რა ასწავლეს გია ჯაჯანიძეს ბოროტმა ადამიანებმა - გზაპრესი

რა ასწავლეს გია ჯაჯანიძეს ბოროტმა ადამიანებმა

მისი კაბინეტის კარი როგორც კი შევაღე, ფეხზე წამოდგა, ღიმილით მომესალმა და პირველივე წუთებიდანვე სცადა, სტუმრისთვის ძალიან პოზიტიური გარემო შეექმნა. ვფიქრობ, ბევრს სწორედ იმიტომ მოსწონს და უყვარს გია ჯაჯანიძესთან ურთიერთობა, რომ ასეთი პოზიტივის მატარებელია; სურს, მის გარეშემო ყოველთვის დადებითი განწყობა სუფევდეს...

- არაორდინარული ადამიანი ბრძანდებით. ბავშვობისას, მოზარდობის დროსაც ასეთი იყავით თუ არსებობდა სხვა გია ჯაჯანიძე, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდლისაგან?

- საერთოდ, პატარაობიდანვე ვგრძნობ, რომ "ორი ვარ"; ერთია ადამიანი, რომელიც სულ კითხულობდა და განათლებას იღებდა: თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე, შემდეგ - ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. ძალიან ბევრი კურსი, ტრენინგი გავიარე და გარდა ამისა, სერტიფიცირებული ფსიქოლოგი ვარ; 45 წლის ვიყავი, როდესაც თსუ-ში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დისერტაციაც დავიცავი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვარ, პუბლიკაციების ავტორი და ა.შ. ეს არის ჩემი ინტელექტუალური მხარე, რომელსაც თუ არ მეკითხებიან, არ ვწევ წინა პლანზე.

მაგალითად, ახალ ამბავს გეტყვით: დამირეკეს, რომ გამოდის მსოფლიო სტატუსების წიგნი და ჩემი ორასი სტატუსი უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე. მკითხეს, ვიყავი თუ არა თანახმა? რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მესიამოვნა. გარდა ამისა, ვხატავ და გამოფენებშიც მიმიღია მონაწილეობა.

რაც შეეხება "მეორე გიას" - ეს არის გიჟი, გადარეული, შეშლილი, არაორდინარული და უცნაური. ცოტა რიტორიკულად ჟღერს, მაგრამ ხშირად, ეს გიჟი და გადარეული გია ჯაჯანიძე მეორეს - ჭკვიანს ესაუბრება. იშვიათად ვუშვებ შეცდომებს. ცხოვრებაში რაც ვიცი, ძირითადად ეს ყველაფერი მასწავლეს ბოროტმა ადამიანებმა. ზოგადად, უკუღმა ვაზროვნებ. ეტყობა, ყველა ის დადებითი ქცევა, რომელსაც მე ვაკეთებ, შინაგანად არის ჩემში. ადამიანი ხომ სწორედ ამ ორი თვისებით იბადება: სიკეთე და ბოროტება. იმდენად საღად, გონივრულად და ღრმად ვუყურებ ბოროტი ადამიანების ცხოვრებას, რომ ვხვდები, რა არ უნდა გავაკეთო. ლანძღვა, გაკრიტიკება არ მაინტერესებს. ყველაზე უცნაური იცით რა არის? ეს ბოროტი ადამიანები ისევ არიან ჩემ ირგვლივ, მაგრამ ნაკლებად მეხებიან. შეიძლება მიშავებენ, მაგრამ არ ვიცი. სხვათა შორის, ინტერვიუს ან თუნდაც გადაცემის მსვლელობისას მოუციათ შენიშვნა, რომ არ შეიძლება ამდენი მადლობის თქმა, სიის ჩამოთვლა. მე კი პირიქით, სულ მინდა ყველას სახელი და გვარი ვიყვირო. მიყვარს, როცა ადამიანები ჩანან. შოუები როდესაც მიჰყავთ, ნაკლებად ჩანან ჟურნალისტები და პროდიუსერები. მე კი მინდა, რომ ყველა გამოჩნდეს, ყველას სახელი და გვარი დავასახელო. აი, ასეთი ვარ.

- დაიბადეთ და ცხოვრობდით ჭიათურაში. როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს და ბავშვობას?

- ყველა დროში ვიყავი ბედნიერი. ამბობენ ხოლმე, წარსულში რა ბედნიერი ვყოფილვარო. მე კი ყველა დროში ვიცოდი და ვიცი, რომ იქ, იმ დროს ვიყავი ბედნიერი და ეს მახსოვს. მქონდა ჩემი სამყარო: ჭიათურაში არის საშევარდნოს კლდე, რომელშიც იყო დარბაზი და იჯდა მაყურებელი, რომელიც უყურებდა ფილმს და ამ ფილმში მთავარ როლს ვასრულებდი მე. აი, ასე გრძელდებოდა მთელი ბავშვობა. მიხვდით ალბათ, რასაც ვგულისხმობ...

ლამაზად ვიღვიძებდი, ლამაზად მეცვა. ზოგადად, ჭიათურა არის "შავი ქალაქი", სწორედ ასეთ ადგილას ვცხოვრობდი და ერთი კვირა რომ მცმოდა თეთრი შარვალი, არ დამესვრებოდა. ტალახში ისე გავივლიდი, არ ვისვრებოდი, მე ხომ "მაყურებელი მიყურებდა". რაც შეეხება დარბაზს, ეს იყო უზარმაზარი და მე ეს ოცნება ამიხდა: დღეს მაყურებელთა უზარმაზარი ჯარი მყავს.

- ანუ სცენა გხიბლავდათ...

- იცით, ბევრ რამეს ვერ ვყვები, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, რადგან ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებელია, რომ აუცილებლად იტყვიან, იტყუებაო. არადა, ხშირად ვიტყუები, მაგრამ ეს არ არის ტყუილი, ეს ფანტაზიორობაა. ჩემს ცხოვრებაში არ მომიტყუებია ადამიანი. თუ რამეს ვიტყუები, სადღაც ათ წუთში ვეუბნები: მოგატყუე. უბრალოდ, ეფექტი მაინტერესებს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მაღიზიანებს როცა სხვა იტყუება. არ მაინტერესებს, რამდენიც გინდა იმდენი მომატყუე, მაინც არ მჯერა. თავისთავად და ძალიან ჩვეულებრივად მოხდა, რომ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში მიმიწვიეს, სადაც ვითამაშე რამდენიმე როლი. მახსოვს მაშინ ეს სიტყვები: „პატარა არტისტი“. ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, აქედან გამომდინარე ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. არც კი მიფიქრია, რომ ცნობილი გავხდებოდი. არ ვიცი, ეტყობა ბედი მაქვს ასეთი, რომ საჭირო დროს ვხვდები საჭირო ადგილას.

- როგორ ახერხებთ, რომ საზოგადოების სიყვარულს ინარჩუნებთ?

- ამ ყველაფერს ძალზე ფილოსოფიურად ვუდგები. როდესაც მთელი გულით ვეუბნები ჩემს მაყურებელს: „მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, ეს არის სიმართლე. მე მართლა ძალიან მიყვარს ისინი. მაყურებელი, რომ არ მყავდეს, ეს გადაცემა დაიხურებოდა. ამიტომ, თუ ხელფასს ვიღებ, ეს მათი დამსახურებაა.

საოცრად თბილ გარემოში გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ისე დავამთავრე, ახალი ჩანთა არ მქონია, აგრესიული არ გავმხდარვარ... იცით, ყველაზე უცნაური რა არის?! ბავშვს ხომ უნდა ახალი ტანსაცმელი ან ჩანთა, მე ეს არასოდეს მნდომებია. მე ყველაფერი მქონდა, ანუ ის, რომ სხვისი ტანსაცმელი, წიგნები, ჩანთა მომიტანეს, ეს ხომ ახალი იყო ჩემთვის?! ახლა კი იმდენი ტანსაცმელი მაქვს, რომ ჩაცმასაც ვერ ვასწრებ. მიუხედავად ყველაფრისა, მაშინაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. აქვე ერთ ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებით: ჩვენ ლიმონათი გვქონდა ახალ წელს და აღდგომას. შესაბამისად, ლიმონათი ჩვენს ოჯახში იყო წელიწადში ორჯერ. დაახლოებით მეორე კლასში, როდესაც ჩემმა თანაკლასელმა დამპატიჟა თავისთან. დედამისმა გამოგვიტანა ღვეზელები და მკითხა, ლიმონათს დავლევდი თუ არა? უარი ვუთხარი და ვკითხე, არ დაძველდა-მეთქი? არც ვიცოდი, რომ სხვა დროსაც შესაძლებელი იყო ლიმონათის დალევა. აქედან გამომდინარე, დღესაც იმდენად უპრეტენზიო ვარ, რომ ვჭამ ყველაფერს, რაც სახლში დამხვდება.

- როგორც ვიცი დისერტაცია დაიცავით გიგა ლორთქიფანიძეზე. რატომ მაინცდამაინც ამ რეჟისორზე?

- თეატრალურის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი უნივერსიტეტში და მყავდა რამდენიმე ჯგუფი. მუშაობის პერიოდში გავაკეთე პროექტი "საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნება“. როდესაც პროექტი შევიტანე, გიგა ლორთქიფანიძემ დამიმტკიცა. ძალიან მიყვარდა მისი შემოქმედება. გიგა ლორთქიფანიძემ მთელი ეპოქა შექმნა. ამ ადამიანმა ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა და უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე. ამ ყველაფრის შემდეგ დავფიქრდი და ვთქვი: მე უნდა გავაკეთო დისერტაცია, რომლის სათაური გახლდათ „ზნეობრივი გმირები გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაში“. მალევე დავიწყე მუშაობა. ხელმძღვანელი ვასო კიკნაძე გახლდათ. მუშაობის პროცესში ერთხელ შევხვდი ბატონ გიგას და ვუთხარი, რომ როდესაც დასასრულამდე მივიდოდი, გავესაუბრებოდი. როდესაც ეს დღე დადგა და გავესაუბრე, ეტყობა კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე და მაშინ ასეთი რამ მითხრა: როდესაც შემოხვედი და განაცხადე, რომ მსგავსი სათაურით გსურდა დისერტაციის დაცვა, რამდენიმე ადამიანი შემოვიდა და მითხრეს, - ეტყობა რაღაც სარგებელს ელის, რაღაც უნდაო. ზოგადად, დისერტაცია ცოცხალ ადამიანზე მანამდე არ იყო დაცული. ჩემი დისერტაცია კი იყო მადლიერება ბატონი გიგა ლორთქიფანიძისადმი. მე მინდოდა, დამედგა ძეგლი ამ ადამიანისათვის. მახსოვს, როდესაც დისერტაციას ვიცავდი, ძალიან ვღელავდი და თან, თვალს ვერ ვაშორებდი ბატონ გიგას. ის კი არ მიყურებდა. ძალიან განვიცადე. ვფიქრობდი, რომ არ მოეწონა და სწორედ ამიტომ იქცეოდა ასე. როგორც კი დავასრულე დისერტაციის დაცვა, შევედი და ვკითხე: არ მოგეწონათ ჩემი ნაშრომი-მეთქი? - ისე ვღელავდი, ვერც კი გიყურებდი. ძალიან მომეწონაო. ვერც აღვწერ, ისე გამიხარდა ამ სიტყვების მოსმენა.

22886222-2023155221254835-4061759485866744571-n-copy-1650367489.jpg

- სულ ამბობთ, რომ ყოველთვის ხართ შეყვარებული. როგორ ახერხებთ ამას?

- მე სულ შეყვარებული ვარ, აი სულ. ძალიან ბევრჯერ მქონდა ურთიერთობები. ამ ურთიერთობების დროს კი არასოდეს არავისთვის მიღალატია. ერთმა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დამიწერა ლექსი. ამ ლექსის შინაარსს გეტყვით: ძილშიც, ცხადშიც და აი, ახლაც, სულ მენატრებიო. აქვე გეტყვი უცნაურ რაღაცას, ეს იყო ჩემი ნათქვამი მისდამი, რომელიც მან გამოიყენა შემდეგ ლექსში. ვფიქრობ, სწორედ სიყვარულია ის, რაც მე მასულდგმულებს. ვერაფრით აღვიქვამ ასაკს. მაღაზიაში შევედი და ერთმა ბიჭმა მითხრა, ბიძაკაცო, გამატარეო. მახსოვს, როგორ შევკრთი ამ სიტყვების გაგონებაზე.

- „მიყვარს სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი“. დღე გადის ისე, რომ არ დაფიქრდეთ სიკვდილზე?

- არა, სულ ვფიქრობ სიკვდილზე. ვიცი, რომ მოვა დრო და მე აღარ ვიქნები. ისე კარგად და ბედნიერად ვიცხოვრე, რომ არ მეშინია ამის... კინოსტუდიის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. როდესაც ოთახის გასაღები მომცეს და შიგნით შევედი, ვნახე, რომ არაფერი იდგა. დავჯექი იატაკზე და ბედნიერებისგან ვიტირე. ვიღაცამ საწოლი მომცა. თეფშები, რაც მქონდა, ყველა სხვადასხვანაირი იყო და იცით, როგორი ლამაზები?! ყველა რაღაცას მაძლევდა, ზოგმა კარადა მომცა, ზოგმა ტუმბოები. ამ ყველაფრით კი მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. მერე მომცეს ბინა, რომელიც მდებარეობდა მუხიანში, ახალ დასახლებაში. როდესაც ონკანი მოვუშვი, ცხელი წყალი მოდიოდა. საერთო საცხოვრებელში ძალიან გამწარებული ვიყავი, სულ „კრუშკით“ ვიბანდი. ხომ არის ხოლმე, რომ ეკითხებიან სტუმარს, - საჭმელს ხომ არ მიირთმევთ? მე ამას ვეკითხებოდი: ბანაობა ხომ არ გინდათ?! იმდენად გახარებული და ბედნიერი ვიყავი ამით. ქარი, როგორც გარეთ, ისე ქროდა შიგნით, მაგრამ ჩემს ბედნიერებას მაინც საზღვარი არ ჰქონდა. ახლა კი ვცხოვრობ სამსართულიან სახლში. დედაჩემისთვის ამ სახლის შესახებ არაფერი მითქვამს. როდესაც ყველანაირი სახის სარემონტო სამუშაოები დამთავრდა, ჩავსვი მანქანაში და ვუთხარი, რომ მეგობარმა დამიტოვა სახლის გასაღები და სანახავად მივდიოდი. სახლი ცარიელი იყო. როდესაც შიგნით შევედით, დედას გაუკვირდა და უცებ, იმერული აქცენტით მეკითხება: „უიმე, ჩვენია ეს სახლი?“ ვუთხარი: დედა, ეს ეზო, სახლი და ყველაფერი არის შენი და შენ უნდა იყო ძალიან ბედნიერი. მახსოვს, ორივე მარმარილოს კიბეზე ჩამოვჯექით და ვიტირეთ. სწორედ ეს არის ცხოვრება. მიყვარს სიცოცხლე და სულ მახსოვს სიკვდილი.

მარიამ ჭანტურია