"დილით ვთქვი, - ზღვაში მზე აფეთქდა-მეთქი, მეორე დღეს აფხაზეთის ომი დაიწყო"
სახელი, გვარი: ირაკლი ჩხიკვაძე.
ასაკი: 36 წლის.
ამჟამინდელი საქმიანობა: მონაწილეობს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები", არის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, აშენებს "ქალაქის თეატრს".
ჰობი: სეირნობა, ცეკვა.
ცხოვრების დევიზი: "ღმერთი ზევიდან იყურება, ხალხი - გვერდიდან, შენ წინ იყურე".
- ირაკლი, პოპულარობის პირველი განცდა როდის დაგეუფლათ?
- მგონი, 2013 წელი იყო, როცა "TV11"-ზე რუბრიკა - "ქართველი ვაჟკაცი" გადიოდა. პირველივე სკეტჩიდან პოპულარობა ვიგრძენი. ძირითადად, მეუბნებოდნენ, - ვა, შენ ის არ ხარ, ქართველი ვაჟკაციო? სხვათა შორის, რაც დრო გადის, მსგავსი სიტუაცია ხშირად მეორდება...
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?
- რამდენად ღირსეული, სამართლიანი, მხიარული, კეთილია და ცოტათი - ბოროტიც (იღიმის).
- კომფორტის ზონას რა გიქმნით?
- გართობა, ჩემი პროფესია და საყვარელი ადამიანები, მეგობრები... წიგნის კითხვის დროსაც კომფორტის ზონაში ვარ...
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- "ცუდი გოგოს ოინები". ძალიან კარგი წიგნია.
- ბოლოს რომელი შთამბეჭდავი ფილმი ნახეთ?
- "ძაღლის ძალა", რომელიც "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩი თამაშობს. ასევე ვნახე "მაჰათმა განდი".
- ამჟამად რომელ სერიალს უყურებთ?
- "სამარცხვინოებს".
- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავთ?
- საშუალოდ, 8 საათი.
- როგორ სიზმრებს ხედავთ?
- სხვადასხვანაირს. ბოლო პერიოდში, ჩემს სიზმრებში სულ რაღაც სიგიჟეები ხდება. ხანდახან კარგ სიზმრებსაც ვხედავ.
- წინასწარმეტყველურსაც?
- წინასწარმეტყველური სიზმრები ბავშვობაში მახასიათებდა: აფხაზეთის ომი სანამ დაიწყებოდა, დილით ავდექი და ვთქვი, - ზღვაში მზე აფეთქდა-მეთქი, მეორე დღეს ომი დაიწყო... ზოგჯერ, როცა გარკვეულ მოვლენებზე, სიტუაციებზე პასუხი არ მაქვს, შეიძლება, ქვეცნობიერმა სიზმარში პასუხი იოლად მომაწოდოს.
- ამ თეატრის შექმნის იდეა როგორ, როდის გაჩნდა?
- იდეა შარშან გაჩნდა. მას მერე, თითქმის ყოველდღე ვმუშაობთ, რომ თეატრი გახსნის კონდიციამდე მივიყვანოთ. შენობა დიდია (800 კვ. მ.). იდეა იქიდან გაჩნდა, რომ ქალაქში თავისუფალი სივრცის საჭიროება არსებობს, სადაც ახალგაზრდები (და არა მხოლოდ) მოვლენ, თავიანთ იდეებს განახორციელებენ და ამით ბედნიერები იქნებიან. თან თეატრი იქნება, თან - საგამოფენო სივრცე, კონცერტებისთვის - მუსიკალური დარბაზი და ა.შ.
- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?
- ზედმეტად მომთმენი ვარ, რაც მერე თავად მაზიანებს. რაღაც არ მოგწონს ადამიანს, ითმენ, "ატარებ" და ამ ყველაფრის მოგვარებას სხვანაირად ცდილობ. ასეთი შემთხვევები პროფესიაშიც მქონია. მაგალითად, გარკვეულ სიტუაციებში უსამართლობა მომითმენია. მითქვამს, - კარგი, ჰო, არა უშავს, სხვანაირად "დავალაგოთ"-მეთქი. იმაზე მეტად მომთმენი ვარ, ვიდრე სხვა ითმენს.
- ბავშვობაშიც ასეთი იყავით თუ ეს თვისება მოგვიანებით გამოგიმუშავდათ?
- როგორც მიყვებიან, ბავშვობაში ძალიან მხიარული, "გახსნილი" ადამიანი ვიყავი. მერე, 8 წლიდან, როცა ომები მოხდა, გამომიმუშავდა, რომ რაღაც მომეთმინა. ჩვენ ხომ მოთმინება გვასწავლეს, არა? არა უშავს, თუ გესვრიან, მოითმინე, მოითმინეო და ეს თვისება გამომუშავდა...
- როდესაც ადამიანს პირადად ხვდებით, თქვენს ყურადღებას გარეგნობის რა დეტალი იქცევს?
- თვალები.
- რას გეუბნებათ თვალები?
- ზოგი ადამიანის თვალები მეუბნება, რომ მათი პატრონი ძალიან მხიარულია, ზოგის - ბევრი შიში აქვს, ზოგის - დადებით ენერგიას გაჩვენებს... ზოგს ინტერესიანი, ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს... ძირითადად, თვალებიდან საინტერესო ენერგია მოდის.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- იმას, რომ "არსაიდან" მოსული ამ პროფესიაში ვარ, ამდენ საქმეს ვაკეთებ, ამდენი ადამიანი მიცნობს... შრომისმოყვარე ვარ.
- "არსაიდან" - რატომ? განათლებითაც ხომ მსახიობი ხართ, არა?
- კი, მაგრამ რუსთავიდან მარტო ჩამოვედი, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ვიშრომე და აქამდე მოვედი... ყველა მდგომარეობის, თუნდაც - სოციალურის გათვალისწინებით, ეს ვერ უნდა მომეხერხებინა, მაგრამ დიდი შრომით შევძელი.
- თქვენი მესაიდუმლე ვინ არის?
- ჩემივე თავი. რა თქმა უნდა, გარშემო მყოფებს ვენდობი და საერთოდ, ადამიანს პატარ-პატარა მესაიდუმლეები გყავს, მაგრამ იცი, როგორი რამეა? ყველას თავისი პრობლემა აქვს, ყველა თავის "ამბავშია" და შენს საიდუმლოებებს ისევ შენთვის ინახავ. რაც დრო გადის, ალბათ, ეს მესაიდუმლეები ნელ-ნელა ქრებიან, საკუთარ თავთან რჩები, საიდუმლოებებიც თავად უნდა განაგო და ა.შ.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?
- ადამიანების ფიქრების ძალიან სწრაფად წაკითხვა ისე შემეძლოს, რომ არ ვიღლებოდე (იცინის) და ასევე - ამ ფიქრების გაკეთილშობილება, სწორ გზაზე გაშვება...
- თქვენი რომელი თვისება გეამაყებათ?
- შეუჩერებელი ვარ, არასოდეს ვნებდები. შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდე, მაგრამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან. ამან ბევრი რამე შემაძლებინა.
- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევით?
- ვეფლირტავები.
- თუ თქვენთვის არასასურველი ადამიანია?
- ვცდილობ, თვალებითვე მივანიშნო, რომ ეს ყველაფერი არ გამოვა.
- როგორ ფიქრობთ, მეორე ნახევრის გარეშე ადამიანს შეუძლია, რომ სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- ალბათ, მეორე ნახევრის გარეშე ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ამის გარეშეც შესაძლებელია, იმას აკეთებდე, რაც გინდა, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გავსებს, მეტ მოტივაციას გაძლევს... ადამიანის ბუნება მაინც ასეთია: გვერდით "შემავსებელი" გჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?
- შემიძლია, ადამიანებს ის საწყისი გავუღვიძო, რაც ადამიანობასთან ახლოსაა; ჩემი პროფესიით, საქმით ყველას, ვინც ჩემ გვერდით გაივლის, ისეთი გარემო, ატმოსფერო შევუქმნა, რომ მას საკუთარი თავი ყოველთვის მოსწონდეს, ჩემთან ერთად.
- ცხოვრებაში თქვენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- სიყვარული. ადამიანი ყველაფერს მაინც ხომ სიყვარულით აკეთებ, არა? ბოროტებასაც ხომ სიყვარულით სჩადიხარ? თუ არ გიყვარს, ვერაფერს გააკეთებ. მაგალითად, მხატვარს ფუნჯი და ტილო თუ არ უყვარს, ვერ დახატავს. ყველაფრის მამოძრავებელი სიყვარულია და რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯში შენი ანგარების "დოზებიც" "დევს"...
ეთო ყორღანაშვილი