„შეიძლება მან მსოფლიო ბირთვულ ომში ჩაითრიოს“ - გზაპრესი

„შეიძლება მან მსოფლიო ბირთვულ ომში ჩაითრიოს“

ომი, როგორც ტრაგიკული მოვლენა, თითქოს მხოლოდ წარსულთან ასოცირდება და წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ამ გზას მიმართავდეს ესა თუ ის ხელისუფალი. თუმცა, რუსეთსა და უკრაინის შორის არსებული დაპირისპირება სწორედ ამ სასტიკი და ულმობელი სცენარით განვითარდა. მიმდინარე მოვლენებზე აზრს პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი გვიზიარებს.

- საუბარს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის, რაბინდრანათ თაგორის სიტყვებით დავიწყებ: „რა პატივისცემა უნდა მქონდეს ცივილიზაციის იმ კარიკატურის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ძალის სჯერა?!“ რა თქმა უნდა, იმავეს გავიმეორებ: რა პატივისცემა უნდა მქონდეს იმ პოლიტიკოსებისადმი, რომელნიც იმედს მხოლოდ ძალაზე ამყარებენ?!. მაგრამ მე კიდევ მჯეროდა, რომ ადამიანის გონება მთლად აქამდე არ დაეცემოდა. ფაქტობრივად, იმ ვეებერთელა სახელმწიფოს მთელმა ელიტამ (რომელიც მსოფლიოს თითქმის ერთ მეექვსედს წარმოადგენს), კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენა. მაგრამ მოდი, ესეც ვთქვათ, რომ მთავარი არა ეს ტერორისტული დაჯგუფებაა, არამედ მსოფლიო პოლიტიკა, რომელმაც პირდაპირ მწვანე შუქი აუნთო ვლადიმირ პუტინს იმისათვის, რომ ის უბედურება დაეტრიალებინა, რაც უკრაინაში ხდება. 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, იმის ნაცვლად, რომ ამერიკის იმდროინდელ პრეზიდენტს სათევზაოდ არ მიეწვია პუტინი, მისთვის სასათბურე პირობები არ შეექმნა და მსოფლიო მტკიცედ დამდგარიყო, დღეს უკრაინის პრობლემას არ მივიღებდით. ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე ყულოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მაქვს პატარა ლექსი, საიდანაც რამდენიმე ფრაზას წაგიკითხავთ: „მოვიდა, მაგრამ მტერი კვლავ წავა,/ ისევ გრძელდება სიკვდილთან დავა./ ცა ღიმილს მოგფენს, მცხუნვარე მზისებრ,/ გავა დრო, მკვდრეთით აღსდგები ისევ./ აღსდგები, შუბლით გაანგრევ ტიხარს,/ შენ ყველა კაცის ცხელ გულში ზიხარ./ ვაი, მსოფლიოს დუმილის წილად,/ მერმისი მაინც გააწნავს სილას/“.

სწორედ ეს „სილის გაწვნა“ ხდება დღეს უკრაინაში. მხოლოდ ერთი რამაა - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, პუტინს რომ გასვლოდა ეს ბლიც-კრიგი და უკრაინა ორ დღეში აეღო, არ ექნებოდა ის შედეგები, რაც უკრაინელი ხალხის ბრძოლამ მოიტანა. პუტინის გეგმა რომ ჩაფლავდა და ომი გაიწელა, მსოფლიო იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და ძილ-ბურანიდან გამოსულიყო. ჩემი დიდი სიყვარული უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ჩავთვალოთ, რომ ეს ბრძოლა გარკვეულწილად ჩვენც გვეხება. ღმერთმა არ ქნას და, უკრაინაში ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ძალმომრე ქვეყნის ლიდერს სურს, თორემ ჩათვალეთ, ჩვენც დაღუპული ვართ. და მიუხედავად იმისა, რასაც ახლა ვამბობ, არიან ისეთებიც, ვინც საეჭვო ადამიანების სიაში მასახელებენ და ამბობენ, თითქოს მე არ მიჭირავს სწორი პოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1 თვის წინ თქვენს ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი წერილი მიმდინარე მოვლენებზე, ის მაინც წაიკითხონ.

- თუ სწორად მესმის, თქვენ მიმართ ცილისმწამებლური შეფასებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თებერვალში „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივითა და ირმა ინაშვილის ხელით, პუტინთან წერილი გაიგზავნა, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი ხართ. მიმართვის შინაარსის მიხედვით, ხელმომწერნი ემხრობიან საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და სურთ საქართველო-რუსეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა. ვფიქრობ, უნდა განვმარტოთ, რაზეა საუბარი და სწორედ ამიტომ გთხოვთ განვრცობას....

- ახლა ჩემი საუბრის შემდეგ, აღარ მეგონა, თუ ამ კითხვას დასვამდით, მაგრამ გეტყვით, რომ რაც ჩვენმა პარტიამ გააკეთა, ეს იყო არა რუსეთის ხელმძღვანელისადმი პატივისცემის გამო, არამედ ვითარების განმუხტვის მიზნით. ვინც ბოლოს პუტინის გამოსვლები ნახა, მიხვდება, რომ ის შეურაცხადია. ერთ დღეს ტვინი რომ გადაუბრუნდეს, მაშინებს, რომ შეიძლება, მსოფლიო ბირთვულ ომში არ ჩაითრიოს. როცა ასეთი დიდი საშიშროება არსებობს, ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, თუ რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი. ახლა გვჭირდება მოზომილი პოლიტიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ღირსებაზე ვთქვათ უარი.

- და როგორ უნდა დავიცვათ ზღვარი ისე, რომ არც პუტინს დავუკრათ ტაში მისი ქმედებების გამო და ჩვენც სათანადო სიმაღლეზე ვიდგეთ ღირსებაშეულახავად?

- გამოსავალია ზომიერი მოქმედება. რადიკალიზმმა რაც გვიქნა, ვხედავთ, ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. იმ დამღუპველმა და გიჟურმა პოლიტიკამ, რომელსაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა, ის დარჩენილი ტერიტორიებიც მოგვიშალა, რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შორის ხიდს წარმოადგენდა. ვიმეორებ, ამას ჩვენი ღირსება არ უნდა შევწიროთ და ჩვენი ხმა კაცობრიობის ხმას უნდა შევუერთოთ.

- ალბათ არ მიწყენთ და არ იფიქრებთ, რომ თქვენს პატრიოტიზმში ეჭვი მეპარება, წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და აქვე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თქვენ მიმართ ჩემს პატივისცემას. მგონი, მეტი კონკრეტიკაა საჭირო, საზოგადოების ნაწილი გიცნობთ როგორც პოეტს, მწერალს და შეიძლება ვიღაცამ არ იცოდეს, რომ წლებია, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ხართ. სრულად იზიარებთ პარტიის მსოფლმხედველობას?

- ჩვენ ერთ გუნდს წარმოვადგენთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თითოეულს განსხვავებული აზრები გვაქვს. საკუთარი აზრის ქონის გამო არავის დავუძრახავვარ. ჩემი მოსაზრება ასეთია: მე მწერალი ვარ, მწერლის უმთავრესი დანიშნულება ჰუმანიზმი და ადამიანის სიყვარულია. ყოველი მოქმედების მიღმა ადამიანს უნდა ხედავდე. და როგორ შეიძლება გავამართლო ის სისხლის ღვრა, რომელიც რუსეთის მმართველმა ელიტამ უკრაინაში მოაწყო?! მთავარი დამნაშავე პუტინ-ლავროვის ტანდემია და, რა თქმა უნდა, ის გენერალიტეტი, რომელიც მათ შეხედულებებს იზიარებს. მეცოდებიან უკრაინელები, პატარა ბავშვები, უდანაშაულო ქალები, სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც ეწირება რუსეთის აგრესიას, მაგრამ მეორე მხრივ, ამ მოვლენებმა აჩვენა ერთი რამ, რომ შეიძლება დაცხრეს რუსეთის უშნო ამპარტავნობა, რომლითაც ის დღესაა შეპყრობილი. დღეს პუტინი ხიბლშია. მან თავის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, 2000 წელს შევთავაზეთ ნატოს ჩვენი მიღება და არ მიგვიღესო. მსოფლიოს თვალში ნაცარს როგორ უნდა აყრიდე, როცა უკვე ოკუპირებული გქონდა მოლდავეთის, საქართველოს დიდი ნაწილი და შენ, როგორც დამპყრობელ ქვეყანას, ნატოში ვინ მიგიღებდა?!. აბა, ყველასთვის დაებრუნებინა დაპყრობილი ტერიტორიები, მსოფლიო პოლიტიკის ტალღაზე გადართულიყო და ნახავდა, თუ არ მიიღებდნენ. რუსეთს ისეთი სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რომ ამ ორგანიზაციას სჭირდება მისი ტერიტორია, მაგრამ არავის სურს ისეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანა, როგორიც პუტინის რუსეთია.

- როცა ქვეყანაში რაღაც ხდება და ამ შემთხვევაში, ომზე საშინელი რაღა უნდა იყოს, საზოგადოების ნაწილი კულტურის სფეროს წარმომადგენლების აზრს ელის, მათი საჯარო პროტესტის გაგონება სურს. ამ დღეებში პუტინის პოლიტიკა ბევრმა გააკრიტიკა და მას განუდგა, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ როგორ ექცევა ის თავის მოსახლეობას, ვინც ქუჩაში გამოდის და ომს აპროტესტებს. ასეთ დროს შიშის ფაქტორის დაძლევა რთულია, მაგრამ ფიქრობთ, რომ დღეს რუსეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლების ხმა არასაკმარისად ისმის?

- რასაკვირველია... მოცარტის, გოეთეს, ბეთჰოვენის, შუმანის, შუბერტის ერმა შექმნა ოსვენციმისა და მაიდანეკის საკონცენტრაციო ბანაკები. იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს, დღემდე გერმანელი ერი მსოფლიოს წინაშე ბოდიშს იხდის. ვთვლი, რომ ამ სინანულმა ეს ერი გადაარჩინა და გერმანია ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. დღეს რა ხდება უკრაინაში?! პუშკინის, ჩაიკოვსკის, სტანისლავსკის ერის წარმომადგენლები თავიანთ მოძმე, მართლმადიდებლური აღმსარებლობის ხალხს ხოცავენ. მინდა ვნახო მონანიე რუსები, რომლებიც ვიცი, რომ არიან. ღმერთმა დაიფაროს, რომ არ იყვნენ! რუსეთში დიდხანს ვიცხოვრე და ვიცი, როგორი იყო დამოკიდებულება. სხვა თუ არაფერი, ეს არის დიდი წმინდანის, სერაფიმ საროველის ერი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, - ღმერთი დასჯის რუსეთს იმისთვის, რაც მან საქართველოში ჩაიდინაო. ე.ი. არიან ასეთი ადამიანები და ყველაზე მეტად ეს მახარებს. რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაზე მეტად, რუსი ხალხის გაღვიძება მეიმედება და ის ეიფორიაც ნელ-ნელა განელდება, რომელიც პუტინმა ყირიმისა და დონბასის „შემოერთების“ შემდეგ შექმნა.

- უკრაინაში რუსეთის შეჭრა თავიდანვე გააპროტესტა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მაგრამ როგორც შემდეგ ხდება ხოლმე, ამ საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გაისმა, მათ შორის ისმოდა ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა. სულ ერთი და იგივე ხდება და სცენარი არ იცვლება...

- სარგებლობენ და იმიტომ... ღელვა რომ იწყება, აგორებულ ტალღას თავში მოექცევიან და ამ გზით მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ქართველმა ხალხმა შეიძინა გამოცდილება და ის შეცდომები აღარ გამეორდება, რომელიც 2003-2004 წლებში მოხდა. ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს ამ ხელისუფლების ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა... სხვათა შორის, დღევანდელი ხელისუფლება იმ ადამიანებზე დგას, რომლებიც პროვინციებში მუშაობენ. ძალიან კარგი ხელმძღვანელები არიან, პატრიოტები, ერის გულშემატკივრები. „ქართული ოცნების“ პროვინციების კადრები პარლამენტში რომ იყვნენ, ყველა პრობლემა უმტკივნეულოდ გადაიჭრებოდა.

- საუბრის დასასრულს კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- ჩვენს საუბარს კიდევ ერთ რამეს დავამატებ: ჩასაფრებული ხალხი არასდროს მიყვარდა, მაგრამ რამდენი ყოფილან თურმე! ზოგიერთი ჩემსა და ვაჟა ოთარაშვილის ნიჭიერებასაც შეეხო. ვინც მლანძღავს, მათ ვეტყოდი - ყველამ თავის ნიჭს მიხედოს. ასევე მათ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა, ვეტყვი: ასეთ დროს, კაცი რომ გქვია, დარეკავ ადამიანთან, გაიგებ, რა ხდება და შენს აზრს მერე გამოთქვამ. თქვენს მოქმედებაში რამე რომ არ მომეწონოს, ხომ უნდა დაგირეკოთ, რომ პირადად გავიგო, რა მოხდა?! ყველა ჩვენგანის გამზრდელმა ციცო არზიანმა, მთელი ეროვნული მოძრაობა რომ მიჰყავდა, ამ ადამიანმა ტირილით დამირეკა, - რა მოხდაო?.. ყველაფერი რომ გაარკვია, დამშვიდდა.

- ზემოთ ნახსენებ წერილს მოჰყვა თქვენზე შეტევა - ამას გულისხმობთ, ხომ?

- დიახ. მაგრამ ისეთები მიტევენ, მათ რომ მაქონ, ალბათ ამაზე უნდა დაგწყდეს გული.

- პრორუსს გიწოდებენ?

- აბა!.. მარტო პრორუსს კი არა, პირდაპირ „კრემლის აგენტს“. არადა, როცა საქართველოს უჭირდა, ეს ადამიანები არც სამაჩაბლოში მინახავს და არც აფხაზეთში, წვეთი ოფლი რომ არ დაუღვრიათ საქართველოსთვის და რუსის წინაaღმდეგ ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. დიდი ბოდიში, მაგრამ გარდა იმისა, რომ საზღვართან მივიდნენ და უკანალები აჩვენეს. ეს სამარცხვინო ფაქტია, რომელმაც ქართველი ადამიანების გონებაში არ უნდა გაიჭაჭანოს. აი, სწორედ ისეთი ადამიანები მიტევენ მე, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემს ღირსებას კი არ აკნინებს, არამედ პირიქით - ამაღლებს. ჩვენი სასიქადულო რეჟისორის, ბუბა ხოტივარის ერთ-ერთ ფილმში არის ასეთი მომენტი: დემეტრე მეორე ჭაობიდან მაგინებელ კაცს სწვდა ყელში და შეუძახა: იოლია ჭაობიდან ყვირილიო?!. ეს ადამიანები სწორედ ასეთი ჭაობიდან ყვირიან და მას ვერ sცდებიან.

- თქვენისთანა კაცს „რუსეთის აგენტსა“ და „ქვეყნის გამყიდველს“ რომ უწოდებენ, არ არის იოლი მოსასმენი, ემოციურად როგორ უმკლავდებით ამ შეტევას?

- არაფერი, ნერვებიც არ მომიშლია. ყველაფერი გამოჩნდება, ვინ ვისი აგენტია. ხონჩით მიართვეს რუსეთს აფხაზეთიც, სამაჩაბლოც, მათ კისერზეა გაუბედურებული დევნილების ცოდვაც და ისინი მე მიწოდებენ აგენტს?! მართლაც, ვაი, დროებავ, და ვაი, ზნეობავ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ხედავს ღმერთი ჩემში, ვიდრე ვაი ადამიანები.

ანა კალანდაძე