"მინდოდა მომეგო და ამ თანხით ვალები გამესტუმრებინა" - გზაპრესი

"მინდოდა მომეგო და ამ თანხით ვალები გამესტუმრებინა"

სახელი, გვარი: გიორგი ვარდოსანიძე.

ასაკი: 33 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, ასევე - ვლოგერი.

ჰობი: ანიმეების ყურება.

ცხოვრების დევიზი: "მთავარია, იარო".

- გიორგი, წარმოიდგინეთ, არავინ გიცნობთ. საზოგადოებას საკუთარ თავს როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- გამარჯობა. მე ვარ თანთალა და ლამაზი კაცი.

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?

- წინაპრების აჩრდილებს ზურგს უკან...

- რეალითი-შოუს ანონსში გნახეთ. წამყვანის ამპლუაში ხართ, მონაწილის თუ?..

- მონაწილის ამპლუაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ შოუს დაწყება ფილმის გადაღების დროს დაემთხვა. ამიტომ რეალითი-შოუში მონაწილეობაზე უარის თქმა მომიხდა.

- რეალითი-შოუში მონაწილეობით რატომ დაინტერესდით?

- ჰონორარის გამო. ძირითადად, მხოლოდ მერკანტილური აზრები მაწუხებს. მინდოდა მომეგო და მოგებული თანხით ვალები გამესტუმრებინა.

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- ალბათ სერიალში - "გოგონა გარეუბნიდან" მონაწილეობისას. მაშინ გავიაზრე, რომ მშობლების და რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, კიდევ ვიღაც მიცნობდა.

- კონკრეტული ეპიზოდიც ხომ არ გახსოვთ, როცა პოპულარობა იგრძენით?

- კონკრეტული სერიაც კი მახსოვს: პირველი სეზონის მეცხრე სერია ეთერში რომ გავიდა, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. რატომ, კაცმა არ იცის: იმ სერიაში განსაკუთრებული არაფერი ხდება - ჩემი პერსონაჟი რაღაც უაზრობებს "ბაცნობდა". ალბათ, ეს ბაცნობა მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი გახდა და უცებ აღმოაჩინეს, რომ ვიღაც ახალი მსახიობი დაიბადა... ქუჩაში მივხვდი, რომ ხალხი მცნობდა, რადგან ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული, რაღაცებს მეუბნებოდნენ, მაღაზიაში გამყიდველმა ქინძზე ფასი დამიკლო და კამაც უფრო იაფად მომცა...

- დღე-ღამის განმავლობაში, ინტერნეტს რამდენ დროს უთმობთ?

- ძალიან ბევრს, რადგან ჩემი ერთ-ერთი საქმიანობა პირდაპირ ამაზეა "მიბმული". შესაბამისად, თუკი დღეში 16 საათი ფხიზლად ვარ, შეიძლება ამ დროის ნახევარი ინტერნეტს მიაქვს, რადგან სულ რაღაცის "ჩაკორექტირება", გადაღება, ატვირთვა ხდება...

- მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გააქტიურდით, გარკვეულ ეტაპზე მოგბეზრებიათ, რასაც აკეთებთ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადარჩენილი ვარ. იმედი მაქვს, ეგ არ მოხდება. ამ ეტაპზე ყოველდღე უფრო მეტი მონდომებით და სიამოვნებით ვმუშაობ. მობეზრების განცდა არ მქონია.

- რომელ ფილმში მონაწილეობის გამო თქვით უარი რეალითი-შოუში მონაწილეობაზე?

- ფილმს ჰქვია "9 ძმა". მუშაობის პროცესი დაწყებულია, მაგრამ პერიოდულად "ჩერდება". ახლაც პაუზა იყო. 2-3 კვირაში გადაღებები უნდა დაიწყოს... ეს არის ქართულ-უკრაინული, პირველი მასშტაბური ბლოკბასტერი, რომელიც "ნეტფლიქსისთვის" კეთდება... სულ ესაა, რისი თქმის უფლებაც მაქვს.

- ცხოვრების მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- ალბათ ჯანმრთელობას და იმას, რომ დედა-მამა ბედნიერია. კარიერასთან დაკავშირებით - ვერ გეტყვით. ჯერჯერობით, "მთავარ მიღწევას" მართლა ვერაფერს დავარქმევ...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?

- გამგები გაიგებს: უჩიჰას კლანიდან ვიქნებოდი, რა... ყველა მიხვდება, ვინც უნდა მიხვდეს, რაც იგულისხმება.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?

- ამ დროს სურდოს დიაგნოზი მაქვს: ცხვირში "მეჭედება", ცოტათი მორცხვი და თანთალა ვხდები.

- როცა არასასურველი ადამიანი გეფლირტავებათ, მაშინ რა ხდება?

- მაშინ არ ვთანთალებ - ანტითანთალი მეწყება.

- ეს როგორი რეაქციაა?

- კატას ზურგზე ბეწვი ყალყზე რომ დაუდგება ხოლმე, დაახლოებით ისეთი.

- როგორ ფიქრობთ, მეორე ნახევრის გარეშე ადამიანს შეუძლია, სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?

- რა თქმა უნდა, შეუძლია. უბრალოდ, მეორე ნახევართან ერთად ცხოვრება ბევრად ფერადი და სასიამოვნო ხდება.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრეთ?

- საქართველოში დაახლოებით 14 წლის წინ, საზღვარგარეთ კი ყოველთვის ავტობუსით და მეტროთი ვმგზავრობ.

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- ჩემთვის ყველაზე კომფორტული ადგილი, რომელიც ყველაფერს მირჩევნია, ჩემი ტახტია, სახლში. შინ მისული ტახტზე რომ "მივეგდები", ყველაზე სასიამოვნოა...

- ბოლოს რომელი ფილმი ნახეთ?

- Mother. 2 დღის წინ ვნახე. ძალიან კარგი ფილმია. ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა: ცოტათი რომ "დაგანგრევს", მაგრამ ემოციებს დაგიტოვებს, ისეთი. ყველას ვურჩევ, ნახოს.

- თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დამისახელეთ, რომელშიც რომელიმე მსახიობს სიამოვნებით ჩაანაცვლებდით...

- ჰოლივუდის ნებისმიერ ფილმში ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებით ჩავანაცვლებდი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფილმი "ბეჭდების მბრძანებელია" (პირველიც, მეორეც, მესამეც). ალბათ, მასში ბოროტის და სიკეთის ყველაზე კარგი დაპირისპირებაა ნაჩვენები. თან, ბავშვობასთან ასოცირდება, თან - ლამაზია, გენიალურია... 11 "ოსკარს" ტყუილად არ აიღებდა.

giorgi-4-copy-1649070676.jpg

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?

- ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი".

- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?

- ბევრი რამეა, რის გამოც შეიძლება, უცებ "ავფეთქდე" და ნერვები მომეშალოს. ძირითადად, უპასუხისმგებლობა, ტყუილი...

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?

- მოდი, ასე ვიტყვი: იუმორის გრძნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი "ამომავალი წერტილი", რომ ადამიანი ჩემიანი გახდეს, ისაა, რომ იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს. აუცილებელი არ არის, კარგად ხუმრობდეს, მაგრამ თვითკრიტიკა და იუმორის აღქმა უნდა შეეძლოს.

- როდესაც ადამიანს პირადად პირველად ხვდებით, თქვენს ყურადღებას მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს?

- ალბათ - თვალები.

- საკვები, რომელსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ...

- ბრინჯი ძალიან მიყვარს. სახლში ყოველთვის არის და სხვადასხვა ვარიაციით ვამზადებ.

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- აი, ახლა მითხრეს, რომ თურმე, ყველასგან ყველაფერს სწრაფად ვითხოვ...

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- ძალიან კეთილი ხარო, - ესეც ახლა მითხრეს და მოდი, ამით ვიამაყებ...

- რაში გამოიხატება თქვენი სიკეთე?

- გვერდით სანდო ადამიანი მყავს, რომელმაც ასე დამახასიათა: ცხოველებზე ზრუნვა, ადამიანების დახმარება გიყვარსო... ცხოველებთან დაკავშირებით - ვეთანხმები, ადამიანებზე კი - არ ვიცი, თუმცა დიდი მადლობა მას ასეთი დახასიათებისთვის.

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- მე კი არა, ალბათ, სამყაროსთვის რამე სარგებლის მოტანა არავის შეუძლია. დედამიწას ნუ დავაბინძურებთ, გარემოს გავუფრთხილდეთ - მინიმუმ, ეს გავაკეთოთ "ჭიანჭველებმა"...

- ყველაზე ხშირად მეგობრები რას გსაყვედურობენ?

- ალბათ იმას, რომ გარკვეულ საკითხებში ძალიან მომთხოვნი ვარ, განსაკუთრებით საქმეში ადამიანებს ბოლომდე "ვწურავ" - ჩემიანია თუ უცხო, მნიშვნელობა არ აქვს. ამის გამო, ხანდახან მეუბნებიან, - ცოტათი დაწყნარდიო.

- თქვენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს?

- ოჯახი. "ამომავალი წერტილი" სწორედ ოჯახია.

ეთო ყორღანაშვილი