"პოსტსაბჭოთა სივრციდან არც ერთ ესტრადის მომღერალს არ ჰქონდა ისეთი დაფასება ამერიკაში, როგორიც მე" - გზაპრესი

"პოსტსაბჭოთა სივრციდან არც ერთ ესტრადის მომღერალს არ ჰქონდა ისეთი დაფასება ამერიკაში, როგორიც მე"

ბევრისთვის საყვარელი ქართველი მომღერალი - თემურ ცაგურია ორი წელია, სამშობლოში დაბრუნდა. იგი 30 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც საქართველოში შექმნილი უმძიმეს სიტუაციის გამო წავიდა... თემურ ცაგურია უცხო ქვეყანაში გატარებულ წლებს მადლიერებით იხსენებს და ამბობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან არც ერთ მომღერალს ისეთი პატივი არ რგებია, როგორიც მას; "ვაშინგტონ პოსტმა", რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავს, საპატიო სტატია მიუძღვნა და მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი ტენორის - მარიო ლანცას გვერდით დააყენა...

- ამერიკაში წასვლაში ჩემი მეგობარი, ზურიკო ცისკარიძე დამეხმარა... ის "ივერიაში" მღეროდა. ბევრს ახსოვს მისი შესრულებული "დარიალს რომ მოადგები", "დინამო"... გადასარევი პიროვნებაა... მე და ზურიკო ამერიკაში ქორწილში ვიყავით, შემდეგ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად დავრჩით. ვაშინგტონში სხვადასხვა კულტურის ცენტრში, სახელმწიფო ბანკში, საელჩოებში ვმართავდით კონცერტებს... შემდეგ ზურიკომ ბიზნესი წამოიწყო და მე ხელოვნებაში მარტო დავრჩი.

ჩემზე მალევე გამოჩნდა საგაზეთო სტატიები. თავდაპირველად კონგრესის გაზეთმა დაბეჭდა დიდი წერილი, სადაც ასეთი ციტატა იყო: არ სთხოვოთ თემურ ცაგურიას იმღეროს ამერიკული ან რუსული სიმღერა, სთხოვეთ თავისი სიმღერები შეასრულოს, ბრწყინვალეაო...

შემდეგ ვაშინგტონში ჩამოყალიბდა სტანისლავსკის სახელობის თეატრი-სტუდია, რომლის მუსიკალური დირექტორიც გახლდით და ამავდროულად, წარმოდგენებში ვმღეროდი... ამ დროს მომიძღვნა "ვაშინგტონ პოსტმა" სტატია და მსოფლიოში გამოჩენილი მარიო ლანცას გვერდით დამაყენა... ყოფილი საბჭოთა სივრციდან არც ალა პუგაჩოვას და არც ესტრადის რომელიმე სხვა გამორჩეულ მომღერალს ასეთ პატივი არ რგებია წილად, რისთვისაც ამერიკის უაღრესად მადლიერი ვარ. ამაზე დიდი დაფასება არ არსებობს!

- მსოფლიოს მოწინავე გაზეთმა სტატია რომ მოგიძღვნათ, ამან თქვენ კარიერაზე მოახდინა გავლენა?

- არ ვცდილობდი ეს გამომეყენებინა. სამწუხაროდ, ვერ მოახდინა გავლენა, რადგან უკვე ასაკი მქონდა. მოვიდნენ პროდიუსერები და მითხრეს: ძალიან მოგვწონხარ და გვიყვარხარ, მაგრამ 50 წელს გადაშორებული ხარ და ათი მილიონი რომ ჩავდოთ, დაზღვეული არ ვართ, რომ ხვალ ხმას არ დაკარგავო. როცა უკვე ცნობილი ხარ, მაშინ არ უშინდებიან, მაგრამ კარიერა რომ თავიდან აეწყოთ, ამაში უკვე ასაკი არ მიწყობდა ხელს...

ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ, 30 წელი რომ ამ შესანიშნავ ქვეყანაში ვიცხოვრე. ცხოვრების თითქმის ნახევარი ამერიკაში გავატარე, ულამაზესი წლები იყო... მახსოვს ნიკო ნადირაშვილთან, ტრიო "საუნჯესთან" ერთად გამოვედი გაეროს დიდ დარბაზში, სადაც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ჩვენ მათთვის ვმღეროდით. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი დღე... უამრავი კონცერტი გვქონდა სხვადასხვა კულტურულ ცენტრში და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ბოლო ხუთი წელი გახლდათ. იტალიურ რესტორანში ვმუშაობდი, სადაც ერთი დარბაზი საგანგებოდ კონცერტებისთვის იყო განკუთვნილი. ხალხი რომ ივახშმებდა, შემდეგ დარბაზში გამოდიოდა და კონცერტს ესწრებოდა. იქ სულ ფეხზე მიდგებოდა მაყურებელი, მე კი მიკროფონის გარეშე გამოვდიოდი, ასე ვთქვათ, ნატურალურად ვმღეროდი.

- ფონოგრამაზე ოდესმე გიმღერიათ?

- დიახ, ბევრჯერ... მაგალითად, ქუთაისის ოპერაში კონცერტი მქონდა, შუქი ჩაქრა და ჩვეულებრივად გავაგრძელე, ხალხმა ვერაფერი შეამჩნია... საქართველოში განსაკუთრებულად ითხოვდნენ სიმღერას - "მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა..." მილიონჯერ მაინც მექნება ნამღერი. ეს ჩემი ლექსია და სიმღერა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა - მზია დიაკვნიშვილმა შექმნა. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ხალხმა იმდენად შეიყვარა, ხალხურიც კი ჰგონიათ... ზვიად გამსახურდიას ისე უყვარდა, კონცერტზეც უსმენდა და შემდეგ ბანკეტზეც მთხოვდა, თუ ძმა ხარ, ეს სიმღერა შეასრულეო...

- ამერიკაში დაბრუნებას ისევ გეგმავთ?

- არა, რას ამბობთ... ჩემი ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია. ამერიკა კარგია, როცა შედარებით ახალგაზრდა ხარ და ფულს შოულობ. პენსიონერს კი აქ მირჩევნია. ამერიკაში ჩემი ამერიკული პენსია არაფერია, მაგრამ საქართველოში მშვენივრად მყოფნის... ჩემი მეუღლეც აპირებს საცხოვრებლად გადმოსვლას. რამდენჯერაც დააპირა, პანდემიამ შეაფერხა, მაგრამ ივნისში ნამდვილად აქ იქნება.

მთავარია, ცხოვრება გიყვარდეს, მისით ტკბებოდე. თუ არ გიყვარს, მაშინ რა ჯანდაბად გინდა ან ფული, ან სახელი?! ჩემი ცხოვრება სულ სიყვარულში გავლიე... მე და ჩემი მეუღლეც სულ სიყვარულით ვართ ერთმანეთის მიმართ. სხვათა შორის, მომავალ წელს ქორწინებიდან 50 წელი გვისრულდება და ოქროს ქორწილსაც გადავიხდით.

მანანა გაბრიჭიძე