"უფრო გაბედული იყავით, საკუთარ სურვილებს ნუ დაბლოკავთ!" - გზაპრესი

"უფრო გაბედული იყავით, საკუთარ სურვილებს ნუ დაბლოკავთ!"

"...არ ვარ ტენდენციებს აყოლილი, ჩემთვის მთავარი ესთეტიკაა, კონკრეტულ ადამიანზე მისთვის მორგებული და მოხდენილი სამოსი. მოსაზრება - რაც მოდაშია, ყველას ის უნდა ეცვას, - ჩემთვის მიუღებელია", - ამბობს დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, რომელსაც სასაუბროდ ესპანეთში დავუკავშირდით...

- გემოვნება შინაგანად უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამასთან, უნდა იყოს ერუდირებული... სხვათა შორის, გემოვნების განვითარებაც შეიძლება და მართალია რთულად, მაგრამ მაინც მიიღწევა.

- ანუ გადამწყვეტია, ადამიანი როგორ ატმოსფეროში მოხვდება?

- რა თქმა უნდა, კარგ საზოგადოებაში, სოციუმში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია! ამჟამად ესპანეთში ვარ და ქართველებისგან განსხვავებით, აქ მასას სრულებით არ აქვს გემოვნება. მათთვის პრაქტიკული სამოსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა რამ არც ახსოვთ...

- ამბობენ, რომ პრაქტიკული სამოსის უპირატესობა მთელ მსოფლიოში პანდემიამ განაპირობა...

- პანდემია არაფერ შუაშია, მანამდეც ასე იყო... არ გამოირჩევიან ჩაცმის სტილით, პირიქით, ყოველდღიურ ჩაცმულობაში ბევრ შეუსაბამობას ვხვდები. ამიტომაც ვამბობ, რომ სოციუმი, ქვეყნის კულტურა ინდივიდზე ძალიან მოქმედებს... კი, ამბობენ, რომ პანდემიამ იმდენად იმოქმედა ხალხზე, რომ ყველგან პიჟამოებით დადიანო, მაგრამ საქართველოში ნამდვილად არ არის ასე საქმე! როგორც კი საშუალება მიეცათ, ქალბატონებმა გაპრანჭვა დაიწყეს და მანამდეც, ნიღბის ქვეშ ტუჩსაცხი ესვათ... ფაქტია, ქართველებს ძალიან გვიყვარს გაპრანჭვა, თუნდაც ყოველდღიურობაში.

- რამდენი წელია, რაც ესპანეთში იმყოფებით?

- პანდემიამდე ჩამოვედი, მაგრამ გარკვეული პერიოდი საქართველოშიც მიწევდა ყოფნა...

პირველად სამოგზაუროდ იტალიაში ვიყავი და რასაკვირველია, ძალიან მომეწონა ეს ქვეყანა! ნახევარ იტალიაზე მეტი მოვიარე და იქაურობას კარგად ვიცნობ.

- მოდის დედაქალაქად მილანს მიიჩნევთ თუ პარიზს?

- ცოტა არ იყოს, სადავო თემაა, მაგრამ ასე ვიტყვი: ჩემთვის მაინც პარიზია მოდის ცენტრი! მას არაფრით ჩამოუვარდება მილანი, ნიუ-იორკი... იტალიაში ექვსი თვე ვიყავი, იქ ვსწავლობდი და იტალიური სტილის განსაკუთრებულობა თვალში ყოველდღიურად მხვდებოდა... განსაკუთრებით მამაკაცების დახვეწილობა, ჩაცმულობა... რომი, ფლორენცია - ყველა დიდი ქალაქი გემოვნებიანი მოსახლეობით გამოირჩევა...

- ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანი?

- ვერავის გამოვარჩევ... მაგრამ გეტყვით, რომ ტელეეკრანზე ბევრ გემოვნებიანად ჩაცმულ ადამიანს ვხედავ.

- თუმცა ხშირად გვესმის კრიტიკაც, რომ ტელეწამყვანები და პოლიტიკოსები ჩაცმულობას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ...

- ტელევიზია ძალიან სპეციფიკურია, ტელეწამყვანების ჩაცმულობა ყურადღებას არ უნდა იქცევდეს, რაც შეიძლება აკადემიურად და სადად უნდა იმოსებოდნენ, ამიტომ მათ უგემოვნობაში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ.

გემოვნების დეფიციტი პოლიტიკოსებში უფრო შეიმჩნევა, მაგრამ აქაც ვერავის გამოვყოფ, როგორც კატასტროფულად უგემოვნოს. არ ვარ პოლიტიკაში ჩართული, არასოდეს ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს და ახლაც თავს შევიკავებ.

img-1333-copy-1649335170.jpeg

- არაერთხელ ახსენეთ, რომ ქართველების გემოვნება მოგწონთ. ბევრს გული სწყდება იმის გამო, რომ ე.წ. თბილისური მოდა დაიკარგა...

- თაობების ცვლაა და რა თქმა უნდა, ბევრი პროგრესია, რაც უფროსი თაობებისგან განსხვავებულ სტილს ამკვიდრებს... ვერ წარმომიდგენია, ბებაჩემის პერიოდში როგორი ჩაცმულობაც იყო (თუნდაც მათი მენტალობა), ახლაც იგივე რომ იყოს. სხვა თაობა მოდის, სხვა მოთხოვნილებები და სურვილები გვაქვს. სრულებით მესმის, მათთვის მისაღები შეიძლება არ არის დღევანდელი ახალგაზრდების ჩაცმულობა და ესთეტიკა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, დროს ვერ შევაჩერებთ...

ოპერაში, თეატრში წასასვლელად რომ საგანგებოდ კაბებს იკერავდნენ, ეს უფრო კულტურაა... ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მანდილოსნები დღეს საღამოს კაბებს არ იყენებენ. ჩემი მიმართულება ზუსტად ეგ არის და თავის დროზე, როდესაც ატელიეს ვქმნიდი, მაშინ ძალიან ბევრისგან მესმოდა: ასეთი კაბები თბილისში რად უნდათ, როცა ოპერასა და თეატრში, სხვაგანაც ჩვეულებრივ შეუძლიათ ჯინსებით იარონო. არადა, ყოველთვის იყო და დღესაც არის მოთხოვნა საღამოს კაბებზე.

- თანამედროვე მოდის ტენდენციებზეც ვისაუბროთ...

- მე სულ ვამბობ, რომ არ ვარ ტენდენციებს აყოლილი, ჩემთვის მთავარი ესთეტიკაა. როცა რაღაც მოდაშია, ჩვენ შეგვიძლია დეტალები გავითვალისწინოთ და კი არ დავაკოპიროთ, არამედ მოვარგოთ ადამიანს უკვე ინდივიდუალურად. არ არის აუცილებელი, რასაც დღეს მოდის მთავარი დიზაინერები გვკარნახობენ, აუცილებლად ის გვეცვას. ინდივიდუალიზმია ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო!

- კაბები დაბრუნდა მოდაში და ალბათ, ეს მისასალმებელია...

- დიახ, მოდაც ეგ არის, რომ ყველაფერი ბრუნავს, ტრიალებს... როდესაც ქალის სამოსს ვქმნი, ძალიან მიყვარს ყველაფრის ხაზგასმა... არ მომწონს დაბალწელიანი შარვლები და ქვედაბოლოები, მომხრე ვარ მაღალწელიანების, რომელიც ქალის წელს უსვამს ხაზს და თეძოს, მკერდის უტრირებას ახდენს. ამიტომაც არ მივყვები თანამედროვე ტენდენციებს, რადგან რაღაცები არ მომწონს. რაც ჩემს თვალს არ მოსწონს, იმას სხვას არასოდეს შევთავაზებ! ვისაც მოსწონს, აუცილებლად უნდა ჩაიცვას, მაგრამ ერთი პირობაა: უნდა უხდებოდეს!

- რას ურჩევთ ჟურნალ "გზის" მკითხველებს, მიუხედავად ყველაფრისა, მუდამ გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ?

- უმთავრესია ოპტიმიზმი და განწყობა, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება! ყველა უნდა ვეცადოთ, არ რთულ სიტუაციაში ისეთი გარემო შევქმნათ, რომ ერთმანეთს ვიზუალური ესთეტიკა, სიამოვნება მივანიჭოთ... თუ ყველამ ყურები ჩამოვყარეთ, ვეღარაფერი იფუნქციონირებს და აზრი აღარაფერს ექნება! პირიქით, მაქსიმალურად ვეცადოთ, ვიყოთ ლამაზიც, გემოვნებიანიც და ძლიერიც... რას ვიზამთ, მთელ მსოფლიოს შეეხო ბოლო წლების სირთულეები. მე მაგალითად, "კოვიდი" ესპანეთში ძალიან ადვილად გადავიტანე, რადგან აქ ასეთი სოციუმია. ოდნავაც არ იყო პანიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირველ ადგილზე გახლდათ ინფიცირებულთა რაოდენობით. აივნიდან რომ ვიხედებოდი, ხალხი სულ ბედნიერი სახით დადიოდა და ამან ძალიან დადებითად იმოქმედა. ვამბობდი, რომ საქართველოში ბევრად რთულად გადავიტანდი ამ ვირუსს. როდესაც ადამიანი რთულ პერიოდში ოპტიმიზმით არის სავსე, ეს შინაგან განწყობას ძალიან მიმაღლებს...

თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ვეცადოთ, ფერადები ვიყოთ. თბილისი ბოლო წლებია საგრძნობლად გაფერადდა, მაგრამ მეტია საჭირო... ზოგადად, ხალხშია პრობლემები, რაც შორიდან კიდევ უფრო მეტად ჩანს. ყველაფერს ვაკრიტიკებთ, არაფერი მოგვწონს და ყველაფრის ექსპერტები ვართ. ჯობია ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ჩვენს საქმეში ვიყოთ კომპეტენტური და მერე უფრო კარგი განწყობა გვექნება.

277712107-917905348889850-2908866813223453639-n-1649335158.jpg

- როგორია თქვენი ჩაცმის სტილი?

- ძალიან მარტივი... ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, პრაქტიკულ სამოსზე გადავედი, უმეტესად - ჰუდები და ჯინსები. თუმცაღა, არის ადგილები, სადაც განსხვავებულად მაცვია, დრესკოდს არ ვარღვევ.

- საქართველოში თამამი ნაბიჯები არ გადაგიდგამთ, არა? ვგულისხმობ საკუთარ იმიჯში სითამამეს: საყურე, თმის შეღებვა და ა.შ.

- საყურე, კი ბატონო, ახლაც ორი მიკეთია ცალ ყურზე... საქართველოში ამის გამო დიდი დისკომფორტი მიგრძნია ჩემი ოჯახის მხრიდანაც კი... თუმცა მე ძალიან მომწონდა და ზუსტად ეგ არის, რომ გაუთვითცნობიერებლად რაღაცის დაწუნება არ შეიძლება! საყურე უბრალოდ არ მოსწონს ქართველ ხალხს, მორჩა და გათავდა! ისიც ვიცი, რომ ბევრს სურს გაიკეთოს, მაგრამ ვერ ბედავს; სოციუმი რას იტყვის, ამაზე ვართ დამოკიდებული.

ათი წლის წინ გავიკეთე საყურე და სახლში რომ მივდიოდი, ვიხსნიდი, რადგან არ მსურდა ოჯახის წევრები გამეღიზიანებინა. ქუჩაშიც იგივე პრობლემა მქონდა... შემდეგ გადავლახე, ხალხი მიეჩვია რომ საყურე მეკეთა, მაგრამ ამით არაფერი შავდებოდა და არც ის დამოკიდებულება მქონდა, თუ რამეს მეტყოდნენ, აუცილებლად ხუთი იმდენი მეთქვა. ერთხელ სუპერმარკეტში მხცოვანმა კაცმა გამლანძღა, მაგრამ არც კი შევეპასუხე. პატივი ვეცი მის ასაკს, "დავაიგნორე" და წამოვედი.

დღეს ორი საყურე მიკეთია და ოჯახის წევრებიც კი აღარ მიიჩნევენ ამას პრობლემად. არადა, როცა მახსენდება, ადრე რა იყო, მეცინება... მოგეხსენებათ, საყურე და ბეჭედი ქართველ დიდგვაროვანებს, მეფეებსაც კი ეკეთათ. მთავარია, გიხდებოდეს... ესპანეთში თითქმის ყველა ბიჭს უკეთია საყურე და უხდებათ კიდეც, ასეთი ტიპაჟები არიან. ფეხზეც უკეთიათ სამკაულები, რასაც მე იმიტომ არ ვიკეთებ, რომ ნამდვილად ვიცი, არ მომიხდება! ასევე ვფიქრობ პირსინგებზე, არ მომწონს და არც არასოდეს გავიკეთებ! რაც შეეხება თმის შეღებვას, თმა ძალიან ადრეულ ასაკში გამცვივდა და რომ შემრჩენოდა, აუცილებლად გრძელი თმით ვივლიდი, რადგან ძალიან მომწონს! მამაკაცები საქართველოში ძალიან ჩარჩოებში არიან მოქცეული... ხშირად ჩემთან მოსულან და ისეთი სტანდარტის პიჯაკის შეკერვა უთხოვიათ, რომელიც ბაზრობაზეც კი იყიდება. ყველას ვურჩევ მაქსიმალურად ინდივიდუალურები იყვნენ და საკუთარ თავში სურვილებს ნუ დაბლოკავენ!

მანანა გაბრიჭიძე