"მამაკაცებმა კაცურად იცხოვრონ, ქალებმა - ქალურად... ღმერთმა დაგლოცოთ..." - გზაპრესი

"მამაკაცებმა კაცურად იცხოვრონ, ქალებმა - ქალურად... ღმერთმა დაგლოცოთ..."

მსახიობი გუჯა ბურდული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. არტისტმა, რომელმაც არაერთი კინოროლი შეასრულა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ბევრი ადამიანის გული დაიპყრო და მისმა გარდაცვალებამ ცხადია, ყველას გული ატკინა...

ჩვენს არქივში ბატონი გუჯას არაერთი საინტერესო ინტერვიუ ინახება. მსახიობი ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ძალზე გულახდილი და თავაზიანი გახლდათ. ყველა მის ინტერვიუში იგრძნობოდა ადამიანების სიყვარული. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ნაამბობიდან:

"ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი ბავშვობაა. ცხოვრება რთულია, მაგრამ პატარაობისას ამას ვერ გრძნობ. ჩემი მშობლები ახერხებდნენ, რომ ნორმალურად გვეცხოვრა. საერთოდ, მათი დიდი მადლობელი ვარ... დედა გურული ქალი გახლდათ. მას თითქოს გული უგრძნობდა, რომ მომავალში მსახიობი გავხდებოდი... მე კი ამ პროფესიის მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი, არ მაინტერესებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მსახიობი გავხდი...

ბავშვობაში ცელქი და მოუსვენარი, სკოლაში ნორმალურად ვსწავლობდი. პიონერთა სასახლეში ცეკვის წრეზე, რომან ჭოხონელიძესთან დავდიოდი. ვმღეროდი კიდეც, კარგად ვუკრავდი ფანდურსა და გიტარაზე. მუსიკალური მონაცემები დაბადებიდან დამყვა. პიონერი ვიყავი, საბჭოთა კავშირიდან ბულგარეთში პიონერთა დელეგაცია რომ გაუშვეს. როგორც საუკეთესო პიონერი, საქართველოდან ქალბატონმა ნათელა ვასაძემ მე შემარჩია და ასე მოვხვდი ბულგარეთში... იქ ყოფნისას, აზერბაიჯანელმა ბიჭმა რაღაცაზე მაგრად გამაბრაზა, მაგრამ მისი ცემა არ შემეძლო, რადგანაც ჩხუბი და აყალმაყალი არ შეიძლებოდა; ამიტომ ხელი მდოგვში ჩავყავი და იმ ყმაწვილს ცხვირზე წავუსვი. ლამის დაიხრჩო. ამის გამო სასტიკი საყვედური დავიმსახურე, იქიდან მაგდებდნენ, მაგრამ ქალბატონმა ნათელამ გადამარჩინა: პატარა გაუგებრობისთვის ნუ დასჯით, კარგი ბიჭია, აუცილებლად გვასახელებსო. მოკლედ, დამტოვეს და მართლაც, იქიდან უამრავი სიგელითა და პრიზით დავბრუნდი... ცეკვაში, სიმღერასა და სპორტში თავი გამოვიჩინე. შევხვდით მაშინდელ ბულგარეთის პრეზიდენტ ვილკო ჩერელკოვს..."

gujaburd1-1647261043.jpg

"მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა სიყვარულში გავატარე და ამ სიყვარულით მოვდივარ დღემდე. ხშირად დავდიოდი გურიასა და მთიულეთში. გურიის სოფელ ზემოხედში საცურაო აუზი იყო, რომელსაც "სადათვიას" ეძახდნენ (იმ აუზში თურმე ერთხელ დათვი უნახავთ, ბანაობდა და ამის მერე შეერქვა ეს სახელი). ცურვა იქ ვისწავლე და კარგი მოცურავეც გავხდი...

3 წელი ვცეკვავდი სუხიშვილების ანსამბლში. მერე ჩვენთან ჰოკეი შემოვიდა და ამ სპორტის სახეობით დავინტერესდი... ახალგაზრდა ვიყავი და ძალების მოსინჯვას ყველაფერში ვცდილობდი. ასეთმა ცნობისმოყვარეობამ და მუდმივმა ძიებამ, მსახიობის პროფესიამდეც მიმიყვანა, მაგრამ ვიმეორებ, ეს მე არ მინდოდა..."

"კინოში მოტყუებით მოვხვდი, მანამდე ავტოგასამართ სადგურზე ვმუშაობდი... ერთხელ, მეგობარმა ფილმი გადაიღო და მითხრა, - მინდა, ჩემს ნამუშევარში შენი სიმღერა იყოს გამოყენებულიო. იცოდა, ეკრანზე გამოჩენის სურვილი არ მქონდა და ამიტომ, როლი არც შემოუთავაზებია. სიმღერის ჩასაწერად რომ მივედი, თურმე კამერები ჩუმად დაემონტაჟებინათ. მოკლედ, ჩემი ნამღერი ფირზე აღბეჭდეს... როდესაც სიმართლე გავიგე, წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ, - უკვე გადაღებულია და აზრი არა აქვსო, - მითხრეს. ამის შემდეგ იყო ფილმები, სადაც ბანდიტის, მეზღვაურისა და მძღოლის როლები შევასრულე. ტაჯიკეთში ხშირად მიწვევდნენ ბანდიტის როლის შესასრულებლად..."

"ბეღურების გადაფრენას" დიდი გამოხმაურება მოჰყვა; მაგრამ თავიდან ცენზურა არ უშვებდა - ანტისაბჭოთა ფილმიაო. ამის გამო მე და თემურ ბაბლუანი მოსკოვში გამოგვიძახეს. საყვედურებს ველოდებოდით, მაგრამ იქ რომ ჩავედით, აღფრთოვანებულები დაგვხვდნენ, - ეს რა კარგი კინო გადაგიღიათო. მერე მოსკოვიდან თბილისში დარეკეს, - ამ ფილმს ეკრანზე თუ არ გაუშვებთ, როგორ შეიძლებაო!.. მერე კვლავ თემურ ბაბლუანის ფილმში - "ძმა" უნდა მეთამაშა, მაგრამ იმ დროს "დიმიტრი თავდადებულში" დავით აღმაშენებლის როლი შემომთავაზეს და ის ვარჩიე. შემდეგ თემურმა მის ფილმში მთავარი როლი მე გამახმოვანებინა. მერე იყო ირაკლი კვირიკაძის "მოცურავე".

"როცა "უძინართა მზეს" იღებდნენ, თემურს ვთხოვე, - მინდა, ფილმში მამაჩემის სიმღერა მოახვედრო-მეთქი. სიამოვნებით, აბა, წაიმღერეო. წავიმღერე (როცა მამაჩემი შინ "რიმტატოთი" შემოვიდოდა, ვხვდებოდით, რომ ნასვამი იყო. უწყინარი ადამიანი გახლდათ. ღმერთმა გაანათლოს მისი სული). მეორე დღეს თემური მოვიდა და ის არაჩვეულებრივი მელოდია მოიტანა, რომელიც ფილმიდან მთელმა საქართველომ შეიყვარა და ზეპირად იცის. მან სრულიად ახალი ნამუშევარი შექმნა და შიგ ის "რიმტარიროც" დამიტოვა..."

dsc05636-1647261054.jpg

"ერთხელ ჩემმა შვილმა - ლადომ მითხრა: ბიჭებს დაჭრილი არწივი სარდაფში ჰყავთ დამწყვდეულიო. ვუთხარი: არწივს სარდაფში რა უნდა, აქ მომიყვანეთ-მეთქი. მომიყვანეს და იმ დღიდან დავკარგე მოსვენება. დილის 6 საათზე ბაზარში მივდიოდი, მისთვის საქონლის ჯიგარი რომ მეყიდა. ვუჭრიდი და ვაჭმევდი. ექიმიც მოვუყვანე და მოვარჩინე. რომ მომჯობინდა, სახლში ფრენა დაიწყო, მინებს ეხეთქებოდა, ლამის ყველაფერი ჩაამტვრია და გავუშვით... იმის შემდეგ, ერთ დილას ვნახე, ჩვენი სახლის თავზე სამი არწივი დაფრინავდა..."

"როგორც მსახიობობაზე არ მიოცნებია, ისე არც ალბომის ჩაწერა მნდომებია ოდესმე. მაგრამ შემომთავაზეს და უარი არ ვთქვი... ლადოს მეგობარი, მუსიკათმცოდნე და კრიტიკოსი - არტიომ ტროიცკი თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, მაგრამ ყოველთვის ისეთ დროს, როცა საქართველოში არ ვიყავი ხოლმე. მას გაგონილი ჰქონდა, რომ კარგად ვმღეროდი. ჰოდა, რამდენიმე წლის წინ, მას სუფრასთან შევხვდი. არტიომი მეუღლესთან ერთად იყო ჩამოსული, მე კი იქ ბაკურთან ერთად გახლდით. შემომთავაზეს, იქნებ გვიმღეროთო?! დავთანხმდი და "სერაგლაზაია" ვიმღერე. სიმღერა რომ დავამთავრე, დავინახე, ცოლ-ქმარი ტიროდა... შემდეგ რუსული რომანსები ვუმღერე; მოეწონათ და რუსეთში მიმიწვიეს. წამოვალ, მაგრამ ფული არ მაქვს-მეთქი. რა ფული, ოღონდ ჩამოდი და ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, დისკს ჩაგიწერთო. ვიფიქრე, წავალ, ჩემს შვილიშვილებს ბაბუის ნამღერი სიმღერები დარჩებათ-მეთქი. ასე ჩაიწერა პირველი ალბომიც, რომელსაც დანარჩენები მოჰყვა..."

"სტიქაროსანი ვარ. მღვდლობაც მინდა, მაგრამ მეუბნებიან, ასაკი არ გიწყობს ხელსო. თუ მაკურთხებენ, სიამოვნებით გავხდები მღვდელი. თუ არა და, ისევ სტიქაროსანი ვიქნები...

რაკი უფალმა ერთი სიცოცხლე მაჩუქა, მინდა, რომ კაცურად და ადამიანურად ვიცხოვრო; ვიყო ისეთი, როგორიც უფალს უნდა, რომ ვიყო. ამას მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვცდილობ და ასე ვზრდიდი ჩემს შვილებსაც...

ერთმა მკითხა: შესაძლებელი რომ იყოს მეორედ დაბადება, ამქვეყნად რომელი ეროვნების ადამიანად მოხვიდოდიო? ისევ ქართველად, ისევ მთიულად და ისევ ქრისტიანად-მეთქი!.."

გუჯა ბურდულისა და მისი მომავალი მეუღლის სიყვარულის ამბავი რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა გოგონამ, ინესა აბესაძემ სასწავლებელში უცხო ყმაწვილი შენიშნა, მოეწონა და მეგობარს, გოჩა აბაშიძეს უთხრა, - შეხედე, რა კარგი ბიჭიაო. გოჩამ უცხო შეათვალიერა და მისი გადაბმული წარბების დანახვისას გოგონას გადაულაპარაკა: არაფერი უთხრა, თორემ ისე იბღვირება, ორივეს გვცემსო. თურმე, ეს სიტყვები ბიჭმაც გაიგონა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაიფიქრა... მაგრამ წლების შემდეგ გუჯა ბურდული და ინესა აბესაძე ერთმანეთს ისევ შეხვდნენ...

"ჩემი მეუღლე კარგი გოგოა. მის გამო ბევრი მიჩხუბია. ახალგაზრდა ვიყავი, თანაც, კარგი ჩხუბი ვიცოდი (იცინის), უნდა გითხრა, რომ ინესას გამო ყველა ჩხუბი ღირდა. ამ ადამიანმა დამამშვენა და გამაკეთილშობილა. სამი შვილი მაჩუქა: ლადო, მაკა და ბაკურ ბურდულები. ლადო და ბაკური, როგორც იცით, მუსიკოსები არიან, მაკა - რეჟისორია... მე და ინეზას როგორ არ გვიკამათია, ეს ხომ ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულმა ყველაფერი გადაგვატანინა და წლებია, უკვე ერთად მოვდივართ...

ბიჭებს - კაცობას ვასწავლიდი, მაკას - ქალობას... სანამ პატარები იყვნენ, სულ ვავარჯიშებდი. ერთს ზურგზე შევისვამდი, მეორე - ხელით მიმყავდა. ფუნიკულიორი და უძო იყო ჩვენი სავარჯიშო ადგილები. უძოზე კვირაში ერთხელ ამყავდნენ ბავშვები. გვიხაროდა სუფთა ჰაერზე ერთად ყოფნა... მამაშვილობა ფაქიზი გრძნობაა. ბიჭებს მამა სჭირდებათ გვერდით და მეც ყოველთვის მხარში ვედექი. სანამ საშუალება მქონდა, ვცდილობდი, არაფერი დაჰკლებოდათ. ქართველი მამაკაცის ვალი ხომ ოჯახის შექმნა და შვილების აღზრდაა!"

dsc05623-1647261083.jpg

"გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ინესა ასე იხსენებდა მისი და ბატონი გუჯას სიყვარულის ამბავს:

"ინსტიტუტიდან რომ გამოვდიოდი, ვითომ შემთხვევით, ქუჩაში მხვდებოდა - წინ მე მივდიოდი, უკან გუჯი მომყვებოდა; მერე ჩვენ შორის მანძილი თანდათან დამოკლდა... გუჯი მეტისმეტად სუფთა, ხალასი ბუნების მთიული მამაკაცია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაიბადა და გაიზარდა, სისხლის ყივილი ვიგრძენი მის ბუნებაში...

ეჭვიანი იყო და ვიდრე სახლამდე მიმაცილებდა, 4 კაცს მაინც სცემდა ხოლმე; ქუჩაში ვინმე თუ შემომხედავდა, მისი საქმე წასული იყო. გამოგიტყდებით და ამაზე დიდად არ ვნერვიულობდი, მეტიც - ეს ყველაფერი მომწონდა კიდეც... გუჯი სიტყვაძუნწიც გახლდათ. ერთხელ არ უთქვამს, - მიყვარხარო, მაგრამ ამას მისი გამოხედვით, ქცევით, შეხებით ვგრძნობდი..."

"ყველაზე მოსაფერებელი სუფრაზე გვყავს - უფალი, პატრიარქი და ქართველი ქალი!..

სახელმწიფოს კარგი მეთაური გვაკლია. იმასაც რომ გვადღეგრძელებინებდეს უფალი, მაშინ იქნებოდა საქართველო სრულყოფილი! სამწუხაროდ, არა და არ გვეღირსა, კარგი მეთაურის სადღეგრძელოს ვსვამდეთ!.." - ასე დაიწყო ინტერვიუ გუჯა ბურდულმა, როცა მასთან ჩვენი ჟურნალისტი ქართული სუფრის ტრადიციებზე სასაუბროდ მივიდა.

"ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ქართული სუფრის მსგავსი არსად მინახავს, შვილო. ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს და იმიტომ! სხვა ქვეყანაში არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ თამადობა ძალიან რთულიცაა... კარგად საუბარი უნდა შეგეძლოს, განათლებული უნდა იყო, უკიდეგანო სიყვარულის უნარიც უნდა გქონდეს, რომ მოეფერო ადამიანებს. მოფერება ყველას უყვარს. თუმცა, თუ გულწრფელი არ ხარ, წამებში გამოჩნდება. ქართულ სუფრაზე გულწრფელ სიყვარულს ვართ მიჩვეულები და იმიტომ. ხანდახან ხდება, რომ ადამიანი კარგ ხასიათზე ვერ არის, თავის ოჯახში საქმე კარგად ვერ მისდის და თამადობა მისთვის ბევრად უფრო რთული ხდება... თამადა კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და ესმოდეს ხალხის. სახეზე ეტყობა ყველა კაცს და ქალს, რა განწყობაზეა, და ყველას უნდა გაუფრთხილდეს!..

ქალის სადღეგრძელოს განსაკუთრებულად ვამბობ - დედა ხომ ყველაზე დიდი რამეა! დედა მარტო იმ ქალს არ ჰქვია, რომელსაც შვილი ჰყავს! "მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი შვილის მშობელი" - ხომ გაგიგონიათ? მე უამრავი ქალი შემხვედრია ასეთი... ამას წინათ ტელევიზიითაც ვნახე, მაღალმთიან სოფელში ბავშვებს როგორ ასწავლიდა და ზრდიდა უსასყიდლოდ ერთი ქალბატონი. ეს უზარმაზარი შრომაა! რასაც ქალი აკეთებს ოჯახისა და ერისთვის, ეს ფასდაუდებელია! ძველ დროში ქართველი ქალები ქმრებს ომში გზავნიდნენ, მთელი ოჯახის ტვირთს საკუთარ მხრებზე იღებდნენ და ქმრებს უბრძანებდნენ, გამარჯვებული დაგვიბრუნდით, სამშობლოსთვის იომეთო... ხომ ხედავთ, ქართველი ქალები ახლაც რა ყოჩაღები არიან: მათ გადაარჩინეს მამაკაცებიც და ოჯახებიც!.. ამიტომაც ყველაზე მოსაფერებელი სუფრაზე გვყვანან: უფალი, პატრიარქი და ქართველი ქალი!.."

დაბოლოს, გუჯა ბურდულმა ასე დაასრულა ინტერვიუ, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, სინანულსა და განცდებზე დაუფარავად ისაუბრა:

"თქვენი ჟურნალის მეშვეობით ყველას მივეფერები და ვეტყვი, რომ კვირაში ერთხელ მაინც იარონ ეკლესიაში (ქართველმა კაცმა "მამაო ჩვენო" ზეპირად უნდა იცოდეს - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია); უფლის და სამშობლოს სიყვარული ჰქონდეთ; მამაკაცებმა კაცურად იცხოვრონ, ქალებმა - ქალურად... ღმერთმა დაგლოცოთ..."

P.S. ვიზიარებთ გუჯა ბურდულის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მისი თაყვანისმცემლების მწუხარებას.