მარტა ბარამიძის სოლიდარობა - გზაპრესი

მარტა ბარამიძის სოლიდარობა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მარტა ბარამიძემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ "პოსტი" გამოაქვეყნა: უკრაინაში ომში მივდივარ, ხელში იარაღსაც ავიღებ და ვისვრი, მშვიდობა მისურვეთო... აღმოჩნდა, რომ უკრაინას გამოცდილი მებრძოლები სჭირდება, მოხალისეები კი საკმაო რაოდენობით ჰყავს. ამ საკითხზე, უფრო დეტალურად თავად მარტას ვესაუბრეთ...

- უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რასაც თვალყურს ვადევნებთ, შეუძლებელია, ამ ქვეყნის მხარდაჭერის, დახმარების სურვილი არ გაგიჩნდეს ადამიანს. ამიტომ მეც ვიფიქრე, რომ ომში წავსულიყავი. ჯარში ნამყოფი ვარ: 48 საათის განმავლობაში ჯარისკაცის რეჟიმით ვცხოვრობდი, ჯავშანჟილეტიც მეცვა, იარაღიც მეჭირა და სასროლეთზე ვისროდი. ვიფიქრე, ჩემი ძალებით ახლა რამე გამეკეთებინა... ადრე მედდაც ვიყავი და შეიძლებოდა, ომში სხვებს ამ მხრივაც დავხმარებოდი. ასევე, როგორც მზარეულს, შემეძლო, ჯარისკაცებისთვის საჭმელი მომემზადებინა... მოკლედ, ბევრ რამეში მონაწილეობა შემეძლო, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, ვინც უკრაინაში იმყოფება, მათ შორის ფრანგ მამაკაცს, რომელიც უკრაინაში საფრანგეთიდან მოხალისედ წავიდა და მითხრეს, რომ ახლა მათ მოხალისეები არ სჭირდებათ, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავთ. ახლა გამოცდილი მებრძოლებია საჭირო. მერე ჩემი მეგობარი დამიკავშირდა, ვინც გამოცდილ ქართველ მებრძოლს იცნობს. მას უკრაინაში წასვლა უნდა, რისთვისაც ფინანსური დახმარება სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთი "პოსტის" გამოქვეყნებას ვაპირებ, ამჯერად - იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს მგზავრობისთვის ბილეთი ვუყიდოთ. მან თავად შემომთავაზა, - შენს ნაცვლად, ომში მე წავალო...

- მარტა, 48 საათით ჯარში როგორ მოხვდი?

- იმ პერიოდში "ჯიდიესში" ვმუშაობდი. ჯარიდან დაგვირეკეს - უნდოდათ, ჟურნალისტებს გვეჩვენებინა, ჯარში როგორი პირობები, სიტუაცია იყო, რა ხდებოდა... წავედით და, როგორც აღვნიშნე, ჯარისკაცის ცხოვრებით ვიცხოვრე, თუმცა ეგ ამბავი კარგად არ დასრულდა, რადგან ეტყობა, მხატვარს წელიწადის დროები აერია: ჯარში თებერვალში ვიყავით, ჩვენ კი ზაფხულის ფორმები გაგვატანეს და მასში გამოწყობილები დილის 4 საათზე ავდექით, ვირბინეთ, ვივარჯიშეთ... ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჯარისკაცები აკეთებენ. ჯარიდან დაბრუნებულს თირკმლის ანთება დამემართა. ამის გამო 10 დღე საავადმყოფოშიც ვიწექი. იქ ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა და სამსახურიდან წამოვედი - მივხვდი, რომ იქ მუშაობა აღარ მინდოდა.

marta-7-copy-1648110951.jpg

- ფიქრობ, რომ 48 საათის განმავლობაში ღირებული ცოდნა მიიღე, რაც ომში გამოგადგება?

- ახლა ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა ჯარში ნასწავლი უნარები, თუნდაც - ტერორისტებისგან შენობის გათავისუფლება, სასროლეთზე იარაღის სწორად გამოყენება - საჭიროა. იარაღს ძალიან მშვიდად იყენებ: ღრმად უნდა ჩაისუნთქო, ამოისუნთქო... მოკლედ, საქმეს მშვიდად უნდა მიუდგე, რაც ომისგან განსხვავებულია - ომში ასე არ ხდება, იქ მეტი სისწრაფე გესაჭიროება... ჯარში მ4-ით ვისროდით. იარაღი ხელში პირველად მეჭირა, მაგრამ მახსოვს, ისე კარგად ვისროდი, რომ ასეთ დროს ამბობენ, - ტყვიას ტყვიაში აჯენსო. ერთ ნატყვიარში კიდევ რამდენიმე ტყვია რომ მოახვედრო, საერთოდ, ამისთვის დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს. ეს სროლის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი უნარია. შეჯიბრებასავით მოვაწყვეთ. მ4-ით სროლაში პირველი ადგილი დავიკავე. სასროლეთიდან რომ წამოვედით, გადამღები ჯგუფი დოდო გუგეშაშვილს მეძახდა (იცინის).

- რეალურად, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, როგორ ფიქრობ, ადამიანის მოკვლას შეძლებ?

- ამის გადაწყვეტა ურთულესია, რადგან ადამიანებს ერთმანეთის უნდა გვესმოდეს, თუმცა, როდესაც ცივსისხლიანი მტერი თავს გესხმის, შეიძლება, იმ დროს ეს გააკეთო... იმ სიტუაციაში ადამიანზე კი არა, მტერზე ფიქრობ, რომელსაც ასევე, შენი მოკვლა შეუძლია. ვინ იცოცხლებს, იმაზეა დამოკიდებული, სროლას რომელი დაასწრებს. თუ ადამიანს გაიცნობ, მის პიროვნებას აღიქვამ, მის ამბავს მოისმენ, რა თქმა უნდა, მოკვლა გაგიჭირდება, მაგრამ თუ მტრად აღიქვამ, შედარებით გიადვილდება... შემდეგ, ფსიქოლოგიურად მაინც რთულია: ყველა ჯარისკაცი, რომელიც ომში იყო და გადარჩა, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის. მაგალითად, ვიეტნამის ომის შემდეგ ჯარისკაცებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ. მათ სხვადასხვა პრეპარატით მკურნალობდნენ... ადამიანის მოკვლა ურთულესი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როდესაც ცხელ წერტილში ხარ, ან მტერი მოგკლავს, ან შენ უნდა მოკლა. რა თქმა უნდა, ომს არ მივესალმები - ეს სასურველი სიტუაცია არასოდეს არის, თუმცა დღეს ჩვენ გვყავს დიქტატორი სახელმწიფოს - რუსეთის (რომელსაც ჩრდილოეთ კორეას ვადარებ) წარმომადგენელი, შიზოიდი ადამიანი - პუტინი, რომელსაც უნდა, მთელი მსოფლიო მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იყოს.

- აღნიშნე, მედდაც ვიყავიო. ალბათ მედდად ომში არ გიმუშავია, ხომ?

- ომში - არა. ბავშვობაში ლოგინად ჩავარდნილ ორ მოხუცებულს ვუვლიდი. ერთი მათგანი წელს ქვემოთ პარალიზებული იყო, მეორეს კი ფეხზე განგრენა ჰქონდა. ჩემი გამზრდელის მშობლებს ვგულისხმობ. გამზრდელის მამა ქარხანაში მუშაობდა, სადაც შხამ-ქიმიკატები იყო. ფეხი გაეჭრა, ქიმიკატები ორგანიზმში შევიდა... განგრენა და დიაბეტი განუვითარდა. როცა ადამიანს დიაბეტი გაქვს, ასეთი ჭრილობების შეხორცება ძალიან რთულია. საავადმყოფოში იწვა. იქ ღამეებს ვუთენებდი... საბოლოოდ, ფეხი მოჰკვეთეს. რა თქმა უნდა, გადაადგილება არ შეეძლო - ლოგინად იყო ჩავარდნილი. ჩემმა გამზრდელმა მშობლების მოვლაზე უარი თქვა, ამიტომ 2 მოხუცებულის მოვლა თავად მომიხდა. სამედიცინო სფეროში რაღაცები შევისწავლე. ჩემი პირველი გამოცდილება კუნთში ნემსის გაკეთება იყო. თავდაპირველად ბალიშზე ვვარჯიშობდი, შემდეგ ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენე და ავადმყოფს ყველა საჭირო მედიკამენტს თავად ვუკეთებდი. მერე ვისწავლე (რესპუბლიკურ საავადმყოფოში), სტერილიზაცია როგორ გამეკეთებინა... ცოდნას ბათუმში, ჩემი გამზრდელის მშობლების მოვლისას ვიყენებდი.

- მათი მოვლა შენი სურვილი იყო თუ იძულებული გაგხადეს, ბავშვს ასეთი რთული საქმე გაგეკეთებინა?

- უბრალოდ, ადამიანებს მარტო ვერ მივატოვებდი. არავინ ჰყავდათ, ვისაც მათი მოვლა შეეძლო: 1 შვილი ფსიქიკურად დაავადებულია - "თეთრი ბილეთი" აქვს; მათ მოვლაზე ჩემმა გამზრდელმაც უარი თქვა. სხვა არავინ იყო, ვინც მოხუცებს მოუვლიდა. ამიტომ მათთან საცხოვრებლად გადასვლა და მოვლა გადავწყვიტე. საჭმელსაც ვაკეთებდი და სახლის საქმეებსაც, სკოლაშიც დავდიოდი... ვცდილობდი, მოხუცებისთვის სიცოცხლე გამეხანგრძლივებინა. ყოველ დილით, ჩემი გამზრდელის დედის მეზობლებს ფინჯან ყავაზე ვეპატიჟებოდი, პატარა საუზმეს ვუმზადებდი, რომ ეს ქალი დათრგუნვილი არ ყოფილიყო...

marta-2-copy-1648110967.jpg

- მარტა, რა იყო პიკი, რამაც ომში წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინა?

- საერთოდ, ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც თუ გადაწყვეტს, ასრულებს კიდეც. უბრალოდ, რა ინფორმაციაც მომაწოდეს, იმის შემდეგ გადავწყვიტე, სხვა საქმით დავკავდე: იმ ჯარისკაცს დავეხმარო, რომელიც ომში წასვლას აპირებს - მებრძოლია და იარაღის გამოყენება კარგად იცის... რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, მგონი, მას შემდეგ არავის გვძინავს. ურთულესი სიტუაციაა. ძალიან არასწორი, უსამართლო ომია. პუტინს იარაღის გამოყენების, საბრძოლო მოქმედებების გარეშე არ შეუძლია, ყველაფრის დაპყრობის სურვილი აქვს! უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ერია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ძალიან დაგვეხმარა (რა თქმა უნდა, აგვისტოს ომიც ურთულესად აღვიქვი და გადავიტანე - თითქმის არც ერთი ღამე არ მძინებია). ამიტომ ვფიქრობ, ახლა ჩემი სოლიდარობა უნდა გამომეხატა, უკრაინაში წავსულიყავი და ნებისმიერი ფორმით უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, როგორც მზარეული, ექთანი თუ მეომარი, ვინც იარაღს ხელში აიღებდა... ამ ყველაფრის არ მეშინია, თუმცა უკრაინაში მყოფების რჩევები გავითვალისწინე... ამ დღეების განმავლობაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ამსახველ რა კადრებსაც ვუყურებთ და ვუსმენთ, ეს ყველაფერი დაგროვდა, დაგროვდა და პიკს მიაღწია...

- მარტა, უკრაინასთან რამე გაკავშირებს?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ რატომღაც, შინაგანად მგონია, რომ კავშირი მაქვს. იმ ღამეს, როდესაც უკრაინას ბომბი პირველად დაეცა, ზუსტად იმ დროს შიშის და კანკალის შეგრძნებით გამეღვიძა, თუმცა არ ვიცოდი, რა ხდებოდა. საათს შევხედე და ძილის შებრუნება ვცადე... დილით გავიგე, უკრაინაში რა ხდებოდა. საერთოდ, საფრთხის მოახლოებას ყოველთვის ვგრძნობ... არ ვიცი, შეიძლება, უკრაინასთან შინაგანი კავშირი დედის მხრიდანაც იყოს, რომელსაც არ ვიცნობ და იმედია, მშვიდობით არის... რეალურად, ჩემს ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებით, რამდენად სწორი ინფორმაცია მაქვს, არ ვიცი, რადგან მთელი ცხოვრება მატყუებდნენ - სიმართლეს არ მეუბნებოდნენ. ახლა ყველა გარდაცვლილია, ვინც სიმართლე იცოდა და ვერავისგან ვერაფერს ვიგებ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შეიძლება, დედაჩემი იქ, უკრაინაში იყოს... არ ვიცი, თუ ასეთი მამაცი ადამიანი იქნება, შეიძლება, იარაღითაც იბრძოდეს... შესაძლოა, ისიც მოატყუეს, ვერ გეტყვით. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ მშობლებსაც ატყუებდნენ, ბავშვებს ჩუმად ყიდდნენ... ამიტომ ვერ განვსჯი. მის შესახებ ვერც ცუდს ვიტყვი, ვერც - კარგს. როცა სწორი პასუხები არ იცი, ჯობია, ადამიანმა თავი შეიკავო, არ განსაჯო და შინაგანი მდგომარეობაც დაისტაბილურო... იმედია, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება: ჩვენც მშვიდობით ვიქნებით, უკრაინა გაიმარჯვებს და ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რუსეთის შიზოიდი მმართველი სამყაროს მოშორდება...

ეთო ყორღანაშვილი