"როდესაც ვიღაცამ ჩემთვის ყველაზე წმინდა - ოჯახი შეურაცხყო, თავი ვერ შევიკავე" - გზაპრესი

"როდესაც ვიღაცამ ჩემთვის ყველაზე წმინდა - ოჯახი შეურაცხყო, თავი ვერ შევიკავე"

ლუკა გადრანმა კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ რამდენიმე გუნდში ითამაშა, მათ შორის: ესპანური „დეპორტივო ალავესის“ სარეზერვო გუნდში, ირანულ „შაჰინ ბუშერში“ და ლატვიურ „ვალმიერაში“. წელს ყაზახურ „ტარაზთან“ გააფორმა კონტრაქტი. 24 წლის მცველი თავისი წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება.

- დავიბადე ქალაქ დმანისში, მაგრამ 1 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. ფეხბურთის თამაში 10 წლისამ დავიწყე. როგორც ყველა ბავშვს, მეც მყავდა "კუმირი" - რონალდინიო, სწორედ მან და "ბარსელონის" თამაშებმა შემაყვარა ფეხბურთი.

გავიზარდე „ვიტ ჯორჯიას“ ბავშვთა სკოლაში, 2 წლის შემდეგ გადავედი „დინამოს“ აკადემიაში, სადაც 18 წლამდე ვვარჯიშობდი და, უნდა ვთქვა, რომ ამ კლუბს უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. ჩემი აზრით, თბილისის „დინამო“ საქართველოში საუკეთესო მომავალ თაობებს ზრდის, რასაც ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაც ადასტურებს. ჩვენს საქმეში შრომას ვანიჭებ გადამწყვეტ მნიშვნელობას, რადგან არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჩამოშორდა კარიერას - ბავშვობაში ნიჭიერებად ითვლებოდნენ, მაგრამ რაღაც ცდუნებებს ვერ გაუძლეს. ასევე, საპირისპირო მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო - რომ ვისაც გაცილებით ნაკლები ტალანტი ჰქონდა, მან შრომისა და დისციპლინის წყალობით დიდი ფეხბურთი ითამაშა. მოკლედ, შრომის, პროფესიონალიზმისა და თავგანწირვის გარეშე ნიჭი ბევრს არაფერს ნიშნავს.

წარმატებამდე, ყველა სპორტსმენის გასავლელი გზა, რა თქმა უნდა, სირთულეებს უკავშირდება. ჩემს კარიერაში იყო იმედგაცრუებებიც, როდესაც პირველად დავტოვე ქვეყანა და მოვხვდი ესპანეთში საფეხბურთო კლუბ „ალავესში“. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ შედგა ისეთი ხელშეკრულება, როგორიც უნდა ყოფილიყო წესითა და რიგით. ვინც ხელი შემიწყო ესპანეთში წასვლაში (არ დავაკონკრეტებ, ვინ), ჰქონდა შესაძლებლობა, სწორად მისდგომოდა საკითხს და საქმე სხვაგვარად წასულიყო, ანუ 18 წლის ასაკში მოვხვედრილიყავი ისეთ ლიგაში, როგორიც ესპანეთის უმაღლესი დივიზიონია, მაგრამ ასე არ მოხდა.

image-04-04-22-12-13-copy-1649337925.jpeg

- „შახინ ბუშერის“ ფეხბურთელი იყავით და როგორც ვიცი, ეს არ იყო პირველი კონტრაქტი საზღვარგარეთ. რატომ დაბრუნდით ირანიდან?

- ეს იყო საკმაოდ დიდი გამოწვევა როგორც ცხოვრებისეული, ასევე კარიერული თვალსაზრისით, რადგან ირანელებს აბსოლუტურად სხვა საფეხბურთო დონე და განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემში კარიერული გარდატეხა მოხდა სწორედ ირანში, რადგან მოვხვდი ლიგაში, სადაც პროფესიონალები თამაშობენ და საკმაოდ მკაცრი დისციპლინა აქვთ. საქართველოს ეროვნული ლიგიდან ძნელია მოხვდე ირანის გუნდში და მუდმივი სათამაშო დრო გქონდეს. გუნდში 3 მწვრთნელი გამოვიცვალე ერთ სეზონში.

არ ვამბობ, რომ მინუსები არა აქვთ. სხვა მენტალიტეტის ხალხია, ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომლებიც გვაკვირვებდა მეც და მაქსიმესაც (მაქსიმე ქვილითაიაც იმ პერიოდში თამაშობდა „შახინ ბუშერში“). მიუხედავად ამისა, ყველაფერს იოლად შევეგუეთ და მხოლოდ შრომასა და ფეხბურთზე ვიყავით ორიენტირებულები. რაც შეეხება ირანში ცხოვრებას, მუსლიმანური სახელმწიფოა, სადაც დიდ პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებსა და ქვეყანას. არაერთხელ გვითქვამს მეც და მაქსიმესაც, რომ კეთილი შურით გვშურდა მათი ასეთი დამოკიდებულება ტრადიციებისა და რელიგიის მიმართ...

ირანიდან ლატვიაში გადასვლა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ირანში რთული ვითარება იყო საწყის ეტაპზე. ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია, წავსულიყავი თუ არა. სხვა ქვეყნებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არჩევანი ლატვიის ერთ-ერთ ახალგაზრდულ, მიზანდასახულ გუნდზე შევაჩერე. უკვე პირველსავე სეზონში მივაღწიეთ წარმატებას, სეზონის მეორე ნახევარში მივედი გუნდში და მე-3 ადგილი დავიკავეთ, რაც „ვალმიერას“ ისტორიაში პირველი საპრიზო ადგილი იყო. 2021 წლის სეზონში ერთი პოზიციით დავწინაურდით და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გავხდით.

- შარშან სკანდალში გაეხვიეთ: ლატვიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში მეტოქე გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს მკერდში თავი ჩაარტყით, თამაშის შემდეგ კი მის თანაგუნდელს ცხვირი გაუტეხეთ. რა მოხდა მაშინ?

- სპორტული თვალსაზრისით, ეს არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ვიღაცამ ჩემთვის ყველაზე წმინდა - ოჯახი შეურაცხყო, თავი ვერ შევიკავე. დიდი გამოცდილება მივიღე ამ შემთხვევის წყალობით. შემეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავი და სანქციები, რომლებიც ამ ინციდენტის გამო დამიწესეს, თავიდან ამერიდებინა, მაგრამ ასე მოხდა... მომავალში თუ კიდევ გამეორდება მსგავსი შემთხვევა და ვინმე პროვოკაციით ჩემს გამოწვევას შეეცდება, მეცოდინება, როგორ გადავჭრა პრობლემა ისე, რომ კარიერაში ხელი არ შემეშალოს.

- შარშან ყაზახურ „ტარაზთან“ გააფორმეთ კონტრაქტი. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და როგორ დაგხვდნენ გუნდში, რითი განსხვავდება ევროპული გუნდებისგან?

- „ტარაზთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს. ამ გუნდში მოსახვედრად დამეხმარა ბაჩო ცხადაძე, რომელმაც არც ისე დიდი ხანია დაიწყო საფეხბურთო აგენტობა. გუნდში ძალიან თბილად დამხვდნენ, ხედავენ ჩემს დამოკიდებულებას საქმისადმი, ნამდვილად კარგი გარემოა. აქაური მენტალიტეტი ოდნავ ჰგავს ქართულს. ევროპისა და ირანისგან განსხვავებით, მეტად მეგობრული და სტუმართმოყვარეები არიან ყაზახები. ძალიან უყვართ ფეხბურთი და, შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქში უმეტესობა უკვე მცნობს. სეზონის მხოლოდ 3 თამაში ვითამაშეთ და პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, ჯერჯერობით თამაში არ დაგვითმია და იმედია, ასევე წარმატებით გავაგრძელებთ.

- მცველი ხართ და საინტერესოა, თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, თუ გაქვთ გოლი გატანილი?

- ჩემს პროფესიულ კარიერაში 3 გოლი მაქვს გატანილი, სამივე ცხინვალის „სპარტაკის“ მაისურით, ასევე მაქვს 2 "ასისტი" ლატვიაში. ვიმედოვნებ, ამ სეზონში გოლებს გავიტან და გუნდის წარმატებაში ჩემს წვლილს შევიტან არა მხოლოდ თავდაცვითი პოზიციიდან, არამედ შეტევაშიც.

277609573-494594702146423-9151433454876401019-n-copy-1649337913.jpg

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე პოპულარული მოთამაშე ქართული ფეხბურთის ისტორიაში?

- კახა კალაძე. საზღვარგარეთ სადაც ვყოფილვარ, ყველა ქვეყანაში იციან მის შესახებ და როდესაც იგებენ, ქართველი ვარ, მეუბნებიან, კალაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყოო.

- თქვენი ოჯახის და ბოლოს, სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით...

- მინდა ისე წარვმართო ჩემი კარიერა, რომ ავიხდინო ოცნება, მოვხვდე ეროვნულ გუნდში და წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო. საფეხბურთო კლუბს რაც შეეხება, ვნახოთ, წინასწარ რამის თქმა ძნელია, ამას დრო, შრომა და ჩემი პროფესიონალიზმი აჩვენებს, რადგან მჯერა - ფეხბურთი იმდენს დაგიბრუნებს უკან, რამდენსაც მას მიუძღვნი.

მყავს მეუღლე, რომელიც საუკეთესო დიასახლისი და დედაა. უკვე მეორე შვილს ველოდებით. ბედნიერი ვარ, რომ გამგები, მომთმენი, მოსიყვარულე და ერთგული მეორე ნახევარი მარგუნა ღმერთმა. ბოლო 3-4 წელია, საზღვარგარეთ ცხოვრება მიწევს და რა თქმა უნდა, ძნელია ორივესთვის, მაგრამ მოტივაცია გვაქვს, რომ გვქონდეს საკუთარი კერა, სადაც ვიცხოვრებთ და შვილებს ღვთისმოშიშ, ქვეყნის პატრიოტ და უბრალოდ, კარგ ადამიანებად აღვზრდით.

ნინო ჯავახიშვილი