"ისედაც ვიცოდი, რომ ოთო ღირსეული ადამიანი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი შეყვარებულის ამპლუაში" - გზაპრესი

"ისედაც ვიცოდი, რომ ოთო ღირსეული ადამიანი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი შეყვარებულის ამპლუაში"

პროექტ „მიმღერეს“ მონაწილეების - ტენორ ოთო ჯორჯიკიასა და სოპრანო მარიამ ნაჭყებიასთვის მუსიკა ცხოვრების მეგზურად სკოლის პერიოდიდან იქცა. სწორედ მუსიკამ შეახვედრათ ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდნენ. მარიამ ნაჭყებია პროექტისა და ოჯახის შესახებ გვესაუბრა.

- მამა, ნუკრი ნაჭყებია, ოპერის მომღერალი იყო. პატარაობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი და იმდენ დროს ვატარებდი ოპერაში, პროფესიულ არჩევანზე ბევრი აღარც მიფიქრია. მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით დავამთავრე. საესტრადო სიმღერებსაც ვასრულებდი, რადგან პირველ გიმნაზიაში, სადაც ვსწავლობდი, ხშირად იმართებოდა ღონისძიება და კონცერტზე ყოველთვის გამოვდიოდი. მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, კონსერვატორიაში გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა მანამდეც ვეუფლებოდი კლასიკურ ვოკალს.

- უკვე წლებია, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით. ეს მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს?

- თითქმის 10 წელია, ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში ვასწავლი და ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. იქ სულ რამდენიმე წელია, რაც კლასიკური ვოკალის სტუდია გაიხსნა. არიან ბავშვები, რომლებსაც თვითონ აქვთ საოპერო ჟანრისადმი დიდი ინტერესი, ზოგის მშობელი უფროა მონდომებულია, მაგრამ არავინ იცის, ვის როგორ შეეცვლება გემოვნება და რა გზით წავა მისი კარიერა. პედაგოგისთვისაც რთულია იმის განსაზღვრა, ვინ გახდება ოპერის მომღერალი და ვინ - არა, ან ვინ რას მიაღწევს. ისე, ერთხელ თუ „მოიწამლე“ ოპერის სიყვარულით, თავს ვეღარ დაანებებ. პანდემიის პერიოდში ისე ინტენსიურად აღარ, მაგრამ მაინც მოდიოდნენ მოსწავლეები. ბევრს გაუჭირდა ონლაინსწავლებასთან შეგუება. მე ამის პრაქტიკა უკვე მქონდა, რადგან ჩემს მოსწავლეებს, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა კონსერვატორიაში სწავლობენ, ადრეც ონლაინ ვუტარებდი ხოლმე გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, ცოცხალ ურთიერთობებსა და კლასში მუშაობას არაფერი სჯობს.

სოლო მომღერლობაც რთულია. ეს ნიშნავს მუდმივ ბრძოლას საკუთარ თავთან, შენი ორგანიზმი შენი ინსტრუმენტია. შეიძლება, სპექტაკლის დღეს გაიღვიძო და რაღაც ვერ იყოს ისე, განწყობა მოქმედებს. პედაგოგობაც არ არის იოლი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მოსაფრთხილებელია მათთან ურთიერთობა. როდესაც ფეხს იდგამენ და ამ სფეროს ეზიარებიან, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდი მათ ამ ყველაფერს.

anita-nino-machaidze-1651133734.jpg

- ბედნიერი ოჯახი სხვა სამოთხეაო, - ამბობდა ჯორჯ ბერნარდ შოუ. თქვენი შეხვედრისა და დაქორწინების ამბავი მომიყევით.

- ოთოც იმავე ათწლედში სწავლობდა, სადაც მე. ასე რომ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვიცნობდით ერთმანეთს და ვმეგობრობდით. გარკვეული პერიოდით ავსტრიაში გაემგზავრა, მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კონსერვატორიაში ჩააბარა. ხშირად ხდება, რომ საზღვარგარეთ მიდიან და კარიერას იქ იკეთებენ, მაგრამ ოთოს შემთხვევაში პირიქით მოხდა - ჯერ აქ გაიცნო ხალხმა, კონსერვატორიიდან პირდაპირ ოპერაში მივიდა ძალიან რთული პარტიით. მოკლედ, ჯერ აქ გახდა ხალხის საყვარელი მომღერალი და შემდეგ წავიდა უცხოეთში კარიერის ასაწყობად.

ავსტრიიდან რომ ჩამოვიდა, ისევ გავაგრძელეთ ურთიერთობა როგორც მეგობრებმა, თუმცა ვატყობდი, რომ უკვე სხვა თვალით მიყურებდა. აქედან დაიწყო ყველაფერი. ოთო ძალიან ალალია. ხომ ხდება, რომ შეყვარებულობის დროს ადამიანი რაღაცას იტყუება, თავი რომ მოგაწონოს. მისთვის ეს უცხო იყო, რამაც ძალიან მომხიბლა. ისედაც ვიცოდი, რომ ოთო ღირსეული ადამიანი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი შეყვარებულის ამპლუაში. მისმა გულწრფელობამ სულ სხვა თვალით დამანახვა.

ორივე ტრადიციული ოჯახებიდან ვართ. ამიტომ ჯერ მშობლები გავაცანით ერთმანეთს და დავინიშნეთ, თუმცა ქორწილი 2 წლის შემდეგ გვქონდა, ოთოს კონსერვატორიაში ჩაბარებას ველოდებოდით. ეს იყო 2008 წელს. ისე, დიდხანს კი ვჯიუტობდი და ვამბობდი, რომ არ დავთანხმდებოდი.

- რატომ?

- ჯერ ერთი, ვმეგობრობთ და მეორეც, მომღერლობა უნდა-მეთქი, ვამბობდი. ვიცოდი, ეს რა სირთულეც იყო და ამიტომ. საბოლოოდ ასე მოხდა და ამისთვის - მადლობა ღმერთს!

- უკვე 14 წლის ოჯახი გაქვთ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი ოჯახის სიმტკიცისთვის?

- რა თქმა უნდა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ამის გარეშე წარმოუდგენელია ურთიერთობა.

- ჩემი მესამე პროფესია ტენორის მეუღლეობააო, თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში. რატომ მაინცდამაინც ტენორის?

- ვარ მომღერალი და მასწავლებელი, ჩემს მესამე პროფესიად კი ტენორის მეუღლეობას ვთვლი. ბარიტონი, ასევე ბანი, კაცის ბუნებრივი ხმით მღერის, ტენორი - არა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და განსაკუთრებული ხელშეწყობაც სჭირდება. განწყობას და თუნდაც ერთ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის იოლი, მაგრამ ყველაფერი ღირს იმ სიხარულად, რაც მის გამოსვლას მოჰყვება ხოლმე, ეს არის სიამაყე, ბედნიერება.

- ცოტა რამ შვილებზეც გვითხარით.

- 2 გოგონა გვყავს - ბარბარე 12 წლისაა, ნიჭიერი გოგოა, რამდენიმე უცხო ენას ფლობს. მეც და ოთოც ვმეგობრობთ მასთან. მინდა, ბარბარესთვისაც პირველი ადამიანები ვიყოთ, ვისაც სირთულეების გადალახვის დროს მიმართავს. თამარი 2 წლისაა, გიჟდება, ისე უყვარს ოთო. დაღლილი რომ მოდის რეპეტიციიდან, არ ასვენებს, უნდა, ოთომ დააძინოს, აჭამოს, სულ ეხუტება და ეფერება.

- როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება პროექტში მონაწილეობის შესახებ და თუ ელოდით, რომ მაყურებელს ასე მოეწონებოდა?

- ოთარს „იმედის“ მთავარმა პროდიუსერმა დაურეკა და პროექტის შესახებ უთხრა. ახლა რომ ვყვებით, ვინ რატომ დათანხმდა და რას ფიქრობდა, თურმე ყველას კონკურსი გვეგონა. კონკურსში მონაწილეობას კი არ ვთაკილობთ, მაგრამ უბრალოდ ამ პერიოდმა გაიარა. რაკი კონკურსის ფორმატი არ იყო, ოთოს უარი არ უთქვამს, მე კი მას ისე ვენდობი, რომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. საერთოდ, ჩვენ ვერიდებით პრესაში ან ტელევიზიაში ზედმეტად გამოჩენას. ვღელავდი, რადგან ბოლომდე მაინც არ ვიცოდი, როგორი გამოვიდოდა ან რა გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ იმხელა სითბო ვიგრძენი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ამისთვის მადლობელი გახლავართ ყველასი, ვინც არ იშურებს სიტყვებსა და ემოციებს ჩვენი მისამართით. ყველა ისე კარგად მღერის და იმდენად კარგები არიან, ბოროტი უნდა იყო, დადებითად რომ არ შეაფასო. როდესაც შენს ქვეყანაში თანამემამულეები, კოლეგები გაღიარებენ, კომპლიმენტებს გეუბნებიან და ასე გულწრფელად გამოხატავენ სიყვარულს, ამის ფასი სხვა არაფერია.

მიხარია გადაცემაში ამდენი კარგი ოჯახის თავმოყრა. ტრადიცია, ოჯახების სიძლიერე, ერთმანეთის გატანა ჭირსა თუ ლხინში მნიშვნელოვანია. უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოში ამდენი კარგი ოჯახია და ერი ისევ აგრძელებს სიცოცხლეს.

127995411-2091489627647675-6816886336076415382-n-1651133720.jpg

- ფავორიტი ოჯახი გყავთ?

- მართლა ვერავის გამოვყოფ, „იმედის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად, ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით ყველა. ვინც მანამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს, დავმეგობრდით. უკვე გვენატრება ის დრო, როდესაც ხშირად გვიწევდა შეკრება. „მიმღერემ“ იმაზე მეტი ემოცია მოიტანა, ვიდრე წარმოვიდგენდით, მოლოდინს გადააჭარბა და დაგვანახვა, რომ ასეთი პროექტები დღევანდელ სტრესულსა და დაძაბულ სიტუაციაში დადებითად მოქმედებს ადამიანებზე.

ნინო ჯავახიშვილი