"მწყინს, რომ დრო ასე მალე გავიდა" - გზაპრესი

"მწყინს, რომ დრო ასე მალე გავიდა"

სახელი, გვარი: გიო ბარბაქაძე.

ასაკი: 20 წლის.

პროფესია: მსახიობი.

ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები".

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: მეგობრებთან ერთად დროს ტარება.

- მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?

- ავტომობილის მართვა, თუმცა მართვის მოწმობა ჯერ არ მაქვს.

- მეგობრები ყველაზე ხშირად რას გსაყვედურობენ?

- საერთოდ არაფერს, ეგ ასაკი უკვე გავიარეთ.

- ვინ არის შენი მესაიდუმლე?

- საკუთარი თავი, სხვა - არავინ.

- არავის ენდობი?

- უბრალოდ, არაფრის გაზიარება არ მიყვარს. საიდუმლოებებიც არ მაქვს.

- ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?

- მეგობრულობით.

- როგორ ადამიანთან ვერ იმეგობრებ ვერასოდეს?

- მატყუარასთან.

- დღე-ღამის რომელი მონაკვეთი გიყვარს ყველაზე მეტად?

- ღამე. უფრო წყნარი და მშვიდია.

- ღამეს როგორ ატარებ?

- ყოველ ღამეს ერთნაირად არ ვატარებ: მაგალითად, მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად ვარ...

- ეპიზოდი, რომელმაც შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

- 17 წლის რომ გავხდი, გავაცნობიერე, რომ გავიზარდე - სკოლა დავამთავრე...

- ამ ეტაპზე შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?

- 2 თვის წინ, ვიდეოთამაშების ტურნირში ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა.

- შენი აზრით, როგორი ადამიანია გოიმი?

- გაუნათლებელი.

- შენი ცხოვრების მთავარი მოტივატორი რა არის?

- ჩემი კატები (იცინის). მეტისები, ქუჩიდან აყვანილი კატები არიან. ერთს ტობიასი ჰქვია, მეორეს - წუწკნა. ჩემნაირები არიან.

- როცა "ჩემი ცოლის დაქალების" ძველ ეპიზოდებს უყურებ, როგორი განცდა გეუფლება?

- ეგ დრო ძალიან მენატრება (იცინის). მწყინს, რომ დრო ასე მალე გავიდა.

- "იმ ბიჭუნას" სამსახიობო საქმეს როგორ აფასებ? კარგი მსახიობია?

- ჩემი აზრით, კი. ძალიან მომწონს წინათ როგორც ვთამაშობდი.

- დღეს როგორ აფასებ შენს სამსახიობო შესაძლებლობას?

- რავი, ალბათ, დადებითად. ეგ ხალხმა უნდა შეაფასოს... კომენტარებში დადებითად აფასებენ ხოლმე.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრებიდან, ყველაზე მეგობრული ვინ არის?

- ყველა ძალიან მეგობრულია და ყველას ერთ დონეზე ვემეგობრები.

- ვისთან ერთად თამაშია ყველაზე კომფორტული?

- ალბათ - "მამაჩემის" როლის შემსრულებელ ლევან ყოჩიაშვილთან. ყოჩი ძალიან მიყვარს. მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს.

- შენი მიზანი რა არის?

- გავხდე წარმატებული.

- რომელ სფეროში?

- აი, ეგ ჯერ არ ვიცი.

- 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელ ფერს აირჩევდი?

- ნაცრისფერს. ჩემს გარდერობში ასეთი ფერის ბევრი სამოსი არ არის, მაგრამ უბრალოდ, ნაცრისფერი მომწონს და რაკი 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსი უნდა ავირჩიო, ნაცრისფერს დავასახელებ.

- გიო, პარალელური სამყაროები რომ არსებობდეს, იქ რომელი პროფესიის წარმომადგენელი იქნებოდი?

- ალბათ, ფეხბურთელი. ადრე ფეხბურთზე დავდიოდი, შემდეგ გამომიყვანეს გადაღებების გამო, ვარჯიშებს ვეღარ ვესწრებოდი.

- გული გწყდება?

- უკვე აღარ.

- შენი აზრით, სიყვარული რა არის?

- გრძნობა, რომელიც ადამიანზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ასეთ დროს ზოგი კომფორტის ზონიდან გამოდის...

- რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებ უპირატესობას?

- "ინსტაგრამს" და "ფეისბუკს", უფრო მეტად - "ფეისბუკს".

- ყავა თუ ჩაი?

- უფრო ჩაი.

hellooo-copy-1649338287.jpg

- ზაფხული თუ ზამთარი?

- ზამთარი.

- ელექტრონული წიგნი თუ ბეჭდური?

- ბეჭდური.

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- არ მახსოვს. დიდი ხანია, არ წამიკითხავს.

- რომელია შენი საყვარელი კერძი?

- სპაგეტი.

- საყვარელი ფილმი?

- "მომავლის ზღვარი".

- საყვარელი სერიალი?

- "უსირცხვილო".

- წლების შემდეგ, რა გინდა, რომ შენ შესახებ თქვან?

- დადებითი აურის მქონეაო.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ - დიდი ვერაფრის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ გარემო არ დავანაგვიანო...

ეთო ყორღანაშვილი