რისი პატიება არ შეუძლია ელენე ფოჩხუას - გზაპრესი

რისი პატიება არ შეუძლია ელენე ფოჩხუას

"მას შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი, გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული. ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი, ხშირად მარტოსულია. მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მომღერალ ელენე ფოჩხუას ზოდიაქოს ნიშანია.

- ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს, მაგრამ ასტროლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარული ადამიანია, ამავე დროს - ძალიან მოუსვენარიც. ეთანხმები?

- მართალია, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება მიჭირს. არ მიყვარს ლოდინი, მოთმენა. ყველაფერი მინდა რაც შეიძლება მალე. 8 თვის ვიყავი, რომ დავიბადე (იცინის). თავგადასავლები მიყვარს, მოგზაურობაც, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- კი, ძალიან კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, წინასწარ მიგრძნია.

- წინათგრძნობა მაშინაც ხომ არ გქონდა, როცა შენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა? გიორგის გარდაცვალებას ვგულისხმობ.

- მქონდა, მე ეს ტრაგედია წარმოვიდგინე.

- წარმოიდგინე?

- არ ვიცი, ეს რა იყო, დღემდე ვერ ვხსნი. რამდენიმე დღით ადრე, ჩემს ფიქრებში, წარმოსახვაში წარმოვიდგინე, როგორ ვიჯექი ჭირისუფლად, იქ რა ხდებოდა.

- ყოველგვარი ეჭვის, საბაბის გარეშე?

- დიახ. გიორგი არც კონფლიქტური იყო, არც ვინმე მტრობდა, არც დაძაბული ცხოვრება ჰქონია... ეს წარმოუდგენელი ამბავი რატომ წარმოვიდგინე, ახლაც არ ვიცი.

- ელენე, შენს წინათგრძნობას, მოსალოდნელი საფრთხისგან თუ დაუცვიხარ?

- ასეთი შემთხვევა არ მქონია.

- "ის პირდაპირობით გამოირჩევა, მშვილდოსნის ნათქვამი სიტყვა მიზანს ტყვიასავით ხვდება".

- პირდაპირობა მჩვევია. ნებისმიერ შემთხვევაში, მირჩევნია, სიმართლე მითხრან და თავადაც ასე ვიქცევი.

- ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირობა ადამიანებს გულს სტკენს, ამას რამდენად ითვალისწინებ?

- ურთიერთობებს ყოველთვის ვუფრთხილდები, არც ერთ შემთხვევაში გამიზნულად გულს არავის ვატკენ. სათქმელის ფორმა სწორ დროს, სწორად უნდა იყოს შერჩეული. როცა ახლობელზე გული შეგტკივა და ის რაღაცას არასწორად აკეთებს, სიმართლე უნდა უთხრა, რომ სწორ გზაზე დააყენო.

- "გულღიაობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად მარტოსულია, ეს მისი იდეალისტურობის შედეგია".

- ეს ჩემი თვისება არ არის. გულღია ვარ, მაგრამ თავი მარტოსულად არასდროს მიგრძნია. ჩემ გარშემო ყოველთვის მეგობრები და ოჯახის წევრები არიან. როცა რაიმე პრობლემის წინაშე ვდგავარ, მარტო არასდროს ვარ, ზურგს საყვარელი ადამიანები მიმაგრებენ.

- "მას სიყვარულის და მეგობრობის მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს".

- მართალია, ადამიანი თუ მიყვარს, მიყვარს ძალიან, დიდი სიყვარული შემიძლია.

- "მწარე გაკვეთილის" შემდეგაც?

- თუ გადამრია, რა თქმა უნდა, აღარ მეყვარება.

- "მისი სასიყვარულო რომანი ხშირად ხანმოკლეა; მაშინვე გარბის, როგორც კი იმედგაცრუების ან ღალატის სიმწარეს იგემებს".

- ასეა.

- მეუღლეს ახლახან დაშორდი...

- ახლა ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე აღარ მიყვარს, მან ძალიან მატკინა, დააშავა...

- ღალატს ჰქონდა ადგილი?

- დიახ. ამას შეჩვეულიც ვიყავი, პირველი შემთხვევა არ იყო. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ გახლდათ, მაგრამ ჩემი ძმის ტრაგედიის გადატანის ფონზე, ამაზე დარდი დიდ სისულელედ მიმაჩნია. გაკაჟებული ვარ, რკინის, ბეტონის და არმატურისგან შექმნილი. ამ ფაქტზე ნერვიულობა არ ღირს. ვინც არ დაგაფასებს, თავის გზაზე უნდა გაუშვა, მომავალი არ უნდა გაინადგურო.

- თქვენი ყოფილი მეუღლე როგორი მამაა?

- ძალიან კარგი მამა იყო და დღესაც ასეა, ბავშვებთან იდეალური ურთიერთობა აქვს. მასზე ცუდს ვერც ვიტყვი, როგორც პიროვნება ყოველთვის კარგი იყო, ჩემთვისაც კომფორტული გახლდათ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ასე მოხდა... ჩვენ თანაცხოვრების პერიოდი დავასრულეთ.

- "ხშირად ვერ გაურბის მიმბაძველობას. ნიჭიერი ადამიანის გავლენის ქვეშ მარტივად ექცევა".

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ნამღერში მიმბაძველობა იგრძნობა, ეს შეგნებულად არასდროს გამიკეთებია. რაც შეეხება ნიჭიერი ადამიანის გავლენას, მგონია, ნიჭიერი ადამიანი ყველაზე ახდენს შთაბეჭდილებას და გამონაკლისი მეც არ ვარ. სხვისი ნიჭის აღიარება შემიძლია.

- პერიოდულად დეპრესიული განწყობა გეუფლება?

- დეპრესია არასდროს მქონია, არასდროს ჩავკეტილვარ. როცა რაღაც პრობლემა მაქვს, ამ დროს ახლობლების გარემოცვაში ყოფნა აუცილებელია. მანამდე, სანამ მეგობრებს შევხვდები, შემიძლია ძალიან დიდხანს ქუჩაში ფეხით ვიარო.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- ეს ნამდვილად ჩემი თვისებაა.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს".

- ასეა. ხშირად ვაწყდები ბარიერებს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ის გავაკეთო, რაც მინდა, ხან გამოდის, ხან - არა.

246642989-4442734495764497-2093631137734116074-n-copy-1649070885.jpg

- "ბევრი მათგანი გაუბედაობით და ყოყმანით გამოირჩევა".

- წლების წინ უფრო გაუბედავი ვიყავი. ცხოვრება დროთა განმავლობაში რაღაცებს გასწავლის, მერე სხვა ადამიანად ყალიბდები, გამოიწრთობი.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- პატარა წყენა მალე მავიწყდება, შემოვბრუნდები და აღარ მახსოვს. შეიძლება იმ ადამიანს დავურეკო და ვუთხრა: ეგ ყველაფერი სისულელე იყო, არა უშავს, ხდება ხოლმე, ჩემთან მოდი...

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია; ზოგი თვლის, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- უი, რას ამბობ, ტყუილია. ყოველთვის მაინტერესებს ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები როგორ არიან, მაგრამ არასდროს სხვისი პირადი ცხოვრებით არ ვინტერესდები. შეკითხვებს საკუთარ დასაც კი არ ვუსვამ.

- როცა სხვა შენს საქმეში "ცხვირის ჩაყოფას" ცდილობს, როგორი რეაქცია გაქვს?

- აი, ამის პატიება არ შემიძლია, რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, ძალიან დაუნდობელი ვხდები.

- "ცოტათი მშიშარაა".

- მშიშარა ადრე უფრო ვიყავი, ახლა - ნაკლებად. შინ მარტო ყოფნა არ მიყვარს, ჩემზე ეს დაძაბული გარემოც ძალიან მოქმედებს.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორითაც გამოიმუშავებს".

- დაგროვება არ გამომდის, მეგობრები ამის გამო სულ მეჩხუბებიან. ღმერთი ისე მწყალობს, დღეს ბოლო თეთრამდე რომ დავხარჯო, ვიცი, ხვალ ფული მომივა. ოღონდ იმ ფულს ჩემთვის კი არ ვხარჯავ. ყველა ახლობლის პრობლემა ვიცი. როცა საშუალება მაქვს, ვიღაცას მისთვის სასურველ ნივთს ვუყიდი, ვიღაცასთან პროდუქტს მივიტან და ამით ძალიან ბედნიერი ვარ (თავის ქებად ნუ ჩამითვლი). რასაც გავცემ, ღმერთი იმაზე მეტს მაძლევს.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- კარგი იუმორი მაქვს, ეს მეგობრებსაც არაერთხელ უთქვამთ. ტელევიზიით მიცნობენ, როგორც მორიდებულ, წყნარ გოგოს. მთლად ასეთიც არ ვარ. საზოგადოებაში სხვა იმიჯი მაქვს შექმნილი, არ ვიცი, ასე რატომ მოხდა.

- "მას შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი, გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".

- სასტიკი ვარ. ვინმე თუ გადამრევს, შეიძლება ანაკონდა გავხდე და მაცდური რამდენად ვარ, არ ვიცი.

- "მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- თანხვედრაა იდეალური ვარიანტი. ყველაზე ძნელია გულს და გონებას შორის ჭიდილი. ამ დროს ისიც მნიშვნელოვანია, რას მეუბნება ჩემი ინტუიცია.

თამუნა კვინიკაძე