"სიყვარული მიყვარს - ამ გრძნობის განცდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია..." - გზაპრესი

"სიყვარული მიყვარს - ამ გრძნობის განცდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია..."

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია: თავის მოვლასთან დაკავშირებულ, საკუთარი გამოცდილებით გამყარებულ და მეუღლესთან - პლასტიკურ ქირურგ კოტე მათითაშვილთან გადამოწმებულ რჩევებს ქალბატონებს უზიარებს...

- ეკა, საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი და მომხიბვლელი ვარ. უბრალოდ, რაკი ბებო და ბაბუa მზრდიდნენ, მათთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და მეფერებოდნენ - ჩვენი ლამაზი გოგოო. ალბათ, ნაპერწკალი იმ დროს "აინთო", რომ სილამაზესთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისუფლად მესაუბრა...

- გაპრანჭვა, თქვენი გარეგნობისთვის ყურადღების მეტად მიქცევა როდის დაიწყეთ?

- აუ, არ ვიცი... ძალიან პრანჭია ბავშვი გახლდით. რაც თავი მახსოვს, მგონი, სულ გაპრანჭული ვიყავი. ჩემს გარდერობზე ვზრუნავდი, რომ ლამაზად მცმოდა...

- გყავთ სადაქალო, ვინც კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად იკრიბებით?

- კი, მეგობრების ასეთი წრე მყავს. საბავშვო ბაღშიც ერთად დავდიოდით, სკოლაშიც... დღემდე ჩემი უახლოესი მეგობრები არიან.

- ამ მეგობრობამ დროს როგორ გაუძლო?

- დიდი სამეგობრო წრე გვქონდა. როცა გავიზარდეთ, ნაწილს თავისი ღირებულებები ჰქონდა, ზოგი სხვა მიმართულებით წავიდა, ზოგი - საერთოდ ვერ "გაიზარდა"...

- სამეგობროში თქვენი შეხედულებისგან რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანი თუ გყავთ?

- აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ. ეს გოგონები, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ ერთად ვართ, ერთმანეთს არაფრით ვგავართ: არც - გარეგნობით, არც - პროფესიით, არც ერთმანეთს ვბაძავთ... ალბათ, ჩვენი სამეგობრო წრე საინტერესო ამიტომ არის და ამდენ ხანს ამიტომ გასტანა. ყველა მათგანი დაკავებული, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანია. ადამიანებისთვის ფუნდამენტური ღირებულებები შევინარჩუნეთ - ჩვენი საერთო ღირებულებებიც ეს არის.

- ბავშვობის დროინდელი მეგობრობა რომ არ გაკავშირებდეთ, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან მეგობრობას შეძლებდით?

- კი. საერთოდ, ძალიან "ჭრელი" სამეგობრო მყავს - ჩემ გარშემო ყველანაირი ადამიანია. ზუსტად ერთმანეთის განსხვავებულობას ვცემთ პატივს; საინტერესოც სწორედ ეს არის, რომ მათ განსხვავებული აზრებიც აქვთ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ურთიერთობები საინტერესო ამიტომაც არის.

- ძირითადად, თქვენი სამეგობროს განხილვის საგანი რა არის, როცა იკრიბებით?

- ჩვენს ამბებს ვიხსენებთ. შეიძლება ერთმანეთს რჩევები მივცეთ, ნანახი ფილმების და წაკითხული წიგნების შესახებ მოსაზრებები გავუზიაროთ... საერთოდ, ჩემი მეგობრები ბევრი სფეროთი დაინტერესებული არიან. ჩვენი შეხვედრები მრავალფეროვანი საკითხების განხილვით გამოირჩევა.

- ერთმანეთთან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განიხილავთ?

- კი, აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ამ ეტაპზე, პირადი ცხოვრება ყველას ისეთი სტაბილური გვაქვს, რომ არც განიხილება. 15-19 წლის ასაკში, როცა პირად ცხოვრებას "ვალაგებდით", მაშინ უფრო მეტად განვიხილავდით, რა თქმა უნდა.

- ყველაზე ხშირად გარშემო მყოფები რჩევებს რასთან დაკავშირებით გეკითხებიან?

- აუ, ძალიან ბევრ რაღაცებს მეკითხებიან, რადგან სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი გავაკეთე, სადაც ადამიანებს პირად გამოცდილებას უსასყიდლოდ ვუზიარებ. მიაჩნიათ, რომ შეიძლება ბევრი კითხვა დამისვან. მესიჯად უამრავ შეკითხვას ვიღებ, თუ სად, რა, როგორ გაიკეთონ. პლუს, ჩემი ქმარი პლასტიკური ქირურგია და ასე თუ ისე, კომპეტენტურ პასუხებს ვცემ: რაც თავად არ ვიცი, კოტეს ვეკითხები...

- თავის მოვლა ქალისთვის ძვირი სიამოვნებაა?

- კი, სამწუხაროდ, ძვირი სიამოვნებაა. უბრალოდ, თუ ადამიანს თავის მოვლა უნდა, შესაძლებელია, ეს ბებიების რეცეპტებით გააკეთოს, რადგან ბუნებაში ყველა ნივთიერებაა, თუნდაც - მცენარეებისგან მედიკამენტების დამზადება შეიძლება, ასევე - ბებიების რეცეპტის მიხედვით, სახის ნიღბების თუ თავის მოვლის სხვა საშუალებების... ბუნებაში გაუტკივარების საშუალებებიც კი არსებობს... ასე რომ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა გარეგნობაზე ზრუნვის "ლაქშერი ხაზები", რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია, კი ბატონო, ნამდვილად საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.

- ერთ დღეს ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, თქვენთვის ცხოვრება რთული იქნება?

- არა. საერთოდ, თავის მოვლა გვიან დავიწყე. გარეგნობაზე ზრუნვა ესთეტიკური მედიცინის მომსახურებით სარგებლობამდეც არ მიჭირდა. ამიტომ სხვა რაღაცებს მოვიფიქრებ. საერთოდ, ნებისმიერ გარემოში ადაპტირება უსწრაფესად შემიძლია.

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ხატვა განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა, ასევე - სეირნობა, ვარჯიში, შვილებთან ერთად ყოფნა... მე და ჩემი შვილები ერთად ვვარჯიშობთ. ამიტომ გამოდის, რომ ყოველდღე აუცილებლად ერთად ვართ. ჩემს შვილებს ყველაფერს ვუზიარებ, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხი იქნება თუ პირადი ამბავი. მით უმეტეს, ახალი თაობის წარმომადგენლები სხარტები და ჭკვიანები არიან. კარგი რჩევებით მამარაგებენ. ამიტომ ყველა საკითხს აუცილებლად მათთან "გავდივარ", მათ შორის - ბიზნესთან დაკავშირებულსაც, რადგან ზუსტად ვიცი, მათი შეხედულება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- მათგან ყველაზე ღირებული რა რჩევა მიგიღიათ?

- ასეთი ბევრია. უმცროს შვილს - სანდროს ფსიქოლოგიური წიგნების კითხვა ძალიან უყვარს. საოცარ, მოულოდნელ რჩევებს მაძლევს. ვფიქრობ ხოლმე, საიდან მოუვიდა თავში-მეთქი (იღიმის)?! მისი რჩევა ყოველთვის სწორი და ჯანსაღია. ჩვენი მშობლები სხვაგვარ გარემოში, სხვა ტრადიციებით ცხოვრობდნენ, ჩვენ კი "გარდამტეხი" თაობა ვართ. ამიტომ "იქაც" ვართ და "აქაც", ცოტათი "მუტანტები" ვართ, რა. ახალი თაობა აბსოლუტურად თავისუფალია. როცა კოტესთან ურთიერთობა დავიწყე, თავდაპირველად, თითქოს ვმალავდი. ბავშვებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება გადავდე - თითქოს მინდოდა, სხვა ფორმით მეთქვა, მაგრამ უცებ, სანდრომ გამომიცხადა: 2 ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, ძალიან გთხოვ, ჩვეულებრივად იცხოვრეო (იცინის)... ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულ გარემოს ქმნის, რადგან მათ თავისუფლება შინაგანად აქვთ. ჩვენ თუ ამის სწავლა გვჭირდება, ახალი თაობის შემთხვევაში, ეს ასე არაა.

eka-1-copy-1648554818.jpg

- ეკა, მეორე ნახევართან კრიზისულ პერიოდებს როგორ უმკლავდებით ხოლმე?

- ოო, ხან - როგორ, ხან - როგორ. შეიძლება, კონკრეტულ დროს შინაგანად ძლიერი ვიყო და მარტივად გავუმკლავდე; ზოგჯერ ძალიან სენსიტიური ვარ და გამკლავება მიჭირს. საერთოდ, ყოველთვის ასე ხდება: კონკრეტულ სიტუაციაში, ადამიანი საკუთარ თავს სხვადასხვანაირად ავლენს... მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს, თუმცა - რთულია...

- თქვენი აზრით, შესაძლებელია, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- ალბათ - კი, რადგან შეიძლება, ადამიანს ისეთი დახვეწილი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ ყველაფრის გარეშე იცხოვროს და ბედნიერი იყოს. საოცარი, გასხივოსნებული ადამიანები ხომ არსებობენ, არა (იცინის)?.. მაგრამ პირადად მე, ამ ეტაპამდე, ასეთი მდგომარეობისგან ძალიან შორს ვარ. აუცილებლად მჭირდება ადამიანი, რომელიც მიყვარს. ამიტომ მარტო ყოფნა წარმოუდგენელი და რთულია, თუმცა მეორე ნახევარზე დამოკიდებული არაფრით ვარ. ფინანსურადაც საკუთარი თავის სრულფასოვნად უზრუნველყოფა თავად შემიძლია. უბრალოდ, სიყვარული მიყვარს - ამ გრძნობის განცდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია...

ეთო ყორღანაშვილი