თინათინ წულაძის ცხოვრების მთავარი ადამიანი - გზაპრესი

თინათინ წულაძის ცხოვრების მთავარი ადამიანი

"ჩემს შვილს შეუძლია, ყოველთვის კარგ ხასიათზე დამაყენოს. უკვე დიდი ბიჭია. როგორც ყველა პატარა, ჩემი შვილიც ძალიან საყვარელია, კეთილი, სულ იცინის. არც მახსოვს, მის დაბადებამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი. მან ჩვენი ოჯახის ცხოვრება შეცვალა", - ამბობს თინათინ წულაძე. როგორი ადამიანები აკვირვებენ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა არის მისი სავიზიტო ბარათი, რა დროს იბნევა და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1995 წლის 2 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მაგრამ მერე აზრი შემეცვალა, შემეშინდა და გადავიფიქრე. ძალიან რთული პროფესიაა, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. დედა მსახიობია, ბაბუა - მსახიობი, მამა - რეჟისორი, ჩემ მიმართ ინტერესი და მოლოდინი დიდი იქნებოდა, სულ გამადიდებელი შუშით დამაკვირდებოდნენ, ამიტომ მსახიობობაზე უარი ვთქვი და მივიღე გადაწყვეტილება, სხვა პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ისე მოხდა, სცენიდან მაინც არ წავსულვარ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ყოველთვის კარგ განწყობაზე ყოფნა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მომთმენიაო. მართლაც, დიდი მოთმინების უნარი მაქვს, ზოგჯერ ეს ვიღაცისთვის ნერვების მომშლელიც კი არის. სხვებს არ ესმით, როგორ შეიძლება, ასეთი ვიყო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი, გარდა იმისა, რომ მეტს წავიკითხავდი იმ ასაკში, როცა საამისოდ მეტი დრო მქონდა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...არიან ჩემი მეგობრები. ჩემი წარმატებაა ურთიერთობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, გარშემო მყოფ ადამიანებთან... ამაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არაფერია, საქმე, კარიერა და ყველაფერი დანარჩენი მერეა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს; ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმეს სამსახურს არ ვეძახი, ეს ჩემი ცხოვრებაა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...უკეთესის მოლოდინი მქონდეს. მაშინაც კი, როცა გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს, მჯერა, წინ ყველაფერი კარგი მოხდება. იმედს არასდროს ვკარგავ და მინდა ეს განწყობა ჩემში სულ იყოს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ხშირად მარტივად ვუყურებ იმ საკითხებს, რამაც შეიძლება დამთრგუნოს; ცუდ ამბებს არ ვაძლევ უფლებას, დამანგრიოს, შემცვალოს. ბედნიერებას მარტივ დეტალებში ვპოულობ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ცოტათი მშიშარა ვარ. პროფესიული კუთხით თავდაჯერებულობა მაკლია. ამ მხრივ ჩემს თავზე ვმუშაობ, იმედი მაქვს, შედეგი მექნება.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვნანობ, ყველა შეცდომამ რაღაც მასწავლა, გამზარდა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ადამიანი არასდროს განვსაჯო. არ ვიცი, მისi საქციელiს მიღმა რა იმალება, როგორი ცხოვრება აქვს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ვრწმუნდები, რომ პატიებას გულწრფელად ითხოვენ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვხედავ ჩემს შვილს თავისუფალ სამყაროში, ის იქნება ბედნიერი და წარმატებული.

- ვიბნევი...

- ...როცა კომპლიმენტს მეუბნებიან, აღარ ვიცი, რა ვთქვა. ვიწყებ მტკიცებას, რომ ასე არ არის, რომ ეშლებათ და ა.შ.

- ძალიან მინდა...

- ...კარგი დედა ვიყო. ისეთი, როგორიც დედაჩემია. ჯერ ახალბედა ვარ, ბევრს ვფიქრობ, როგორ აღვზარდო ჩემი შვილი. თავად ძალიან კარგი მშობლები მყავს, ყოველთვის მაძლევდნენ დიდ თავისუფლებას და ამავე დროს ზომიერი იყო ჩემი ურთიერთობა მათთანაც და სამყაროსთანაც. მადლიერი ვარ, ეს რომ მასწავლეს. მინდა, ეს ბალანსი ჩემს შვილთანაც დავიცვა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის ტკბილეული. მთელი ცხოვრება ტკბილეულის მიღების კონტროლი მიწევს.

- ჩემი ჰობია...

- ...სახლის მოწყობა, კედლის შეღებვა, თაროების დამზადება, დამაგრება... ეს ყველაფერი მოყვარულის დონეზე მეხერხება. სახლში ძალიან ბევრი რამ ჩემით გავაკეთე, ბავშვის ოთახიც თავად მოვაწყვე, მაგიდები, თაროები თავად შევღებე.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უზრდელ, თავხედ, დაუნახავ ადამიანებს. როცა თვლიან, რომ თავად სხვა სიმაღლეზე არიან და ზემოდან დაგყურებენ, უზრდელობენ. როცა უფროს ადამიანებს პატივისცემით არ ეპყრობიან.

- მეზარება...

- ...არაფერიც არ მეზარება (იცინის), დაუზარელი ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...არის მთავარი გრძნობა, რომლის გარეშეც არსებობა არ შეიძლება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღიდან სულ შეყვარებული ვიყავი. რაც შეეხება ნამდვილ სიყვარულს, პირველივე წუთიდან ძალიან ღიად გამოვხატავდი ჩემს ემოციას, ვლაპარაკობდი, არაფერს ვმალავდი. 20 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი მეუღლე რომ გავიცანი.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც განვითარებაზე არ ზრუნავენ, არ ცდილობენ, სიახლეებით არ ინტერესდებიან. მაკვირვებენ, მუდმივად წარსულით ცხოვრება როგორ შეუძლიათ.

274751300-4548326011940559-2381212891239256991-n-copy-1649070254.jpg

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემმა შვილმა. უკვე დიდი ბიჭია, როგორც ყველა პატარა ბავშვი, ჩემი შვილიც ძალიან საყვარელია, კეთილია, სულ იცინის. არც მახსოვს, მის დაბადებამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი, ჩვენი ოჯახის ცხოვრება შეცვალა, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. მამას და ჩემს შვილს გამორჩეული და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, საუკეთესო მეგობრები არიან.

- ვრისკავ...

- ...ემოციების გამოხატვისას. ბოლო დროს ემოციების არგამოხატვა ძალიან ტრენდული გახდა, ეს ნორმად თურმე აღარ ითვლება. ახლა რაც უფრო ნაკლებად გამოხატავ ემოციას, თითქოს უფრო გაწონასწორებული ხარ. არასდროს ემოციების გამოხატვის არ მერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ უარყოფითი უკუკავშირიც მქონია.

- ვამაყობ...

- ...ჩემი ქვეყნით, ქართველი ხალხით; ისეთი წარსული გვაქვს, ისეთი კულტურა, როგორ შეიძლება არ მეამაყებოდეს.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ. ჰარი პოტერი მიყვარს ძალიან, ფილმს 23000-ედ ვუყურე და... ისე, ხშირად ვტირი, ძალიან ემოციური ვარ.

- შიში მაქვს...

- ...მარტოობის. იმედია, მარტო არასდროს ვიქნები.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...არ ვიცი ადამიანების მოკითხვა. შეიძლება დავჯდე და ვიფიქრო, როგორ მენატრება ჩემი მეგობარი, როგორ მინდა მალე ვნახო, რა კარგი იქნებოდა ახლა მასთან ერთად რომ ვიყო, მაგრამ არ დავურეკავ, ასეთი უცნაური თვისება მაქვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ძალიან ბევრ რამეს (პაუზის შემდეგ), უკვე ვნანობ, ეს რომ გითხარი, პირველი რეფლექსი ეს რომ იყო. ბოლო დროს ვცდილობ, თავი შევაგულიანო, არ შეიძლება, ადამიანს შენი არასდროს არაფერი მოგწონდეს. საკუთარი თავი ისეთი თუ არ შეიყვარე, როგორიც ხარ, არაფერი გამოვა. ალბათ უკვე აღარაფერს შევცვლიდი, ასეთი ვუყვარვარ ჩემს მეგობრებს, მეუღლეს. ოცნებებში შეიძლება 5 სანტიმეტრით მაღალი ვიყო.

- ვუფრთხილდები...

- ...ახლობელ ადამიანებს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გემრიელი კერძების მომზადება.

- ვიტყუები, როცა...

- ...საკუთარ თავს ვატყუებ, ეს ძალიან ცუდია. როცა რაღაცის გაკეთება არ მინდა, ჩემს თავს ვატყუებ, რომ მინდა გავაკეთო, ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას ვასიამოვნო. სხვას არასდროს ვატყუებ.

- თავისუფლება არის...

- ...ყველაზე დიდი ფუფუნება. მასაც აქვს თავისი ზღვარი (თუმცა "ზღვარი" ზუსტი სიტყვა არ არის). თავისუფლება არ უნდა აგვერიოს აღვირახსნილობაში. თავისუფლების ცნება ყველასთვის ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ამ ბოლო დროს მარტო აღარასდროს ვარ, ზოგჯერ ძალიან მენატრება ის დრო, მარტო წყნარად რომ ჩავუჯდებოდი წიგნს ან ფილმს, ხან მუსიკას ვუსმენდი, მაშინ ეს ჩემი კომფორტის ზონა იყო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ამაზე ხშირად მიფიქრია, ახლობლებს ყველა ოცნებას ავუხდენდი, ბევრს ვამოგზაურებდი, ამაზე კარგი ალბათ არაფერია. ჩემთვის მანქანები, სახლები, ტანსაცმელი ისეთი ღირებული არ არის, როგორiც კარგი მოგონებების შექმნა. ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, ქალაქის თეატრს, რომელსაც ახლა მეგობრებთან ერთად ვაშენებ, ყველაფერს გავუკეთებდი, რაც სჭირდება. ახლა კეთილი ადამიანების იმედად ვართ.

- მენატრება...

- ...ბავშვობა და მომწონს, რომ ის პერიოდი მენატრება. ბავშვობის დროინდელი მოგონებები ხშირად მათბობს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს განმარტოება და ფიქრი არ შემიძლია. უნდა ვიყო ახლობლების გარემოცვაში და თავად იმ პრობლემაზე ვილაპარაკო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა სულ მეუბნება, ყოველთვის მოახერხე სხვის ადგილზე საკუთარი თავი დააყენო, მის ადგილზე წარმოიდგინო. ამის გარეშე არასდროს რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღო. როგორი გაბრაზებულიც უნდა ვიყო, სულ ვცდილობ, ასე მოვიქცე და გადაწყვეტილება მერე მივიღო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ნაკლები უნდა ვიფიქროთ სხვის ცხოვრებაზე, ჩვენi და მეორე ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს არასდროს შევადაროთ, ამ დროს დაგვეკარგება ის, რაც ჩვენია და სხვებისგან გამოგვარჩევს. ვიყოთ მადლიერები და ბედნიერების განცდაც თავისთავად მოვა!

თამუნა კვინიკაძე