როგორ აღმოჩნდა ნიკა ჩხაიძე „სასიყვარულო სამკუთხედში“ - გზაპრესი

როგორ აღმოჩნდა ნიკა ჩხაიძე „სასიყვარულო სამკუთხედში“

2022 წელს რუსთავის თეატრი 55-ე, საიუბილეო წელს აღნიშნავს და მიმდინარე სეზონზე არაერთ პრემიერასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. „კუკარაჩა“ რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალი სპექტაკლია და მუსიკალური დრამა ორ მოქმედებად არის წარმოდგენილი.

ნოდარ დუმბაძის ეს ცნობილი მოთხრობა არაერთხელ დადგმულა სცენაზე, არსებობს ტელესპექტაკლიც, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ის მაინც უპირველესად 1983 წელს ეკრანებზე გამოსული, რეჟისორების სიკო და ქეთი დოლიძის მხატვრული ფილმის სახით არის ჩარჩენილი. ეს ახალგაზრდა ქალისა და ორი რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მამაკაცის სასიყვარული სამკუთხედია, სადაც ლევან უჩანეიშვილის, ნინელი ჭანკვეტაძისა და ზაზა კოლელიშვილის ტანდემი წარმატებული გამოდგა და დუმბაძის ამ ნაწარმოების ყოველი ახალი ვერსიის ნახვისას, მაყურებელი ფილმთან ერთგვარ პარალელს მაინც ავლებს. სოსო ნემსაძის სპექტაკლში „კუკარაჩას“ როლს ნიკა ჩხაიძე ასრულებს. რამდენიმე წელი ის სხვადასხვა თეატრში მიწვევით მუშაობდა, ახლა კი მეოთხე წელია, მსახიობი რუსთავის თეატრის შტატში ირიცხება.

- პანდემიის მიუხედავად, ბატონმა სოსომ გეგმების დიდი ნაწილის განხორციელება მაინც შეძლო, ფაქტობრივად არ გაჩერებულა და წინ კიდევ არაერთი პროექტია. ახლახან კოკო როინიშვილის „ნისლიანი ნიუ-იორკის“ პრემიერას დავესწარი. ძალიან ვისიამოვნე. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი თეატრს დადებითი ემოციით დამუხტული დატოვებს. ასეთი ემოციები კი დღეს ყველას გვაკლია, რადგან უკრაინაში საშინელება ხდება და ამას ყველა განვიცდით. იმედია ომი მალე დასრულდება. უკრაინას მთელი სულითა და გულით მშვიდობას ვუსურვებ. რაც შეეხება „კუკარაჩას“, ყური მქონდა მოკრული, რომ ბატონი სოსო მუსიკალური დრამის დადგმას აპირებდა და ისევე როგორც ყველას, მეც დიდი ინტერესი მქონდა, რა იქნებოდა. საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა „კუკარაჩა“ და როცა მან მითხრა, რომ როლი მე უნდა შემესრულებინა, ისე დავიბენი, ხმაც ვერ ამოვიღე. ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ ეს ნაწარმოებიცა და ფილმიც ყველასათვის საყვარელია, ამ დროს ხომ ყველას ლევან უჩანეიშვილი ახსენდება, არაჩვეულებრივად ასრულებდა ამ როლს ტელესპექტაკლში გოგი ქავთარაძეც და ამან დამაფიქრა, თუ როგორ მომეხერხებინა, ჩემი პერსონაჟი განსხვავებული ყოფილიყო. პატარა ვიყავი, ფილმი პირველად რომ ვნახე. მახსოვს როგორ დამთრგუნა, როცა ბავშვების მეგობარი კუკარაჩა მოკლეს. სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ და ვცდილობდით, განსხვავებული პერსონაჟი შეგვექმნა როგორც ფილმისგან და ასევე თემურ ჩხეიძის უმაგრესი სატელევიზიო სპექტაკლისგან, სადაც კუკარაჩას როლს გოგი ქავთარაძე ასრულებს. მგონი ეს რაღაცნაირად შევძელით. თან, ნოდარ დუმბაძეს ისე აქვს „კუკარაჩას“ სახე შექმნილი, რომ საშუალებას გაძლევს მრავალფეროვანი გახადო ეს ოდნავ თავხედი, გამოწვევების მიმღები, ბავშვური გულწრფელობით სავსე, ცოტა დაუფიქრებელი ადამიანი. თეატრის ხიბლი ისაა, რომ ყოველდღიურად გაქვს საშუალება გმირს რამე ახალი შემატო. ჩვენც ამას ვცდილობთ და დანარჩენი მაყურებელმა შეაფასოს.

- მაყურებელი ხშირად აფასებს პერსონაჟის გადაწყვეტილება-ნაბიჯებს, მსახიობი - ალბათ ორმაგად. თუ გიფიქრიათ როგორც კუკარაჩას, პირისპირ შეხვედრისას ინგას ბინაში, გაუშვებდით თუ არა მურტალოს?

- როგორ არ მიფიქრია (იღიმის). სხვათა შორის, მოთხრობას რომ ვკითხულობდი, ერთი ასეთი ეპიზოდი აღმოვაჩინე: როგორც ინგა მანამდე მურტალოზე ამბობს და კუკარაჩას მის გაშვებას სთხოვს, - ვინ დაიჯერებს, რომ მე უდანაშაულო ვარო? იმავეს იმეორებს კუკარაჩას სიკვდილის დროსაც. ამაზე ისე გავბრაზდი, თეატრში მივედი და „ინგას“, რომლის როლს გვანცა კანდელაკი ასრულებს, ვუთხარი, მე რომ მართლა კუკარაჩა ვყოფილიყავი, მურტალოს არ გავუშვებდი, ვკვდებოდი და ეგ რამ გათქმევინა-მეთქი?! ეს ეპიზოდი სპექტაკლში არ არის, მაგრამ მოთხრობაშია.

01-copy-1648555005.jpg

- კი, კუკარაჩას „ეგეთი იაღლიში“ არ უნდა მოსვლოდა, ეს მის ინფანტილურობაზეც მეტყველებს...

- კი, ცოტა ინფანტილურიც იყო და როგორც მურტალო იტყოდა, ასეთი იაღლიში არ უნდა მოსვლოდა. შეიძლება ქალი შეhყვარებოდა, მაგრამ მურტალოს დაიჭერდა და ინგას სხვანაირად დაიცავდა...

- სპექტაკლში მუსიკალური ჩანართებია. როგორც ვიცი მღერით, არა?

- დიახ, ვმღერი. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება რეპეტიციებსა და სიმღერას ვისმენ (ნიკას მამა მომღერალი ივანე (ვანო) ჩხაიძეა, დედა „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი, ხოლო მისი ბაბუა გახლდათ ჯემალ ჯკუასელი - ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. - ავტ). სკოლის ასაკში, სცენაზე მიმღერია, მაგრამ მას შემდეგ ეს არ მომხდარა. აქედან გამომდინარე მიუზიკლის ჟანრში მუშაობა ჩემთვის იყო პირველი დიდი გამოცდილებაც და ამავდროულად საინტერესოც.

- „ერისიონის“ ცნობილ შოუპროგრამაში დოლზე უკრავდით. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, მინდოდა მედოლე გამოვსულიყავიო...

- ასე იყო, დოლზე ვგიჟდებოდი. 2001-დან 2009 წლამდე ვმონაწილეობდი „ერისიონის“ ცნობილ შოუში „ქართული ლეგენდა“, რომლითაც უმეტესად საფრანგეთში გვქონდა გასტროლები. დედ-მამას რეპეტიციებზე დავყავდი. უძლიერეს მუსიკოსს რამინ ღონღაძეს ძალიან ვუყვარდი და სულ გვერდით ვეჯექი. ეტყობა მაშინ შემიყვარდა დოლი. დიდი ხანი ვოცნებობდი მედოლეობაზე, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაბარება რომ გადავწყვიტე, მაშინ ბაბუaმ მკითხა, სიმღერა რატომ არაო? - რა ვიცი, მსახიობობა მინდა-მეთქი, - რომ ვუპასუხე, ეგ იყო და ეგ, მეტჯერ არაფერი უთქვამს. დღეს დოლზე იშვიათად ვუკრავ, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზოგჯერ სპექტაკლებისთვის მიწევს. აკორდეონზე დაკვრაც ვისწავლე საკურსო სპექტაკლისათვის, როცა ნუკრი ქანთარიამ „თოლია“ დადგა. სხვათა შორის, ახლა ვფიქრობ ხალხური სიმღერის კუთხით მივიღო განათლება.

- რომელი კუთხის სიმღერააა თქვენთვის ყველაზე ახლოს?

- ალბათ არ გაგიკვირდებათ და გურული (იღიმის). ჩემი მშობლები წარმოშობით ამ კუთხიდან არიან და ესეც რომ არა, გურულ სიმღერას საოცარი პოლიფონია აქვს. თუმცა რასაკვირველია, ყველა კუთხის სიმღერა გენიალურია. ქართულ სიმღერაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, ჩვენია და იმიტომ მოგვწონსო. ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა და ქართულ მრავალხმიანობას „იუნესკომ“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2001 წელს, კომისიის 19 წევრიდან, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებისა და მუსიკათმცოდნეებისგან შედგებოდა, 18-ma კაცმა ჩვენი ქვეყნის პოლიფონიას მისცა ხმა. მე-19 ბატონი ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ, რომელსაც კენჭისყრის დროს საკუთარი ქვეყნის მხარდასაჭერად ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. სწორედ იმიტომ, რომ ქართულ სიმღერას ანალოგი არ აქვს, ვფიქრობ ამ კუთხით მისი უფრო მეტი პოპულარიზაციაა საჭირო. მეც ამიტომ მინდა მეტი გავიგო ჩვენს ხალხურ სიმღერაზე.

- სერიალებზეც გკითხავთ, ამ კუთხით გაქვთ გამოცდილება. გვახსოვს: „ტიფლისი“, „დიდი შესვენება“, რომელსაც ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მანამდე კიდევ იყო რამე? და ის გამოცდილება თეატრში თუ გადგებათ?

- პირველი იყო „შუა ქალაქში“, მერე „ტიფლისი“ და „დიდი შესვენება“. ამ უკანასკნელის გადაღების პროცესში არ მეგონა და მერე გავიგე, რომ თურმე „დიდ შესვენებას“ მართლა ბევრი მაყურებელი ჰყავდა. დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობოდა, გაკვირვებული ვიყავი. ეს სასიამოვნო და სასიხარულო იყო, მაგრამ გაგრძელების გადაღება დაფინანსების არქონის გამო ვეღარ მოხერხდა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა სულ დგას საქართველოში. რაც შეეხება გამოცდილებას, თეატრი კინოსგან იმით განსხვავდება, რომ სცენაზე გიწევს მეტად გამომსახველი იყო. ეს ცოცხალი პროცესია, რაც რთულია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო. მაყურებლის სუნთქვას გრძნობ, განწყობას, ჩართულობას და ერთად გადიხართ ყველა პროცესს. კინოს კი თავისი სირთულეები აქვს, ძალიან გამჭვირვალეა და არც ერთ არასწორ ემოციას არ გპატიობს. აქვე ვიტყვი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომში გვიწერია თეატრისა და კინოს მსახიობი, მაგრამ სწავლის პროცესში კამერა საერთოდ არ გვინახავს. პრაქტიკაში გვიწევს სწავლა და ამ დროს მნიშვნელოვანია, ვინ შეგხვდება რეჟისორი, მას უნდა ენდო, გაჰყვე.

02-copy-1648555017.jpg

- დაბოლოს, პრემიერის შემდეგ, ვისი შეფასებებია თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და თქვენი მეუღლე თინი გალდავა თუ ესწრება წარმოდგენებს?

- როგორც პროფესიონალების, ისე ნებისმიერი მაყურებლის აზრი მნიშვნელოვანია. შეიძლება ჩემმა ისეთმა მეგობარმა (რომელიც სულ რამდენჯერმეა თეატრში ნამყოფი და ისიც მხოლოდ ჩემს პრემიერაზე იმიტომ დადის, რომ ჩემი ერიდება), ისეთი დეტალი შენიშნოს, რომელზეც საერთოდ არ მიფიქრია და სწორედ მისი ნათქვამი აღმოჩნდეს „გასაღები“. ასეთი მაყურებელი ყოველთვის გულწრფელია და თუ რამეს ამბობს, არა იმიტომ, რომ თავის ცოდნის დემონსტრირებას ახდენს. რაც შეეხება თინის, რა თქმა უნდა, ის ესწრება ჩემს სპექტაკლებს. მისი შეფასება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ვიცი, როგორი გულწრფელი გულშემატკივარია. ყოველთვის ხისტი შეფასება იცის, „კარგი იყო“ - ძალიან იშვიათია მისგან, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მსიამოვნებს. ქება არც მე მიყვარს დიდად და არც მას, ამიტომ რაც კარგია, მეტყვის და რაც არა, არც ამას დამალავს. სწორედ ამიტომაც გვიყვარს ერთმანეთი (იღიმის).

ანა კალანდაძე