"ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო - და გამიტაცა" - გზაპრესი

"ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო - და გამიტაცა"

ანუკი ცქვიტინიძისა და გელა დონაძის სიყვარულის ამბავი მუსიკით დაიწყო, მუსიკამ დაამეგობრა, შემდეგ კი... ჯერ იყო მოკითხვები, შეხვედრები, ერთად გატარებული საღამოები, შინ მიცილებები და სიტყვა "მიყვარხარ!" სიყვარულს ერთმანეთს დღესაც ხშირად უხსნიან და ასე ერთმანეთის გულებს ათბობენ. პროექტი "მიმღერე" და ყველა მონაწილე ოჯახი გამორჩეულად კარგია. დონაძეების ოჯახზე, გასულ კვირას სცენიდან სიმღერით ახსნილ სიყვარულზე, სიმღერის ("მე ისეთი გოგო მიყვარს") მუსიკის ავტორი და ამავე დროს ადრესატი ანუკი ცქვიტინიძე თავად მოგვითხრობს.

- მე და გელა მუსიკამ დაგვაკავშირა, ერთმანეთს კონცერტზე შევხვდით, თუმცა ამ შეხვედრამდე ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით. საერთო სამეგობრო აქტიურად არ გვაკავშირებდა, აქედან გამომდინარე, ერთმანეთს ხშირადაც არ ვხვდებოდით. შემდეგ ერთ პროექტზე ვიმუშავეთ, ერთმანეთსაც მეტად დავუახლოვდით. "ბასიანს" გასტროლი ჰქონდა საზღვარგარეთ და საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავი.

- მანამდე ერთმანეთისადმი სიმპათია არ გქონდათ?

- არა. ამ გასტროლზე "ბასიანის" ბიჭებს დავუმეგობრდი. გელა, როგორც ერთ-ერთი აქტიური წევრი, საორგანიზაციო საქმეში ჩემი საკონტაქტო პირი იყო. ყველა დეტალზე, რეპეტიციებზე, სასტუმროში განთავსებაზე და ა.შ. მას ვუთანხმდებოდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ანსამბლის ბიჭები ხშირად მკითხულობდნენ, მირეკავდნენ, მე და გელას გადაკვეთის წერტილებიც ხშირად გვქონდა. მალე მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცდებოდა.

- სიყვარულში როგორ გამოგიტყდათ?

- საღამოს ვახშმად ერთ-ერთ რესტორანში დამპატიჟა. შინ რომ მაცილებდა, ჭავჭავაძის გამზირზე, ჩემს სახლთან მანქანის გაჩერება რთული იყო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სიგნალით მანიშნა, მობრუნდიო. ვიფიქრე, რაღაც დამრჩა-მეთქი, მივედი და, - ჩქარა, ჩქარა, დაჯექი, აქ ვერ ვაჩერებო და, - გამიტაცა (იცინის). იმ საღამოს მითხრა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, უნდა გამოგიტყდე, ძალიან შემიყვარდიო.

- ამას, რა თქმა უნდა, თავადაც ხვდებოდით, არა?

- მისი ყურადღება, მოკითხვა, საღამოს ზარი, ჩვენ შორის არსებული უხილავი კონტაქტი საგრძნობი იყო. ეს ვახშამი ერთი ერთზეც არ გახლდათ მოულოდნელი.

- ამ ადამიანმა რით მოგხიბლათ? როგორი მომღერალია, ყველამ ვიცით, მის ადამიანურ თვისებებზე რას გვეტყვით?

- გარდა იმისა, რომ ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, გამორჩეულად კარგი მომღერალია, ადამიანური თვისებებით ძალიან მომხიბლა. არის საოცრად თბილი, ყურადღებიანი. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, ჩემთვის საიმედო საყრდენია. ის ყურადღებასა და სითბოს არა მხოლოდ ჩემ მიმართ, ახლობლების, მეგობრების, ხშირად სრულიად უცხო ადამიანების მიმართაც კი გამოხატავს. სულ მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ეს თვისება იმდენად ძლიერად აქვს, ზოგჯერ მეც კი ვეტყვი ხოლმე, გაჩერდი, საკმარისია-მეთქი.

12239620-10207986188074814-4459173437715608320-n-copy-1650876497.jpg

- მისი ეს ხასიათი ნამღერშიც იგრძნობა...

- ნამდვილად. გელა სცენაზეც და ცხოვრებაშიც მაქსიმალურად იხარჯება. სუფრასთან, ვიწრო წრეშიც კი არ მღერის "ნახევრად", ყოველთვის გულიანად უდგება საქმეს და მაქსიმუმს აკეთებს.

- ამ ყველაფერთან ერთად, რამდენად რომანტიკულია?

- ძალიან რომანტიკულია. ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი ორივე მხრიდანაა. გვიხარია, როცა ერთმანეთს ვახარებთ.

- გამორჩეულად რა გახსენდებათ?

- ქორწინების ათი წლისთავი გვისრულდებოდა. ჩვენ ამერიკის 10-წლიანი ვიზები გვქონდა. სიურპრიზი ადვილად გამოუვიდა. ბილეთები აუღია და გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მითხრა, დღეს ამერიკაში მივფრინავთო. ამ საოცარ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. ეს პერიოდი "ბასიანის" გასტროლს დაემთხვა, რა თქმა უნდა, კონცერტებსაც დავესწარით. დაუვიწყარი დღეები მაჩუქა.

- ხელის თხოვნის ცერემონია რამდენად ორიგინალური იყო?

- ჩვენი მეგობრების რესტორანში ვიყავით. მხოლოდ იმ მეგობრებს სცოდნიათ, რომ ხელის თხოვნას აპირებდა. ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ რომანტიკულად გამოუვიდა. ბეჭდის მორთმევა იყო ძალიან მოკრძალებული, მაგრამ სასიამოვნო. სოციალურ ქსელებში ჩვენი შემოქმედების გაზიარება მეტად გვიყვარს, ვიდრე პირადი ამბების და იმ ემოციების, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. "ჩექინები" და სადღაც ყოფნის ფოტოები ნაკლებად გვაქვს, სამაგიეროდ, მაქსიმალურადაა ჩვენი შემოქმედება.

- მას შემდეგ, რაც შეყვარებული წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ზოგიერთ შემთხვევაში თავს იჩენს სირთულეები. თქვენს შემთხვევაში თუ იყო მსგავსი ფაქტი და როგორ დასძლიეთ?

- ჩვენს ცხოვრებაში იყო ცოტათი არასასიამოვნო პერიოდი. არ გვიჩხუბია, მაგრამ ურთიერთობა რომ არ გაგვრთულებოდა, გარკვეული ხნის მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. როცა ერთმანეთთან დავბრუნდით, თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. დეტალებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა ყველაფერი კარგად მახსოვს და მიუხედავად ამისა, მაქვს განცდა, რომ ის ამბავი ჩვენს ცხოვრებაში კი არ ყოფილა, არამედ სხვას გადახდა. ურთიერთობა ხელახლა მგონი, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით დავიწყეთ. ჩვენ შორის არ ყოფილა ჩხუბი, სკანდალი. პრობლემა გააზრებულად გადავლახეთ.

- ორი არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, მათზე მიამბეთ.

- მარიამი 9 წლის არის, ირაკლი - 7-ის. ძალიან სასაცილოები არიან. ორივე კარგი "ყურით" და სმენით გამოირჩევა. მარიამს სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს, შემოქმედებითი ადამიანია, კარგად ხატავს. იკაკომ 3-4 წლიდან გამოამჟღავნა მუსიკალურობა. სმენით დაკვრა დაიწყო ისე, რომ ნოტები არ იცოდა. კლასიკურ ნაწარმოებებსაც კი მოისმენდა და არჩევდა. შემდეგ დედაჩემმა, რომელიც მუსიკოსია, ნოტები აუხსნა, მას შემდეგ სულ უკრავდა და უკრავდა. წელს ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარებინეთ, კლასიკური მუსიკა საფუძვლიანად რომ ისწავლოს. მარიამიც სწავლობს, მაგრამ სმენით დაკვრა იკაკოს ძლიერი მხარეა.

- როგორია შვილების შეფასებები, როდესაც მშობლებს ეკრანზე გხედავენ?

- ძალიან უხარიათ, მოსწონთ. აზრს ყოველთვის ვეკითხებით: მოგეწონათ? რამდენად კარგად გამოვიყურებოდით? კარგად ვიმღერეთ? ამ დროს ბედნიერები არიან. ხშირად ეკრანზე ჩვენთან ერთად თავადაც ხვდებიან და ეს პროცესი მოსწონთ.

- ამ პროექტის ფარგლებში, სცენიდან სიყვარულის სიმღერით ახსნა მოვისმინეთ, გელა დონაძის - "მე ისეთი გოგო მიყვარს" - არაჩვეულებრივი შესრულებით. ამ სიმღერის მუსიკის ავტორი და ადრესატიც თქვენ ხართ. ცხოვრებაში სიტყვას "მიყვარხარ!" ერთმანეთს ხშირად ეუბნებით?

- დიახ. ცხოვრება ისედაც სწრაფად გადის, არავინ ვიცით, ხვალ ვის რა გველოდება, რაც მეტჯერ ავუხსნით ერთმანეთს სიყვარულს, რაც უფრო მეტად გავათბობთ ერთმანეთის გულებს, უკეთესია. ჩვენს დამოკიდებულებაში, რასაც ეკრანზე მაყურებელი ხედავს, არაფერია დადგმული, ხელოვნური და წინასწარ გათვლილი. ეს ბუნებრივად ხდება. დიახ, ამ სიმღერის მუსიკის ავტორი მე გახლავართ, ტექსტის - მანანა სიამაშვილი. სიმღერა წლების წინ დათო გომართელისა და "შვიდკაცასთვის" დაიწერა, მაგრამ "მიმღერეს" სცენაზე შესრულება იყო გამორჩეულად კარგი, ძალიან ვისიამოვნე, როგორც ავტორმა; ხოლო როგორც მეუღლისთვის, ეს ჩემთვის კიდევ უფრო სასიამოვნო იყო.

- პროექტში "მიმღერე" როგორ აღმოჩნდით?

- პროდიუსერი ეკა ნაცვლიშვილი დაგვიკავშირდა, მივიღეთ შემოთავაზება, შევხვდით ტელევიზიაში, გადაცემის შინაარსი აგვიხსნა და, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდით. თვით პროექტის იდეამ მოგვხიბლა. გადაცემის ჩაწერა რომ დავიწყეთ, უკრაინაში ჯერ კიდევ სიმშვიდე იყო, შემდეგ კი იქ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენც შეგვაფერხა. გვქონდა შიში, ამ ვითარებაში, ამ პროექტს მაყურებელი რამდენად მიიღებდა. ვფიქრობ, დაძაბულ გარემოში პოზიტივი, ძილის წინ სასიამოვნო ქართული სიმღერის მოსმენა საჭირო და აუცილებელიც კი არის.

149135989-10216388617422855-1496233927871803703-n-copy-1650876485.jpg

- კულისებში რა ხდება? მიამბეთ ის, რასაც მაყურებელი ეკრანზე ვერ ხედავს.

- ეს არის დიდი სამეგობრო წრე, რომელიც ამ პროექტმა კიდევ უფრო გააერთიანა. სოციალურ ქსელში გვაქვს ჯგუფი, რომელსაც ჰქვია "დიდი ოჯახი". ტრადიციად ვაქციეთ, შევიკრიბოთ თითოეულის ოჯახში და ლამაზი საღამოები მოვაწყოთ. სხვადასხვა გადაცემიდან გვაქვს მიწვევა, ხან ერთად მივდივართ, ხან ცალ-ცალკე და ალბათ მომავალში ერთობლივ კონცერტსაც დავგეგმავთ, ისედაც სულ ერთად ვართ.

- მაყურებლის რეაქციაზე რას გვეტყვით? დარწმუნებული ვარ, თქვენი მისამართით ბევრი მოფერება და თბილი სიტყვა იქნება.

- ცოტათი მერიდება კიდეც. მარკეტში, სკვერში თუ ქუჩაში არ შეიძლება არ გაგვაჩერონ, სიყვარული, სითბო, სიმპათია არ გამოხატონ, ეს ყოველდღე ხდება, ძალიან სასიამოვნოა და უდიდესი სტიმულის მომცემიც. მადლობა მათ გამოხატული ემოციისთვის!

მე და გელას გვაქვს ახალი სიმღერები, რომლებსაც პერიოდულად ჩავწერთ და მსმენელს წარვუდგენთ.

თამუნა კვინიკაძე