"ამას წინათ ვნახე, გიგა კუხიანიძე ვიღაც ინდიელმა გაიტაცა..." - გზაპრესი

"ამას წინათ ვნახე, გიგა კუხიანიძე ვიღაც ინდიელმა გაიტაცა..."

სახელი, გვარი: ლევან სუხიტაშვილი.

ასაკი: 41 წლის.

განათლება: დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასევე - სამედიცინო კოლეჯი და სამედიცინო უნივერსიტეტის 2 კურსი (სამკურნალო ფაკულტეტი); 1 წლის განმავლობაში, სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ასევე - საცირკო-საესტრადო სასწავლებელში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიარა 3-თვიანი ტრენინგი პიარსა და მარკეტინგში.

ამჟამინდელი საქმიანობა: მუშაობს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით. ასევე, პატარა საოჯახო სასტუმრო აქვს კაპროვანში.

ჰობი: სიმღერა.

ცხოვრების დევიზი: "ვიყო სულ მართალი".

- ლევან, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- სხვადასხვა ადამიანს. ყოველდღე ერთსა და იმავე ტიპს ვერასოდეს ვხედავ.

- უფრო ხშირად როგორ ლევანს ხედავ?

- მორალისტს, მაგრამ დანარჩენები ძალიან მალე იშორებენ ხოლმე. ცუდი არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ, უსაქმურობა, ქეიფი, გართობა უყვართ, მორალისტ ლევანას კი სურს, მთელი "პარადი" თავად წაიყვანოს.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- სამყაროს სარგებელი უკვე მოვუტანე - 4 შვილი მყავს. მთავარი სარგებელი ეს არის, რითიც მიმაჩნია, რომ სამყაროს წინაშე შეიძლება, თავი ოდნავ მაღლა ავწიო. გარდა ამისა, როცა ადამიანს შეგიძლია, პოზიტიური ენერგია უფრო მეტი გასცე, ვიდრე ნეგატიური, უკვე კარგია. საერთოდ, გარკვეული დოზით, უარყოფით ენერგიას ყველა ადამიანი გასცემს - ყველასთვის პოზიტიური ვერ იქნები, მაგრამ ამის ფონზე, როცა პოზიტიურ ენერგიას უფრო მეტად გასცემ, სამყაროს სიმძიმეს ცოტათი უმსუბუქებ. რაც უფრო მეტი პოზიტიური ადამიანი იარსებებს, ჩვენი პლანეტა მით უფრო ნაკლებად დამძიმდება.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- რაღაცების მიმართ, რაც მღლის, ზოგჯერ უპრინციპობა მახასიათებს და მეზარება ხოლმე... საერთოდ, ყველა ადამიანის მსგავსად, მეც ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ მგონია, რომ მთავარია, შენს ნაკლებს ებრძოლო. უნაკლო რომ არავინ არ არის, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ თუ ადამიანი სწორად აზროვნებს, საკუთარ ნაკლთან ჭიდილი აუცილებლად მოუწევს. მაქსიმალურად უნდა ეცადო, სრულყოფილი ტიპი "გაიჩითო"...

- როგორც მსახიობისთვის, რომელი ფილმია შენთვის საინტერესო?

- ბევრია. მაგალითად, ერთხელ კინოთეატრში კომედიური ჟანრის ფილმის სანახავად წავედი. აბსოლუტურად სხვა დარბაზში აღმოვჩნდი და წარმოუდგენელ სისულელეს ვუყურე, თუმცა იქიდან დიდი აზრი გამოვიტანე. ნებისმიერ ფილმს სიამოვნებით ვუყურებ. აზრიან ფილმად ბევრი მიმაჩნია, თუმცა ჩემი თაობა ისეთ ფილმებზეა აღზრდილი, რაც მამაკაცურ მენტალიტეტთან ყველაზე ახლოს არის: "ნაიარევი სახე", "ნათლიმამა" და ა.შ. ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმებია, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი ყურება ყოველთვის მსიამოვნებს, თუმცა არის ახალ-ახალი ფილმები, რომლებიც მომწონს, ასევე - სერიალებიც. დღეს ნელ-ნელა "სერიალიზაციის" პროცესი მიმდინარეობს - ფილმებიც სერიალებზე "გადადის", რადგან ყველაფერი ისეა "დაღეჭილი", რომ კონკრეტული აზრის 2 საათში განვითარებას ვერ ატევენ - სიუჟეტი უინტერესოა, თუ ბევრი მიმართულება და "ქვესიუჟეტები" არ აქვს. ამიტომ შეხედულებაც იცვლება: წინათ თუ სხვა რამე მომწონდა, შეიძლება, დღეს სულ სხვა რამე მომწონდეს, მაგრამ ჩემზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მაინც იმ ფილმებმა მოახდინა, რომლებიც დაგისახელე.

- დამისახელე საყვარელი ფილმი, რომელშიც რომელიმე მსახიობს სიამოვნებით ჩაანაცვლებდი...

- ცოტათი "ნაგლი" ვიქნები, მაგრამ "ნაიარევ სახეში" ალ პაჩინოს სიამოვნებით ჩავანაცვლებდი. როგორ გამომივიდოდა, ეს სხვა საკითხია.

- ბოლოს რომელ სერიალს უყურე?

- კოვიდპანდემიის პერიოდში, "მგლების გაზრდილებს" ვუყურე. პატარა სერიალია: იდუმალ პლანეტაზე, ანდროიდებს ადამიანთა ბავშვების აღზრდა ევალებათ...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- გაბრიელ ტანიეს "ქანაანის შვილები". არ ველოდი, ისე მომეწონა!..

- დღის რომელი მონაკვეთი გიყვარს ყველაზე მეტად?

- საერთოდ, საღამო ყოველთვის მიყვარს, მაგრამ ზაფხულში - დილა.

- დღე-ღამეში რამდენ საათს გძინავს?

- იყო პერიოდი, როცა 3-4 საათს მეძინა ხოლმე. ბოლო რამდენიმე წელია, რაც დღე-ღამეში საშუალოდ, 6 საათს მძინავს, მაგრამ "ჩავარდნები", ღამის გათენებებიც არის, პერიოდულად...

- როგორ სიზმრებს ხედავ?

- საერთოდ, სიზმრებს იშვიათად ვხედავ, მაგრამ თუ ვნახე, სასწაული უაზრობაა ხოლმე! ამას წინათ ვნახე, გიგა კუხიანიძე ვიღაც ინდიელმა გაიტაცა და სადღაც ხევში გადააგდო (იცინის). გიგასთან ადრე ვმეგობრობდი, მაგრამ წლები ისე გადის, სიზმარში კი არა, ცხადშიც არ მინახავს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- უჩინმაჩინის ქუდი და იმის უნარი მინდა, რომ სადაც მოვისურვებ, იქ გავჩნდე.

- სად გინდა, რომ გაჩნდე?

- ჯერ ქუდი მომეცი და პროტოკოლს მაშინვე "გავწერ"...

- შენი მესაიდუმლე ვინ არის?

- რამდენიმე მეგობარი, მათ შორის - ჩემი მეუღლეც.

- როგორი ადამიანი მიგაჩნია გოიმად?

- ვისაც საშუალება აქვს, რომ გოიმი არ იყოს, მაგრამ გოიმია. ბანალურად რომ ავხსნა - ისეთი ადამიანი, ვისაც უამრავი ფული აქვს, მაღაზიაში შევა, ძვირად ღირებულ, მაგრამ უსახურ ფეხსაცმელებს ფასის გამო იყიდის, შემდეგ ამ ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოვა და "წაგიბლატავებს" - ჰგონია, რომ მაგარი რაღაც აცვია (იცინის)...

- ასაკის მატება გაშინებს?

- 15 წლიდან მაშინებდა, უფრო ზუსტად - ასაკის მატება არ მომწონდა. მაგალითად, როცა გავიგებდი, რომ ვიღაც 40 წლის იყო, ძალიან "დიდი" მეგონა. ახლა 41 წლის თავად ვარ. არც ისე საშიში ყოფილა - რაღაც "პონტში", მომწონს კიდეც...

- შენი აზრით, ქალური და მამაკაცური პროფესიები არსებობს?

- კი, რა თქმა უნდა. არ მკითხო, რომელიო? ვინც ფაფხურობენ, ტრაქტორის მძღოლადაც ვიმუშავებთო, წავიდეს და იმუშაონ, ვინ უშლით? ფემინისტებს მოგწონთ თუ არა, ქალური და მამაკაცური პროფესიები არსებობს. ჩვეულებრივ, ქალი კაცს ხელს ხომ ვერ გადაუწევს, ხომ ვერ მოერევა, თუ არ ივარჯიშა? მოკლედ, ბუნებრივად ასეა... ავტომობილის საბურავი რომ გამხეთქვია, ჩემი ცოლი არასდროს გადამხტარა - საბურავს მე გამოვცვლიო. აი, რატომ (იცინის)?!. ასევე, ქალებს ტვინი რა მიმართულებითაც გაქვთ განვითარებული, იმას მამაკაცი ვერც მოიფიქრებს და ვერც გააკეთებს. შესაბამისად, ყველაფერი კანონზომიერია და მიმაჩნია, რომ ქალის და მამაკაცის პროფესიები არსებობს.

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვს?

- ძირითად, ავყვები, ოღონდ - ხუმრობით. თუ ურთიერთობა სერიოზულ მიმართულებას იღებს, ჯერ ავუხსნი, რომ ქართველები ვართ, მერე კი - დავტუქსავ (იცინის). დიპლომატიურად და ოდნავ ხისტნარევად დავშორდები.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

- 3-4 დღის წინ, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მანქანა გამიფუჭდა. ისნის მეტრომდე სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე, შემდეგ - მეტროთი. დროც დავინიშნე: მეტროთი მგზავრობისთვის 20 წუთი დამჭირდა. შანსი არაა, ავტომობილით მგზავრობისას ამ დროში ჩაეტიო. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ნელ-ნელა მომცრო ზომის ავტომობილებზე გადასხდნენ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. საბურთალოზე ვცხოვრობ. თუ უბანში რამე საქმე მაქვს, არ არსებობს, მანქანით წავიდე: ველოსიპედით ან ფეხით დავდივარ. სამშენებლო კომპანია, სადაც ვმუშაობ, ვაზისუბანშია. ერთი-ორჯერ იქაც ველოსიპედით გავედი.

dsc2285-copy-1647851709.jpg

- შენი ხასიათის რომელი თვისებები გეამაყება?

- ძალიან სამართლიანი ვარ - სამართლიანობის გარეშე არ ვმოქმედებ. მაქსიმალურად მინდა, ჯერ საკუთარ თავთან ვიყო მართალი, მერე კი - ზოგადად... ვამაყობ, რომ ჩემს მეგობრებს ჩემი სჯერათ და ვუყვარვარ.

- დღეს რეალითი შოუში მონაწილეობას ისევ მიიღებდი?

- კი, რატომაც არა?! რეალითი შოუს გააჩნია: თუკი საინტერესო ფორმატის იქნებოდა, სიამოვნებით...

- რომელი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ?

- "ფეისბუკის". ჩემთვის ეს ქსელი უფრო კომპაქტური და მრავალფეროვანია - ფუნქციურადაც და ინფორმაციულადაც.

- შეგიძლია უცებ 1 ქართველი, ღირსეული, მოქმედი პოლიტიკოსი დამისახელო?

- აზრზე არ ვარ. ყველა ფარისეველია. არც ერთ მათგანში არ ვარ დარწმუნებული.

- ცხოვრებაში შენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- თანასწორობა. იმას ვგულისხმობ, რომ არავინ არ უნდა დაიჩაგროს.

ეთო ყორღანაშვილი