"განსაკუთრებით ახალგაზრდების პრობლემები მტკივა" - გზაპრესი

"განსაკუთრებით ახალგაზრდების პრობლემები მტკივა"

"თავისუფლება ძვირი ღირს, ჩემო ხელმოცარულო და ფეხით მოსიარულე მოქალაქეებო! მოკლებულო სიყვარულს და მოკლებულო ზრუნვას! დედამიწა კი მიქრის... და დედამიწა ბრუნავს! დედამიწა მიქრის, ადამიანები კი დროს მტრობაში, სიძულვილში, ანგარებაში, გაუტანლობაში, გულგრილობასა და სხვა მანკიერ დამოკიდებულებებში ფლანგავენ. საფრთხე ერთი რგოლიდან მეორეზე ვრცელდება - პიროვნებიდან ოჯახზე, ოჯახიდან უბანზე, ქალაქზე, ქვეყანაზე, დედამიწასა და საბოლოოდ, მთლიანად სამყაროზე. დრო ჯერ კიდევ გვაქვს - შეგვიძლია მეტად ვიზრუნოთ და მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, უფრო ბევრი სიყვარული, სითბო გავცეთ და ამით, ბუნებრივად, გარემოც დადებითად დავმუხტოთ... სხვა შემთხვევაში, არცთუ ისე სახარბიელო დასასრული გველის..." - ეს მოწოდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ოთარ ბაღათურიას სპექტაკლში, „დედამიწა კი მიქრის", გაისმა.

პრობლემა, რომელიც თავისი მასშტაბურობით მთლიან პლანეტას სწვდება, რეჟისორმა ერთ პატარა, საბურთალოზე მდებარე ბინაში მოამწყვდია და მის შესახებ მაყურებელი ახალგაზრდების ზოგადი რუტინის წარმოჩენით გააფრთხილა...

ოთარ ბაღათურია, რეჟისორი:

- პიესის შერჩევის მთავარი მიზეზი ის რეალობაა, რაშიც ბოლო დროს არსებობა გვიწევს. მეჩვენება, რომ რაღაცები ვერ არის კარგად. მიმუშავია სპექტაკლებზე, სადაც ხანდაზმულების პრობლემებია წინ წამოწეული, თუმცა, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინაშე არსებული დაბრკოლებები მტკივა. მყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. შესაბამისად, ამ საკითხების სიმწვავე და ახალგაზრდა თაობის მომავალი არა მხოლოდ როგორც რეჟისორს, როგორც პიროვნებასაც მაწუხებს.

- სპექტაკლი ძალზე მძიმე და პესიმისტური "აკორდით" სრულდება. რატომ არ დაუტოვეთ მაყურებელს, თუნდაც, იმედის ერთი სხივი ოპტიმიზმისთვის?

- დასასრული ნამდვილად მძიმეა, თუმცა, სწორედ ესაა სპექტაკლის მთავარი სათქმელიც - თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, ბოლო სწორედ ამგვარი, მეტად მწვავე იქნება.

- "ეს რეალობა თუ არ შეიცვლება..." - ეს ფრაზა საზოგადოების გასაგონადაა თუ ხელისუფლებების?

- თუკი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ხელისუფლება ვერაფერს გაბედავს. თუ ადამიანები ერთმანეთს დაუგდებენ ყურს, მხარს დაუჭერენ, ერთმანეთის ტკივილს იგრძნობენ, ეს მთლიანად შეცვლის სურათს. სპექტაკლში ასეთი ფრაზაა: "ყველაზე კარგი ბიზნესი პოლიტიკაა". ამიტომაც უჭირთ ხოლმე დაკავებული თანამდებობების დატოვება. თუკი საზოგადოება ერთსულოვნებას გამოიჩენს, მისი მართვის საშუალება ნაკლებად ექნებათ ხელისუფლებებს. თუმცა, რეალობა ის არის, რომ ერთმანეთის მიმართ დაუნდობლები, უყურადღებოები და სასტიკები ვართ. არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს ადამიანები, ქვეყნები. აქედან გამომდინარე, საფრთხეს ვუქმნით მთლიანად დედამიწას. სულ მგონია, რომ თუ ჩამოთვლილი არ შევცვალეთ, ერთხელაც, პლანეტა უარს გვეტყვის "მომსახურებაზე".

- სპექტაკლში ტელევიზიის "შიდა სამზარეულოს" გამოაშკარავების მიზანი რა არის - იმის ხაზგასმა, რომ საინფორმაციო საშუალებებს დიდი როლი მიუძღვით ხსენებულ პროცესში, თუ ამ სფეროს მანკიერი მხარეების წარმოჩენა?

- ბუნებრივია, საინფორმაციო საშუალებებს გადამწყვეტი როლი აქვთ ამ პროცესში, თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ ზოგიერთი მათგანი სასაცილოა... ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზები: "რომ გვითხრათ...", "მადლობა გვინდა გადაგიხადოთ", "დაგემშვიდობებით"... თუმცა, ეს წვრილმანად მოჩანს იმ ფონზე, როცა ყველა ტყუის. ერთგან იმას გვატყუებენ, რომ საქმე ძალიან ცუდადაა, მეორეგან იმას, რომ საქმე ზედმეტად კარგადაა. უმეტესი მათგანი რუპორადაა ქცეული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი არასახარბიელო მდგომარეობა მხოლოდ ტელევიზიებშია... უბრალოდ, ტელევიზია გამოვიყენეთ სხვადასხვა ინსტიტუციის მოდელად. სპექტაკლი კადრებით იწყება, სადაც ჩანს კოსმოსი, დედამიწა, კავკასია, თბილისი, საბურთალო და ბოლოს, ბინა. ეს ბინა დედამიწის მინიმოდელია. იგივე პრინციპია ტელევიზიის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მხოლოდ ტელევიზიაში გვაქვს.

ნინო ლეჟავა, მსახიობი:

- შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ყველა ჟურნალისტი ისეთია, როგორიც სპექტაკლშია წარმოჩენილი. ამ პროფესიის მსახურება გმირობის ტოლფასია. ახლაც, უკრაინის რეალობაშიც იკვეთება ჟურნალისტების არნახული თავგანწირვის მაგალითები. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ არაპროფესიონალიზმიც ხშირადაა სახეზე და სპექტაკლშიც სწორედ ასეთ ჟურნალისტებზეა პედალირება. ჩემი გმირი პროფესიონალი, ძლიერი ჟურნალისტია. მის ადგილს კი დაუმსახურებლად არაკვალიფიციური კადრი იკავებს. ეს ხომ მხოლოდ ჟურნალისტიკაში არ ხდება?! ამგვარი შემთხვევa ყველა სფეროში ხშირია. ბევრჯერ გამოცდილი კადრები მხოლოდ ერთი ზარის გამო კარგავენ დაკავებულ პოზიციებს. სამწუხაროდ, მძიმე სოციალური ფონის გამო, ჩვენს ქვეყანაში მეტად გახშირებულია შემთხვევები, როცა ერთი პროფესიის ადამიანი სულ სხვა სფეროშია დასაქმებული. ბუნებრივია, ამგვარი შემთხვევები კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს. ეს გმირი ჩემით გამოვძერწე. როგორც კი მხატვარმა კოსტიუმი შექმნა და ჩავიცვი, ჩემს გრიმიორთან ერთად შევქმენით პერსონაჟი, რომელსაც იუმორიც აქვს და მაყურებლის თანაგრძნობის გამოწვევასაც ახერხებს. ვისარგებლებ შემთხვევით და უღრმეს მადლობას მოვახსენებ რეჟისორს ნდობისთვის, სპექტაკლში ჩართვისთვის. ნებისმიერი მსახიობისთვის ეს ჰაერივით აუცილებელია. ვერ ვსუნთქავ, როცა არ ვარ დაკავებული. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს დაუღალავი შრომისა და მეგობრობისთვის.

ლაშა გრძელიძე, მსახიობი:

- ნებისმიერ გმირს მსახიობი თავად ქმნის, ხორცს ასხამს, თვისებებს, მანერებს სძენს. შესაბამისად, ყოველი ახალი როლი გზრდის, როგორც მსახიობს, მით უმეტეს, როცა მუშაობა ისეთ რეჟისორთან გიხდება, როგორიც ბატონი ოთარი გახლავთ. მასთან ერთად გატარებულ ყოველ სარეპეტიციო დღეს სიახლე და პროფესიული ზრდა მოაქვს.

- სპექტაკლში ჩვენი საზოგადოების რამდენიმე მანკიერი მხარეა წარმოჩენილი. თქვენი გმირი რომელი მანკიერების მატარებელია?

- ჩემი პერსონაჟი ნარკომანიაზე დამოკიდებულების რთული პრობლემის განსახიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე მართული, კონკრეტულ ნივთიერებაზე სრულად დამოკიდებულია, აქვს თვისებები, რის გამოც ფასობს, როგორც ადამიანი. მეგობრის გამო მზადაა საკუთარი თავი, სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს. კარგი მუსიკა, ჯაზი უყვარს და კონკრეტული ინტერესები, გეგმები აქვს, თუმცა, იმდენადაა ჩართული ყოველდღიურად დამოკიდებულების მოხსნის პროცესში, რომ სხვა დანარჩენ მიზნებზე ფიქრის დროც კი არ რჩება. დასანანიც სწორედ ესაა - ასეთი ლაღი, ინტერესიანი, კეთილი და იმედიანი ადამიანი, ფაქტობრივად, განწირულია...

P.S. გამოყენებულია ვახო გურაბანიძის ფოტოები

შორენა ლაბაძე