"არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია" - გზაპრესი

"არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია"

ვარსკვლავური ბავშვობა ჰქონდა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, კონსერვატორია - წითელ დიპლომზე. ყოველთვის მომხიბვლელი გახლდათ და დღესაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. შეიძლება ბევრისთვის რთული დასაჯერებელიც იყოს, რომ ქალბატონ ირმა სოხაძეს გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები აწუხებდა...

- თქვენი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- საკმაოდ გვიან. ბავშვობაში ძალიან საყვარელი ვიყავი - ჩემდა საბედნიეროდ, ეს ნახევარ საქართველოს ახსოვს. 4-5 წლისა უკვე სცენაზე ვიდექი. ახლა ჩემი ბავშვობის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და ფოტოებს რომ ვუყურებ, იმ ბავშვთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ - ძალიან საყვარელი, მოსაფერებელი, "ჩასაყლაპია"! მაშინ ბევრი კომპლიმენტი მივიღე და მერეც, როცა 8-10 წლის გახლდით... შემდეგ გარდამავალი პერიოდი, გარდატეხის ასაკი დაიწყო, რაც ჩემს ხმას, სიმღერასაც დაეტყო. თინეიჯერობა ყველა გოგონასთვის საკმაოდ მძიმეა (არავინ თქვას, რომ მხოლოდ ბიჭები განიცდიან), რადგან ორგანიზმში რაღაცები იცვლება, გოგონას ამასთან ადაპტაცია სჭირდება... როგორც ხდება, ქალიშვილობის ამპლუაში უმტკივნეულოდ ვერ შევედი: 13-14 წლისამ ცოტათი წონაში მოვიმატე. საკუთარი თავი არ მომწონდა... 17-18 წლისას უკვე არა მიშავდა, მაგრამ თავად ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი (იღიმის). საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა - ბევრ ბიჭს მოვწონდი, რაც გულწრფელად ვამბობ, ცოტა არ იყოს, მიკვირდა, რადგან იმ პერიოდში ჩემში ბევრ ისეთ თვისებას ვერ ვხედავდი, რომ ბიჭი მომეხიბლა. მერე რეზო შემხვდა. ძალიან შემიყვარდა. საბედნიეროდ, ჩემ მიმართ მანაც იგივე გრძნობა გამოავლინა და 19 წლისა ცოლად გავყევი. 20 წლისას უკვე სალომე მყავდა... არ მიმაჩნია, რომ ადრე გათხოვება ცუდია, პირიქით - ამან ბევრი დადებითი მომიტანა: პირველ რიგში, თავდაჯერებულობა შემძინა. რეზო მართლა არაჩვეულებრივი ბიჭი, სანიმუშო, განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველა გოგოს მოსწონდა. ასეთი ბიჭის გვერდით მეც თავი კარგად და ამაყად ვიგრძენი. კომპლექსების მოხსნაში ოჯახი, კონკრეტულად - რეზო დამეხმარა... შემდეგ, თანდათან, 25-26 წლისა უკვე ჩემს თავს "მოვერგე", საკუთარი გარეგნობა მომწონდა, თუმცა ახლა ჩემს სურათებს რომ ვუყურებ, 35 წლამდე ზედმეტად გამხდარი ვიყავი. ესეც პარადოქსია, რომ 50 წლის შემდეგ, მივხვდი, ქალს რა სჭირდება, რომ შინაგანად ბედნიერი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოს, არ ჰქონდეს ეჭვები, კომპლექსები და პრობლემები.

- რა სჭირდება ქალს ამის მისაღწევად?

- უკვე "გონში ვარდები" და ხვდები: რაც ღმერთმა საკმაოდ უხვად მოგამადლა, ეს ზომაზე მეტია და საკუთარ თავში აღარ ეძებ ხინჯებს, აღარ ებრძვი რაღაცებს... წინათ ბევრ გოგონას უნდოდა, ბრიჟიტ ბარდოს მსგავსი ყოფილიყო, ახლა სურთ, ანჯელინა ჯოლის ჰგავდნენ. არასოდეს მინდოდა, ვინმეს მსგავსი ვყოფილიყავი. კატრინ დენევზე ვგიჟდები, ისე მომწონს, მაგრამ ერთი-ორჯერ ჩემსა და მას შორის რაღაც პარალელი რომ გაავლეს, არ აღვფრთოვანებულვარ: აუცილებელი არაა, ვინმეს ჰგავდე. კარგია, თუკი თვითკმარი, საკუთარი თავით ბედნიერი ადამიანი ხარ. ამის შეგრძნება მოგვიანებით "მოვიდა". "რეცეპტს" ვერავის მივცემ, თუ რა არის ამისთვის საჭირო, ალბათ - საკუთარი თავის ნაკლები კრიტიკა, მეტი მიმღებლობა, ყველაფრის ცოტათი ფილოსოფიურად შეხედვა, რომ აუცილებელი არაა, ყველაფერში ყველაზე კარგი იყო. საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნები ცოტათი უნდა შეამსუბუქო და ვერ წარმოიდგენ, რამდენად უკეთესი ხდები...

irma-sokhadze-posttv-copy-1649338473.jpg

- მეორე ნახევართან კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ და როგორ გამკლავებიხართ?

- ვერ ვიტყვი, რეზოსთან თანაცხოვრებისას ისეთი პერიოდები მქონია, რომ დაშორების პირას ვიყავით-მეთქი, მაგრამ ცოტათი გაგვიჭირდა, რაღაცები გადავაფასეთ... ამას ბევრი წინა პირობა ჰქონდა. მაგალითად, ჩვენს ცხოვრებაში "უმუშევრობის ფურცელიც" იყო: რეზოც უმუშევარი გახლდათ, სტაბილური შემოსავალი მეც არ მქონდა. 90-იან წლებში ცოტათი გაგვიჭირდა. ყველაფერი გავიარეთ. ვიღაც მეტყვის, - ეს რა შუაშიაო? მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს. დაშორების პირას არ ვყოფილვართ, კონფლიქტები არ გვქონია, მაგრამ გაჭირვება ურთიერთობას ცოტათი აუფერულებს; ამავე დროს, გაჭირვება ოჯახს ადუღაბებს და აძლიერებს კიდეც... ერთი სიტყვით, თუ წყვილს ერთმანეთი უყვარს, საკუთარ თავებში ძალას პოულობენ, რომ რთული პერიოდიც გადალახონ. როგორც კი მეორე ნახევრის მიმართ ინტერესი გიქრება და აღარ გიყვარს, მაშინვე ყურებს ჩამოყრი და ამბობ, - ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, ურთიერთობა აღარ მინდაო... ბევრი წყვილი ამიტომ შორდება, ბევრი ოჯახი ამიტომ ინგრევა, რომ ერთმანეთის რწმენა და სიყვარული არ აქვთ. ვისაც ასე არ მიაჩნია, მომიტევოს - ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ.

- გყავთ სამეგობრო, რომელთან ერთადაც კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად იკრიბებით?

- როგორ არა! საბედნიეროდ, 40-50 წლის "სტაჟის" მქონე ბევრი მეგობარი მყავს. წლებით გამოცდილ მეგობრობას ძალიან ვაფასებ. ზაფხულობით ერთად ვისვენებდით, ბავშვები ერთად გავზარდეთ, ერთმანეთის შვილების ნათლიები ვართ... მართლა კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით. პანდემიამ ერთად ყოფნა მოგვანატრა. დღეს ჩემს კლასელთან, უახლოეს ადამიანთან - თამულია ციციშვილთან ვიყავი, რომელიც ჩემი უფროსი შვილის ნათლიაა. თურმე, ერთად ყოფნა რა კარგი ყოფილა... ახლა ჩვენი ასევე უახლოესი მეგობარი შეუძლოდაა. ყველანი ვლოცულობთ, რომ ჯანმრთელობის რთული სიტუაცია დასძლიოს. მეხის დაცემასავით, უცებ ყველანი მივხვდით: 20 წლის აღარ ვართ. ისედაც არავინ იცის, ვის რა უწერია. ამიტომ საყვარელი ადამიანები რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიყოთ ერთად, ერთმანეთს მეტი სითბო გავუზიაროთ, ამაზე კარგი არაფერია...

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სილამაზის სალონებს ხშირად სტუმრობთ?

- ძალიან იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, ბოტოქსის თუ ფილერის ინიექცია ცხოვრებაში არ გამიკეთებია. რამდენჯერმე დამპატიჟეს - თითქოს შეღავათიანი წინადადება შემომთავაზეს და დავთანხმდი. ბოლო წუთს მაინც ვერ წავედი, ვერ ვრისკავ... არ ვიცი, როგორი შედეგი იქნება. უარესი რომ იყოს და კიდევ დამჭირდეს, ამის თავი არ მაქვს. როგორც გითხარი, საკუთარ გარეგნობასთან წინათ უფრო მეტი პრობლემა მქონდა: ხან ცხვირი არ მომწონდა, ხან - ნიკაპი... ახლა მომწონს - მისაღებია, როგორიც ვარ. მეტსაც გეტყვით: შენიშნავდით, რომ ბოლო დროს, ტელეგადაცემას 2 ახალგაზრდა, ლამაზ გოგონასთან ერთად ვუძღვები. თავდაპირველად, ცოტათი გაგვიჭირდა, რადგან ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა, მენტალური თვალსაზრისით, მაგრამ ახლა ერთმანეთი მოგვწონს და გვიყვარს, რამდენჯერმე "ტიკტოკ" ვიდეო გადამიღეს, მაცეკვეს, ლამის "შპაგატში" დამსვეს... მათ სულ ვეუბნები: ჩემს ასაკში ისე იყავით, როგორც მე ვარ-მეთქი. 25-35 წლის ასაკში ყველა ყოჩაღი, ლამაზი, მოქნილი და მოძრავია. ამიტომ სწორად უნდა "გამოიზოგო" ჯანმრთელობა. თავს უკვე უფლებას ვაძლევ, თანაწამყვანებსაც და ჩვენს ძვირფას მკითხველებსაც ვურჩიო ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფეხით სიარული, მეტი კარგი ფიქრი, პოზიტიურობა... ისედაც დაზაფრულები ვართ: რთულია, კარგი ფიქრები გქონდეს, როცა ხედავ, უკრაინაში რა ხდება, მეგობარი ავად გყავს, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ქვენა გრძნობები არ მოვუშვთ, არ დავიბოღმოთ... უკრაინაში ომს და მსოფლიოში პანდემიას ვერ შევაჩერებ, მაგრამ ის მაინც ხომ შეგვიძლია, რომ მაგალითად, მეზობლის არ შეგვშურდეს, რომელსაც ჩვენს ავტომობილზე უკეთესი მანქანა ჰყავს და ამის გამო არ დავიბოღმოთ, წნევამ არ აგვიწიოს? ხშირად მეკითხებიან, - რატომ არ ბერდებიო? ალბათ - ამიტომ: ყველაფერი შემიძლია, დავიფიცო, რომ ძალიან უშურველი ვარ, ყოველთვის ყველაფერში ლოგიკას ვპოულობდი, რომ ასეა საჭირო და რაღაც ამიტომ ხდება-მეთქი. რისი გამოსწორებაც არ შემიძლია, პროტესტის, მიუღებლობის განცდა არასოდეს გამჩენია. არც წნევა მაწუხებს, არც - გული... კარგად ვარ. ყველა ჩემსავით იყავით, ჩემს ასაკში... ხანდახან სახის მასაჟს, ჩვეულებრივ ნიღბებს ვიკეთებ, სახის კრემებს ვიტამინებს ვამატებ... ძვირფასი ბრენდის კრემი ცხოვრებაში არ შემიძენია. ერთი-ორჯერ მაჩუქეს, მაგრამ გავაჩუქე, რადგან კანი დამიჭკნო. 2 თვეში ერთხელ, შეიძლება, ჩემს საყვარელ სტილისტთან - დათუნასთან ჩვეულებრივ სალონში წავიდე და თმა შევასწორებინო, თორემ შეღებვით, თავად ვიღებავ...

- ოჯახის წევრები წამყვანის ამპლუაში როგორ გაფასებენ?

- ეს ჩემთვის ახალი ამპლუა არ არის. შეიძლება ახალგაზრდებს გაუკვირდათ - ირმა სოხაძე გადაცემის წამყვანი რატომ არის, ხომ მომღერალიაო?.. როდესაც "პირველ არხზე" მივედი, 24 წლის გახლდით. მაშინვე ეთერში დამსვეს. იქიდან მოყოლებული, ტელეწამყვანი ვარ (უკვე 40 წელზე მეტია). სხვადასხვა გადაცემა წამიყვანია: "ავტოგრაფი", "პროგრამის დასასრულ", "ოქტაგონი"... ასევე, პირდაპირ ეთერში მარათონები მიმყავდა... ტელეკომპანია "მზეში" შუადღის გადაცემის წამყვანიც გახლდით, გია ჯაჯანიძესთან, მაკა შალიკაშვილსა და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად... მოკლედ, ჩემს ოჯახს ის უფრო უკვირდა, რომ 9 წელი სახლში ვიჯექი. როცა ფორმაში ხარ, გონება გიჭრის, დიდი გამოცდილება გაქვს, რატომ არ უნდა იმუშაო?.. სახლიდან გასვლამდე მეუღლეს ჩაცმულობასთან დაკავშირებულ რჩევას აუცილებლად ვეკითხები. ისეთი გემოვნება აქვს, რომ ყოველთვის ზუსტად მეუბნება, რას რა უხდება და რა არის ზედმეტი. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, მასთან გადავამოწმებ ხოლმე (იღიმის)...

dsc5065-copy-1649338459.jpg

- ტელესივრცეში თქვენი პაუზა იძულებითი იყო თუ ნებაყოფლობითი?..

- ჩემი სურვილით არ ყოფილა, რა თქმა უნდა: მუშაობისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და ვცდილობდი, ფორმა არ დამეკარგა. ტელეწამყვანი ვიქნებოდი თუ პროდიუსერი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. წლების განმავლობაში, "პირველ არხზე", მუსიკალური და გასართობი პროგრამების პროდიუსერი გახლდით, ასევე - გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი პროდიუსერი... გუნდური მართვის გამოცდილებაც მაქვს... წინა ხელისუფლების დროს, რამდენიმე ტელევიზიამ მიმიწვია... "უბრალოდ მუშაობა" არ მსურდა. მინდოდა ჩემს მშობლიურ ტელევიზიაში, "პირველ არხზე" დავბრუნებულიყავი, საიდანაც თავის დროზე იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო წამოვედი. მერე დაბრუნება ძალიან მინდოდა. რომ არ მოგატყუოთ, ჩემთვის გაუგებარია, დიდი ამოცანაა, თუ რატომ არ მოხერხდა ეს, რადგან "სიგნალებს ვგზავნიდი" ყველა გენერალურ დირექტორთან, რომ ჩემი საქმის კეთება მიყვარს, იქაურობა ჩემი მეორე ოჯახია. რაც მთავარია, იმ ფორმატის პროექტები, რისი გაკეთებაც მინდა, ამ ტელევიზიას აშკარად აკლია, მაგალითად - კარგი მუსიკალური, მასშტაბური გადაცემა. "აკუსტიკა" საკმარისი არაა... კომპოზიტორები მუსიკას რომ ქმნიან, სიმღერის პრემიერის საშუალება არ უნდა იყოს? დღეს არავითარი საშუალება არ არის, რომ მუსიკალურმა ინდუსტრიამ წინ წაიწიოს, ხალხამდე მივიდეს. ამას ვდარდობ...

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- სასოწარკვეთა ჩემგან შორსაა. როგორც ჩემი მეგობარი - მიშა ცაგარელი მეუბნება, "ზედმეტად მშვილდოსანი" ვარ. საერთოდ, "მშვილდოსნის" ბევრი თვისება არ მახასიათებს, მაგრამ გამოუსწორებელი და მარადიული ოპტიმიზმი იმ დოზით მაქვს, რომ სასოწარკვეთილი დიასახლისი ჩემგან არ გამოვა... უბრალოდ, "კოვიდის" დროს ჩემი დიასახლისური ნიჭი განსაკუთრებით წარმოჩინდა: 2 წლის წინ, მე და ჩემი მეუღლე სახლში რომ ჩავიკეტეთ, შინ ისეთ გემრიელ კერძებს ვამზადებდი, რომ ერთხელ რეზომ ხუმრობით შუბლზე ხელი შემოირტყა, - სამზარეულოდან არ უნდა გამეშვი! თურმე, ყველაზე მაგარი სამზარეულოში ყოფილხარო (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი