"შეყვარებული სხვა ადამიანი ვარ, შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით" - გზაპრესი

"შეყვარებული სხვა ადამიანი ვარ, შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით"

"სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის, აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა", - ამბობს მსახიობი თუთა ოქროპირიძე. რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რით ჰგავს საკუთარ პერსონაჟს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...…

- ...1991 წლის 30 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. ის სახლი, სადაც მე გავიზარდე, შემაღლებულ ადგილზეა, აივნიდან ცა ძალიან კარგად ჩანს. ბავშვობაში ვუყურებდი მთვარეს, ვარსკვლავებს და მქონდა ინტერესი, უფრო ახლოდან მენახა, გამეგო, იქ რა ხდებოდა, ეს ჩემი ბავშვური აკვიატება იყო.

- მსახიობობის სურვილი...

- ...9-10 წლის ასაკში გამიჩნდა. სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, თეატრალურ უნივერსიტეტთან უნდა გამევლო. შორიდან ვუყურებდი ამ შენობას და ვფიქრობდი, რომ იქ "უცხოპლანეტელები" სწავლობდნენ და მე ვერასდროს მოვხვდებოდი, აუხდენელი ოცნება მეგონა. ვფიქრობდი, რომ მსახიობი ჩვეულებრივი არ უნდა იყოს, რომ იმ შენობაში ყველანი განსაკუთრებულები იყვნენ. როცა არჩევნის წინაშე დავდექი და ოჯახში ჩემი სურვილი გავამხილე, შემეწინააღმდეგნენ. ამიტომ თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორე წელს, სამსახიობოზე ყველასგან მალულად ჩავაბარე. ოჯახში ამ ამბავს დიდი სიხარული არ გამოუწვევია, მაგრამ მერე ჩემი პროფესია ყველამ შეიყვარა და მამხნევებდნენ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...საყვარელიაო (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მაინც ვთქვი); ხშირად ამბობენ, მხიარული გოგოაო, ჩემთან დროის გატარება სიამოვნებთ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ იმ გზას გავივლიდი, რომლითაც დღემდე მოვედი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება. ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მოვინდომე და გამომივიდა, არავინ დამხმარებია.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მიყვარს...

- ...არის მაშო ჩეხოვის პიესაში "თოლია".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მეგობრებს, რომლებიც სულ მამხნევებენ, ჩემი სჯერათ და მოტივაციას მმატებენ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი გახლავართ და ასეთ პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...პანდემიის გამო კასტინგები იშვიათად ტარდებოდა, მსახიობებს გვთხოვდნენ, ვიდეოები გადაგვეღო და გადაგვეგზავნა. ეს წინადადება რომ მივიღე, დავფიქრდი, რადგან ვიდეოს გადაღებას ადგილზე მისვლა მერჩივნა და რადგან ამის საშუალება არ იყო, უარი ვთქვი. ჩემმა უარმა არ გაჭრა, გადავიღე ვიდეო, გადავგზავნე და მალე როლზე დამამტკიცეს.

- ამ პერსონაჟს ვგავარ...

- ...შრომისმოყვარეობით, საქმის კეთების სიყვარულით. სხვა მასთან საერთო არაფერი მაქვს. ის ცინიკოსია, ხანდახან ზედმეტიც მოსდის. ეს როლი შესასრულებლად საინტერესოა, მაგრამ მისი მსგავსი ადამიანები დიდად არ მხიბლავს. ახლობლებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ, მითხრეს, - მას არაფრით ჰგავხარ, მაგრამ თამაში კარგად გამოგდისო. სოციალურ ქსელში კომენტარებს არ ვეცნობი. რამდენჯერმე "სქრინი" გადმომიგზავნეს. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მათმა ნათქვამმა შეიძლება ვინმე ძალიან დააზარალოს. ყველაზე ცუდი, რაც გვჩვევია, პიროვნების გარეგნობის საჯარო განხილვაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვხედავდე მზეს. სითბო ძალიან მიყვარს. ყოველთვის მაქვს სურვილი ვიტრიალო სამზარეულოში, ახლაც პასტის მომზადებას ვაპირებდი.

- პროექტში "მასტერშეფი"...

- ...შარშან ამ დროს გამოვდიოდი, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი მივედი. სამზარეულოში სისხარტით არ გამოვირჩევი, მშვიდად კეთება მირჩევნია, ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ. მზარეულობა ეს არის ჩემი ჰობი, ახლობლებს პერიოდულად გემრიელი კერძებით ვანებივრებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...იმას, რაც ჩემს თავს და ჩემ გარშემო ხდება, პირდაპირ არ ვიღებ, სიტუაციას ვაანალიზებ და ისე ვმოქმედებ. მშვიდი ვარ, გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არასდროს ვიღებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცურვა მინდა დავიწყო და არ ვიცი, რა დღეს ველოდები. ზამთარი და სიცივე არ მიყვარს, ცოტათი ამრევს ხოლმე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...პატიების უნარი ძალიან საჭირო და დიდი ნიჭია. თუ ვინმე guls გვატკენს, მას იგივე არ უნდა ვუსურვოთ. ადამიანები ყოველთვის ხვდებიან, სხვას თუ აზიანებენ და განიცდიან, მათ უნდა ვუსურვოთ, რომ ამ განცდისგან გათავისუფლდნენ. წყენის გულში ჩადება და ადამიანებზე დიდი ხნით გაბრაზება არაფრით შემიძლია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხედავ მზეს, საკუთარ თავს - წელში გამართულსა და კმაყოფილს.

- ვიბნევი...

- ...როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან, უხერხულია.

- ვნანობ...…

- ...მგონია, რომ სინანული წამგებიანი მდგომარეობაა, რადგან სინანულში ყოფნა ბევრ დროს გვაკარგვინებს, აწმყოს გვპარავს, მომავალსაც. დაშვებულ შეცდომებსაც არ ვნანობ, რადგან შეცდომა ძალიან საჭირო რამ არის. აბა, პიროვნულად სხვაგვარად როგორ უნდა გაიზარდო? ადამიანების მიღება, პატიება, რაღაცებთან გამკლავება, შერკინება როგორ უნდა ისწავლო? შეცდომები "მოსულა".

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...ვიყო ზღვაზე, ქვიშაზე, მზეზე...

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...უსამართლობას. ხანდახან 1 წამია საჭირო, რომ ავფეთქდე. ბევრი ამბობს, უსამართლობაზე მძაფრი რეაქცია მაქვსო, მაგრამ ადამიანები ხშირად ვერ ვხდებით, თავად რომ ვართ უსამართლოები.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაზე აღმატებული შეგრძნებაა. შეყვარებული სულ სხვა ადამიანი ვარ: შევსებული, ნამდვილი, გამთბარი გულით... სიყვარულით ვიკვებები. ვერ ვიტყვი, რომ ბევრჯერ მყვარებია. ურთიერთობის დასასრული ხან ტკივილთან არის დაკავშირებული, ხან - ბრაზთან. ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას თუ ვიღებ, კარი იხურება და მთავრდება, ტანჯვა აღარ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ, ძალიან შეყვარებული. ის უცხოელია, მისი თანხმობის გარეშე, მის შესახებ ვერ ვილაპარაკებ.…

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...მოჯადოებული ვიყავი, სხვანაირი განცდა იყო. ჰარი პოტერი მიყვარდა, ფოტო მქონდა ამობეჭდილი, უკან გულები ჰქონდა და ღამით ფოტოსთან ერთად ვიძინებდი. ის ჯადოსნური განცდა იყო.

- მაკვირვებს...

- ...რამხელა სიკეთის კეთება შეუძლიათ ადამიანებს მაშინ, როცა ამას სულ არ ელოდები. ეს ყველაზე სასიამოვნო გაკვირვებაა.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მზეს და მუსიკას.

- ვრისკავ...

- ...მაშინ, როცა ინტუიცია მკარნახობს. ჩემი ინტუიცია კი იშვიათად ცდება. რაიმეს თუ ვგრძნობ, ის აუცილებლად ახდება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ის არის, რომ მზეზე ვარ დამოკიდებული და წელიწადის 4-5 თვეს როგორც მე მინდა, ისე ვერ ვატარებ.

- ვამაყობ...

- ...იმ ადამიანებით, ვინც ახლა ჩემ გარშემო არიან, თითოეული მათგანი ჩემი სარკეა.

- ბოლოს ვიტირე...…

- ...არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მაგრამ მიზეზი არ მახსოვს. უფრო ხშირად ცრემლს სასიამოვნო ემოციები მადენს.

- შიში მაქვს...

- ...იმის, რომ ადამიანებს ემოციები გაუქრებათ. ასეთ სამყაროში ცხოვრება არ მინდა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. მეგობრულ შეხვედრებზე თითქმის ყოველთვის მაგვიანდება, საქმიან შეხვედრაზე - არასდროს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...…

- ...პატარა რომ ვიყავი, რაღაცების შეცვლას ვფიქრობდი, მერე მივხვდი, სილამაზე აბსტრაქტული ცნებაა.

- ვუფრთხილდები...

- ...ნათქვამ სიტყვებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...პერანგის სწორად გაუთოება.

- ვიტყუები, როცა...

- ...ვხუმრობ.

- თავისუფლებაა...

- ...როცა გადაწყვეტილების მიღების არ გეშინია. ერთხელ ნინა სიმონეს ინტერვიუს ვუსმენდი. მან თქვა: თავისუფლება არის, როცა არ გეშინია. მაშინ პატარა ვიყავი და არ დავეთანხმე, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ზუსტი განმარტება იყო, ოქროს სიტყვებია. თავისუფლებაა, როცა არ გეშინია გადაწყვეტილების მიღების, არც - უკან დახევის, არც - ბოდიშის მოხდის, არც სიყვარულის ახსნის.

- როცა მარტო ვარ...

- ...ამ დროს ყველაზე მშვიდი ვარ. მარტო ყოფნა ცოტა ხნის წინ შევიყვარე.

125247828-458533465127516-6009052996681946698-n-1648555295.jpg

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ....არ მინდა.…მხოლოდ იმდენი მინდა მქონდეს, თბილ ქვეყნებში ვიმოგზაურო.

- მენატრება...

- ...ბავშვური სილაღე; პერიოდი, როცა "დიდური" შიშები არ მქონდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა საუკეთესო წამალია. იმ კონკრეტულ თემაზე ლაპარაკი არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგიძლია პრობლემა დაsძლიო, ანალიზი გაუკეთო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...გულწრფელობა ყველაფრის წამალია!

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...არ მინდა ადამიანებს ეშინოდეთ, მინდა იყვნენ შეყვარებულები, ჩვენს გულებში ბევრი სიკეთე და სითბო იყოს. არასდროს დავივიწყოთ, რომ სიკეთე და სიყვარული არსებობს!

თამუნა კვინიკაძე