"შეიძლება ისე "შემოგეღალატოს" ადამიანი, ვერც კი მიხვდე" - გზაპრესი

"შეიძლება ისე "შემოგეღალატოს" ადამიანი, ვერც კი მიხვდე"

მსახიობ ანა ამილახვარის აზრით, როდესაც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურები, ემსახურები ქვეყანასაც, ღმერთსაც და საკუთარ თავსაც. ზედმეტად გულახდილია, რაც ბევრჯერ სანანებლადაც გახდომია, მაგრამ მაინც ასე ურჩევნია. როგორც რესპონდენტი კი მართლაც ენაწყლიანი და გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა.

- „ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით“ (ონორე გაბრიელ მირაბო).

- დამოუკიდებელი აზროვნება და ხასიათის სიმტკიცე მნიშვნელოვანია, რადგან როცა იქნება, დამოუკიდებლად მოგიწევს ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღება. თამაშის წესები იცვლება და თვითონ უნდა განსაზღვრო, სად როგორ იმოქმედო. ამაში გეხმარება შენი გონება და ანალიზის უნარი, თუმცა ის ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც ადამიანში ჩადო რელიგიამ, ოჯახმა, მთავარია. არ უღალატო არც საკუთარ თავს და არც სხვას, იყავი ფრთხილი ურთიერთობებში და არ დაუშვა ისეთი შეცდომა, რომელსაც ვერ აპატიებ, იყავი მართალი - ამას ხშირად მეუბნებოდა დედა, თუმცა ბევრ რამეს სწორედ მშობლების მაგალითით ვსწავლობთ.

- „არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა“ (ბენჯამინ ფრანკლინი).

- არ არსებობს, ნამდვილად... ერთხელ ზღვაზე მოულოდნელად ისეთი ქარი ამოვარდა, ერთი მშვენიერი, მზიანი და ფანტასტიკური დღე უცებ ჯოჯოხეთად გადაგვიქცია. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხდებოდა: გაშლილი ქოლგები, როგორც ისრები, ისე ცვიოდა, ჩვენ გავრბოდით... კატასტროფა იყო. ასეთი ემოცია მაქვს ომთან დაკავშირებითაც, თუმცა ყალბ და არაფრისმომტან სიჩუმეს, მონობას მაინც გაბრძოლება სჯობს. მშვიდობის სახელით მუდამ სოროში ყოფნას ომი მირჩევნია. ასე რომ, თან ვეთანხმები და თან - არა. ამ ომმა გამანადგურა, იმაზე ფიქრი აღარ მინდა, რაც დღეს იქ ხდება. ამან გააუფერულა ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება.

- „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, სადაც უნდა მუშაობდეს და ირჯებოდეს“ (ილია ჭავჭავაძე).

- როდესაც საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურები, ემსახურები ქვეყანასაც, ღმერთსაც და საკუთარ თავსაც. ხშირად ვფიქრობ, ყველა რომ პატიოსნად აკეთებდეს თავის საქმეს, ჩვენი ქვეყანა რამდენად წინ იქნებოდა. რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ, ჩვენი დამოკიდებულებების ბრალიცაა.

- „თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (უინსტონ ჩერჩილი).

- ასეა. არ შეიძლება გიყვარდეს პოლიტიკოსი, თუმცა მგონი, ცოტა მიყვარს ზელენსკი. დავიჭირე ჩემი თავი ამაში და ვატყობ, რაღაც გრძნობები მიჩნდება. ეს - ხუმრობით, სერიოზულად კი, ვფიქრობ, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდე მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს; ფიქრობდე, რომ მაინც იყო ომის თავიდან არიდების შანსი, მაგრამ რასაც აკეთებს, მთელი გულითა და სულით აკეთებს და მართლა მთელი არსებით სჯერა, რომ სწორია. მსახიობია და ანგრევს ყველანაირ სტერეოტიპს. ჩემი სამყაროც ასეთია, ზედმეტი ჰალსტუხებისა და პრანჭვის გარეშე, პოზირება მეზიზღება. პოლიტიკოსები კი იმდენად ყალბად და უნიჭოდ თამაშობენ, რომ ვფიქრობ, სამსახიობო გაკვეთილები ხომ არ ჩავუტაროთ, განსაკუთრებით - ქართველ პოლიტიკოსებს.

- მეტისმეტი გულახდილობა ისეთივე უმართებულოა, როგორც ტანთ გახდა და გაშიშვლება“ (ბეკონი).

- მომწონს ტანტრა, ინდური წარმოშობის მოძღვრება, რომელიც გვასწავლის: იყავი მიმღები და გახსენი შენი გული ყველასთვის. თუ ხან გააღებ და ხან გადაკეტავ, ესე იგი, გული არაფერ შუაშია მანდ, გონება წყვეტს. სადაც გონება მუშაობს, იქ გული მიწყნარდება ხოლმე, სადაც გული - იქ პირიქით, გონება. მე მირჩევნია, გული მქონდეს გახსნილი და როგორმე გადავიტან, თუ ვინმე უსამართლოდ მომექცევა. მთავარი ხიბლი ამ გულღიაობას ის აქვს, რომ თვითონაც ხვდები, როდესაც სხვას არასწორად, დაუმსახურებლად ექცევი. ზედმეტად გულახდილი ვარ და სანანებელიც ბევრჯერ გამხდომია. ასეთი რომ არ ვიყო, სიტუაციას საჩემოდ უკეთესად გამოვიყენებდი, მაგრამ მაინც ასე სჯობს.

- „სიმდიდრე მსახურია ჭკვიანისა და ბატონი სულელის“ (დეი ლაიუსი).

- სიმდიდრის სიყვარული სწორედაც რომ ამონებს სულელებს. ბევრჯერ მიოცნებია, ნეტავ საერთოდ არ არსებობდეს-მეთქი ფული. უცნაური დამოკიდებულება მაქვს ფულთან. უხერხულობას ვგრძნობ, როდესაც ფულს ეხება საქმე, მეზიზღება ხელფასზე ლაპარაკი, უხერხულობაში მაგდებს, არ მიყვარს ვაჭრობა, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და უნდა მოითხოვო შესაბამისი ჰონორარი, ამაში წარმოუდგენელი არაფერია. ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, მდიდარი ადამიანი თავის ოქროს სასახლეში რომ იკეტება, ვერ აანალიზებს, სად ცხოვრობს რეალურად. რამდენიც უნდა აუხსნა, რა მდგომარეობაში ხარ და როგორ იბრძვი დამოუკიდებლობისთვის, აღიარებისთვის, მაინც ვერ გააგებინებ. ეს განსაკუთრებით მდიდარი კაცების ცოლებს ემართებათ რატომღაც. ხდება ისეც, რომ მდიდარი არ არის, მაგრამ თანაგრძნობის უნარი მაინც არ აქვს. ყველანი ჩვენს ნაჭუჭში ვიკეტებით. ომი უნდა გამოუცხადო საკუთარ თავს, ხედვა რომ არ დაგეხშოს. დღეს ვერ ვხვდებით, რა გვჭირს და როგორ ვიმოქმედოთ. მე ვცდილობ გამოფხიზლებას, ყველა რელიგიაში სულის გამოფხიზლებას ეძახიან ამას. ჩემი აზრით, ჩემს ქვეყანას ღრმა ძილით სძინავს და, ყველა ერთად რომ გავიღვიძებთ, მერე გაბრწყინდება საქართველო, ამის იმედი მაქვს.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები arian. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად გამეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ შეიძლება ისე "შემოგეღალატოს" ადამიანი, ვერც კი მიხვდე და შენს თავსაც ვერ გასცე პასუხი, ეს რანაირად დაგემართა. ყველაზე მწარე მაინც ის არის, საკუთარ თავს რომ ღალატობ. უნდა შეძლო და მიუტევო, უნდა გააანალიზო, რომ მომხდარი რაღაცნაირად შენც გამოიწვიე. დარწმუნებული ვარ, იუდასაც უყვარდა ქრისტე და პეტრესაც. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შეიძლება ღალატისთვის მაგრად ვცემო ვიღაცას, მაგრამ იდეაში ძალიან მინდა მიმტევებელი ვიყო, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. როდესაც რაღაც ისე არ გამომდის, როგორც მინდა და თავს ვაღალატებ, ვკიცხავ ხოლმე საკუთარ თავს. რამდენჯერაც მიპატიებია, დრომ დამანახვა, რომ სწორად მოვიქეცი. უბრალოდ, უკვე იცი ადამიანის ხასიათის სუსტი მხარე და არის რაღაცები, რასაც აღარ გაანდობ. მოკლედ, მეორედ ღალატის შესაძლებლობას აღარ მისცემ, ბოლომდე არ გააფუჭებ ურთიერთობას. კაცმა რომ მიღალატოს, ეს საერთოდ ვერ წარმომიდგენია. ჩემმა გონებამ ვერ დაუშვა, როგორ შეიძლება კაცმა მიღალატოს, მაგრამ თუ მაინც მოხდება ასე, არ ვიცი, რას ვუზამ...

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- მართლა ასეთია სიყვარული. მერე, როდესაც ნელდება, რეალურად როგორიცაა, ისეთი გრჩება ხელში. ეს მარტო 17-18 წლისას არ გემართება, ყოველთვის შეიძლება დაგემართოს. შექსპირის კომედია „ზაფხულის ღამის სიზმარი“ გამახსენდა. ქალღმერთს, სიყვარულის ნექტარის წყალობით, პირველად ვისაც დაინახავს, ის უნდა შეუყვარდეს. ისე მოხდება, დაინახავს მსახიობს, რომელიც ტყეში რეპეტიციობს და ვირის ნიღაბი აქვს. ქალღმერთს ძალიან შეუყვარდება. კაცს უნდა, ნიღაბი მოიხსნას, მაგრამ ქალღმერთს - არა, ასეთი შეუყვარდა და მორჩა. აი, ასეთია სიყვარული. მერე გვიკვირს, რატომ და როდის შეიცვალა ცუდისკენ ის ადამიანი, რომელიც გვიყვარდა. არადა, უბრალოდ ვერ ვამჩნევდით მანამდე. რაც წლები ემატებათ, უფრო ნაკლებად ცდებიან, რადგან შეშინებულები არიან: ბევრი ვირი ჰყავთ ნანახი და ფხიზლობენ, ისევ ისეთი არ შერჩეთ ხელში.

54728504-10157091033744522-650283384626479104-n-copy-1648453625.jpg

- „ყველა მამაკაცს სურს, ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალბატონებს კი ამ საკითხში განსხვავებული ხედვა აქვთ: მათ სურთ, მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული იყვნენ“ (ოსკარ უაილდი).

- ალბათ ასე ჯობს, ეგოისტურია, მაგრამ... სიყვარული მდგომარეობაა, რაღაცნაირად უცებ აგვანთებს ხოლმე, უცებ შემოიჭრება და იწყება თავგადასავლები. სიყვარულის გარეშე ძალიან უინტერესოა ცხოვრება. მართლაც საოცარი შეგრძნებაა - ყველაფერი ფერს იცვლის შენ გარშემო, ყველა და ყველაფერი გიყვარს, არანაირი სიბოროტე არ არსებობს შენში. ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა უსიყვარულოდ!..

- „ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- ძალიან ბევრი მიმთითებელია, არავის არ ეზარება ჭკუის სწავლება, მით უფრო, ამ ქვეყანაში. ჯობს, საკუთარ თავს მიხედონ. ეს იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს, დაძაბულობას, რასაც დეპრესიამდე მივყავართ. ყველაზე გამაღიზიანებელია, როდესაც ისეთი ადამიანი მოგცემს შენიშვნას, თითი თითთან რომ არა აქვს მიტანილი. როდესაც მთავაზობ, მოდი, იქნებ ეს დეტალი ერთად გავიაზროთ, იქნებ არის სხვა უკეთესი ვარიანტი? - ეს სხვა ამბავია. არ შეიძლება მუდმივად გაკილვა. რაღაც პერიოდში ძალიან დამთრგუნა ამან, გამანადგურა. მიყვარს ადამიანები და მიყვარს მათი მოსმენაც, მაგრამ რომ მივხვდი, საკუთარი თავი დამაკარგვინა მათმა უამრავმა შენიშვნამ, ერთ დღეს ვთქვი, მაცადეთ-მეთქი. ესეც არ მოეწონათ, ეს გოგო როგორი ამბიციურიაო, წერდნენ კომენტარებში „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის დროს. უამბიციო ადამიანი კონკურსში მონაწილეობს?.. ყველაზე მეტად მეცოდება შეშინებული ადამიანი, ის ვერაფერს გააკეთებს, ვერ იცხოვრებს.

ნინო ჯავახიშვილი