ფილმის გადაღებები პანდემიის პერიოდში და მერაბ კოკოჩაშვილისთვის მიძღვნილი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - გზაპრესი

ფილმის გადაღებები პანდემიის პერიოდში და მერაბ კოკოჩაშვილისთვის მიძღვნილი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი

21 მარტს მერაბ კოკოჩაშვილი 87 წლის გახდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კინორეჟისორი ახალ ფილმზე მუშაობს. პანდემიასთან ერთად, ხელის შემშლელი ფაქტორი ფინანსური პრობლემებიც გახდა, რამაც გადაღებების პერიოდი გაახანგრძლივა. ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გამარჯვებულ სრულმეტრაჟიან ფილმს საფუძვლად აკა მორჩილაძის მოთხრობა „ტერცო მონდო“ უდევს, რომლის სცენარი რეჟისორს ეკუთვნის.

მერაბ კოკოჩაშვილი თბილისში, კინემატოგრაფისტებისთვის აშენებული სახლის სადა და ნათელ ბინაში სცენარებს როიალთან წერს და სწორედ ეს ინსტრუმენტი უწევს მაგიდის ფუნქციას - მისთვის იქ ჯდომა ძალიან მოსახერხებელია. იქვე, კედელზე დედამისის პორტრეტია, მის გვერდით კი - ფარაჯანოვის ნაჩუქარი ნაქარგი - რეჟისორის წინაპარი ალექსანდრე ჭავჭავაძე...

- ფილმის ორი მესამედი გადაღებულია, უკანასკნელი ეტაპები დგება. შემდეგ ამას მოჰყვება დამონტაჟებისა და გახმოვანების დაწყება. სამწუხაროდ, უკვე 3 წელია, ამ ფილმზე ვმუშაობ. რაც შეეხება სცენარს, ის გაცილებით ადრე მქონდა დაწერილი, თუმცა პირველ კონკურსში ვერ და მხოლოდ მეორეში გამარჯვების შემდეგ შევძელი მუშაობის დაწყება. მაწუხებს ის ფაქტი, რომ საკითხები, რომლებიც მაღელვებდა და ახლაც მაფიქრებს, იმ დროს, ანუ 4-5 წლის წინ, როცა ფილმი უნდა გამოსულიყო, გაცილებით წინ გაუსწრებდა ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება. ფილმს წელს თუ დავასრულებ, კარგი იქნება - ღმერთმა ქნას, ბედნიერი ვიქნები... აკას მოთხრობა 20 წლის წინ არის დაწერილი და ბუნებრივია, დღეს უკვე სცენარს რაღაცები შეემატა. თავის დროზე ეს მოთხრობა კარგად შეაფასეს, მაგრამ ვფიქრობ, სამწუხაროდ, მაინც არ იყო ისე აღქმული, როგორც საჭიროა.

- პანდემიის მხრივ მუშაობისას რთული დრო დაგემთხვათ. კორონავირუსი გადაიტანეთ?

- ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო უმძიმესი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებამ იკლო და პანდემია თითქოს დასასრულს უახლოვდება, ახლა სხვა პრობლემებია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საფიქრალი მთელი დედამიწისთვის და, თავისთავად ცხადია, ჩვენთვისაც. რაც შეეხება კორონავირუსს, არ გვქონია არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ერთხელ გვქონდა შიში, რომ ჩემს შვილს დაუდასტურდებოდა, მაგრამ ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- ალბათ რეგულაციებს იცავთ, აცრილი ხართ, პირბადესაც სულ ატარებთ...

- რასაკვირველია, ვიცავ. რატომ არ უნდა დავუჯერო მსოფლიოს მეცნიერებს?.. თუმცა არის ხალხი, ვინც არ უჯერებს. აცრილი ვარ, "ბუსტერიც" გავიკეთე. ვფიქრობ, პირბადეც ძალიან გვიცავს.

5-copy-1649069812.jpg

- რთული დრო დაემთხვა არა მხოლოდ ფილმის გადაღებას, არამედ საერთოდ, რთული ვითარებაა მსოფლიოში და ეს თქვენც თქვით. რუსეთ-უკრაინის ომზე გკითხავთ. რთულია შეეგუო, რომ 21-ე საუკუნეში ომები კიდევ ხდებოდეს და უთანხმოება მოლაპარაკების გზით ვერ გვარდებოდეს. რასთან გვაქვს საქმე?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: რუსეთი მუდამ მიისწრაფვის ბატონობისა და უფრო მეტიც, მისთვის საინტერესო ტერიტორიების დაკავებისკენ. 300-400 წელია, ამ მისწრაფებას ავლენენ და დღესაც იგივე გრძელდება. მათ ვერაფრით ისწავლეს და ვერ გაიგეს, რომ დღევანდელი მსოფლიოსგან განსხვავდებიან... ახლა მხოლოდ არანორმალურად მოაზროვნე ადამიანს შეეძლო, ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ეს არა მხოლოდ ერთი კაცის გადაწყვეტილებაა, არამედ მის გვერდით მყოფი ძალის, რომელიც ამას ემხრობა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპასთან მყოფი ახლო სახელმწიფო, 40 მილიონზე მეტი ხალხი დაიპყროს და, როგორც ამას წინათ სტოლტენბერგმა განაცხადა, აქციოს გროზნოს, ჩეჩნეთის რესპუბლიკასავით. ეს უკვე სიგიჟეა. ვფიქრობ, მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა და ის უნდა დამარცხდეს. ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე გაცხადდა, რომ როგორც ჩანს, რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენკენ მოისწრაფვიან - ამ შემთხვევაში, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იგულისხმებიან, - კიდევ უფრო დავუახლოვდებით და უფრო მეტად დაცული იქნებიან როგორც ევროკავშირისგან, ისე ნატოს მხრიდანო.

- როგორ ფიქრობთ - რუსეთის მოსახლეობის უმეტესობა ომს მიესალმება?

- რასაც ვხედავთ, პროპაგანდის შედეგი მგონია. მათ შორისაა პუტინის ღონისძიება სტადიონზე, რომელზეც ასი ათასამდე ადამიანი დაესწრო. როგორ დავიჯერო, რომ რუსეთის მოსახლეობას არავითარი ინფორმაცია არა აქვს და ვერ ხედავენ, რა საშინელება შეიძლება დაემართოთ?!. ცოტა ხანში, ისევე, როგორც ეს ხრუშჩოვისა და მანამდე გერმანიასთან ომის დროს მოხდა, რუსეთი მატერიალურად და ეკონომიკურად საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება. ჩინეთიც კი აღარ ეხმარება, როგორც ამას აპირებდა. აბსოლუტურად ნათელია, რუსეთის ქმედება ყველასთვის მიუღებელია.

- იქნებ შიშისა და იძულების შედეგია ის, რაც თუნდაც "ლუჟნიკის" სტადიონზე ვნახეთ? მეგობრები, კოლეგები გეყოლებათ უკრაინაშიც და რუსეთშიც. თუ გაქვთ კონტაქტი და თუ იცით მათი პოზიცია?

- რასაკვირველია, შიშიც არის, მაგრამ ძირითადად მაინც პროპაგანდა მგონია. რაც შეეხება კონტაქტებს: უკრაინაში - ნაკლებად, რუსეთში ამხანაგები მყავდა, მაგრამ დრო მიდის, პატარა აღარ ვარ, 87 წლის გავხდი და ეს ნიშნავს, რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი უკვე აღარ არის - გარდაცვლილია. ვისაც ვიცნობდი და ვიცნობ, სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ერთ-ერთი რეჟისორი, გვარის დასახელება არ მინდა, პუტინის მარჯვენა ხელივითაა, ხოლო მისი ძმა სრულიად განსხვავებულად ფიქრობს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასავით მოაზროვნე ბევრია. კონტაქტი არავისთან მაქვს და თავადაც არ რეკავენ. უფრო მეტად ბალტიისპირა ქვეყნებში, ესტონეთში მაქვს კონტაქტები და იქ ანტირუსული განწყობაა. ისინი მრავალი წელია, დამოუკიდებელი არიან, 20 წელზე მეტია, ევროკავშირის ქვეყნებია.

- საუბრის ბოლოს თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით გკითხავთ. შინ გაქვთ თქვენთვის ძვირფასი ნივთები, მათ შორის - უშანგი ჩხეიძის ნაჩუქარი „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა რელიკვია. შეგიძლიათ, 87 წლის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე გამოარჩიოთ და ასევე, საჩუქარი, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით მიგიღიათ?

- (იღიმის) როგორ გითხრათ?.. დაბადების დღეები ჩემთვის ბედნიერია, რადგან, თუ მინიმალური შესაძლებლობაც კი აქვთ, ჩემი შვილები და შვილიშვილი, ყველანი საქართველოში იყრიან თავს. ეს დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება საჩუქარს, რასაკვირველია, ეს არის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც როცა დავიბადე, უშანგი ჩხეიძემ მომიძღვნა წარწერით: „ჩემო პატარა მერაბ, ეს უდიდესი სიხარული ჩვენი ხალხის, იყოს შენი პირველი საკუთრება“. ეს ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარია.

carcera-vepxistqaosanze-1649069828.jpg

დაბოლოს, გეტყვით - ლადო გუდიაშვილის მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ მერაბ კოკოჩაშვილს უშანგი ჩხეიძემ პირველ დაბადების დღეს აჩუქა და ეს გამოცემა რეჟისორის ოჯახში 1935 წლიდან ინახება. წიგნის პირველ გვერდზე წარწერა მსახიობის ხელით არის გაკეთებული. შინ ბიბლიოთეკის ერთ ნაწილში რეჟისორს უშანგი ჩხეიძის პორტრეტიც აქვს გამოფენილი. სწორედ ამიტომ არ გამკვირვებია, როცა საუბრის ბოლოს დასმულ ჩემს შეკითხვაზე ბატონმა მერაბმა სწორედ ეს წიგნი დაასახელა მისთვის ყველაზე ძვირფას საჩუქრად. გადმოცემით იცის, რომ ამ მსახიობმა აადგმევინა ფეხი: მეზობლები იყვნენ და გვერდიგვერდ ოთახებში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს მსახიობი თავის ოთახში იწვა და ბალს შეექცეოდა, როცა გვერდით ოთახში მერაბ კოკოჩაშვილი იატაკზე დაფორთხავდა. ბავშვთან სათამაშოდ უშანგი ჩხეიძემ ბლის ყუნწს ძაფი გამოაბა, გადააგდო და ნელ-ნელა თავისკენ გასწია... მერე უყვებოდა თურმე, - ბალს რომ ვერ მისწვდი, ჯერ ფორთხვით მოჰყევი, მერე წამოდექი და ჩემკენ წამოხვედიო.

რეჟისორის მშობლები - არჩილ კოკოჩაშვილი და მარინე ჯორჯაძე რუსთაველის თეატრში მუშაობდნენ. 1937 წელს მამა სახლიდან გაიყვანეს და მხოლოდ 1956 წელს მიიღეს ცნობა, რომ ის დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილა. დედა რეპრესიებს გადაურჩა და ერთადერთი ვაჟი მარტომ გაზარდა. ლიტერატურის სიყვარულთან ერთად, პროფესიული არჩევნისას იმ ფილმების ნახვაც გახდა გადამწყვეტი, რომლებიც ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირმა გერმანიიდან შემოიტანა. მაშინ არა მხოლოდ მას, არამედ ბევრ სხვასაც გაუჩნდა რეჟისორობის სურვილი და შემდგომში ქართველ კინემატოგრაფისტთა მთელმა თაობამ შექმნა ის პროდუქცია, რომელსაც 60-იანელებისა და 70-იანელების კინო ჰქვია.

მერაბ კოკოჩაშვილი დღემდე აქტიური მკითხველია. ლიტერატურას, როგორც კინოს საფუძველს, ხშირად მიმართავს და მისი პირველi სტუდენტური ფილმი იყო „ხმელი წიფელი“. თანამედროვე ავტორებს შორის აკა მორჩილაძის შემოქმედება განსაკუთრებით უყვარს და ზემოთ დასახელებულ პროექტამდეც მასთან არაერთხელ უთანამშრომლია.

მთელი რედაქციის სახელით ვულოცავთ რეჟისორს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობას, იდეების სისრულეში მოყვანას, ჩანაფიქრების რეალიზებასა და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ!

ანა კალანდაძე