას ვუსურვებ. რთული სიტუაციაა. ღამეებია არ მძინავს. კი, კორონავირუსი მაქვს, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ვუსმენ, ვუყურებ, ძალიან განვიცდი... თუ მთავრობა და ოპოზიცია ამას არ აკეთებს, საქართველოდან უკრაინელ მეგობრებს უბრალო ხალხმა დავურეკოთ და ვუთხრათ ჩვენი პოზიციის შესახებ. სამომავლოდ, იმის თქმის უფლება მაინც გვექნება, - მაშინ მთავრობა და ოპოზიცია არ ვარგოდა, ხალხი კი თქვენ გვერდით ვართ - რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ-თქო... სირაქლემiს პოზიციაში ყოფნა ძალიან სამარცხვინოა...

ქართველი ხალხის აქტიურობას ვხედავ - გადასარევი ამბავია. არა მგონია, სხვაგვარად რამე გამოგვივიდეს. მთავრობაც უნდა გამოვიდეს, რამე თქვას, იფაფხუროს, იმოქმედოს, როგორც მსოფლიო მოქმედებს... სანამ ომი დაიწყებოდა, სოციალურ ქსელში დავწერე (სანაცნობოში რუსებიც მყავს): გამოდით პუტინის წინაშე და თქვით, რომ ომი არ გინდათ-მეთქი! ბოლო დროს, მელაძემ და კიდევ ვიღაცებმა ვიდეოები ჩაწერეს - არ ვიომოთო, მაგრამ "ფეესბე" ისე მუშაობს, რომ შეიძლება ამ ხალხს მაგრად "დაერხეს", თუმცა ახლა მსოფლიომ აგრესორს მარწუხები ისე მოუჭირა, რომ შეიძლება, თავად პუტინს "დაერხეს"...

ეთო ყორღანაშვილი