ქეთი წიკლაური მამასა და მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე - გზაპრესი

ქეთი წიკლაური მამასა და მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე

ხშირად ხდება ისე, რომ შეიძლება ადამიანთან ერთ კონკრეტულ თემაზე საუბარი დაგეგმო, მაგრამ დიალოგმა სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს. ასე მოხდა ქეთევან წიკლაურის შემთხვევაში, რომელთანაც ცხოვრებისეულ მძაფრ და ყველაზე დასამახსოვრებელ შთაბეჭდილებებზე უნდა მელაპარაკა, თუმცა მისგან სხვა არაერთი სიახლეც შევიტყვეთ.

პირველ თებერვალს თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა. ბუნებრივია ოჯახს მისი დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილი და მონატრება არ განელებია, დრო ასეთ მძიმე იარებს არ აშუშებს, თუმცა, ქეთი ცდილობს, ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეს, მობილიზება გაუკეთოს თავს და მამამისის სიმღერების ახალი ვერსიები შესთავაზოს თემურ წიკლაურის შემოქმედების თაყვანისმცემლებს.

- ქეთი, როგორი მახსოვრობა გაქვთ? როგორ იმახსოვრებთ ამა თუ იმ შთაბეჭდილებებს?

- ინტერვიუების დროს თქვენ შემოქმედ ადამიანებს ესაუბრებით, რომლებიც რეალობას განსხვავებულად, თავისებურად ხედავენ და ვერ ვიტყვი, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა. მგონია, შემოქმედი ხალხი ცხოვრებისეულ მოვლენებს ერთგვარად შეგრძნებების, შეხების, სუნის, ზმანებების დონეზე აღიქვამენ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. რაც შეეხება მახსოვრობას, არსებობენ ადამიანები, ვისაც ახსოვს ბაღში ვის გვერდით იჯდა და რას ჭამდა ან უმაღლესში მისაღებ გამოცდაზე რა ბილეთი შეხვდა. ამაზე გულდაწყვეტით და ირონიით მეცინება, რადგან მე ეს თვისება არ გამაჩნია (იღიმის). თუმცა, თუ რამე მოგონება მაქვს, ის ნათელი, ცოცხალი და მძაფრია, მაგრამ უფრო მეტად წყვეტილი, ფილმის კადრების დონეზე.

1-copy-1648111267.jpg

- ასეთი ეპიზოდები რომელია თქვენი წარსულიდან - ბავშვობიდან?

- რაღაც მომენტიდან, ბავშვობა აღარ მენატრება. ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც ადრე, როცა ეს იყო ჩემი საკრალური სამყარო და როცა რამე მჭირდებოდა, ბავშვობაში "გავრბოდი", იმ "საიდუმლო ოთახში" ჩავიკეტებოდი და ვივსებოდი. შეიძლება ნახევარი ცხოვრება უკვე გავიარე, საკმაოდ ასაკიანი ვარ და ეს სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ალბათ ეს იმიტომ, რომ ახლა საბოლოოდ გავიზარდე (იღიმის). ყოველ შემთხვევაში დღეს ბავშვობაში გაქცევა აღარ მჭირდება, რომ ძალა და სიმშვიდე მოვიპოვო. შეიძლება ეს უდიდეს სტრესებთან არის დაკავშირებული, რაც პანდემიამ გამოიწვია და მანამდე ჩემს პირადულ მომენტებს სდევდა. მძიმე ეგზისტენციალური კრიზისი დამემართა, ყველაფერზე შემეცვალა დამოკიდებულება: ცხოვრებაზე, ადამიანებზე, მეგობრებზე, სიყვარულზე, თავზე. ასევე, ჩვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა მამას წასვლამ.

- იქნებ წარსულის არგახსენების სურვილი იმიტომ გაქრა, რომ აღარ გსურთ ხელახლა "გაიაროთ" ის ტკივილი, რაც შემდგომ წლებში იყო. "ჩაკეტეთ" დრო და ეს ერთგვარი წარსულისგან გაქცევაა...

- არ ვიცი, თუმცა საინტერესო რაკურსი შემომთავაზეთ. ვიფიქრებ ამ თემაზე (იღიმის). შეიძლება მივხვდით, რომ ცხოვრება იმდენად დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული, რომ თავს წარსული ბედნიერი მომენტებით ვეღარ იტყუებ. თუმცა, რა თქმა უნდა, გონებაში ნათელი, საოცრად ზღაპრული და მზის სხივებით გადანათებული სურათებიც დამრჩა და ასეთი არაერთია: ძალიან პატარა ვიყავი, მაშინ კოჯორში ვცხოვრობდით და მშობლები თბილისში რეპეტიცია-კონცერტებზე იქიდან დადიოდნენ. საჭესთან მამიკო იჯდა, მის გვერდით დედა, მე უკანა სავარძელი მეკავა. გავიხედე და გზად, ტყეში "დავინახე" ყვავი და ბაჭია, რომელიც აიწონა-დაიწონაზე კატაობდნენ. არ ვიცი, ეს რა იყო, შეიძლება მეძინა და დამესიზმრა. მეორე ასეთივე ეპიზოდი ისევ კოჯრის გზას უკავშირდება, დავინახე ძაღლი და ვირი როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ახლა ამას რომ დაწერთ, ხალხი იფიქრებს, გიჟიაო (იცინის). ეს სურათი დღემდე ნათლად მახსოვს და ამ ამბებს დიდი ხნის განმავლობაში ყველას ვუყვებოდი.

- აშკარად ბევრ ზღაპრებს გიკითხავდნენ ბავშვობაში და მათი გავლენით გაჩნდა თქვენში ამგვარი წარმოსახვები...

- დიახ, ზღაპრებს ხშირად მიყვებოდნენ ბებია, დედა. მეც ძალიან ადრე ვისწავლე კითხვა. ბავშვობაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სკანდინავიურმა ზღაპრებმა. გამოგიტყდებით და პერიოდულად, ზღაპრებს დღემდე ვკითხულობ. ძალიან ცუდად ვიქცევი, მაგრამ ბავშვობიდან დღემდე, როცა ვჭამ ან ჩაის ვსვამ, მაგიდაზე წიგნი მაქვს გადაშლილი და ვკითხულობ. ადრე ვიძინებდი თუ ვიღვიძებდი, წიგნი სულ თან მქონდა. ახლა უფრო მეტად ვკითხულობ სამეცნიერო, ფსიქოლოგიურ, ეზოთერიკულ სტატიებს, ვუსმენ ლექციებს, საინტერესო ხალხთან ინტერვიუებს. რამდენიმე ჩემთვის საინტერესო ფსიქოლოგი აღმოვაჩინე, მათ ხშირად ვუსმენ და ბევრი ახალი რამ გავიგე ცხოვრებაზე, ადამიანებsa და საკუთარ თავზეც. აქედან გამომდინარე, იმ დოზით აღარ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, როგორც უწინ და ეს არ მყოფნის, განსაკუთრებით ბოლო დროს...

- როგორც ჩანს, ფსიქოლოგია, ეზოtერიკა გიტაცებთ. ანალოგიურად არის ასტროლიგიაც?

- ასტროლოგია თითქოს უფრო პოპულარული გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ თემით დაინტერესებული ვარ და ყოველდღიურად ვკითხულობ ასტროლოგიურ პროგნოზებს. თუ წავიკითხავ, ჩემს მიღმა მიდის, იმდენად არ მაინტერესებს. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპია. რაც წამიკითხავს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე, ჩემზე არაფერი ემთხვევა. თუმცა, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს და თითოეულ ადამიანზე ცალკე დგება პირადი რუკა.

- კონცერტებზე მინდა გკითხოთ და მასთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებზე. ყველაზე მძაფრად რომელი ჩარჩა თქვენს მეხსიერებაში?

- "ივერიას" გვერდს ვერ ავუვლი, ის ჩემი სხეულის ნაწილია. და არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი ნაწილი. "ივერია" ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და სიყვარულია. თუმცა, მამას რამდენიმე გამოსვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავად მახსოვს. როცა ის პატრიოტული შინაარსის რეპერტუარს ასრულებდა, სცენიდან დიდი ენერგია მოდიოდა და ეს გულის გაგლეჯამდე იგრძნობოდა.

- ვიცი, ძალიან მძიმეა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით თქვენი ოჯახის ტრაგედიას. ყოველთვის განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა თემურ წიკლაურის მიმართ და როცა კორონავირუსი შეეყარა, ხალხი ყოველდღიურ რეჟიმში ინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მას საყოველთაო სიყვარული ჰქონდა და იშვიათად ხდება ასე, მით უფრო, დღევანდელ საქართველოში. როგორი იყო პირადად თქვენთვის მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემდგომი პერიოდი?

- ეს იმდენად უზარმაზარი მორევი და ტკივილი იყო, იმ პერიოდში თითქოს ნახევრად აქ არ ვიყავი. იმ დროს ემოციის ყველა სპექტრი გამოვიარე. გარდა იმ უდროო და საშინელი დანაკარგისა, რეალობის მიღებამდე მქონდა საშინელი შეგრძნება და რყევის მომენტები, რომელსაც ასეთ დროს ფსიქოლოგიურად ყველა შვილი გადის. ვგულისხმობ განცდას, რომ შვილმა რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, რომ თითქოს დამნაშავე ხარ. ვიცით, ეს აბსურდია, მაგრამ მეც მქონდა ეს შეგრძნება. ვინც „კოვიდით“ და მასთან დაკავშირებული გართულებებით ახლობელი დაკარგა, ალბათ ეს ფიქრები უცხო არავისთვისაა. როცა ადამიანი რეანიმაციაში წევს, ხელოვნურ კომაშია, იცი ცოცხალია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ შეგიძლია, სულ მოლოდინის რეჟიმში მყოფი არ კარგავ იმედს, რომ შეიძლება ყოველ წუთს რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. გჯერა, რომ დაძლევს. იცი, როგორი ძლიერია, როგორი სულის პატრონი, როგორ იბრძვის და ბოლოს მაინც დამარცხებული რომ რჩები, ეს კატასტროფაა. ჩვენს შემთხვევაში ეს 40 დღე გრძელდებოდა. არ ვიცი, იმაზე მძიმე რაღა უნდა იყოს, როგორც შვილისთვის ასეთი საყვარელი მამის დაკარგვაა...

- უკაცრავად, რომ ამ ტკივილზე ლაპარაკი გვიწევს...

- არა, საბოდიშო არაფერია. სწორად გამიგეთ, ვფიქრობ, ჩემთვის მოვალეობაცაა მასზე ლაპარაკი, რადგან მამას ხალხის მხრიდან დიდი პატივისცემა ჰქონდა. ის სულ ამბობდა: "მე ვარ ხალხის მსახურებაში". მის ამ პოზიციას დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვიზიარებ. მისი შვილი ვარ და ვფიქრობ, მასზე ლაპარაკი ჩემი ვალდებულებაცაა, მისი დამოკიდებულება ხალხს ახლა უკვე მე უნდა მივაწვდინო. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ძალიან სასიამოვნო იყო ხალხის ყურადღება, სიყვარული და გვერდში დგომა. მამიკოს გარდაცვალების შემდეგ, მასზე დღემდე საოცარ სიტყვებს მწერენ და შეხვედრისას, უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ.

- დედა როგორ არის?

- არა უშავს, წელს უკეთ. საკუთარ თავს მობილიზება გაუკეთა და მეც ვცდილობ ყველანაირად უკეთ იყოს, ჯანმრთელობის მხრივაც ყველაფერს ვაკონტროლებთ. ვირუსი მანაც გადაიტანა. მთელი ოჯახი ვიყავით ავად. ჯერ მამას დაემართა კორონა, შემდეგ მე, ჩემს შვილს და დედას. ჩემი მშობლები ერთდროულად იწვნენ გორის ჰოსპიტალში. მამა ჯერ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა, შემდეგ გორში. დედა ათ დღეში გამოვიდა, მაგრამ მამა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს...

jpgaaaaaaaaaaaa-1648111282.jpg

- გაქვთ რამე ნივთი დედ-მამისგან, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებით?

- არაერთი ნივთი მაქვს, რომელსაც ვინახავ და განსაკუთრებით ვუფრთხილდები. მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცლითაც დავდივარ. მაგალითად, მაქვს მისი პიჯაკი, დიდი შავი პერანგი, შარვალი, შარფი. დღეს ოვერსაიზი მოდაშია და როცა მის შარვალს ვიცვამ, ქამრით ვიჭერ. მამიკოს ცხვირსახოციც სულ თან მაქვს. ახლა ყველაფერი განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის... რაც შეეხება დედას, საოცრად ნიჭიერია. გარდა იმისა, რომ მღერის, ხალხი მას "ივერიის" წევრად და შემსრულებლად იცნობს, არაჩვეულებრივად ხატავს. მთელი ცხოვრება კერავდა და დღეს ახალგაზრდა რომ იყოს, ერთ-ერთი გამოჩენილი დიზაინერი იქნებოდა. ბავშვობაში სულ მისი შეკერილი პალტოები, კოსტიუმები, შარვლები მეცვა. ჰაი-კლასის ნამუშევრები იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორი მზარეულია (იღიმის). სპექტაკლებში რომ ვმონაწილეობდი, იქ მხატვრები გვყავდა და ისინი კერავდნენ სასცენო კოსტiუმებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სოლო გამოსვლები დავიწყე, ჩემი სასცენო კოსტiუმების ძირითადი ნაწილი დედას შეკერილია და ახლა ისინი ცალკე კaმოდში მაქვს შენახული. დედას ქსოვა ამშვიდებს, მე პირიქით - ნერვები არ მყოფნის. შვილისთვის შარფი და ქუდი მომიქსოვია, მაგრამ ეს არ მართობს და მედიტაციაში ვერ შევდივარ (იღიმის). ისე კი, საერთოდ მე "ბარახლოვშიცა" ვარ, ყველაფერს ვინახავ. მამიკოს დეიდას ჰქონდა ეს თვისება, ყველაფერს აგროვებდა და გენეტიკურად ახლა მე მაქვს ჩვევად. უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები, ბიუსტები, ჟურნალ-გაზეთები, მამისადმი მიძღნილი ნივთები, სიგელები, წერილები, დეპეშები, ლექსები. ამასთან დაკავშირებით გეგმებიც დავსახე. გარდა ამისა, სტრესიდან შედარებით რომ გამოვედით, მამაზე წიგნის გამოცემაც გადავწყვიტეთ. წიგნის დაბეჭდვაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ლაპარაკი, მაგრამ ის იმდენად მორიდებული პიროვნება გახლდათ, წიგნის გამოცემას სირცხვილად მიაჩნდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, არაერთი ლექსი შეიქმნა და ყველაფერი ეს იმ წიგნში იქნება თავმოყრილი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.

- ანუ როგორც მივხვდი, თემურ წიკლაურის ბინა-მუზეუმის გაკეთებას გეგმავთ, სადაც მის ნივთებს გამოფენთ. დავწეროთ ამის შესახებ, იქნებ გამოჩnდნენ მხარდაჭერის მსურველნი...

- კი ბატონო... დიახ, თუმცა მინდა სივრცე-მუზეუმი უფრო იყოს, ვიდრე ბინა. არა ცივი გარემო, არამედ თბილი ადგილი, სადაც ადამიანი მივა, დაჯდება, ყავას, ჩაის დალევს. იქვე გაჟღერდება მამას სიმღერები, ეკრანზე კლიპები გავა, მოეწყობა საღამოები და ა.შ. ამ თემაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ჯერ არაფერი დამიწერია და არც პროექტის სახით მაქვს ჩამოყალიბებული. მხარდაჭერაც დამჭირდება და ჯერ არ ვიცი, ვის მივმართო. მინდა ეს სივრცე სახელმწიფოს დარჩეს. შეიძლება შემდეგ ესტრადის მუზეუმშიც გადაიზარდოს და ვფიქრობ, სახელმწიფოს სჭირდება ამგვარი კულტურული სივრცე.

- დაბოლოს, შემოქმედებით თვალსაზრისით რამე გეგმები ხომ არ გაქვთ?

- კი, მაგრამ სულ რაღაც წინაღობებია, ხან პანდემიის პირველი ტალღაა, ხან მეორე და ა.შ. ახლა კატასტროფა მოხდა ომის სახით, ამიტომ ძნელია ხვალინდელ დღეზე ილაპარაკო. სწორედ ისე, როგორც ოშოსა და სხვა გურუების მიხეdვით, რომლებიც დღევანდელი წამით ცხოვრების იდეას უსვამდნენ ხაზს და აქამდე დღევანდელობამ მიგვიყვანა. შარშან კულტურის სამინისტროს დაფინანსებით (უღრმესი მადლობა მათ), მამას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოები გავმართეთ ქუთაისსა და თელავში. წელსაც ამის იმედი გვაქვს, რომ ასეთივე კონცერტებს გავმართავთ. ახლახან მამიკოს ნამღერი სიმღერა "გააქროლე მეეტლევ" ჩავწერე, რომლის სატელევიზიო პრემიერა მერიკო კარტოზიას გადაცემაში შედგა. სურვილი მაქვს, მისი სიმღერები გავათანამედროვო. დრო ულმობელი რამეა, ხელოვნების ეთიკასა და ესთეტიკას ცვლის, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ, რომ ძველი სიმღერების გაცოცხლებით, ხალხს ხშირად გავახსენოთ. მთავარია მშვიდობა იყოს, პანდემია წარსულში დარჩეს, საზღვრები გაიხსნას, შევძლოთ საზღვარგარეთ გასვლა, კონცერტებით ჩავიდეთ ემიგრანტებთან, რომლებსაც ძალიან გავახარებთ. პანდემიის გამო, ხელოვნება ყველაზე მეტად დაზარალდა. მსმენელთან "ცოცხალ" კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არა მხოლოდ ხელოვანებს, მსმენელსაც აძლევს ძალას და ეს ჩვენ ყველას ძალიან გვენატრება.

ანა კალანდაძე