უკრაინის დამცველთა ქართველი მწვრთნელი: "შანსი არა აქვთ რუსებს ამ ბრძოლებში, იმდენად უაზროდ იბრძვიან" - გზაპრესი

უკრაინის დამცველთა ქართველი მწვრთნელი: "შანსი არა აქვთ რუსებს ამ ბრძოლებში, იმდენად უაზროდ იბრძვიან"

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კახა ბასილია უკრაინელებთან ერთად იბრძვის რუსი აგრესორების წინააღმდეგ. ბატონი კახა იქ ომის დაწყებამდე, 12 თებერვალს ჩავიდა. ახლა უკრაინელ მოხალისეებს წვრთნის. უკრაინაში მყოფ ქართულ ლეგიონში ირიცხება და იქ არსებულ ვითარებაზე გვიყვება.

- დაბომბვები ძირითადად ღამე მიმდინარეობს. ახლა უფრო გააქტიურდნენ, სახმელეთო შემოტევისთვის ემზადებიან, ერთი მხრიდან კიევთან ძალიან ახლოს მოვიდნენ. საიდანაც აპირებენ შემოსვლას, იმ მხრიდან 5 კილომეტრში იყვნენ, მაგრამ უკან დავახევინეთ. ახლა 15 კილომეტრით არიან დაშორებულები. დაბომბვები უფრო გააქტიურდება. ყველაზე დიდი საშიშროება ბომბები და ქიმიური ატომური სადგურებია. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- ითქვა, ატომურ სადგურებზე ზემოქმედების საშიშროება არ არისო. ფიქრობთ, საფრთხე ამ კუთხითაც არსებობს?

- ამის საშიშროება არსებობს, ამიტომ დავიწყეთ აირწინაღების მოძიება, იმედია, ვიშოვით. თუ არა, მეომრებს ვასწავლი, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ აირწინაღი არ ექნებათ. ეს ღამეც ალბათ უძილო იქნება, როგორც სხვა ღამეები. ძალიან საშიშია ამ დროს ძილი, ყურადღებით უნდა იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში 72 საათში შემოსვლა ჰქონდათ დაგეგმილი... რომც შემოვიდნენ კიევში, მერე უფრო გაუჭირდებათ, რადგან მასობრივად დაიწყება პარტიზანული მოქმედებები. არსებობს გეგმა "ბე" - პარტიზანული მოძრაობა. ყველა ადამიანი, ვინც კიევში დარჩა, მოტივირებულია, რომ მტერს ყველანაირი წინააღმდეგობა გაუწიოს. ბევრი ადამიანი კიევიდან გავიდა, მაგრამ მილიონ-ნახევარია დარჩენილი. ისინი მზად არიან სერიოზული წინააღმდეგობისთვის.

basilia-kaxaa-2-1648111631.jpg

- ქალაქებიდან მოსახლეობა გამოსვლას ვერ ახერხებს, კიევში ამ კუთხით რა ვითარებაა?

- ახლა გასვლა რისკის შემცველია, მწვანე დერეფნები, რომლებსაც სთავაზობდნენ, სანდო არ არის, არ იცი, ამ დროს რას იზამენ. ქალაქში ძირითადად დარჩენილი არიან მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, და ისინი, ვინც არ ელოდა ასეთ სიტუაციას და ახლა უკვე ეშინია გადაადგილების. 60 წლამდე ასაკის მამაკაცების გასვლა კანონითაც აკრძალულია. ვინც დარჩენილია, მათი 90 პროცენტი ოკუპანტებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას აპირებს.

- თქვენთან მოხალისეები გადიან წვრთნას. უცხოელები არიან თუ ადგილობრივები?

- ძირითადად ვასწავლი ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სურვილი აქვს, სამშობლო დაიცვას. ომამდეც ვუტარებდით ახალგაზრდებს წვრთნებს. ომის პირობებში ძალიან ცოტა დროა, ხანდახან ერთი-ორი დღე გაქვს იმისთვის, რომ შეასწავლო ელემენტარული წესები - იარაღის დაშლა-აწყობა, სროლა, ტაქტიკა, სტრატეგია, როგორ უნდა იმოქმედონ, ხელყუმბარა როგორ გამოიყენონ, აფეთქების დროს როგორ მოიქცნენ და ა.შ. ელემენტარული საკითხებია, რომლის ცოდნა აუცილებელია. დანარჩენს პრაქტიკაში ისწავლიან, გამოცდილებას ომში მიიღებენ. ბუნებრივია, ბევრი რისკია ასეთ დროს. 19-20 წლის გულანთებული ბიჭები არიან, მათ უფალი დაიცავს, უფლის ნებაა ყველაფერი. რაც შეეხება მოხალისეებად ჩამოსულებს, მათი 80 პროცენტი მომზადებული ხალხია. ასეთი ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ 10 კაცში ერთი მაინც იყოს ინგლისურენოვანი. ამერიკულ ყაიდაზე არიან გაწვრთნილი ძირითადად მოხალისეები, მათ ნატოს წვრთნები აქვთ გავლილი, ამიტომ ინგლისური ენა და ტერმინოლოგია მათთვის გასაგებია.

სამუშაო აქ ბევრია, ვეხმარებით თეორიაში, პრაქტიკაში, რეალურ სიტუაციაშიც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს. უკრაინის გამარჯვება არის საქართველოს გამარჯვებაც. უკრაინა თუ გაიმარჯვებს, ჩათვალეთ, რუსეთის მზე ერთხელ და სამუდამოდ ჩაესვენება. მსოფლიომ ისედაც დაინახა, ეს ურდო, რომელიც ყველას უძლეველი, სასწაული ჯარი ეგონა, ასეთი არ არის. ადგილობრივი სოფლის მოსახლეობა და "ციგნები" ჰპარავენ მათ ტანკებს. რუსეთის ჯარისკაცების უმეტესობა ახალბედები არიან, ომის არანაირი გამოცდილება არა აქვთ. მიკვირს რასაც ვუყურებ: ტაქტიკა, მოქმედება არ არის გათვლილი. თან არც მოელოდნენ უკრაინელებისგან ასეთ წინააღმდეგობას. უკრაინელები სწორად მოქმედებენ, სახმელეთო ბრძოლებში 100 პროცენტით არის უკრაინა წინ. ერთი არის ცა და ახლა პუტინის დაშინება ატომური ბომბით და ატომური სადგურით, რომელიც მათ ხელშია. 1986 წელს, როცა ჩერნობილი აფეთქდა, ლვოვში ვსწავლობდი და კარგად ვიცი, რა პრობლემის წინაშე დავდგებით. წარმოიდგინეთ, რა კატასტროფა იქნება ეს ბელარუსისთვის, ევროპისთვის, იმავე რუსეთისთვის. ჭკუათამყოფელი ამას არ გააკეთებს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, პუტინი ყველაფერზე წამსვლელია. თუ ამას არ გააკეთებს, ის ამ ომში 100 პროცენტით დამარცხდება. უკვე ქალები ისვრიან და აფეთქებენ ტანკებს. თითო "ჯაველინი" თითო ტანკია, შანსი არა აქვთ რუსებს ამ ბრძოლებში, იმდენად უაზროდ იბრძვიან. თან თანამედროვე ტექნიკა მათ არა აქვთ. რა მითიც ჰქონდათ შექმნილი რუსეთის არმიის უძლეველობაზე, ეს მითი დაიშალა, ამიტომ დიდი შანსია, ააფეთქონ ატომური სადგური, პატარა ბომბი ჩამოაგდონ. ეს არის ძირითადი საშიშროება დღეს და ამის საწინააღმდეგოდ მთელი მსოფლიო უნდა დადგეს და რამენაირად უნდა შეაშინოს.

- ამბობთ, რუსის ჯარი არ არის მომზადებულიო. რა არის ამის მიზეზი?

- შეხება მაქვს რუსეთის ოფიცრებთან და ვიცი - რუსეთში არის საშინელი კორუფცია. პუტინი სტალინს ჰბაძავს, სტალინი კი იყო დიქტატორი, მაგრამ მას არ აინტერესებდა შვეიცარიის ბანკში მილიარდები და მართლა სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა. პუტინსა და მის გარემოცვას თან მილიარდები უნდათ, თან კარგი ცხოვრება და თან უნდათ, დიქტატორები იყვნენ. კორუფციამ დაღუპა რუსეთის ჯარი, რაც უნდა წავიდეს შეიარაღებაზე, ის ფული მათ ჯიბეებში წავიდა. მოქმედი წესიერი გენერალი არავინ ჰყავთ, ვინც არის, ყველა კორუფციაშია ჩაფლული. ვინც ჭკვიანი იყო, დასავლეთში გაიქცა და იქ დარჩა. კორუფცია არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ჯარი ჩამოლპა.

- თქვენ ვისგან მიიღეთ შემოთავაზება, რომ ახალგაზრდა მეომრები გაგეწვრთნათ?

- ომამდე 2 კვირით ადრე მთხოვა უკრაინის სპორტის დეპარტამენტმა ამ საქმეში ჩართვა. იქ არის ჩემი მეგობარი. იციან, რომ ვარ თადარიგის პოლკოვნიკი, მაქვს გამოცდილება - 2008 წლის აგვისტოს ომის, აფხაზეთის გამოცდილება, და ამიტომ მთხოვეს, სამოქალაქო თავდაცვის კურსებში დავხმარებოდი. ჩამოვედი აქ და ვთხოვე ქართული ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს, მათ ბაზაზე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და 2 კვირის მანძილზე 1 000-ზე მეტი ახალგაზრდა გადავამზადეთ. სერჟანტების, კაპრალების დონეზე უკვე მსახურობენ, თავიანთი რაზმები ჰყავთ. ძალიან შედეგიანი კურსები იყო. ჩემ გარდა იყვნენ ინსტრუქტორები ამერიკიდან, ინგლისიდან, ისრაელიდან, ფრანგული ლეგიონის რამდენიმე ოფიცერიც. შედეგიანი იყო და ამას ვაგრძელებთ ახლაც შესაძლებლობის მიხედვით. უკრაინელებსაც აქვთ პრობლემები, ძველი შეიარაღება აქვთ, "კალაშნიკოვები" და ჩაფხუტებიც არა აქვთ კარგი. გერმანელებმა კარგი ჩაფხუტები გამოგზავნეს, 5 000 ცალი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მთავარია, რომ მოტივაცია აქვთ უკრაინელებს. ამერიკელებმა კარგი შეიარაღება მისცეს და ვფიქრობ, რესურსი რუსეთს ერთ კვირაში ამოეწურება. ეს ერთი კვირაა გადამწყვეტი. თუ არ დაიწყეს ქიმიური ბომბების გამოყენება, მათ არავითარი შანსი არა აქვთ.

- ცნობილია, რომ ქალებიც აქტიურად ჩაებნენ საომარ მოქმედებებში. მათი გადამზადებაც ხომ არ გიწევთ?

- ახალგაზრდა - 18-20 წლის გოგონები, რომლებიც მოდელებად უნდა მუშაობდნენ, იმდენად არიან შემართულები, მათ თვალებში რომ ჩახედავ, ხვდები, როგორი მოტივირებულები არიან. პარტიზანული მოძრაობის დროს ქალებს დიდი როლი აქვთ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ქალი დიდ ყურადღებას არ იქცევს და ასეთი გოგონები საჭიროა. მათი მომზადება მიმდინარეობს ახლა. ყველა ასაკის ქალები მოდიან და გვეხმარებიან თუნდაც სასადილოში. ჩვენთან პროდუქტები ფონდებს მოაქვთ. მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ რესტორნებს, რომლებიც კიევში მუშაობენ. ისინიც გვამარაგებენ საჭმლით. ისეთი შემართება და ერთსულოვნება, როგორიც აქ ვნახე, რომ მენახა აფხაზეთის ომის დროს, სხვა შედეგი გვექნებოდა. როცა აფხაზეთიდან ჩამოვდიოდი, ყველა რესტორანი მუშაობდა და "დიმპიტაური" ისმოდა, ხალხი თურქეთში დადიოდა "საბარიგოდ". ერთიანობა რომ ყოფილიყო საქართველოში მაშინ, იმ ომს მოვიგებდით... რუსი ოკუპანტები არავის ინდობენ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესვრიან, ყველაფერს ბომბავენ. ფაშისტები არიან. ფაშისტებს იდეოლოგია მაინც ჰქონდათ და იცოდნენ, რა უნდოდათ, ამათ დღესაც არ იციან, რა უნდათ, რისგან ათავისუფლებენ უკრაინას. ხარკოვში 80 პროცენტი რუსულენოვანი მოსახლეობაა და ეს ქალაქი მიწასთან გაასწორეს. ის ხალხიც გაამწარეს, ვისაც რუსების სჯეროდა და მათკენ იხრებოდა. ლვოვის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ადრე რომ ჩამოვდიოდი უკრაინაში, 80 პროცენტი რუსულად ლაპარაკობდა, ახლა ყველას რცხვენია რუსულად ლაპარაკი და უკრაინულად საუბრობს. უკრაინულს მეც ვსწავლობ. აქ არიან ისეთი მოხუცები, რომლებსაც ახსოვთ, როგორ იბომბებოდა კიევი 1941 წელს და რუსებთან ერთად როგორ იბრძოდნენ. სასწაულებს აკეთებს ახლა რუსეთი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს რუსეთის იმპერია.

275601617-10209030011543936-6008059793427545865-n-copy-1648111610.jpg

- საქართველოდან ჩამოსულ მოხალისეებთან შეხება თუ გაქვთ?

- ჩვენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევდივართ, მოხალისეებს სხვა ფუნქცია აკისრიათ. თუ უკრაინის მოქალაქე ქართველები არიან, ისინი უკრაინის ჯარში მსახურობენ და ქვედანაყოფებში არიან, დანარჩენები სამოქალაქო თავდაცვის რაზმებში ირიცხებიან და ქალაქის, რაიონის დაცვაში მონაწილეობენ. ჩვენს ლეგიონს ოფიციალური დავალებები აქვს და ჩართულები არიან დიდ ოპერაციებში.

საქართველოდან ახლაც ბევრი მირეკავს და მეუბნება, წამოსვლა გვინდაო, გულანთებულები არიან. ეს გასაგებია, მაგრამ არც გამოცდილება აქვთ, არც ფიზიკური მომზადება და ცოდვა უნდა აიღო, რომ ასეთი კაცი აქ ჩამოიყვანო. ვისაც გამოცდილება არა აქვს, ისინი ძირითადად ბლოკპოსტებზე დგანან, ოპერაციებში არ მონაწილეობენ... კიევის ქუჩები სულ ცარიელია. დღეს გავედი ქალაქში. ერთადერთი კაფე იყო ღია. ფორმაზე საქართველოს დროშა მაქვს და მეპატრონემ დამიძახა, - ქართველო, მოდი, ყავა დალიეო, და მომაწოდა უფასოდ... ქალაქში ბევრი ბლოკპოსტია შექმნილი: ბევრი დივერსანტი დაძრწის და ჩვენი მეომრები ცდილობენ, არ გამოეპაროთ.

- რუს ტყვეებთან ხომ არ გქონიათ შეხება?

- რუსი ოკუპანტი შემხვდა, ვიღაც ჩუქჩა იყო, რომელმაც რუსულიც კი არ იცოდა, 19 წლის ბიჭი, ხელებით ლაპარაკობდა. საბჭოთა ჯარშიც ვარ ნამყოფი, რომ შევხედავ, ვხვდები, ვინ ვინ არის. 6 თვე, 3 თვე ნამსახურევებს უშვებენ ომში, როგორც საზარბაზნე ხორცს!.. მაღაზიებს ძარცვავენ, იმიტომ, რომ მშივრები არიან. ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ერთ სოფელში ტანკი გაუჩერდათ, საწვავი გაუთავდათ, ორი ტანკით იყვნენ. ერთში გადასხდნენ ყველანი და წავიდნენ საწვავის მოსატანად. ამასობაში ადგილობრივებმა იმ ტანკზე უკრაინის დროშა ააფრიალეს. ჯარისკაცები საწვავით რომ დაბრუნდნენ და ეს ნახეს, ეგონათ, უკრაინელმა სამხედროებმა წაართვეს ტანკი და თავიანთი ტანკი ააფეთქეს... მონადირეთა კავშირმა მთელი დაზვერვის რაზმი გასროლის გარეშე ჩაიგდო ხელში. რუსეთის ჯარი მოტივაციის გარეშე ომობს. მოტივაციის გარეშე ჯარისკაცი არაფერს არ წარმოადგენს. სულ სხვაა უკრაინელთა მდგომარეობა. ზელენსკი ნამდვილი გმირი აღმოჩნდა, კლიჩკო სამაგალითო მერია, აცვია ფორმა და იცავს ქალაქს. როცა ხედავ, ქვეყნის პრეზიდენტი აქ არის, მინისტრები აქ არიან, მერები აქ არიან, შენც სხვა შემართებით ხარ. ვხედავთ, რამხელა სანქციები დაუწესეს რუსეთს. სპორტსმენი ვარ და სპორტზე ვიტყვი: ეს არის სპორტსმენებისთვის კატასტროფა, რომ ვერ მიიღებ ვერაფერში მონაწილეობას. საპატიო შავი ქამარი ჰქონდა ძიუდოში, ტაიკვანდოში პუტინს და ყველაფერი ჩამოართვეს, ფედერაციებიდან გაირიცხა რუსეთი. მსოფლიო დაუპირისპირდა. "ბებერი" ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს. ბრიტანეთი და ამერიკა კარგად ეხმარებიან უკრაინას. ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთმა გაიმარჯვოს, უკრაინის შემდეგ იქნება საქართველო, მერე - ფინეთი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი. ის ავადმყოფი არ გაჩერდება. ჩვენ წაგებას არ ვაპირებთ, შემართებით ვართ უკრაინელ ხალხთან ერთად. ვერ წარმოიდგენთ, რა ხალხია: ბავშვები, ქალები, ასაკოვნები უნდა ნახოთ, სანგრებს როგორ თხრიან. ყველა მობილიზებულია. გუშინ ბარებში რომ მუშაობდნენ ბარმენებად, კოქტეილებს რომ აკეთებდნენ და ერთობოდნენ, ის ახალგაზრდები დღეს "მოლოტოვის კოქტეილებს" ამზადებენ. ასეთ ხალხს ვერ დაამარცხებენ. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!

თეა ხურცილავა