"ბეწვის ხიდზე" მოსიარულე მარინა კახიანი და მისი შვილის ტოლი თაყვანისმცემლები
მართალია, ამჟამად სერიალისგან - "გოგონა გარეუბნიდან" - ისვენებს, მაგრამ სპექტაკლებით საკმაოდ დაკავებულია... მალე სერიალის გადაღება განახლდება. პარალელურად, კიდევ ერთი სატელევიზიო პროექტი იგეგმება... დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, შვილიშვილზე უსაზღვროდ შეყვარებული ქალბატონი მარინა პატარა გიორგისთან თამაშს მაინც ახერხებს. მშვენიერი ბებიის დანახვისას, პატარასაც ყველა და ყველაფერი ავიწყდება...
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
- მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველად ვითამაშე. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, თეატრში ოფიციალურად მივედი, რამდენიმე თვეში კი ვახტანგი შემეძინა. ფეხმძიმობის მერვე თვემდე სცენაზე ვიდექი. სპექტაკლში - "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" დიდ მსახიობებს - ედიშერ მაღალაშვილს, ჟანრი ლოლაშვილსა და გოგი ხარაბაძეს ვუწევდი პარტნიორობას. ხომ წარმოგიდგენიათ, პატარა გოგონა როგორი აღფრთოვანებული გახლდით, როცა ჩემს სათაყვანებელ სცენაზე ჩემი სათაყვანებელი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი? სპექტაკლში ერთ-ერთი მოქმედება ასეთი გახლდათ: ვყვიროდი, გავრბოდი და მუხლებზე ვეცემოდი!.. როცა ეს სცენა ახლოვდებოდა, სამივე მსახიობი ჩემკენ გამორბოდა: როგორც აღვნიშნე, იმ დროს ფეხმძიმედ გახლდით... თავად, როლის შესრულებისას ყველაფერი მავიწყდებოდა. სამაგიეროდ, ჩემი მდგომარეობა მათ ახსოვდათ და სამივე ერთად მაშველებდა ხელს, რაიმე მარცხი რომ არ დამმართოდა... პარალელურად, "ხანუმას" აღდგენითი რეპეტიციები მიმდინარეობდა, სადაც "ჯეირანს", "კინტაურს" ვცეკვავდი. რეპეტიციები თეატრის სხვენში გვქონდა. იქ მრგვალი კიბეა. ერთხელ ამ კიბეზე დავგორდი; ერთხელაც, რეპეტიციის დროს, მუცლით დავეცი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა - რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ ვდგებოდი. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, ვახტანგი ხუმრობს ხოლმე, - ძალიან ეცადა, ამ ქვეყანას არ მოვვლენოდი, მაგრამ მაინც მოვევლინეო. როგორც ჩანს, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმ უდიდეს პასუხისმგებლობას სათანადოდ ვერ აღვიქვამდი, რასაც დედობა ჰქვია. დაახლოებით, 4-5 თვე, პატარა ვახტანგთან ვიყავი, თუმცა იმ პერიოდში გადაღებები მქონდა და ვათაც თან მყავდა ხოლმე. სექტემბრიდან თეატრში მუშაობა განვაახლე. წარმოუდგენელია, რომ ვათაზე დამოუკიდებლად მეზრუნა - მის აღზრდაში დედაჩემი მეხმარებოდა. ჩემი თავისუფალი დრო მთლიანად შვილს ეკუთვნოდა: ერთად ვსეირნობდით, სამყაროს ერთად ვეცნობოდით... საოცარი პროცესია, როცა პატარა არსება მშვენიერი სამყაროს აღქმას იწყებს... ვათას გვერდით მართლაც ბევრი მზრუნველი ადამიანი იყო. მამაჩემი მთელი ცხოვრება ძალიან დაკავებული გახლდათ, მაგრამ ვახტანგთან დროის გატარებას მაინც ახერხებდა. თან, გარკვეულ ასაკში მამაკაცებს პატარა ბავშვების მიმართ ალბათ განსაკუთრებულად თბილი გრძნობა უჩნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს 3 შვილი და შვილიშვილები ჰყავდა, თავადაც აღნიშნავდა ხოლმე, რომ ვათასავით არავინ ჰყვარებია. ალბათ, ბაბუასა და შვილიშვილს შორის საოცარი "პიროვნული ძაფებიც" გაიბა. გარდა ამისა, ჩემს შვილს მამა - გია მატარაძე ჰყავდა, რომელიც კარგი რეჟისორი, მსახიობი, მეგობარი და ამასთანავე, კარგი მამა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დაკავებული იყო, ვახტანგის აღზრდაში აქტიურად ჩაება... ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში ვათა იშვიათად მხედავდა - მაშინ კოლეგები ვიყავით: "კავკასიურ ცარცის წრეში" მიშიკო აბაშვილის როლს თამაშობდა. მერე სხვა სპექტაკლებიც იყო... ბატონმა რობერტ სტურუამ გია ყანჩელის მუსიკაზე საინტერესო სპექტაკლი გააკეთა, რომელშიც პატარა ვახტანგი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა - საქართველოს სიმბოლო გახლდათ... მე და ვათას ერთად თამაში 3 სპექტაკლში მოგვიხდა. ზრდასრულ ასაკში, როცა ჩემმა შვილმა თავისი ცხოვრების გზა აირჩია, გაგვიკვირდა, რომ მსახიობობა არ ისურვა. მას კინორეჟისორობა უნდოდა. მოგეხსენებათ, დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოში კინო არ არსებობდა, არც კინემატოგრაფის აღდგენის "კონტურები" ჩანდა. ამიტომ შვილს ვურჩიე, ჯერ სხვა პროფესიას დაუფლებოდა, რადგან კინორეჟისორობა გვიანი არასდროს არის. დამეთანხმა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ როცა სწავლა დაასრულა, თეატრის გარეშე ცხოვრება აღარ მოუნდა. ახლა რუსთაველის თეატრში მთავარი ადმინისტრატორია...
- ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა იძაბება ხოლმე. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
- ვათას გარდატეხის ასაკში ჩვენ შორის განსაკუთრებული გაუგებრობები არ ყოფილა - ბუნებით დამყოლია. ცოტათი ჯიუტი ყოველთვის იყო, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უფრო ჯიუტია (იცინის).
- მისი სიჯიუტე რაში გამოიხატება?
- შვილის, მით უმეტეს - ბიჭის, აღზრდა ძალიან რთულია: ზედმეტად მკაცრი არ უნდა იყო, მაგრამ არც - ძალზე ლმობიერი. ამ დროს ბეწვის ხიდზე გადიხარ, ცდილობ, ბავშვის პიროვნება და მისი ცხოვრება არ დამახინჯდეს. ხანდახან ვკამათობდით, თუნდაც სადმე სახლიდან მისი გვიან წასვლის გამო. ძირითადად, მიჯერებდა. თავიდან ბევრს კითხულობდა, მერე კი თავი დაანება, რასაც ძალიან განვიცდიდი. როცა მას მსოფლიოს შედევრების - "მარგალიტების" გაცნობა არ სურდა, ვღიზიანდებოდი.
- ხშირად აღნიშნავთ, ისე ძლიერ არავინ მყვარებია, როგორც - გიაო; ოჯახი მეორედ რომ არ შექმენით, ამის მიზეზი თქვენი ვაჟიც ხომ არ არის? თქვენს თაყვანისმცემლებთან ვათას როგორი დამოკიდებულება აქვს?
- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მოზარდის ბიჭის დედა ვიყავი. სახლიდან ვერსად წავიდოდი და ვერც სახლში მოვიყვანდი ვინმეს. მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო: დიდი ხნის განმავლობაში, ჩემ გვერდით ვერავინ წარმომედგინა. გიას დაკარგვა ძალიან მძიმედ გადავიტანე. ჩემს თაყვანისმცემლებს ყოველთვის იუმორით უყურებდა, განსაკუთრებით - ახლა, როცა ჩემზე ბევრად უმცროსი თაყვანისმცემლები მყავს (იცინის). ვათა ამაზე ძალიან ბევრს ხალისობს ხოლმე. პატარაობისას რამდენად ღიზიანდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ახლა უკვე იუმორით უყურებს - ჩემი ტოლი ბიჭების დანახვისას, სხვა როგორი რეაქცია უნდა მქონდესო?! ხან სადარბაზოსთან ყვავილებით მხვდებიან, ხან - სპექტაკლის შემდეგ... ქალს მამაკაცის ყურადღება ყოველთვის სიამოვნებს; ასაკში რომ შედის - უფრო მეტად. ამ ყველაფერს ფილოსოფიურად და იუმორით ვუყურებ.
- თქვენს ვაჟთან გულახდილი ურთიერთობა გაქვთ?
- ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის ტყუილი არ მეთქვა. პატარა ტყუილის თქმა ცხოვრებაში ყველას გვიწევს, მაგრამ ძირითადად, არ ვატყუებდი. როცა შენი ცხოვრების წესს მოზარდი თვალყურს ადევნებს, მასთან ურთიერთობა უფრო იოლია. ვათა მამაკაცია და თავისი პატარ-პატარა საიდუმლოებები ალბათ ექნება, თუმცა ჩვენ კარგი მეგობრები ვართ; თანაც საერთო სამეგობრო წრე გვაქვს. მეგობრებთან ერთად ხშირად ვატარებთ დროს.
- როცა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, თავიდანვე საქმის კურსში ჩაგაყენათ?
- მათი გაცნობის პირველივე დღიდან - არა, მაგრამ საქმის კურსში მალე ჩამაყენეს. გოგონამ ჩემზე თავიდანვე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე გაიპარნენ, რაზეც ბევრს ვიცინოდით - ვის გაეპარნენ-მეთქი?!. მათი ურთიერთობის შესახებ ყველამ ვიცოდით და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც გვქონდა. როგორც ჩანს, პატარა რომანტიკული თავგადასავალი მოუნდათ.
- ბებიის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?
- ჩემი შვილიშვილის დაბადებას ვესწრებოდი. ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება. შვილიშვილი პირველად რომ დავინახე, საოცარი შეგრძნება დამეუფლა - პატარა გიორგი იმწუთასვე შემიყვარდა და დღემდე შეყვარებული ვარ! არ ვიცი, მომავალში როგორი შვილიშვილი იქნება, მაგრამ დღეს ყველა ატყობს, რომ ჩემი დანახვა განსაკუთრებულად უხარია: როცა მხედავს, გარშემო ყველა ავიწყდება; მხოლოდ ჩემთან ერთად თამაში უნდა, მკოცნის... მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, მისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
- ახერხებთ, რომ შვილიშვილს საკმარისი დრო დაუთმოთ?
- ვერა. ყოველდღე მის ნახვას ვერ ვახერხებ.
- ვათამ მამის როლი როგორ მოირგო?
- პირველი დღიდანვე ეამაყებოდა, რომ მამა გახდა. საკმაოდ კარგი მამაა.
- პატარა გიორგი ვის ჰგავს?
- როგორც ამბობენ - მამას. ვათა მამამისს "არანორმალურად" ჰგავს. ასე რომ, ჩემი შვილიშვილი ბაბუასაც ჰგავს.
- როგორი ბავშვია? რა აინტერესებს ყველაზე მეტად?
- ყველაზე დიდ ინტერესს კომპიუტერის მიმართ იჩენს. მცირე ასაკში უკვე ისეთი რაღაცები იცის, რასაც მე ახლა ვსწავლობ... მუსიკა უყვარს. ჩემი მძახალი ხუმრობს, - ალბათ, დირიჟორი გამოვაო (მამაჩემი კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ). მუსიკას რომ უსმენს, პატარა გიორგიც თავისებურად "დირიჟორობს". ვნახოთ, რას იზამს... მთავარია, ჯანმრთელი, ბედნიერი და კარგი პიროვნება გაიზარდოს, პროფესიის არჩევას კი მას მივანდობთ - საკუთარი ცხოვრება თავად უნდა წარმართოს.
- პატარა გიორგის დედასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- როგორც აღვნიშნე, ჩემი რძალი თავიდანვე მომეწონა. დღესაც მეგობრები ვართ. სხვადასხვა ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ერთად დავდივართ. ერთმანეთს ვურჩევთ, როგორი ტანსაცმელი ჩავიცვათ. ხშირად ვსაუბრობთ, როგორც ორი მეგობარი ქალი...
- ამბობენ, კარგი კულინარი ხართ. საახალწლო დღესასწაულებზე ოჯახის წევრები თქვენ მიერ მომზადებული კერძებით გაანებივრეთ?
- წარმოიდგინეთ, ბავშვობაში არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. მოსწავლეობის პერიოდიდანვე ძალიან დაკავებული ვიყავი: სასკოლო საგნები, ქორეოგრაფიული, მუსიკალური სასწავლებლები... კერძების მომზადება რომ მესწავლა, ამის საჭიროება არ იყო - ყველაფერს ბებიაჩემი აკეთებდა; ხანდახან დედაჩემიც ეხმარებოდა. გათხოვებამდე სადილის მომზადება ერთხელ მომიხდა, რადგან დედაჩემი ავად გახდა - ფილტვების ანთება დაემართა... როცა გავთხოვდი, მინდოდა, ახალი წლის სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაფერი მე გამეკეთებინა. ჩემთან სტუმრად უნდა მოსულიყვნენ ჩემი მშობლები, ძმა, დედამთილ-მამამთილი, მული... კერძების მომზადებაში მხოლოდ მულისშვილი მეხმარებოდა. მაშინ საცივი (წიგნში წაკითხული რეცეპტის მიხედვით) პირველად გავაკეთე. ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ამბობენ ხოლმე, - კერძის გემო დიასახლისის ხელზეა დამოკიდებულიო. მართლაც ასეა - მინახავს, ბევრი დიასახლისი ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებს, როგორც სხვა, მაგრამ ერთს უგემრიელესი კერძი გამოსდის, მეორეს - უგემური... სადილების კეთება ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ დღეს მართლა ძალიან დაკავებული ვარ. როცა თავისუფალი დრო მაქვს, კერძებს სიამოვნებით ვაკეთებ. ახალ წელს საცივის გაკეთებას ვერავის ვანდობ. რომ არ მოგატყუოთ, წელს ბევრი კერძი არ მომიმზადებია.
- ახალი წლის დღესასწაული როგორ გაატარეთ?
- როგორც ყოველთვის, შინ შევხვდი. შემდეგ მეგობრები მესტუმრნენ. გასულ წლებში უფრო მეტი ხალხი მოვიდა, წელს კი დღესასწაულს წყნარ გარემოში შევხვდი. ალბათ ამიტომაც, უფრო მეტად ვიმხიარულეთ. თან, ტელევიზორს ვუყურებდით და ზოგი ჩვენი ვარსკვლავის გარკვეულ სასცენო ნომრებზე ვღადაობდით... შობის დღესასწაულს რაც შეეხება, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ - ტრისტან სარალიძემ დამირეკა და მითხრა, - ჩემთან ვიკრიბებითო. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ სპექტაკლი რომ დასრულდა, ისევ დამირეკეს. ტრისტანთან მაინც წავედი (აბანოთუბანში ცხოვრობს). ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან შობას საოცარ სილამაზეში შევხვდით - აბანოთუბანში ხომ ბევრი ეკლესიაა! თან, თბილ ოჯახში, ძალიან კარგი ადამიანების გარემოცვაში გახლდით... ამდენმა პურმარილმა, ჭამა-სმამ, ცოტათი დამღალა. ამ მხრივ, მინდა, შევისვენო.
- სადღესასწაულო სუფრებმა წონასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?
- ჯერჯერობით, წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს. ეს უფლისა და ჩემი წინაპრების დამსახურებაა. 1-2 კილოგრამში "ვქანაობ" (იცინის)... გურმანი ვარ და მიმაჩნია, რომ გემრიელად ჭამა ძალიან სასიამოვნო პროცესია. როცა ძალიან დაკავებული ვარ, რამდენიც უნდა მივირთვა, წონაში არ ვიმატებ. ჩემთვის სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურები - რეპეტიციებია.
ეთო ყორღანაშვილი