"ჩვენ ჭრილობები ჯერ არ მოგვიშუშებია..." - გზაპრესი

"ჩვენ ჭრილობები ჯერ არ მოგვიშუშებია..."

ომი ყველას სულიერ და ფიზიკურ მოუშუშებელ იარებს უტოვებს. ტრაგედიასთან ერთად, ეს უდიდესი შეცდომაა კაცობრიობის წინაშე, რომლის თავიდან არიდებას ქვეყნის ხელისუფალნი ყველა გზით უნდა ცდილობდნენ. თუმცა, თანამედროვე სამყარო არაერთხელ გამხდარა შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრეც, მონაწილეც და ახლაც ეს რეალობაა. მიმდინარე მოვლენებზე აზრის გაზიარება პოეტს, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეს, ილია ჭავჭავაძის და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატ ბაღათერ არაბულს ვთხოვეთ.

- ფაქტობრივად დღესდღეობით მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაშე ვდგავართ. რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებაში მთელი ევროპაა ჩართული, მაგრამ ეს დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა, არამედ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე შემოიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა. ის გორში გაჩერდა, თბილისში აღარ შემოვიდა, რადგან დედაქალაქში რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა და პუტინმა უკან დაიხია. იფიქრა, მსოფლიოს თვალში მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად მძაფრ რეაქციას გამოიწვევდა. თუმცა, როცა მან დაინახა, რომ მომხდარზე შეშფოთების გარდა არაფერი ყოფილა, უკრაინას აართვა ყირიმი და მიიერთა. ესეც ხახვივით შერჩა. მანამდე იყო სირია და იქ გაბატონდა. აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყირიმი, სირია, ნახა რომ ნატო არაფრის გამკეთებელია, არც ამერიკა და არც ევროპის ქვეყნები, ამიტომ მადა გაეხსნა და დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება მოინდომა. იქ მოსახლეობის 70%-ზე მეტი რუსულენოვანია. ფაქტობრივად, ეს ხალხი უკრაინულ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, რუსეთთან შეერთებაზე სეპარატისტული მოძრაობებიც მიმდინარეობდა. პუტინმა მათ დაურიგა რუსული პასპორტები, ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა და როგორც აფხაზეთსა და ცხინვალში მოიქცა, ისე მოიქცა აქაც - ჯერ ვითომ "თავის მოსახლეობის დაცვის" მიზნით შემოიჭრა საქართველოში, ახლა კი უკრაინაში. გავრცელებულია აზრი, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთის უშიშროების საბჭო უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგი იყო, პუტინმა თვითნებურად გადადგა ეს ნაბიჯი და უკრაინის ოკუპაცია განიზრახა. მან თავისი უძლეველობა, ყოვლისშემძლეობა თავადვე დაიჯერა და მასში დიქტატორის, დამპყრობლის ფსიქოლოგიამ გაიღვიძა. ეს მისი დიდი შეცდომა იყო. ფიქრობდა, რომ ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში, სამ დღეში დამთავრდებოდა ომი, "მსუბუქი გასეირნებით" დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ შეცდა. უკრაინელებს დიდი ისტორიული ბრძოლის გამოცდილება აქვთ, კერკეტი კაკლები აღმოჩნდნენ. პუტინის შეჭრა გახდა ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსეთისთვის და ალბათ პუტინს ამ დანაშაულს არავინ აპატიებს.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

- რუსეთის ქმედება დიდი დანაშაული, მეტიც, 21-ე საუკუნის ტრაგედიაა. იღუპება მოსახლეობა, ქალები, ბავშვები, მოშლილია ცხოვრება, ადგილები, მეურნეობა, აუარებელი ლტოლვილი მიაწყდა ევროპას. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო და ალბათ ამაში დამნაშავე მეტ-ნაკლებად ზელენსკიცაა. შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ როცა მას საქართველოს მაგალითი ჰქონდა, რუსეთის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში შემოჭრის სახით, პრეზიდენტს უნდა სცოდნოდა, რომ პუტინი არც უკრაინას დაინდობდა და იქაც იმავეს გააკეთებდა, რადგან ნათელია, რა დონის აგრესორსა და ავანტიურისტთან ჰქონდა საქმე. ის ახლა იხმობს რუსეთს დიალოგის გასამართავად, მაგრამ მანამდე შეეძლო მოლაპარაკებები დიპლომატიურად ეწარმოებინა. წლების შემდეგ, ალბათ უკრაინელი ხალხი ზელენსკისაც მოსთხოვს პასუხს. ახლა მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავს, მაგრამ ის მათ იმედად არ უნდა ყოფილიყო. ომს თუ აპირებდა, უნდა შეიარაღებულიყო. თავისთავად ცხადია, ზელენსკის აქვს თავისი პრეტენზიები, რომ ყირიმი რუსეთს არ შეუერთდეს, რაზეც რუსეთი არ წავა; არ იქნეს აღიარებული ლუგანსკი და დონეცკის რეგიონები რესპუბლიკებად და ეს სამართლიანია. მოლაპარაკების შედეგად ზელენსკიმ ეს რომ დათმოს, არავინ აპატიებს. ამავე დროს, რუსეთი მიერთებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს. ასე რომ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება და ეს დიდი ტრაგედიაა.

- ამ ომმა საქართველოს მოსახლეობაში, შიშთან ერთად, რომ უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება, უდიდესი აგრესიაც გამოიწვია არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების, არამედ ხალხის მიმართ და ეს ნეგატივი ყველგან თვალში საცემია. თუ გრძნობთ და ხედავთ ამას?

- გეთანხმებით, ასე მოხდა. ხელმძღვანელი, პრეზიდენტი, ხელისუფალი ერის სახეა და ერთ კონკრეტულ პირზე ან რამდენიმეზე განაწყენებული ადამიანი მის სახე-სახელს გულისხმობს მთელ ხალხში. ვფიქრობ, ეს სწორი არ არის. ბევრი ვიცით, მათ შორის კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც გაექცნენ, განუდგნენ და გამოეყვნენ პუტინის პოლიტიკას. შეიძლება მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი გვარები ჟღერდება, მაგრამ ფაქტია, მას ბევრი გაემიჯნა, უბრალოდ არ ჩანან და პროპაგანდისტული ტელევიზიები ამას არ გააშუქებენ... ჩვენი ტელევიზიებიც, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებიან, ათას ტყუილსა და პროპაგანდისტულ მეთოდებს მიმართავენ იმისთვის, რომ ამ ომის მიმართ საქართველო ერთგვარად დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოაჩინონ და რაღაცნაირად საქართველოს ომში ჩართვა მოახერხონ - ეს სახიფათოა...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა, ვფიქრობ, სწორი გახლდათ, რადგან ჩვენ არაფერი გაგვაჩნია, რითაც რუსეთის ეკონომიკას დავაზარალებთ. მათ კი შეუძლიათ დაგვტოვონ დენის, გაზის, წყლის გარეშე და მერე ნახავთ, ამას რა მოჰყვება, - საქართველოს ხელისუფლებას ეტყვიან, ამ მდგომარეობამდე რატომ მიგვიყვანეთო? ჩვენს სანქციებს რომ რამე შედეგი ჰქონდეს, მაშინ პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ შენ, რომელსაც არაფერი გაგაჩნია, ამ ნაბიჯით ოკუპანტს მხოლოდ გააღიზიანებ.

ასე რომ, ყველაფერს გააზრება სჭირდება. ამ პრობლემური და საშიში პერიოდიდან მშვიდობიანად უნდა გამოვიდეთ, რადგან ჩვენ ჭრილობები ჯერ არ მოგვიშუშებია...

- თქვით, რომ სამწუხაროდ, ამ ომს უახლოეს მომავალში არ უჩანს დასასრული. როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგ?

- რუსეთი ომში გამარჯვებული იქნება თუ წაგებული, ის მაინც დამარცხებული დარჩება. უკრაინის დამარცხება და კიევის აღება რუსეთისთვის დიდი თავის ტკივილი გახდება. რამდენი რუსეთის იდეების გამტარებელიც უნდა დასვას ყველა ქალაქსა თუ რეგიონში, უკრაინელები არაფერს დათმობენ, იქნება პარტიზანული ბრძოლები და ისეთივე დაუმთავრებელი ომი, როგორიც იყო ავღანეთში, სირიაში და ა.შ. ასე რომ, ეს ტრაგედიაა ორივე ქვეყნისთვის. რუსეთი დიდხანს ვეღარ შეძლებს ასეთი მიდგომებით ცხოვრებას. მსოფლიოს მხრიდან მისი მისამართით წამოსული აგრესიის შემდეგ, აღარ ექნება კიდევ რომელიმე ქვეყნის ბლოკადის სურვილი. მსოფლიოს დიდი ხანი დასჭირდება, ეს აგრესია რომ დაივიწყოს. რაც შეეხება საქართველოს, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე და ამის ერთადერთი გზა გაერთიანება, ფიქრია ქვეყნის მომავალზე, რომ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა გაერთიანდეს, სწორ გზაზე რომ დავდგეთ. ყოველდღიური აქციები, ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთმტრობა უნდა დასრულდეს და ის ზიზღიც დარეგულირდეს, რომელიც ტელევიზიებიდან ყოველდღიურად იფრქვევა. კონსტიტუციაში არსებული 307-ე მუხლი, რომელიც სამშობლოს ღალატის წინააღმდეგ მიმართულ პირთა მხილებას ითვალისწინებდა და რომელიც "ნაციონალებმა" სახელმწიფოს ძირითადი კანონიდან ამოიღეს, ალბათ ისევ უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციაში. ყველას ლუსტრირება ამ გზით მოხდება, ვინც შინ თუ გარეთ იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ. უნდა არსებობდეს ეს შიში, რომ ყველა იმ კატეგორიას, ვინც ამას სიტყვით თუ ქმედებით აკეთებს, არ მიეცეს დანაშაულის ჩადენის საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტარი იქნება ის, თუ ჟურნალისტი. ეს არ არის კონტროლი ან რეპრესიები, უბრალოდ, უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის გადალახვის უფლება არავის აქვს. კონსტიტუციაში ასეთი მუხლების არსებობა მოღალატეობრივ ნაბიჯებს შეზღუდავს. ვფიქრობ, საქართველოში იდეოლოგიური მხარეც ერთგვარად დასახვეწია, თავისთავად ცხადია, ამაში პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტსა და ხელისუფლებას. კანონების დახვეწა დაარეგულირებს იმ სამართლიან გზას, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ სამომავლოდ სიარული უნდა განაგრძოს.

ანა კალანდაძე