რატომ აქვს ხელებზე ნაიარევები ლაშა რამიშვილს?
სახელი, გვარი: ლაშა რამიშვილი.
ასაკი: 41 წლის.
პროფესია: მომღერალი, მსახიობი.
ამჟამინდელი საქმიანობა: არის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, რადიოწამყვანი, მონაწილეობს უცხოურ ფილმებსა და სერიალებში.
ცხოვრების დევიზი: "მშვიდობა იყოს და ერთმანეთი გვიყვარდეს. დანარჩენს ყველაფერს თავად გააკეთებს ადამიანი".
- ლაშა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ადამიანს, რომელიც უკვე ყველაფრის დანაკლისს განიცდის, ყველაფერი უნდა - მიღწეულს აღარ აფასებს, წინ წასვლა, კიდევ მეტის გაკეთება სურს, საკუთარი თავით კმაყოფილი არ არის...
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობთ, მაინც იმის შეგრძნება გაქვთ, რომ თქვენი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებას ვერ ახდენთ?
- აბსოლუტურად, რადგან როცა ადამიანი თავისი შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებას ახდენს, საკუთარი თავით კმაყოფილია. ასეთ დროს, ალბათ, ყოველდღიური ბრძოლა, რომ უფრო უკეთესი იყოს და უკეთესი საქმეები აკეთოს, აღარ ექნება. როდესაც ეს "შეჯიბრება" გაჩერდება, ადამიანის ცხოვრებას აზრი აღარ ექნება.
- ჰობი გაქვთ?
- ჩხირკედელობა ჩემი ჰობია. ერთხელ სახლში მაგიდა შევაკეთე, მერე რკინის ღობე გავაკეთე (შედუღებით), ჩემი ძაღლიც მოვათვინიერე... მამაჩემი ღადაობით მეუბნება, - კინოლოგიც ხარ, მედურგლეც, ხარაზიც, ხარატიცო.
- შვილები თქვენს შემოქმედებას როგორ აფასებენ?
- აქტიურად არ აფასებენ, რადგან ამის დრო არა აქვთ, მაგრამ როდესაც ახალ სიმღერას ჩავწერ ან სპექტაკლის პრემიერას ნახავენ, ძირითადად, ლაშა-გიორგი მეუბნება ხოლმე, - აუ, მა, კარგი იყოო, ან - რა დაგემართა? ხმაში ხრინწი შეგპარვიაო... ჩემ მიმართ საკმაოდ კრიტიკულია, მაგრამ იქვე ამბობს, - არა უშავს, მერე უფრო "გათამაშდებაო"... მართა ნაკლებად კრიტიკულია. ყველაზე უმცროსი - ერეკლე ჯერ 5 წლისაა, მაგრამ იმის ამსახველი ბევრი ვიდეო არსებობს, თუ როგორ ამბობს, - აუ, მამიკო გადაცემას რა კარგად უძღვებაო!..
- როგორ ფიქრობთ, უკეთესი მსახიობი ხართ, მომღერალი თუ რადიოწამყვანი?
- არც ერთი (იცინის). ჩემი აზრით, სამივე საქმეს საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება. მაგალითად, არ არსებობს, რომ სპექტაკლში გუშინ როგორც ვითამაშე, დღესაც იმავენაირად ვითამაშო - დღეს როლში რაღაც ახალ "ნამცეცს" ვიპოვი... სიმღერაშიც ასეა: უცებ აღმოვაჩენ, რომ კონკრეტული ფრაზის სხვანაირად სიმღერა შეიძლება, რაც ძალიან საინტერესოა... რადიოწამყვანობა ჩემთვის ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობაა, რომ ადამიანებს მეტი პოზიტიური ენერგია, სიხარული ვაჩუქო: გამორიცხულია, ეთერის დასრულების შემდეგ უცხო ნომრიდან ვინმემ არ დამირეკოს და მადლობა არ გადამიხადოს. სპექტაკლში თამაშისა და სიმღერის შესრულების შემთხვევაშიც ასე ხდება. ასე რომ, ფაქტობრივად, ჩემთვის სამივე საქმე ერთ საფეხურზე დგას - სამივე სიცოცხლის დიდი წვეთია, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია.
- თქვენთვის ყველაზე უცნაური რა კომპლიმენტი უთქვამთ?
- "აუ, წონაში როგორ მოიმატე და როგორ გიხდება" (იცინის)! ეს მართლა უცნაური კომპლიმენტია, რადგან, როცა ადამიანი წონაში იმატებს, არ უხდება ხოლმე.
- დიეტა დაგიცავთ?
- ჩემ მიერ შედგენილ დიეტას ვიცავდი, რომლითაც 20 დღეში 10 კილო დავიკელი: დილით კომბოსტოსა და სტაფილოს გეახლებოდით, შუადღისას - ნახევარ კგ შემწვარ ან მოხარშულ ხორცს, საღამოს - ისევ კომბოსტოს ან სტაფილოს. ბოლოს მამაჩემი მეღადავებოდა - შვილო, მგონი, ბოსტანში უნდა დაგაბათო (იცინის)...
- თუ არსებობს საკვები, რომლის მირთმევაზეც დიეტის დროსაც ვერ ამბობთ უარს?
- ხორცი. სახელგანთქმული "ლეშიჭამია" ვარ. ერთადერთი, ალბათ, ადამიანის ხორცი არ გამისინჯავს, დანარჩენი - მგონი, ყველანაირი ხორცი მიჭამია, ბაყაყის და გველისაც კი... ჩინეთში საოცარი იყო: ბაყაყი ჩემ თვალწინ დაკლეს და სუნელებით შეაზავეს... ძალიან მაგარი იყო!
- თქვენი ცხოვრების გზის კალაპოტი რადიკალურად რომელმა ეპიზოდმა შეცვალა?
- ალბათ - დაოჯახებამ, რადგან როდესაც ადამიანს გვერდით დაიყენებ, მის მიმართაც უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობ. მაშინ ვთქვი: საკმარისია ღამღამობით ხეტიალი, "სმა-ჭამა დიდად შესარგი", "გულაობა" და საშინელება; ახლა ამ ადამიანს უნდა მივხედო, რომელმაც თავისი სიცოცხლე მომიძღვნა-მეთქი... მას შემდეგ, ბელას (მეუღლეს) ჩემგან საჩუქრები და მზრუნველობა არ აკლია. ერთმანეთს არ ვამოწმებთ, მაგრამ ყოველთვის იცის, სად ვარ, და მეც ყოველთვის ვიცი, სად არის.
- ეჭვიანი ხართ?
- ძალიან. ამის საბაბი არასოდეს არ მაქვს, მაგრამ - რაც ჩემია, ჩემია (იცინის).
- როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ეჭვიანობა გააკონტროლოთ და მეუღლეს დისკომფორტი არ შეუქმნათ?
- დისკომფორტს არ ვუქმნი. საერთოდ, როდესაც ადამიანი ჩემ გვერდით არის, მასზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და მიყვარს, მისი ყოველი ნაბიჯი მაინტერესებს. საბაბი არ მაქვს, მაგრამ ეჭვიანი ვარ და რა ვქნა?!.
- ბოლოს კინოთეატრში რომელი ფილმის სანახავად იყავით?
- ბავშვებთან ერთად მე და ბელა "ჰიტმენის" სანახავად ვიყავით.
- მოგეწონათ?
- არც მახსოვს, რადგან ჩამეძინა (იცინის). საერთოდ, ძილის წინ საძინებელ ოთახში აუცილებლად ტელევიზორს ჩავრთავ ხოლმე, რომ დამეძინოს - ჩემთვის ტელევიზორს ლუმინალის ფუნქცია აქვს. ორსაათიან ფილმს რომ ჩამირთავენ, ცხადია, დამეძინება (იცინის). ბავშვები "ჰიტმენს" გაფაციცებით უყურებდნენ...
- ბოლოს რომელი სპექტაკლი ნახეთ?
- დოის მიერ დადგმული "ოიდიპოს მეფე". არაჩვეულებრივი სპექტაკლია! საერთოდ, ჩვენს თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად ბილეთის ყიდვა ძალიან ძნელია - 20 წუთში იყიდება ხოლმე. ამის გამო, ბევრი განაწყენებული ადამიანი მყავს...
- თეატრში მაყურებლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობთ?
- უცნაური შეგრძნება მეუფლება, რადგან მსახიობების თამაშს ვაკვირდები, ვადარებ - იქნებ ასე უკეთესი ყოფილიყო-მეთქი... პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება, მსახიობის თითოეულ მოქმედებაში სიყალბე შევნიშნო.
- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?
- თუკი ვმღეროდი ან ლექსს ვამბობდი, მაშინ ძალიან კარგი ბიჭი გახლდით, სხვა სიტუაციებში კი შესამჩნევი პიროვნება არ ვყოფილვარ, არც - გოგონებში, ყოველ შემთხვევაში - მეხუთე კლასამდე. მერე, უკვე მოზარდობისას, შეყვარებული ყველას ჰყოლია, ყველას დასცილებია და მიუტოვებია... სკოლაში სწავლის პერიოდში, შეყვარებული არ მიმიტოვებია.
- შემდეგ მიატოვეთ?
- ალბათ...
- რა ორაზროვანი პასუხია?!
- აბა, რა ვთქვა? მამაკაცები ხომ ქალბატონებით ვცოცხლობთ, ჩვენთვის ბედნიერება ხომ ეს არის, არა? ამ ფონზე, მამაკაცი რომ ამბობს, ქალი მიმიტოვებიაო, ძალიან უხერხულია, ცუდია...
- ფაქტობრივად, უკვე თქვით...
- ხომ არ მითქვამს, მიმიტოვებია-მეთქი? ვთქვი - "ალბათ" (იცინის).
- კარგი. ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?
- კეთილი და ერთგული უნდა იყოს, დანარჩენს ყველაფერს ეშველება. არ მესმის ადამიანის, ვინც ამბობს, - ასეთი ვარ და რა ვქნა, შენი გულისთვის ვერ შევიცვლებიო. როდესაც ადამიანი საკუთარ თავში რაღაცას ცვლის იმის გამო, ვინც უყვარს, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამას მეორე ადამიანიც ხედავდეს. უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა. რამე იმისთვის არასოდეს გამიკეთებია, - დამინახე, ამას ვაკეთებ-მეთქი, მაგრამ ადამიანს ჩემი საქციელი არაფრად ჩაუგდია. შემდეგ მისთვის კიდევ სხვაგვარად მიცია პატივი, ის კი მაინც უმადური დარჩენილა. რას იზამ? ღმერთის წინაშე მართალი უნდა ვიყო...
- დღის განმავლობაში ტელეფონით ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?
- მეუღლეს და შვილებს. ბავშვებს უფრო ხშირად ვეკონტაქტები. დღე ისე არ გავა, რომ მათთვის ვერ მოვიცალო. ყოფილა შემთხვევები, როცა რეპეტიციიდან გამოვქცეულვარ, მართა სოლფეჯიოზე წამიყვანია, ლაშა-გიორგი - მათემატიკაზე, ერეკლე ბელასთვის მიმიყვანია, მერე კი ისევ რეპეტიციაზე გავქცეულვარ...
- თქვენი ხასიათის საუკეთესო თვისებად რას მიიჩნევთ?
- იდეალისტი ვარ. მინდა, ყველაფერი იდეალურად იყოს. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება, მაგრამ ვცდილობ, მოხერხდეს. დილიდან თუ მივყევი და ყველაფერი თავად გავაკეთე, მაშინ ბედნიერი ვარ...
- თქვენი უარყოფითი თვისება რა არის?
- ხანდახან ისე არ ხდება, როგორც მე მინდა ან საქმეს სჭირდება. როცა სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ, ვცოფდები.
- უარყოფით ემოციებს როგორ უმკლავდებით?
- ჩემი ხელები რომ ნახოთ, სულ "შრამებითაა" სავსე, რადგან როცა გაცოფებული ვარ, მოზღვავებული უარყოფითი ენერგიის დასახარჯად კედელს ვერჩი...
- ცხოვრებაში თქვენს თითოეულ ნაბიჯს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
- სიყვარული. თუკი ადამიანს არ უყვარს, სიცოცხლეზე არაა შეყვარებული, დაღუპულია - მისი არც ერთი ამოსუნთქვა, ქმედება არაფრად არ ღირს, "კაპიკია" მისი ფასი...
ეთო ყორღანაშვილი