"რაც მთას, მის ოჯახს და ქვეყანას არ ეკადრებოდა, იმას არასდროს გააკეთებდა"
გუჯა ბურდულის ხსოვნას მიუძღვნა საღამო მისმა ქალიშვილმა, რეჟისორმა და კინოდოკუმენტალისტმა მაკა-მაია ბურდულმა. საღამოზე აჩვენეს ქალაქ მარიუპოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის ლაურეატად აღიარებული მუსიკალური კლიპი და ფილმები, რომლის რეჟისორიც ქალბატონი მაკაა. საღამოს ორგანიზატორი თორნიკე ალაშვილი გახლდათ. ესწრებოდნენ სტუმრები ისრაელიდან, უკრაინიდან, ინგლისიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან.
მეგობრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მსახიობი - კაცი, რომელიც სიკეთეს ასხივებდა და თავმდაბლობისა და წესიერების მაგალითი იყო. თვითონ ყველაზე მეტად ფილმი „მოცურავე“ უყვარდა თურმე, მაგრამ მაყურებლისთვის მაინც იმ ექიმად დარჩება „უძინართა მზიდან“, რომლის უმთავრესი საზრუნავიც სხვების განკურნება და გადარჩენაა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ფილმში შვილისთვის ნათქვამი სიტყვებიც ხომ ამას მოწმობს: „ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის გაიმეტებ“.
- პირველ აპრილს მამას 81 წელი შეუსრულდებოდა. საოცრად მკაცრი და მომთხოვნი იყო, ტიპური მთიული კაცისთვის დამახასიათებელი საქციელით. ქალს რესტორანში რა უნდა, თუ მამა ან მეუღლე არ ახლავს თანო, ამბობდა ხოლმე?! არ მოსწონდა გამომწვევად ჩაცმა, არც ზედმეტად გადაპრანჭვა, ყველაფერი ნაღდი და ნამდვილი უყვარდა. ღვთის წინაშე ყველა თავის ოჯახზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ქართველი ქალი, პირველ რიგში, დედაა, ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედის ფუნქცია ოჯახში და ამიტომაც შვენოდა მას კდემამოსილებაო. ეკლესიურად გვზრდიდა. უნდოდა, სამაგალითოები ვყოფილიყავით. წლების განმავლობაში ჟურნალისტად ვმუშაობდი მოსკოვში. იმ დროს უკვე მყავდა მეუღლე, მაგრამ სულ აღნიშნავდა, რომ ქმარს თავისი ადგილი ჰქონდა და მას - თავისი. მამა ყოველთვის ქალიშვილის პატრონად რჩებაო, იცოდა ხოლმე თქმა.
საერთოდ, მთის ხალხი დიდ პატივს სცემს უფროს-უმცროსობის წესსა და ტრადიციას. გუჯას ბიძაშვილი მამაზე მხოლოდ 3 წლით არის უფროსი და ასეთი მცირე სხვაობის მიუხედავადაც კი, იგრძნობოდა ერთგვარი რიდი. მთაში არის დაუწერელი კანონები, რომლებიც დღემდე შემორჩა და მათ შორის ბევრი კარგია.
მამა არწივივით იცავდა ოჯახსა და შვილებს, საოცარ კომფორტს გიქმნიდა. იცოდი, რომ შენ უკან მთასავით გედგა და შენამდე, მისი ნებართვის გარეშე, ნიავიც ვერ გაიქროლებდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ბავშვობაში ფუმფულა ლოყები მქონდა, ყველა მკოცნიდა და მჩქმეტდა, რის გამოც მამა ძალიან ბრაზობდა, - არ დავინახო, ვინმემ აკოცოსო!.. ერთხელ ფილარმონიაში ტარდებოდა ყრილობა, შეხვედრა იყო ბრეჟნევთან და რაკი რუსული კარგად ვიცოდი, მისასალმებელი სიტყვა დამაკისრეს. 5-6 წლის ვიქნებოდი მაშინ. პიონერთა სასახლის აღსაზრდელები მიგვიწვიეს. 20 ბავშვთან ერთად გავედი სცენაზე და, ხალხს რომ გადავხედე, ეტყობა, ყველაზე მეტად ბრეჟნევი მეცნო, გავიქეცი და ყვავილები მივუტანე. გაეცინა და მაკოცა. ეს რა მომივიდა, მამა გადაირევა, ამან რომ მაკოცა და არ უთხრათ-მეთქი, - თავს ვიკლავდი თურმე. ის იყო საოცრად ძლიერი ადამიანი, რომელიც მარტო ჩვენ კი არა, ვინც სამეგობროში ობოლი იყო, იმათაც უწევდა მამობას. თვითონ გაიხდიდა და შენ მოგცემდა; რაც მთას, მის ოჯახსა და ქვეყანას არ ეკადრებოდა, იმას არასდროს გააკეთებდა.
- ბოლო ათწლეულებში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, ამის შესახებ რა აზრის იყო, რას ამბობდა?
- „ჩარეცხილები“ რომ უწოდეს მის თაობას, მაშინ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გული ეტკინა. ამბობდა, მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობდი, ჩემს პროფესიაში თავი არ დამიზოგავს და ამას არ ვიმსახურებდით არც მე და არც სხვებიო. თვითონ კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის, კინოსტუდიის თანამშრომლებისთვის არაფერი ენანებოდა. ერთხელ არ მოიკითხავდა, სად წავიდა ფული, რომელიც მისი დამსახურებით მიიღო კინოსტუდიამ. არაერთ ქვეყანაში იწვევდნენ და იღებდნენ ფილმებში. მიუხედავად ამისა, არ იყო განებივრებული განსაკუთრებული ყურადღებითა და რეგალიებით თავის სამშობლოში. საქართველოში არც ერთი პრიზი არ მისცეს. გუჯა ამბიციური არ არის და პრიზი არ უნდაო, - ალბათ ასე მიიჩნევდნენ. ერთხელ რეზო ჩხეიძემ მკითხა, როგორ, დამსახურებული არტისტის წოდებაც არა აქვსო?.. მამა თავის საქმეში უკან არ დაიხევდა, ბოლომდე მიიყვანდა, მაგრამ ზომაზე მეტად თავმდაბალი და მორიდებული იყო, არაფერზე შეგაწუხებდა...
- 1984 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო, თუმცა სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გადაწყვიტა. რატომ არ ჩააბარა თეატრალურში?
- ჩვენს ოჯახთან ახლობლობდა ავქსენტი გამსახურდია, მოსკოვის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა და 1958-1964 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა, მოგვიანებით თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვათა შორის, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით ჩვენს ოჯახებთან დაკავშირებით. 1937 წელს დაუხვრეტიათ ავქსენტის მამა, დარჩენილა დედა ორ პატარა შვილთან ერთად. მასთან "კაგებედან" მისულან და უთქვამთ, ხვალ თქვენც გაგაციმბირებენო. თურმე, რატომ აფრთხილებდნენ წინასწარ, იცით? ვინც მივიდოდა მათთან დასახმარებლად, მერე ისინიც რომ ემხილათ და დაეჭირათ. ეს ძალიან კარგად იცოდნენ ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა, მაგრამ არ შეშინებიათ და თბილისიდან სადღაც მივარდნილ სოფელში გადაუმალავთ ეს ოჯახი. ამას ბევრი არ გააკეთებდა. წარმოიდგინეთ, ბაბუამ მადლის კეთება უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია, ვიდრე თავისი სიცოცხლე. ამიტომაც არ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა. სწორედ ავქსენტის უთქვამს მამასთვის, მარტო ცეკვისა და სიმღერის კი არა, სამსახიობო ნიჭი გაქვს და თეატრალურში ჩააბარეო. მართლაც მისულა და იქ უნახავს დედაჩემი. როგორც იხსენებენ, მაშინ დედას უთქვამს თავისი ჯგუფელის, გოჩა აბაშიძისთვის, - შეხედე, რა კარგი ბიჭიაო. - ვერ ხედავ, როგორი გადაბმული წარბები აქვს, ორივეს გაგვლახავს და ისე წავაო, - უპასუხია გოჩას ხუმრობით. მამა აღარც დალოდებია ავქსენტის, რომელიც დედაჩემის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო იმ დროს, წამოსულა და იმის შემდეგ ინსტიტუტისკენ აღარც გაუხედავს. კი ჩააბარა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე, მაგრამ ვერ დაამთავრა, რადგან ჯერ მამა გარდაეცვალა, მერე - დედა, დარჩა 10 წლის და და ოჯახი.
- დაოჯახების ამბავს თვითონ როგორ გიყვებოდნენ მშობლები?
- წლების შემდეგ დედას ფოტოატელიეში უნახავს გუჯას ფოტო და უკითხავს, ვინ იყო. ბებიაჩემი გურული გახლდათ და უყვარდა თავის მოწონება. ხომ იცით, ადრე კარგ ფოტოებს რომ გამოფენდნენ ხოლმე ატელიეში, გარკვეული დროის შემდეგ კი ახლებით ცვლიდნენ. ბებიას ფოტოგრაფისთვის უთხოვია, კიდევ დიდხანს არ ჩამოეხსნა ფოტო. მამა კი იმის სათქმელად მისულა, რომ პირიქით, ჩამოეხსნათ და იქ დახვედრია დედაჩემი. მაშინ გაუხსენებია დედას, რომ ეს ბიჭი უკვე ნანახი ჰყავდა თეატრალურ ინსტიტუტში. ასე დაიწყო მათი 63-წლიანი სიყვარულის ისტორია, რომელზეც ლეგენდებს ჰყვებოდნენ. წლების წინ გადავიღე კლიპი ამ სიყვარულზე, მშობლებს მივუძღვენი.
- მეუღლის მიმართაც ისეთივე მკაცრი და მომთხოვნი იყო, როგორიც შვილების მიმართ?
- დედა, ინეზა აბესაძეც, როგორც იცით, თეატრისა და კინოს მსახიობი გახლავთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში ითამაშა. ერთხელ ჩემი ფილმის გადაღებაზე გუჯა თვითონ არ გამომყვა და დედა ნიშნის მოგებით გაეხუმრა, - ახლა მე წავალ გადაღებაზე და შენ დარჩები სახლშიო... ისე, დედას ყოველთვის ეხმარებოდა, როდესაც დრო ჰქონდა. ყველაზე დიდი სიხარული მისთვის ის იყო, რომ ქალაქგარეთ, ბუნებაში გავეყვანეთ ბავშვები, თან ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და თან გვაყვარებდა ბუნებას, სამშობლოს. ჩავსხდებოდით ავტობუსში, წყნეთში ბოლო გაჩერებაზე ჩამოვიდოდით და საღამოს ვბრუნდებოდით თბილისში. აუცილებლად დავესწრებოდით წირვა-ლოცვას ან უძოს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, ან მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძარში. გზად უამრავ რამეს გვიყვებოდა, ძალიან განათლებული იყო, გვიზიარებდა ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც. ყველაფერს ასწრებდა, არც ქუჩასა და მეგობრებს აკლდებოდა, ცეკვავდა კიდეც, გიტარაზეც უკრავდა და მღეროდა. ჯომარდობის დიდოსტატი იყო. მაშინ მტკვარზე ასწავლიდნენ ცურვას და იხსენებდა, ვინმეს თუ ნავი გადაგვიყირავდებოდა, ისეთი გაზუნტლულები ამოვდიოდით, ვეღარავინ გვცნობდაო. ძალიან დაბინძურებული ყოფილა მაშინ მტკვარი. მერე თბილისის ზღვაზე ვარჯიშობდნენ მაშველები, ჩვენი მეზობელი მუშაობდა და შეუთავაზებია, მაინც სულ იქ ხარ, კარგად ცურავ და მაშველად იმუშავეო. სხვათა შორის, ძალიან ლამაზად ჩხუბობდა მამა, კრივზეც დადიოდა. ვინც შესწრებია, ამბობდნენ, როგორც საკონცერტო ნომერს, ისე უყურებ მის ჩხუბსო. მაშინ იარაღს ვინ გამოიყენებდა?!. ეს სირცხვილად მიიჩნეოდა - ესე იგი, შენი თავის იმედი არ გქონდაო, ამბობდა. ჩვენც გვასწავლიდა ილეთებს, რომლებიც თავდაცვისთვის გამოგვადგებოდა. მახსოვს, ერთხელ ზაზა ურუშაძემ მოიტანა „ნუნჩაკი“, აზიური საბრძოლო იარაღი. მათხოვე-მეთქი და, - არა, სადმე მოირტყამ და ან ხელს დაიზიანებ, ან ფეხსო. მაინც გამოვართვი. რომ დავატრიალე და დავუბრუნე, გუჯას შვილი ხარო, მითხრა სიცილით... ხმლები უყვარდა და კარგი კოლექცია ჰქონდა. გადმოცემით, ბურდულები საუკეთესო მეომრები ყოფილან. მისი ბაბუა რუსეთ-თურქეთის ომში დაუჯილდოებიათ წმინდა გიორგის ჯვრით და არაბული ცხენიც უჩუქებიათ. ასე სახელოვნად დაბრუნებულა საქართველოში. მამა თვითონაც კარგი მხედარი იყო, რამდენი რამ მახსენდება... გადამდები ენერგია ჰქონდა, მის გვერდით ყველას ვარსკვლავი ეგონა თავი. გადასაღებ მოედანზე შემოვიდოდა თუ არა, თითქოს ყველაფერი იცვლებოდა.…
- რომელი ფილმი და როლი უყვარდა განსაკუთრებულად?
- „მოცურავე“, რომელიც 1981 წელს გამოვიდა, გიჟდებოდა ამ ფილმზე. დურმიშხან დუმბაძის როლს ასრულებდა - მარტოხელა მოცურავის, რომელმაც შეუსვენებლად გადაცურა ზღვა ბათუმიდან ფოთამდე...
- უკრაინაში ბევრი კოლეგა და მეგობარი გყავდათ. შარშანაც მიიწვიეს, როდესაც 80 წლის გახდა.
- პირველად 2014 წელს ჩავედით, მარიუპოლი რომ დაბომბეს, მეორე დღეს. აქედან ცრემლებით გაგვაცილეს ახლობლებმა, სად მიდიხართო, უკრაინელებს კი ძალიან გაუხარდათ ქართველების მხარდაჭერა. ყოველ წუთს შეიძლებოდა დაებომბათ ქალაქი. უცხოეთიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით და წარმოიდგინეთ, მამა იმ ასაკში ასეთ რისკზე წავიდა. ჩვენი მაყურებლები კი ის მებრძოლები იყვნენ, ვინც მარიუპოლს იცავდა. საოცარი კადრები გადავიღე, ისეთი ლამაზი ქალაქი იყო, ვერ წარმოიდგენთ - საპორტო ქალაქი უკრაინული სულით. შარშან კი ოდესაში ვიყავით, მამას 80 წლის აღსანიშნავად, საჩვენებლად ჩავიტანე ჩემი გადაღებული კლიპი. დიდი მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს საელჩოს და საქართველოს საკონსულოს (ოდესის) წარმომადგენლების მხრიდან. ღონისძიების დაგეგმვაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინული კინოსტუდიაც. იქ ყველა იცნობდა გუჯა ბურდულს - „განსაკუთრებული დანიშნულების რაზმში“ მამა თამაშობდა ქართველის როლს და ყოველ 9 მაისს აჩვენებდნენ ამ ფილმს.
- საუბრის დასასრულს მითხარით, რაზე ოცნებობდა, რა ნატვრა ჰქონდა?
- მთიულეთში საგვარეულო კოშკი კი გვაქვს, მაგრამ უნდოდა, თავის მთიულებს გვერდით დასდგომოდა, დაესაქმებინა იქაურები, მომავალ თაობაში კი პატრიოტული მუხტი გაეღვივებინა. დღეს ხომ რატომღაც სასირცხვილოდ მიიჩნევა პატრიოტიზმი და იმის თქმა, რომ „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“; რომ სამშობლო დედასავით უნდა გიყვარდეს! ამბობდა, ასეთები რომ ვიყავით და ასე ვფიქრობდით, მაგიტომაც არ გადავშენდითო. დღეს ჩვენ ქართველობას ვივიწყებთ, ევროპელობას ვცდილობთ და არც ეს გამოგვდის. სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული რომ აუცილებელია, მამამ ეს კარგად იცოდა. საათობით ლოცულობდა საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის და უნდოდა, ყველას შესწეოდა მისი ლოცვა, ძალიან კაცთმოყვარე იყო. მამა ხომ 1990-იანი წლებიდან სტიქაროსანი გახლდათ. ახლა უკვე მისი მოსახელე და მოგვარე, 11 წლის გუჯა ბურდულია სტიქაროსანი სამებაში. პირველი წირვა სწორედ წინა კვირას ჩატარდა და უდიდესი მადლი გადმოვიდა ჩვენს ოჯახზე.
ნინო ჯავახიშვილი