"ამბობენ, ქვეყნის მოღალატეს დამმარხველიც არ უნდა ჰყავდესო" - გზაპრესი

"ამბობენ, ქვეყნის მოღალატეს დამმარხველიც არ უნდა ჰყავდესო"

მომღერალი ოთო ნემსაძე „ჯეოსტარი 2010-ში“ გამარჯვების შემდეგ უკრაინულ „ახალ ხმაში“ მონაწილეობდა. მაშინ უკრაინული ენაც შეისწავლა, ხალხიც შეუყვარდა და ქვეყანაც. ალბათ ამიტომ, ახლა ისეთი შეგრძნება აქვს, რომ მის ქვეყანაშიცაა ომი, რომ ჩვენც გვესხმიან თავს და ჩვენც გვკლავენ. მალე გამოვა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეორგოლი, რომელიც ჯგუფთან ერთად ჩაიწერა.

- „მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჟამია სწორი საზომი ადამიანის გმირობისა“ (შტეფან ცვაიგი).

- მე არ ჩამიდენია საგმირო საქმეები, მაგრამ მგონია, ყველა ქართველს შეუძლია. ჩვენი ისტორია ხომ ამის არაერთ მაგალითს გვინახავს, გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. სისხლში გვაქვს, რომ ნებისმიერ დროს, სიცოცხლის ფასად, ოჯახი, სამშობლო და ღირსება დავიცვათ. არ ვართ მხდალები, თუმცა არც იმ აზრს ვიზიარებ, ქართველები ყველაზე მაგრები ვართო, რომ გაიძახიან. ჩვენი უბედურება, იცით, რაშია? - მშვიდობის დროს არ ვიცით ერთმანეთის სიყვარული, თორემ თუ გაჭირდა, ერთმანეთს გვერდში ისე დავუდგებით, ყველას შეშურდება! არ მეგულება არც ერთი სხვა ერი, რომელიც ამას შეძლებს.

- „ძალადობის ყველა ფორმა, განსაკუთრებით ომი, ყოვლად დაუშვებელია, როგორც ერებს, ჯგუფებსა და ინდივიდებს შორის დავების გადაწყვეტის საშუალება“ (დალაი ლამა).

- რა თქმა უნდა, ომი საშინელებაა და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან და სხვა გზას არ გიტოვებენ, გარდაუვალია. ასე ხდებოდა საქართველოში და ასე ხდება დღეს უკრაინაშიც. მე არ მჯერა, რომ ბოროტებას ყოველთვის სიკეთით უნდა შეებრძოლო, ამ შემთხვევაში ბოროტება ბოროტებითვე უნდა დაამარცხო. მთელმა მსოფლიომ უნდა დავსაჯოთ ეს ბოროტების იმპერია.

- „კაცი ერთხელ რომ დაგპირდება და მოგატყუებს, შენი ბრალი არ არის, მისი ბრალია, ადამიანი ხარ და ენდე... მაგრამ იგივე კაცი მეორედაც რომ დაგპირდება და ისევ მოგატყუებს, ეს მხოლოდ მისი ბრალი არა, შენი ბრალიცაა. ხოლო მესამედ და მეოთხედაც თუ მოგატყუა, ან ტუტუცი ბრიყვი ხარ, ან იყიდები და გაწყობს, რომ თავი მოიტყუო (ოტია იოსელიანი).

- მართალია ეს კაცი, ოტია იოსელიანი საოცარი ადამიანი იყო და ყოველთვის სიმართლეს ამბობდა ტელეეკრანიდანაც და თავისი წიგნებიდანაც. ადამიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ და თუ ესეც არ შეგიძლია, ესე იგი, ბრიყვი ხარ, აბა, რა გამოდიხარ?

- „თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ, ფსიქიატრს მიმართეთ“ (ჩერჩილი).

- ალბათ ზოგადად პოლიტიკოსის სიყვარულს გულისხმობდა ჩერჩილი და არა საპირისპირო სქესის პოლიტიკოსის შეყვარებას. შეიძლება შეგიყვარდეს ქალი, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ქალი. პოლიტიკოსების სიყვარული ღუპავდა და ღუპავს ჩვენს ქვეყანას და არა მხოლოდ ჩვენსას. ადამიანის გაღმერთება და მისი ყოვლისშემძლეობის დაჯერება, არასწორია. შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ გიყვარდეს და აფანატებდე, მიუღებელია. ასეთი ალბათ მარტო ერთი კაცი გვყავდა და აღარ გვყავს - სწორედ წინა კვირას იყო 9 აპრილი და როგორ შეიძლება, ეს არ აღნიშნო?!

- „ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი. სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის, კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ. საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით“ (ნოდარ დუმბაძე).

- ვეთანხმები ამ საოცარ მწერალს და ადამიანს, მეც ასე ვარ. საერთოდ, ძალიან იშვიათად ვტირი, მაგრამ საქართველო ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც შეიძლება ვიტირო. სენტიმენტები ჭარბობს ამ დროს. ყველა ქართველის ვალია, იგრძნოს სიყვარული სამშობლოს მიმართ, სხვანაირად ვერ გადავრჩებით.

223599885-344317023813468-7964512183720477987-n-copy-1650367330.jpg

- „ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა“ (პაულო კოელიო).

- არა მგონია, ქართული რეალობა ასეთი იყოს. ნამდვილი მეგობრები გასაჭირის დროს უფრო უნდა იყვნენ შენთან, რადგან მაშინ გჭირდება მეგობარიც და ნუგეშიც. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მხოლოდ ლხინის დროს ჩნდებიან, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა. ბედნიერი ვარ, რომ კარგი მეგობრები მყავს, მათ შორის ბავშვობის დროინდელი, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გული ძალიან დამწყვეტია.

- „უდიდესი სამსახური, რომელიც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა გაუწიოს თავის ქვეყანას და ადამიანს, ოჯახის შექმნაა“ (ბერნარდ შოუ).

- ვეთანხმები, ალბათ ასეც უნდა იყოს: ოჯახი, სამშობლო და შენი ღირსება, ეს არის მთავარი. დღესდღეობით ჩვენი პრობლემაცაა დემოგრაფიული მდგომარეობა, სიძლიერე კი მომავალ თაობაშია. ამიტომაც გვჭირდება მეტი ოჯახი, მეტი სიყვარული, ბევრი ბავშვი ოჯახებში და წინსვლა.

- „ერთადერთი მამაკაცი, ვისაც ქალების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, გინეკოლოგია“ (არტურ შოპენჰაუერი).

- შოპენჰაუერმა ალბათ ეს ხუმრობით თქვა, თუმცა კარგი ხუმრობა კია. გინეკოლოგი არ ვარ, მაგრამ არც მე შემიძლია ქალის გარეშე სიცოცხლე. ჩვენ დავამატოთ, რომ მამაკაცები, ვისაც ქალების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ, გინეკოლოგები და მუსიკოსები არიან.

- „ქალი სიყვარულისაგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება“ (ერიხ მარია რემარკი).

- მე გასულელებული ქალებიც მინახავს, სიყვარულისგან ყველა სულელდება, მათ შორის მეც. ბევრი განსხვავება და ბევრი საერთოა ჩვენ შორის, სიყვარული კი სწორედ ის საერთოა, რაც გვაკავშირებს. მე დღესაც ასე ვარ შეყვარებული ჩემს მეუღლეზე.

- „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია“ (სოფოკლე).

- მაგის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს ალბათ სხვანაირად არის. ამბიცია საჭიროა, თუ გინდა, მეტი გააკეთო, ვიდრე ცოცხალი ხარ. ამბიციები მეც მაქვს, თან არცთუ ისე პატარა. ამიტომ ყოველდღე საკუთარ თავს თუ არ უთხარი, რომ მაგარი ხარ, არაფერი გამოვა. სარკის წინ შენს თავს უნდა ელაპარაკო, რომ შეგიძლია; რომ ძლიერი ხარ; რომ გადალახავ პრობლემებს და ა.შ. შეიძლება ბევრს გაეცინოს, მაგრამ სტრესის დროს, ექიმის რჩევით, ეს მეთოდი მეც გამომიყენებია. საკუთარი თავი უნდა გაამხნევო, თორემ ყოველდღიურად იმდენ პრობლემას ვაწყდებით, ერთხელაც შეიძლება ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლოთ.

- „ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები არიან. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება - ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).

- მოღალატე ყოველთვის მოღალატე იქნება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უმნიშვნელო რამ ეშლებათ და ამას პატიობ. ღალატი რომ ცუდია, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ქვეყნის ღალატი უპატიებელია. ამბობენ, ქვეყნის მოღალატეს დამმარხველიც არ უნდა ჰყავდესო. სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ბევრი იცის ასეთი... ჩემთვისაც უღალატიათ და მეორე შანსი აღარ მიმიცია მათთვის, არასოდეს! იმდენად მტკივნეულია, რომ საერთოდ აღარ გინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა.

- „სიმდიდრე მსახურია ჭკვიანისა და ბატონი სულელის“ (დეი ლაიუსი).

- სიმდიდრე კარგი რამეა, ოღონდ ხარბი არ უნდა იყო. თუ მდიდარი ხარ, ბევრი კარგი საქმის კეთება შეგიძლია. არც ხელის ჭუჭყად არ ვთვლი ფულს, რატომ, როდესაც შეგიძლია მისი სწორად გამოყენება? ხელმომჭირნე არ ვარ. მიკვირს, როგორ აგროვებენ სხვები ფულს, რომელსაც ჯიბეში ვერ ვაჩერებ?! სიმართლე გითხრათ, მომწონს, ასე რომ ვცხოვრობ.

- „მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში“ (შექსპირი).

- ყველას რაღაცის ეშინია, თუნდაც სიკვდილის. ერთხელ მაინც ხომ გვიფიქრია სიკვდილზე და შეგვშინებია? თუ ღმერთთან ახლოს ხარ, მაშინ ნაკლებად გაშინებს გარდაცვალება. ნებისმიერი შიშის გადალახვა შესაძლებელია, როდესაც კარგად იცნობ საკუთარ თავს. მე მხოლოდ სიმაღლის, თავისუფალი ვარდნის შიში მაქვს, თორემ ისე მამალი მგლის არ მეშინია.

- „ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც უჯერებ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა“ (პაულო კოელიო).

- ძალიან მიმნდობი ვარ, რასაც შემდეგ ვნანობ. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე მოვატყუო და გამოვიყენო. ანგელოზი კი არა ვარ, მაგრამ ასეა. იმდენად ვერ ვუშვებ, როგორ შეიძლება ცუდი გავუკეთო სხვას, რომ ვეღარც სხვისგან წარმოვიდგენ იმავეს. ამის გამო პრობლემები შემქმნია.

- „ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების, შვილების, შეყვარებულის, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო; ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო“ (გოდერძი ჩოხელი).

- ისეთი ადამიანი, ვისაც სითბო აკლდება, ალბათ უფრო სწრაფი ტემპით ბერდება, მაგრამ მაინც ბუნების კანონზომიერება უფრო მგონია. სიბერეს ვერავინ გავექცევით, ყველას წინ გვაქვს ეს პერიოდი და ყველას ტკბილ სიბერეს ვუსურვებ. ალბათ, ისევ ისე მხიარულად ვიქნები, როგორც ახლა. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და არ ვნერვიულობ, რა იქნება ხვალ და ზეგ...…

ნინო ჯავახიშვილი