"აქ მიწიერი ჯოჯოხეთია, მაგრამ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!.." - გზაპრესი

"აქ მიწიერი ჯოჯოხეთია, მაგრამ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!.."

"გზას, რომელიც გამოვიარეთ, თავისუფლად შეიძლება ჯოჯოხეთის გზა ვუწოდო... ტყვიების წვიმაში გვიწევდა გამოსვლა, როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემოდა, ერთმანეთს ვათვალიერებდით, სადმე ტყვია ხომ არ მოგვხვდა. არ დაიჯეროთ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესროდნენ ან ბომბავდნენ. დამიზნებით ესროდნენ ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობის კოლონას, თავში, შუასა და ბოლოში - რათა მალე ვერ გავსულიყავით, პანიკა შექმნილიყო, ჩვენს დასახმარებლად სამხედროები მოსულიყვნენ და მერე ერთიანად ჩავეხოცეთ. ეს იყო ჩემი და ათობით ათასი ადამიანის კოშმარული ხუთი დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება", - ასე იხსენებს ხარკოვიდან გამოსვლის უმძიმეს დღეებს უკრაინის ომს გამოქცეული ქართველი.

მისი ბედი ათასობით ადამიანმა გაიზიარა და არიან ისეთებიც, ვისაც ორჯერ მოუწია ტყვიების წვიმაში გავლამ და ცხოვრების ხელახლა დაწყებამ, მათ შორის, ათეულობით ქართველია.

თამთა ვეკუა, უკრაინიდან ლტოლვილი ქართველი:

- 30 წელი უკრაინაში ვიცხოვრეთ. 12 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დავტოვეთ. კოდორის ხეობით მოგვიხდა გადმოსვლა, რადგან ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო... დედამ წამოგვიყვანა. მამა ომში გახლდათ და პოზიცია ვერ დატოვა. როგორც კი ქალაქის ბომბებს თავი დავაღწიეთ, გვეგონა გადავრჩით, მაგრამ მერე დაიწყო ისევ არაადამიანურად მძიმე დღეები და უფრო რთული ღამეები. ნივთები, რომელიც დედამ უცებ ჩაალაგა, გზადაგზა გადავყარეთ. 27 სექტემბერი იყო, სოხუმი სიცხისა და ადამიანების საცოდაობისგან იწვოდა. არავის უფიქრია თბილ ტანსაცმელზე და არც ის გვეგონა, სამუდამოდ თუ ვტოვებდით სახლს. დედამ კარი გასაღებით გადაკეტა და ჭასთან, კუნძის ქვეშ შეინახა, მამა როცა დაბრუნდებოდა, რომ აეღო... მამა ვერ დაბრუნდა, ვერც სახლში, ვეღარც ჩვენთან... ვერც ჩვენ დავბრუნდით უკან. ჩვენი სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელშიც კაზაკები შეცვივდნენ და რამდენიმე დღეში ჩვენი სახლის გამო მათსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. კაზაკები ჩაცხრილეს, თუმცა, ვერც აფხაზებმა იხეირეს იქ. რამდენიმე ხანში, მოკლული კაზაკის ახლობლები მოსულან და ხალხით სავსე სახლს ყუმბარმტყორცნი ესროლეს, ცოცხალი ვერავინ გადარჩა. ცხადია, სახლისგანაც არაფერი დარჩა...

- რამდენ ხანს დარჩით კოდორის ხეობაში?

- თითქმის ათი დღე... რომ გავჩერებულიყავით, გავიყინებოდით, ამიტომ მხოლოდ გვიან ღამე ვჩერდებოდით. გზადაგზა ადამიანები გვაკლდებოდნენ. მამაკაცები ხელებით, ჯოხებით, ნათხოვარი ბარებით თხრიდნენ საფლავებს, ცხედრები მიწისთვის რომ მიებარებინათ. საზაფხულოდ გვეცვა და არც ის ვიცოდით, რა გველოდა წინ, რომ კოდორის ხეობაში მატლიანი თოვლი დაგვხვდებოდა. ზოგს საზაფხულო ჩუსტები ეცვა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ფეხსაცმელებს აძლევდნენ. კოდორელი სვანებიც დაგვეხმარნენ, ზოგმა თბილი პლედი, რამდენიმე ზომით დიდი რეზინის ჩექმა და პური ოქროში გაცვალა. ერთი სიტყვით, ჯოჯოხეთი გავიარეთ, უკრაინული ვერტმფრენიდან მოგვაწოდეს პური და სხვა რაღაცები. ფაქტობრივად, ათეულობით ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადავურჩით... იქიდან ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისში ჩავედით, სადაც რამდენიმე თვე დავყავით და უკრაინაში გავემგზავრეთ. რუსული ვიცოდი, რადგან სოხუმში ეს ენა ინტერნაციონალურად ითვლებოდა: აფხაზი, ქართველი, ბერძენი, რუსი, სომეხი ამ ენაზე ვსაუბრობდით. უკრაინაში ჩვენი სოხუმელი მეზობლები დაგვხვდნენ, ომის დროს აფხაზეთი მათაც დატოვეს და ხარკოვში, ნათესავებთან წავიდნენ. ამიტომ, იქ თავის დამკვიდრება არ გაგვჭირვებია. ხარკოვის სკოლაში შემიყვანეს, მე სოხუმელი უკრაინელი მეგობარი მყავდა, 16 წლის ბიჭი, რომელიც 13 წლის ქართველ გოგოს, უცხო გარემოში საკუთარი ოჯახის წევრივით მიცავდა და ჩემი დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევდა. მანაც ისე, როგორც ჩემმა მეუღლემ, ოჯახი სამშვიდობოს გამოაცილა და ახლა ოკუპანტის წინააღმდეგ ქალაქის დამცველთა რიგებში დგას... დედაჩემი ყვავილებს ყიდდა, რათა ჩვენთვის საჭმელი მოეტანა, უყურადღებოდ რომ არ დავრჩენილიყავით, ჩვენი უკრაინელი დედობილი, ჩემი ძმობილის დედა გვივლიდა, სკოლიდან დაბრუნებულ მე და ჩემს დას ცხელ საჭმელს გვახვედრებდა, გაკვეთილების მომზადებაში გვეხმარებოდა. იმავე უბანში გავთხოვდი. როდესაც სიცხიან ბავშვს მარტო ვერ ვტოვებდი და ვერც სამსახურს ვაცდენდი, შვილს ხან ჩემს უკრაინელ დედობილ გალიას ვუტოვებდი, ხან დედაჩემს და დარწმუნებული ვიყავი, ბავშვი საიმედო ხელში იყო...

ამ ადამიანმა დედასა და შვილებთან ერთად, აცრემლებული თვალებით გამოგვაცილა მალე შეხვედრის იმედით და მოხუც დედასთან წავიდა გარეუბანში. მისვლიდან 10 წუთში იქაურობა დაუბომბავთ და ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ მაშველებმა ნაწილ-ნაწილ ამოიტანეს. ეს ამბავი მეუღლემ შემატყობინა და ასე მეგონა, დედა მომიკვდა.

- ხარკოვი ძალიან დაზიანებულია, არა?

- ხარკოვის ნახევარი განადგურებულია, მაგრამ როგორც კი ოკუპანტებს მოვიშორებთ და პუტინის რეჟიმი აღარ იარსებებს, მალე აღვადგენთ ყველა ქალაქსა და შენობას... ხარკოვიდან მანქანით წამოვედი ორ შვილთან ერთად, საჭესთან ჩემი მეუღლის მეგობარი იჯდა, რომელიც შშმ პირია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. 3 ათასი კილომეტრი გავიარეთ. გზაში ვუცვლიდი, ვაჭმევდი და ვაძინებდი ბავშვებს, მაგრამ ამაზე წუწუნიც კი მერიდება, რადგან უამრავმა ადამიანმა არ დატოვა ქალაქი, მათ ჩვენი სახლები საკუთარივით ჩაიბარეს, ჩვენს წილ ქალაქს საკუთარი სიცოცხლით იცავდა. ბევრი შეეწირა ამ ომს, ბევრი კი განგაშის სიგნალის დროს სარდაფებსა და თავშესაფრებში იმალება, დანარჩენ დროს კი ოკუპანტებს ებრძვიან, შიშველი ხელებით. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი უკრაინელები წარმოუდგენელ გმირობას სჩადიან - 21-ე საუკუნის ურჩხულს, უფრო სწორად, უკვე მის ნარჩენებს ებრძვიან. ხარკოვსა და უკრაინის ყველა ქალაქში, მათ შორის, ყირიმში, ლუგანსკსა და დონბასშიც აუცილებლად დავბრუნდებით. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

dmitri4-1647852190.jpg

დმიტრი ვლადიმიროვი, მარიუპოლის მკვიდრი:

- ჩემი ქალაქი რამდენიმე დღეა, ალყაშია. შეიძლება ითქვას, ქალაქის მესამედიც არ არის დარჩენილი. ბოლო ხანებში, ნანგრევებში ვცხოვრობდით განგაშის სიგნალიდან სიგნალამდე. დედა და დეიდა, რომლებიც დიდხანს არ ტოვებდნენ ქალაქს, ხარკოვის საავადმყოფოში დაჭრილებს უვლიდნენ. ორივე სამედიცინო პერსონალია რამდენიმეწლიანი გამოცდილებით. გვქონდა ისეთი შემთხვევები, მსუბუქად დაჭრილები საავადმყოფოში ან თავად არ მიდიოდნენ, სხვას ადგილი არ წავართვათო, ან გაგრძელებული ავიაიერიშების გამო ვერ ვახერხებდით მათ წაყვანას, ამიტომ ჭრილობას სახლის პირობებში უმუშავებდნენ, რომ ინფექცია არ წასულიყო, სისხლდენას უჩერებდნენ... მაშინ, როდესაც ჩვენ ქალაქის დასაცავად მივდიოდით, დივერსანტები ინფორმაციას აწვდიდნენ, რომ "შეეძლოთ მუშაობა". ჩვენს არყოფნაში რამდენჯერმე შევარდნილან რუსი სამხედროები, მედიკამენტების, საკვების წასაღებად, მაგრამ ქალებმა არ დათმეს. მათი შვილები ომში იყვნენ და შეიძლება ნებისმიერს წამალი დასჭირვებოდა. სამი ქალი დახვრიტეს, მათ შორის, ერთს პატარა შვილები დარჩა. აქ რა ხდება, მხოლოდ ჩვენ ვიცით ბოლომდე, ადგილობრივებმა, რადგან საკუთარი თვალით ვუყურებთ ამ ურდოს, რომელიც სანამ ძლიერია, მზად არის მოგეპაროს, სადაც დაგეწევა იქ მოგიღოს ბოლო და არ აინტერესებს, მსხვერპლი ქალია თუ ბავშვი. არადა, რომ ჰკითხო, ბრძანებას ასრულებს. მინახავს, როგორ წაართვეს დაბომბვისას დაზიანებულ, მომაკვდავ ქალს ხელიდან ჩანთა. საბედნიეროდ, შორს ვერ წავიდნენ, რადგან პირდაპირ შევეფეთეთ. თუმცა, ტყვედ თუ ჩავარდებიან, დრამებს დგამენ, რომ არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, ხელი ძველი თარიღით მოაწერინეს, ეგონათ, მართლა უკრაინელი ხალხის გასათავისუფლებლად მოდიოდნენ... ტყუილია ეს ყველაფერი. ყველამ კარგად იცის, რა დავალებაზე მოჰყავდათ. დამიზნებით ესვრიან სამოქალაქო ობიექტებს, საცხოვრებელ კორპუსებს, ეკლესიებს... მოკლეს მოძღვარი, რომელიც მხოლოდ იმას "აშავებდა", რომ სარაკეტო დარტყმებისას ხალხს იფარებდა. პირდაპირ კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს კაპელანი. იმ საწყლად ჩაცმულმა უწვერულვაშო ბიჭებმა, რომლებიც დედასთან სატელეფონო "აღსარებისას აღმოაჩენენ", თურმე მშვიდობისმყოფელები კი არა, ოკუპანტები არიან და ქვითინებენ, დაკავებამდე შეიძლება ერთი პურის გამო, დაუფიქრებლად, სიცილ-ხარხარით მოკლან მოხუცი... მომისმენია, ადამიანური ემოციებისგან დაცლილები როგორ იხსენებენ წინაღამით ქალაქის დაბომბვას. ახმოვანებენ დარტყმების, წუილის, ზანზარის ხმას, დასცინიან თავშესაფრისკენ გაქცეულ თავქუდმოგლეჯილ მშვიდობიან ადამიანებს... აქ წარმოუდგენელი ჯოჯოხეთია. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა ცეცხლის ბურთების ქვეშაა. სარდაფებში ჩასული ხალხი, ზემოდან ჩამოქცეული კორპუსებიდან ორი-სამი დღის შემდეგ, დახოცილი, გაგუდული, დანაწევრებული ამოჰყავთ. მინახავს, ბოლო ხმაზე როგორ ტიროდა მაშველი, რომელმაც დაბომბვისას დაღუპული ქალი ამოიყვანა და მხოლოდ შემდეგ შეამჩნია, რომ ქალს პატარა ბავშვი ჰყავდა გულში ჩაკრული, ალბათ დედობრივი ინსტინქტით მისი დაცვა სურდა... ეს არის ჩვენი ყოველდღიური, ყოველწუთიერი რეალობა. დედაჩემი ჰყვებოდა, რომ ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მალე შვილი უნდა გაეჩინა, ითხოვდა დაეძინებინათ სამუდამოდ, რადგან ჩვილს ომის პირობებში ვერ გადაარჩენდა და ბავშვის დაკარგვას ვერ გადაიტანდა... ან ადამიანი, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა და ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ევთანაზიას ითხოვდა. აქ, ჩვენს მიწაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს, რუსი ოკუპანტები კი ამ დაშლილ და დაცარიელებულ სახლებში დაძრწიან და საჭმლის, ტანსაცმლის კარადებში იქექებიან - რა "დაუტოვეს" უკრაინელებმა. თუმცა, ჩვენი ხალხი მამაცია და თუ სადმე "წვრილფეხობა", ორი-სამი კაცისგან შემდგარი ჯგუფი მოიხელთეს, თავადაც უსწორდებიან, იარაღით, "მოლოტოვის კოქტეილებით". ზოგჯერ განგებ უტოვებენ სასმელს, საქმე რომ უფრო გაუადვილდეთ და ისე, რომ გონზე მოსვლასაც ვერ ასწრებენ, უსწორდებიან. რუსეთი და პუტინის რეჟიმის მომხრე ნაწილი, ვერასდროს იქნება ჩვენი მოძმე. თუმცა, აქაც გვყავს ადგილობრივი, ხარკოველი რუსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იბრძვიან.

- თქვენი ოჯახის წევრებს რა ბედი ეწიათ?

- დედა და დეიდა მხოლოდ მაშინ დავიყოლიე სამშვიდობოს გაყვანაზე, როდესაც ერთ ღამეში 100-მდე დარტყმა განახორციელეს. ორივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ქალაქში დენი ფაქტობრივად არ არის, კავშირი ჭირდა, ისინი ჩვენი სახლის, ჩრდილოეთის მხრიდან იწყებდნენ დაბომბვას, ამიტომ ქალებმა დატოვეს იქაურობა. სადაც არიან, იქაც საჭიროა მათი დახმარება: დღე მეომრებს საკვებს უმზადებენ, ღამე - "მოლოტოვის კოქტეილებს" და რუსი ოკუპანტების "დამსახურებით" დაობლებულ ბავშვებზე ზრუნავენ. არც ერთი პატარა უპატრონოდ არ დარჩება, მათ ჩვენი ხალხი უკრაინის ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდის, მანამდე კი, კაცობრიობის მტერს, პუტინს ვებრძვით და ამ ბრძოლაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

მადლობა ქართველებს, რომლებიც თავდაუზოგავად გვიდგანან მხარში. აქ ქართველი ბიჭები სისხლს ღვრიან. ჩემი ქალაქის დანგრეულ ქუჩებში ვნახე რამდენიმე ქართველი, რომლებიც საკვებს უფასოდ არიგებდნენ... ყველას გვესმის, რომ ეს ჩვენი, თქვენი და სრულიად ევროპის ომია. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!..

ლალი პაპასკირი