"ისეთი თავდაჯერებული არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ" - გზაპრესი

"ისეთი თავდაჯერებული არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ"

არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა მშვენიერი ქალები საკუთარი გარეგნობით დიდად აღფრთოვანებულები არ არიან. ასეთი აღმოჩნდა მსახიობი მაიკო ვაწაძეც, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუს დროს, ერთადერთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა საკუთარი გარეგნობა განსაკუთრებულად მოეწონა...

- მაიკო, საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერეთ?

- ბავშვობიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ჩემს გარეგნობაზე აქცენტი, რომ ვაიმე, რა ლამაზი და კარგი ვარ, არც მე და არც ჩემ გარშემო მყოფებს არ გაგვიკეთებია, მაგრამ ალბათ, ეს მაინც გარდატეხის ასაკის პერიოდის შემდეგ მოხდა, როცა სკოლას ვამთავრებდი: სარკეში რომ იყურები ადამიანი, უკვე გაპრანჭვას იწყებ... საერთოდ, გარდატეხის ასაკში, საკუთარ თავში რაღაცები ხომ არ მოგვწონს, არა (იღიმის)? რამე კონკრეტული, გამოკვეთილი ეპიზოდი არ ყოფილა, რომ თავი ძალიან მომწონებოდა. სხვათა შორის, ცუდია, როცა შენს თავს ვერ აფასებ: ადამიანს როგორი გარეგნობაც უნდა გქონდეს, საკუთარი თავი მაინც უნდა მოგწონდეს - შენი კარგი თვისებები და გარეგნობა უნდა აღიარო.

- გარდატეხის ასაკში საკუთარ გარეგნობასთან განსაკუთრებული პრეტენზიები გქონდათ?

- საერთოდ, ჩემს გარეგნობას კრიტიკულად ვუყურებდი. ახლაც ასე ვარ. თუმცა, მაშინ ჩემს გარეგნობას ძალიან რადიკალურად "გადავუსვი ხაზი": მაგალითად - გადმოწეული ყურები და ჩემი კისერი, რომელიც "უსასრულოა", მაკომპლექსებდა... ყველაზე მძაფრი ეს იყო, რაც მახსენდება (იცინის).

- თქვენს ცხოვრებაში იყო ეპიზოდი, რამაც თავდაჯერება შეგმატათ?

- კი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი. ჩაბარების ისეთი მძაფრი სურვილი მქონდა, რომ ამან ძალა, თავდაჯერება მომცა. ისეთი თავდაჯერებული არც მანამდე და არც მერე არ ვყოფილვარ. თითქოს ტვინში "გამეხსნა" - მე ვიყავი და მორჩა! ვერავის ვხედავდი, ვინ იყო ჩემზე კარგი, ცუდი... ვიცოდი, რომ საუკეთესო ვიყავი. ჩემი მძაფრი სურვილის გამო, იმ პერიოდში ძალიან ძლიერი გახლდით.

- ისეთი ეპიზოდიც გაიხსენეთ, რომელმაც განსაკუთრებულად ლამაზად გაგრძნობინათ თავი...

- გაგეცინებათ, მაგრამ რეალურად, ასეთი ეპიზოდები ძალიან იშვიათია... ჩემს ქორწილში საკუთარი თავით მართლა ბოლომდე კმაყოფილი ვიყავი. სარკეში რომ ჩავიხედე - ვაუ-მეთქი!.. საკუთარი თავი ყველაზე მეტად ქორწილის დღეს მომეწონა.

- თავის მოვლას რამდენ დროს უთმობთ?

- ბოლო დროს, მთავარია, ფეხსაცმელები ჩავიცვა. ერთხელ გარეთ ჩუსტებით გავედი და ახლა ეგ ფაქტი გამახსენდა (იცინის)... უბრალოდ, მოწესრიგებული უნდა ვიყო, მაკიაჟით იშვიათად მნახავთ. რაღაც გრანდიოზული დღე უნდა იყოს, რომ მაკიაჟის გაკეთება მომინდეს, რადგან თეატრის გამო, სახეზე თითქმის სულ გრიმი მისვია. ჩემი აზრით, მთავარია სისუფთავე - ბუნებრივად, სადად გამოიყურებოდე ადამიანი... კანის დამატენიანებელი კრემის გარდა, მართლა არაფერს ვიყენებ. ვფიქრობ, რომ ახლა მაკიაჟი მოდურიც არაა - ყველა მიხვდა, რომ სახეზე "ტონობით" რაღაცის წასმა არ ნიშნავს, რომ კარგად გამოიყურები. მთავარია, კანი სუფთა და მოვლილი გქონდეს.

- სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების ხშირი სტუმარი არ ხართ, როგორც ვხვდები...

- არ ვარ, მაგრამ ჩემს თავს ვუთხარი: მაიკო, ასე აღარ შეიძლება, უკვე 30 წლის ხარ და რაღაც უნდა შეცვალო-მეთქი. საკუთარ თავს თვითონ ვუვლი.

- ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებთ?

- რაც ბავშვი მყავს, ძილის რეჟიმიც მოუწესრიგებელი მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გენეტიკაა. მაგალითად, გენეტიკურად თუ კანი აკნესკენაა მიდრეკილი, პრობლემას მოაგვარებ, მაგრამ როგორც კი ყურადღებას მოადუნებ, პრობლემა ისევ თავს იჩენს...

- ახერხებთ, რომ თქვენს სამეგობროს მინიმუმ, კვირაში ერთხელ მაინც შეხვდეთ?

- ყოველდღიური შეხვედრებიც გვქონდა, მაგრამ მერე, პანდემიის და ჩემი ორსულობის გამო, რა თქმა უნდა, შეხვედრა კვირაში ერთხელაც ვერ ხერხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დღესასწაულებზე მაინც ვცდილობთ, შევხვდეთ. სხვათა შორის, ახლა ვთქვით, რომ შეხვედრები წესად ვაქციოთ, რადგან ვფიქრობ, ჩვენს დროში ეს აუცილებელია: როცა ყველაფერი აჩქარებულია, ვერაფერს ასწრებ. მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთვის ადამიანმა დრო უნდა გამონახო და განტვირთვისთვის სადმე წახვიდე...

- ასაკის მატება გაშინებთ?

- არა, პირიქით... ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ. მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველი დღით, წუთით, წამით ვისიამოვნო. ცუდზე არ ვფიქრობ, კარგ რაღაცებს ვგეგმავ. ცუდი ფიქრებისთვის დრო არ მაქვს.

- თქვენსა და თქვენს მეუღლეს - ანდრია გველესიანს შორის კამათის ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის?

- მოიცა დავფიქრდე... ისეც არ არის, რომ არაფერზე ვკამათობდეთ... ძირითადად, მეუბნება, - ბავშვს ქუდი დაახურეო, მანამდე: მაიკო, ქუდი დაიხურეო. მოკლედ, ჩაცმასთან დაკავშირებული ამბებია, რომ ან არ გავცივდეთ, ან - არ დაგვცხეს, თავს მივხედოთ, ჯანსაღად ვიკვებოთ (იღიმის). ზრუნვის დროს კამათში რომ გადადიხარ, ასეთი სიტუაციებია ხოლმე, თორემ განსაკუთრებული არაფერი მახსენდება.

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ბოლო პერიოდში, გარეთ, ჰაერზე სეირნობა, სანისთან (შვილთან) ერთად...

- ყურადღებას აქცევთ, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვთ, სოციალურ ქსელში როგორი "პოსტი" უნდა გამოაქვეყნოთ?

- სხვათა შორის, მე და ანდრია ამაზეც ვკამათობთ, - რა გინდოდა, რას წერდიო (იცინის)?.. საკუთარი თავით ვამაყობ, რომ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. არ მახსოვს, რომ ჩვენ შესახებ ვინმეს ცუდი დაეწერა. ვფიქრობ, რაც გულით გინდა, ფოტო იქნება, ვიდეო ან თუნდაც "პოსტი", უნდა გამოაქვეყნო. ვინმეს მოსაწონად რომ რამე ვაკეთო, ასეთი ადამიანი არ ვარ, პირიქით - ასეთი ხალხის მიმართ პროტესტის განცდა მაქვს. ყურადღებას ვაქცევ, ვკითხულობ და ვინტერესდები, ვინ რას წერს, მაგრამ ამის გამო რომ ტრაგედია შევქმნა, - ვაიმე, ვიღაცამ ეს დაწერა, არ მომეწონა-მეთქი და ვინერვიულო, ასეთი შემთხვევა არასოდეს მქონია.

- დედობამდე როგორი იყავით და დღეს როგორი ხართ - საკუთარ თავს ხასიათთან დაკავშირებულ მკვეთრ ცვლილებას თავად თუ ატყობთ?

- კი, ვატყობ: როგორც გითხარით, ისე ვიქცევი, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. ვინმეს მოვეწონები თუ არა, არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ზრდილობა არასოდეს დამიკარგავს. იმიტომ, რომ ვიღაცას კარგი ტიპი ვეგონო, რაღაცებს არ ვაკეთებ. რაც სანი გაჩნდა, სამართლიანობის შეგრძნება გამიმძაფრდა: ყველაფერს ვეწინააღმდეგები, ყველაფერში სიმართლეს ვეძებ. მინდა, ყველა მართალი იყოს. ადამიანები ერთხელ ვცხოვრობთ: არავის დასანახავად, არავისთვის და არაფრისთვის არ უნდა თქვა უარი საკუთარ მიზნებზე...

- სიტყვა "ქალური" როგორ გესმით?

- კი არ ვიცი (იცინის)... სხვათა შორის, ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, ვინც ქალურია. პირადად მე, ხისტი და ემოციური ვარ. ჩემი აზრით, ქალურობა სხვა რამეა: როგორ სიტუაციაშიც უნდა მოხვდე, საკუთარი თავი არ უნდა დაკარგო, ემოციების კონტროლი უნდა შეგეძლოს, რაზეც დიდი ხანია ვმუშაობ და ხანდახან გამომდის, ხანდახან - არა. "ქალურობა" არც წითელ ტუჩსაცხს და არც მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს არ ნიშნავს. ეს სულიერება, შინაგანი სამყაროა...

maiko-1-1650977104.jpg

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად თუ გიგრძნიათ თავი?

- კი, რაღა თქმა უნდა (იცინის)?! ჩემი აზრით, ეს საერთოდ, ყველას უგრძნია. წარმოიდგინეთ, ბავშვობიდან მოყოლებული, როცა ლამის 24 საათი შრომობ, ცხოვრების აქტიური რეჟიმი გაქვს, უცებ კი სახლში ჩაჯდები (პანდემიის, ორსულობის გამო) და სახლის დალაგების მეტს არაფერს აკეთებ... ბოლოს დავფიქრდი: ვაიმე, რა მემართება, რა მჭირს, ეს არის ცხოვრება, ასე უნდა ვიყო? ახლა რა ვქნა, სად წავიდე-მეთქი (იღიმის)?! ეს განცდა, დატვირთული რეჟიმის მერე, უცებ სახლში ყოფნამ გამოიწვია.

- ახლა თავს როგორ გრძნობთ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდით?

- რა თქმა უნდა, მოვახერხე და დავუბრუნდი. ძალიან ბედნიერი ვარ! მიმაჩნია, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია - სახლშიც, გარეთაც, შვილთანაც... მთავარი მონდომებაა. არავინ თქვას, რომ საკუთარი თავისთვის ან სამსახურისთვის დრო არ აქვს, როცა შვილი ჰყავს. თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. ჩემს შემთხვევაში ასეა...

ეთო ყორღანაშვილი