რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გემოვნებიანი გამოჩნდე - გზაპრესი

რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გემოვნებიანი გამოჩნდე

"თბილისური მოდა წლების წინ დავარღვიე და ფერად სამოსს ვირჩევდი, როცა თითქმის ყველა შავებში ჩაცმული დადიოდა. ნაკლებად მაღელვებს სხვისი აზრი, მომწონს ტანსაცმელი, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ... დაახლოებით ოცი წლის წინ ვიცვამდი ფერადებს, თორემ ამ ბოლო დროს თბილისი ცოტა გაფერადდა. მაშინ ყველას ყველგან შავი უნდა სცმოდა. ძალიან ცოტა რამ მქონდა შავი, ახლა უფრო მეტი მაქვს", - ამბობს ცნობილი მომღერალი ცისანა სეფიაშვილი, რომელიც რუბრიკაში "გემოვნება" ჩავწერეთ.

- გემოვნება ალბათ გენეტიკურად უნდა გქონდეს. ეს ნიჭია, როგორც - მხატვრობის, მუსიკის და ასე შემდეგ... გემოვნებაზე ბევრია სასაუბრო, მაგრამ უმთავრესია, რომ ქალი სულ ფორმაში იყოს და როგორც ხუმრობით ამბობენ, მოუწესრიგებელი ნაგვის გადასაყრელადაც კი არ უნდა გადიოდეს! ეს ჩვევა ძალიან ადრეული ასაკიდან მოდის. ბავშვი, რომელიც სახლში მუდამ მოწესრიგებულ დედას ხედავს, აუცილებლად თვითონაც ასეთი გაიზრდება... მე მაგალითი, დედაჩემისგან ავიღე მაგალითი და შვილებიც ზუსტად ასე გავზარდე... მათ ძალიან პატარაობიდან ვაჩვევდი, რომ უნდა ყოფილიყვნენ სუფთად და ლამაზად, ეს მათი ცხოვრების წესად ვაქციე!

- სამოგზაუროდ რომელ ქვეყნებს ამჯობინებთ?

- ალბათ კარგია, როცა ყველანაირი ქვეყანა ნანახი გაქვს და ყველანაირ სიტუაციაში ყოფილხარ... რა ჯობია, როდესაც საშუალება გაქვს, სხვადასხვა ქვეყანაში დაისვენო, დაათვალიერო, გაეცნო...

ჩემთვის ერთნაირად მიმზიდველია, როგორც მდიდარი ისტორიული წარსულის ქვეყნები, ასევე ისეთები, სადაც მნიშვნელოვანი თანამედროვე მიღწევებია... როცა ევროპაში ჩავდივარ, როგორც კლუბში, ასევე მუზეუმებში შევდივარ... ამწუთას კი ისეთი გადაღლილი ვარ, ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში წავიდოდი, ცოტას მოვეშვებოდი, ყველაფერს გავეთიშებოდი და დავისვენებდი.

- პირველად რომელ ქვეყანაში იყავით?

- პირველად საზღვარგარეთ 12 წლისა აღმოვჩნდი... ტელევიზიისა და რადიომაუწყებლის ბავშვთა ანსამბლი საგასტროლოდ პრაღაში ვიმყოფებოდით... 15 წლის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი. ეს მართლაც საოცარი მოგზაურობა იყო, რადგან ორი თვის მანძილზე ამერიკის სხვადასხვა ქალაქი მოვიარე... 1989 წელს ვიყავით მე და მამა, როდესაც გზები პირველად გაიხსნა. უბედნიერესი, ცოტა არ იყოს შოკის მომგვრელი მოგზაურობა იყო... ზაფხულობით ბულგარეთში ვისვენებდით, შემდეგ პრაღაში ვიყავი და მერე უცებ ამერიკაში აღმოვჩნდი...

- სად შეხვდით ყველაზე გემოვნებიან მოსახლეობას?

- ამსტერდამში... პირველად იქ ვთქვი, როგორი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან-მეთქი... ქუჩებში საოცრად ლამაზად ჩაცმული ხალხი დადიოდა. ასევე იყო ნიცაში... სამწუხაროდ, პარიზსა და მილანში არ ვარ ნამყოფი. ამერიკაში არ მქონია განცდა, რომ გემოვნებით შემოსილ ხალხს ვხედავდი.

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც განსაკუთრებულად მისაბაძი?

- არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ვაწყენინო, ამიტომ ვერავის გამოვყოფ... საერთოდ, მე სულ ვამბობ, რომ ქართველები ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი არიან...

- ზოგიერთი თვლის, რომ ბოლო დროს თბილისური მოდა დაიკარგა...

- არ ვიცი... პირადად მე, ყოველთვის ჩემი გემოვნებით ვიმოსებოდი. კი, ფეხდაფეხ მივდევდი რაღაც ტენდენციებს, მაგრამ უმეტესად ჩემი არჩევანი მქონდა და მაქვს... აქედან გამომდინარე, თბილისური მოდა წლების წინ დავარღვიე და ფერად სამოსს ვირჩევდი, როცა თითქმის ყველა შავებში ჩაცმული იყო. ნაკლებად მაღელვებს სხვისი აზრი. მომწონს ის ტანსაცმელი, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ... დაახლოებით ოცი წლის წინ ვიცვამდი ფერადებს. ძალიან ცოტა რამ მქონდა შავი ფერის, ახლა უფრო მეტი მაქვს.

მოკლე, შავი კოქტეილის კაბა, პიჯაკი, შარვალი ყველას გვაქვს... მაგრამ სულ შავები ჩემთვის ის თბილისური მოდა იყო, რომელიც არ მომწონდა და სტერეოტიპი ბევრი წლის წინ დავარღვიე... შავი მომწონს, ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ ეტყობა, პროტესტი მქონდა, ყველას რომ ეცვა.

არც იმ აზრს ვეთანხმები, თითქოს შავი ახდუნებს... ადამიანებს, რომლებიც ჭარბი წონის დასაფარად შავ სამოსს ირჩევენ, ვეტყვი, რომ მათი არჩევანი მცდარია.

- ყოველდღიურად როგორი ჩაცმულობა გიყვართ?

- გააჩნია, იმ დღეს როგორ ხასიათზე ვარ... იცით, არ აქვს მნიშვნელობა, რა მაცვია, მაგრამ ჩემი თავი აუცილებლად უნდა მომწონდეს. სხვისთვის არასოდეს ვიპრანჭები. ჩემთვის მთავარია თავდაჯერებული ვიყო!

- მრავალშვილიანი დედა, გადატვირთული გრაფიკი და მაინც, მუდმივად ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ?

- ქალი რომ ფორმაში იყოს, ამას ნამდვილად არ სჭირდება დიდი ფინანსები. შეიძლება სულ ორი კაბა ჰქონდეს, მაგრამ გემოვნებიანად და ლამაზად გამოიყურებოდეს... ჩემი გარდერობი არასოდეს ივსება სახელობითი ბრენდებით. სიამოვნებით დავდივარ ლილოში სამოსის შესაძენად. ვიღაცისთვის მილანში შოპინგია ბედნიერება, მე კი ლილო მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ... რამდენჯერ იქ რაღაც ოც ლარად შემიძენია, ვაკეში და საბურთალოზე იგივე ლამის ორას ლარად მინახავს... რატომ უნდა მოვატყუებინო ვიღაცას თავი? თან ლილოში ბევრად გემრიელად ვარჩევ რაღაცებს.

- მეორადების მაღაზიებსაც სტუმრობთ?

- ვერ ვიტყოდი, რომ მეორადების ხშირი სტუმარი ვარ... თუმცა, ძალიან ბევრი რამ მინახავს იქ ნაყიდი უცხო და ლამაზიც... ლილოშიც შეიძლება იაფად იყიდო კარგი სამოსი, მეორადებშიც და სხვაგანაც... მთავარია სურვილი გქონდეს ელეგანტურად გამოიყურებოდე. თუ სურვილი არ გვაქვს, მერე ვაბრალებთ ყველაფერს უფულობას, ბევრი შვილის ყოლას, ბევრ საქმეს და ასე შემდეგ... ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა ქალს აქვს იმის საშუალება, რომ თმა მოიწესრიგოს... გადამეტებული მაკიაჟი არც მე მიყვარს, ყოველთვის ძალიან მსუბუქს ვარჩევ... სუფთა, ლამაზი, მოწესრიგებული და ამავდროულად, "შიგნიდან" პოზიტიური თუ ხარ, ამას არაფერი სჯობს! ერთმანეთის ბედნიერება უნდა გვიხაროდეს, ეს ყველაზე დიდი სხივი და სილამაზეა!

- პლასტიკურ ოპერაციებს, ინიექციებს ემხრობით?

- რამდენჯერ მიფიქრია, ახლა რომ ბევრი ფული მქონდეს, რამდენ რამეს გავიკეთებდი-მეთქი... დღეს ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე... რატომ უნდა დავბერდეთ და დავნაოჭდეთ, როცა არის უამრავი გზა, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ?! გადამეტებულ ცვლილებებს არ ვემხრობი, მაგრამ ზომიერად გაკეთებული ყველაფერი კარგია... ზოგჯერ ფსიქოლოგიური მომენტია, შეყვებიან და ზომიერებას ვეღარ იცავენ, რასაც ბევრი ძალიან ცუდ შედეგებამდე მიჰყავს... ასაკიც გეტყობოდეს და თან ლამაზადაც იყო - ეს საუკეთესო შედეგია... თუმცა, აქ კი ნამდვილად ფინანსებია საჭირო.

- ქართველი დიზაინერების შემოქმედებას რამდენად ადევნებთ თვალს?

- თვალსაც ვადევნებ, მაქვს კიდეც ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი. ძალიან მეამაყება, ამდენი კარგი და ნიჭიერი ადამიანი რომ გვყავს. ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც საშუალება მეძლევა, მათ მიერ შექმნილი სამოსი შევიძინო, რადგან ხარისხიანია...

- აქსესუარებზე რას იტყოდით?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ ხშირად არ ვატარებ, ცოტა არ იყოს მღლის ზედმეტი აქსესუარი... განსაკუთრებით მიყვარს ორიგინალური საყურეები. აუცილებელი არ არის ოქრო და ბრილიანტი იყოს.

60598200-2354678921219213-1981898670030716928-n-copy-1647260684.jpg

- ტელესახეები, ცნობილი ადამიანები რამდენად გემოვნებიანად იმოსებიან?

- ძალიან ბევრი მომწონს, ძალიან ბევრი - არა, მაგრამ მათ ნამდვილად ვერ დავასახელებ... ბევრჯერ მიფიქრია, ნუთუ მეგობრები არ ჰყავთ, რომ რამე ურჩიონ-მეთქი?!

პირადად ჩემთვის მეგობრების რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია და ქება-დიდებას სულაც არ ველოდები ტელეეკრანზე ან სცენაზე გამოჩენის შემდეგ... მათ ყოველთვის ვთხოვ: კარგი არ მითხრათ, ცუდი რა იყო, იმაზე მიმითითეთ, რომ გავითვალისწინო-მეთქი...

- ინტელექტიც ხომ დიდ გავლენას ახდენს გემოვნებაზე?

- რასაკვირველია! ეს უკვე აღარც განიხილება, ინტელექტი უმნიშვნელოვანესია!

მანანა გაბრიჭიძე