რის გამო კამათობს ხშირად საკუთარ თავთან მარიამ სანოგო - გზაპრესი

რის გამო კამათობს ხშირად საკუთარ თავთან მარიამ სანოგო

ჩემი საქციელის გამო, სინანული იშვიათად მქონია", - ამბობს მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო. რით არის ის გატაცებული, რა აკვირვებს ყველაზე ხშირად, რატომ არასდროს მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, რისი ეშინია და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1995 წლის 1-ლი ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ბალეტი მომწონდა, მიყვარდა, ოპერაში ხშირად წარმოდგენებს ვესწრებოდი. ბავშვობაში საბალეტო სტუდიაშიც დავდიოდი, მაგრამ საკმაოდ ადრეულ ასაკში მივხვდით, რომ ბალეტისთვის ზედმეტად მაღალი ვიყავი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ემოციური ვარ. ჰო, ასეა, ეს ჩემი ხასიათის გამოკვეთილი თვისებაა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი. ვთვლი, რომ ადამიანები ცხოვრებას თავიდან ბევრჯერ ვიწყებთ. ყველას გვაქვს ახალი ეტაპები.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...თინეიჯერობის ასაკში, როცა საკუთარი თავი აღმოვაჩინე. ის პატარა მარიამი დღემდე ძალიან მომწონს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ბებიას. ძალიან კარგად მიცნობს, ყოველთვის მხარში მიდგას. ის არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რა დროს რა რჩევა უნდა მომცეს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...თმა - როგორც მოდელმა შემიძლია, ეს თამამად ვთქვა. ჩემი თმა ყველას ამახსოვრდება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ცოცხალი ვარ (სხვა დროს შეიძლებოდა, სხვა რამ მეთქვა). ის რაც ჩვენ გარშემო ხდება, ძალიან ცუდია. ღმერთს ყოველდღე მადლობა უნდა გადავუხადოთ, ცოცხლები და ჯანმრთელები რომ ვართ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ახლის გაგების, შეცნობის. სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კარგი მოთმინების უნარი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციური ვარ. დროთა განმავლობაში ჩემი ემოციების მართვის უნარი გამოვიმუშავე, ეს მნიშვნელოვანია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცოტათი მეტი მონდომება რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა. ამაზე ვმუშაობ და იმედია, შედეგიც მექნება. ზოგჯერ სიზარმაცე შემომეპარება და ეს არ მომწონს. ბავშვობაში უფრო ზარმაცი ვიყავი, მერე საკუთარ თავს გვერდიდან რომ შევხვედე, მივხვდი, არ მომწონდა. დღეს, როგორც კი ვამჩნევ, რაღაცის გაკეთება მეზარება, ჩემს თავს შევაჯანჯღარებ ხოლმე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვივიწყებ, სხვის შეცდომებზეც ხშირად ვსწავლობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. საკუთარ შეცდომებზე პიროვნულად გავიზარდე. იმავე შეცდომას მეორედ არასდროს ვუშვებ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...გააჩნია მომენტს და განწყობას (პაუზის შემდეგ). ვცდილობ, საკუთარ თავში პატიების ძალა ყოველთვის მოვძებნო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ძალიან რთული გამოსაცნობია, ხვალ რა იქნება. ხშირად რასაც ვფიქრობ, იმაზე უკეთესი ამბებიც ხდება ხოლმე. დღეს ერთადერთი ნატვრა მაქვს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მალე დასრულდეს.

- ვიბნევი...

- ...უკვე იშვიათად. თითქმის აღარც ვიბნევი, ესეც დროის ამბავია, დაბნეულობა ბავშვობაში უფრო გვაქვს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო მშვიდად, ჩემს საქმეზე ჩემს თავზე კონცენტრირებული. ბოლო პერიოდში ჩემი გეგმებისგან მოწყვეტა ხშირად მომიხდა. მინდა სიმშვიდის განცდა მქონდეს.

- ჩემი ჰობია...

- ...ბოლო 2 წელია ფირის ფოტოგრაფიამ გამიტაცა. ფირით გადაღებისას, ყველა კადრს უფრო მეტად უფრთხილდები, ვიდრე ტელეფონით გადაღებისას. ყველა კადრი დასამახსოვრებელია, რადგან მნიშვნელოვანი მომენტების, შეგრძნებების დროს ვიღებ. როცა გასამჟღავნებლად მიმაქვს, ფირზე აღბეჭდილი ყველა კადრი მახსოვს, ყველა ფასეულია. მათ ჩემს სოციალურ ქსელშიც კი იშვიათად ვაქვეყნებ.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...უსამართლობას.

- საკუთარ თავზე კონტროლი...

- ...არასდროს დამიკარგავს, მაგრამ მიგრძნია, რომ ძალიან ცოტა მაკლდა და შეიძლებოდა უკონტროლო გავმხდარიყავი, ეს ამბავიც უსამართლობასთან იყო დაკავშირებული.

- მეზარება...

- ...გარეთ გასვლა, საქმე თუ არ მაქვს, ადრე არ მეზარებოდა. ბოლო დროს მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაც მეზარება.

- სიყვარული ეს...

- ...არის ყველაზე პირველი შეგრძნება, რომელიც გვზრდის, გვაძლევს ენერგიას. ოჯახის, საკუთარი თავის, ახლობლების სიყვარული დროდადრო მოდის და ცხოვრების მუდმივი თანმდევია, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.…

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ძალიან სასაცილო იყო, ახლა "ქრაშს" ეძახიან. ერთ უცხოელ მსახიობზე ვგიჟდებოდი, ძალიან მომწონდა. თინეიჯერობის პერიოდში ამ ყველაფერს სხვაგვარად იაზრებ. იმ წლებში მოზარდებს მსგავსი სიტუაციების დრამატიზირება სჩვევიათ. დღეს ვთვლი, რომ სიყვარული დრამისგან დაცლილი შეგრძნებაა.

- მაკვირვებს...

- ...ბევრი რამ. ყოველდღე რაღაც მაკვირვებს. მე ხომ ის ადამიანი ვარ, რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და შესაბამისად, გაკვირვებულიც ხშირად ვარ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს ქმარს.

- ვრისკავ...

- ...ძალიან იშვიათად; მაშინ, როცა ის რისკი, ის ნაბიჯი დაზღვეულია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ტკბილეულია. ჩემს თავთან ყველაზე ხშირად ტკბილეულის გამო ვკამათობ. ეს წონაზე მალე ისახება. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის უარს ვამბობ, მაგრამ ვცდილობ, ჯანსაღ ტკბილეულს მივაგნო და ისიც ძალიან ზომიერად მივიღო.

- ვამაყობ...

- ...იმ პიროვნებით, როგორ ადამიანადაც ჩამოვყალიბდი, ამის თქმა ცოტათი უხერხულია, მაგრამ... ვამაყობ ჩემი ბევრი გადაწყვეტილებით, ურთიერთობებით, დამოკიდებულებით... როცა საკუთარ თავს პოულობ, მერე ზუსტად იცი, რა არის შენთვის ფასეული. მე მაქვს შეხედულებები, რომლებსაც არ ვღალატობ. ვცდილობ, ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთანაც. მინდა, როცა მარტო დავრჩები, გადადგმული ნაბიჯების არ შემრცხვეს.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...რამდენიმე საათის წინ. დღეში რამდენჯერმე ვტირი, ეს პერიოდი ძალიან რთულია, მიჭირს გაძლება. 21-ე საუკუნეში ინტერნეტით თითქოს ყველანი ჩართულნი ვართ ამ ომში, თითქოს იქ ვართ. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობთ, ზუსტად ვიცით, რას გრძნობენ და განიცდიან. ყველაზე რთული ის არის, რომ ჩვენ ამ საშინელებას გვერდიდან ვუყურებთ და მხოლოდ მცირედით შეგვიძლია დავეხმაროთ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან უხერხულად ვარ.

- შიში მაქვს...

- ...სიკვდილის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...არაფერს არასდროს. ბოტოქსის და მსგავსი ჩარევების მომხრე არ ვარ. ადამიანებში ბუნებრიობას და სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ, ძალიან ვაფასებ. მომწონს, როცა პიროვნება თავდაჯერებულია. ერთია, რომ პლასტიკური ჩარევებით, ხშირად ადამიანები ინდივიდუალიზმს კარგავენ და მეორეა იმის პატივისცემა და დაფასება, რაც ღმერთისგან მოგვეცა. ღმერთზე უკეთესის შექმნის მცდელობა, ცოტათი უხერხულია. ასაკთან ბრძოლა ჩემთვის კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე პლასტიკური ქირურგია. არ მინდა, წლების შემდეგ გაშეშებული გამომეტყველება მქონდეს, თითქოს ამ ცხოვრებაში არაფერი მენახოს. მომწონს ჭაღარა თმა, ნაოჭებიც. ვგიჟდები ასაკოვან მოვლილ ქალებზე, რომლებმაც კარგად იციან, როგორ მოიხდინონ ასაკი, როგორ დაადონ ფასი იმას, რაც გამოიარეს და რომლებიც წარსულს პატივს სცემენ.

- ვუფრთხილდები...

- ...ჯანმრთელობას. უნდა ვთქვა, რომ ბავშვის გაჩენამდე ისე ძალიან, როგორც დღეს, არ ვუფრთხილდებოდი. შვილმა ჩემს თავზე ზრუნვა მასწავლა, მეტად შემაყვარა, რადგან მის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. წლების წინ ძერწვაზე დავდიოდი და ეს საქმე ისე კარგად, როგორც მინდა, არ ვიცი. სამოყვარულო დონეზე დავრჩი. ცეკვა, ცხენოსნობა, კიდევ ათასი რამ მაინტერესებდა.

- ვიტყუები...

- ...ძალიან იშვიათად, მთავარია, იმ დროს არავის ვავნო. საკვებს რომ მივირთმევ და მეკითხებიან, - მოგწონს? ვპასუხობ, რომ მომწონს, იმ ადამიანს გული რომ არ ვატკინო.

- თავისუფლება არის...

- ...პირველ რიგში, საკუთარი თავის შეცნობა, მისი პატივისცემა და სიყვარული. თავისუფლების გამოხატულებაა გააკეთო ის, რაც შენთვის კარგია და არა ის, რაც გინდა. ის, რაც გინდა ყოველთვის კარგი შეიძლება არ იყოს. ამაში ცოტა ეგოიზმიცაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრი ფული არ მინდა. უბრალოდ, ბევრი თუ მექნებოდა, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი, ვიმოგზაურებდი. კილიმანჯაროზე ავიდოდი, ეგზოტიკა, მძაფრი შეგრძნებები მომწონს.

236617425-4201389326565582-6690778709963558127-n-copy-1648110686.jpg

- მენატრება...

- ბავშვობა, სულ კარგად მახსენდება და ის პერიოდი სულ მენატრება.

- ბედისწერა...

- ...გარკვეულწილად არსებობს, მაგრამ ჩვენივე გადაწყვეტილებებით გარკვეული როლიც გვაკისრია. თუ გიწერია რაღაც კარგი, ამას შინ ჯდომით და უმოქმედობით ვერ მიაღწევ.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ სოციალურ ქსელს მოვერიდო, იქ ბევრი ნეგატივია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბებია ხშირად მეუბნება, გულწრფელი იყავიო! თვალთმაქცობაში ადამიანები თავად იკარგებიან.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა მკითხველს, ვინც დრო დაგვითმო და ეს ინტერვიუ წაიკითხა.

თამუნა კვინიკაძე